TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„როცა მშობელი და მასწავლებელი ხარ“- თბილისის N133 სკოლის პედაგოგი, ვიქტორია მელიქიძე ონლაინ სწავლების შესახებ სტატიას გვიზიარებს
14-12-2020
-
+


„როცა მშობელი და მასწავლებელი ხარ“- ამ სათაურით თბილისის N133 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგი, ვიქტორია მელიქიძე ონლაინ სწავლების შესახებ სტატიას გვიზიარებს.

„როცა მშობელი და მასწავლებელი ხარ

თებერვლის მიწურულს მასწავლებლები დედის დღისთვის ვემზადებოდით. მთელი დღე დამჭირდა ფურცლებიდან ყვავილების გამოსაჭრელად. პატარებმა პირველად დაუწერეს დედიკოებს მისალოცი ბარათები, რომელიც შემდეგ ყვავილებით საგულდაგულოდ გავაფორმეთ. ჩავწერეთ მისალოცი ვიდეო, საკლასო ოთახიც მოვრთეთ გაზაფხულის და დედის დღის შესახვედრად. პარასკევი დღე იყო. საკლასო ოთახს თვალი გადავავლე, მისალოცი ბარათები გავამზადე და რომ წარმოვიდგინე დედების ბედნიერ-ღიმილიანი სახეები წერილების წაკითხვის შემდეგ, ამაყად გამოვიხურე ოთახის კარები.

მეორე დღეს გავიგე, რომ სწავლას ონლაინ რეჟიმში გავაგრძელებდით. ძალიან განვიცადე! ვიტირე… ბევრი ვიტირე… საკლასო ოთახში, მაგიდის უჯრაში დარჩა პატარების ხელით, პირველად დაწერილი მისალოცი ბარათები. ორშაბათიდან უკვე ონლაინ სწავლებისთვის ვიყავი მზად. მშობლებმა ვიდეოს საშუალებით მიიღეს პატარების მილოცვები. თავიდან ონლაინ სწავლების პროცესთან ადაპტაცია რთული იყო ჩემთვისაც, როგორც მასწავლებლის ამპლუაში ასევე მშობლის გადმოსახედიდანაც. ჯერ იყო შიში, პროტესტი და შემდეგ შეგუება…
ბევრი შრომით, თანადგომით და გათენებული ღამეებით პირველმა კლასმა დაასრულა სასწავლო წელი.

ზაფხულის არდადეგებიც მიიწურა და მშობლებმა დაიწყეს კითხვების დასმა: დაიწყება სწავლა სასკოლო ოთახებში? კიდევ ხომ არ გადაიდება სასწავლო პროცესი? იგივე კითხვები მაწუხებდა მეც, მაგრამ თავს ვიმშვიდებდი: ყველაფერი კარგად იქნება! დაიწყო სექტემბერი. შემდეგ იყო ბედნიერი ორი კვირა საკლასო ოთახში, მაგრამ სკოლაშიც სხვანაირი იყო ყველაფერი. ბავშვები მორბოდნენ ჩასახუტებლად.
მიყურებდნენ და ელოდნენ ჩემი ღიმილიანი სახის დანახვას, მაგრამ პირბადის მიღმა რთული იყო მათთვის ემოციის გაზიარება. მხოლოდ თვალებით ვუზიარებდი სიყვარულს. ძალიან მინდოდა მათი ჩახუტება, თუმცა ხელების გაშლის ნაცვლად დამნაშავესავით მაღლა ვწევდი და პატარებს ვახსენებდი, რომ ერთმანეთზე მხოლოდ დისტანციის დაცვით ვიზრუნებდით. სკოლაში ყოფნის დროს ეს ყველაზე გულსატკენი წუთები იყო, რადგან არ შემეძლო მათი გულში ჩაკვრა. სკოლაში ყველა რეკომენდაციას ვიცავდით, თუმცა მშობლებს მაინც ეშინოდათ თავიანთი პატარების სკოლაში გამოშვება.

დაიწყო კვლავ ონლაინ გაკვეთილები. ჩემი სახლი ბრძოლის ველს დაემსგავსა. ერთ ოთახში შვილმა გაშალა კარავი, მეორეში კი დედამ. შეთანხმებულად ვმუშაობდით დილიდან საღამომდე.

შვილი: დედა, გაკვეთილი მეწყება და გთხოვ, დატოვე ოთახი!

დედა: შვილო, გაკვეთილი მაქვს და კარი გაიხურე. ტელევიზორს დაუწიე, სახლი არ გადაწვა, დროულად ჭამე, ხმადაბლა ისაუბრე და გთხოვ, ხელი არ შემიშალო!

შვილი: ხო, ხო ვიცი, რომ ჩუმად უნდა ვიყო!

დედა: კარგი, დროებით!

ასე გრძელდებოდა მუშაობა ხუთ საათამდე. შემდეგ ვნახულობდი ჩემ შვილს მცირე დროით, მაგრამ ეს დრო მცირეზე კიდევ უფრო მცირე იყო, რადგან იწყებოდა შემდეგი დღის დაგეგმვა, დავალებების შემოწმება. დგებოდა ნანატრი შაბათ-კვირა. პანდემიამდე შაბათ-კვირა დასვენებასთან და განტვირთვასთან ასოცირდებოდა, თუმცა ესეც შეიცვალა. ისევ პრეზენტაციების დამზადება, დავალებების შემოწმება და ა. შ…

ნელ-ნელა დაიწო თავის ტკივილი, თვალების წვა. ხშირად ტკივილის შესამსუბუქებლად თვალის წვეთებსაც ვიყენებდი. ბავშვიც ხშირად ამბობდა, რომ თავი სტკიოდა და ძალიან იღლებოდა დიდი ხნით კომპიუტერთან ჯდომის გამო. მასწავლებლების და მშობლების გარდა ასეთ რეჟიმთან გამკლავება ბავშვებისთვისაც
რთული აღმოჩნდა. დღის ბოლოს სოციალურ ქსელში შევდიოდი სიახლეების სანახავად, სადაც სხვადასხვა სტატიების ქვეშ ხშირად მხვდებოდა მსგავსი შინაარსის კომენტარები: მასწავლებლები სახლში ჯდომასა და არაფრის კეთებაში იღებენ ხელფასს!..

მე, როგორც მშობელმა მინდა ვთქვა: ხშირად ვადევნებ თვალ-ყურს ჩემი შვილის გაკვეთილის მსვლელობას და ვფიქრობ, რომ ეს პედაგოგები გმირები, ჯადოქრები და პროფესიონალები არიან, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ბავშვების განათლებისთვის.

მე, როგორც მასწავლებელმა მინდა ვთქვა: დიახ, მე ვარ ადამიანი, რომელიც სახლში ზის და არაფრის კეთებაში ხელფასს იღებს. არაფერია როცა დილიდან საღამომდე ზიხარ კომპიუტერის ეკრანთან, ატარებ გაკვეთილებს, აკეთებ პრეზენტაციებს, ასწორებ დავალებებს და ფიქრობ, როგორ გაანაწილო დრო ისე, რომ არცერთი მოსწავლე არ აღმოჩნდეს ყურადღების გარეშე.

მე ვარ მშობელი და მასწავლებელი, რომელიც კვლავ ამ რეალობაში ვცხოვრობ და ვფიქრობ, რომ მშობელი, მოსწავლე და მასწავლებელიც ერთნაირი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ და ჩვენი მთავარი მიზანი ამ პირობებში ბავშვებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და რთული სასწავლო პროცესის გამარტივება უნდა იყოს.

მადლობა მასწავლებლებს შრომისთვის!
მადლობა მშობლებს თანადგომისთვის!
მადლობა ბავშებს სიყვარულისთვის!
ვიკა, მშობელი…მასწავლებელი!“

თბილისის N133 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგი: ვიქტორია მელიქიძე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება