სიახლეები
საინტერესო , სამასწავლებლო

„მინდოდა პირველი შეხვედრა განსხვავებული ყოფილიყო“ - როგორი იყო პირველი დღე იმ პედაგოგებისთვის, რომლებიც ახალ სკოლაში დასაქმდნენ?
23-09-2020
-
+


ახალი სასწავლო წელი განსხვავებულად დაიწყო. დიდ ქალაქებში სწავლა დისტანციურად განახლდა, სკოლების უმრავლესობამ კი მოსწავლეები საკლასო ოთახებში მიიღო. შესაბამისად, სასწავლო წლის პირველ დღეს მასწავლებელთა ემოციები სხვადასხვანაირი იყო, თუმცა ყველას ერთი რამ აერთიანებდა - ბავშვების მონატრება.

etaloni.ge იმ პედაგოგებს გაესაუბრა, რომლებიც ახალ სასწავლო წელს ახალ სკოლაში შეხვდნენ. როგორი იყო სასწავლო წლის პირველი დღე სხვადასხვა სკოლის მასწავლებლისთვის? გაეცანით პედაგოგების მოსაზრებებს:

ოზურგეთის
N2 საჯარო სკოლის ახალი პედაგოგი ლალი ტაბატაძე პროფესიით დაწყებითი კლასების მასწავლებელია. 22 წელი წმინდა ნინოს სამრევლო სკოლაში მუშაობდა ამავე სპეციალობით, ახლა კი ახალ სკოლაში მე-3 კლასის მასწავლებელია. ამბობს, რომ ბავშვები ძალიან უყვარს და ახალი მოსწავლეების გასაცნობადაც სახალისო აქტივობები დაგეგმა:


„პანდემიის პირობებში ცოტა რთულია საგაკვეთილო პროცესი, მაგრამ სკოლა ყველა რეგულაციის დაცვით, მართლაც განსაკუთრებულად ემზადებოდა. მშობლებიც ინფორმირებული იყვნენ. ღია სივრცეში მოვაწყვეთ მშობელთა კრება და გავაცანით რეკომენდაციები. საკლასო ოთახები მოვაწყვეთ რეკომენდაციების შესაბამისად.

პირველ დღეს ყოველთვის განსაკუთრებით ველოდებით ხოლმე მასწავლებლები, მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებული ემოცია ახლა წლევანდელ პირველ დღეს ჰქონდა, რადგან ახალ სკოლაში ახალ კლასს უნდა შევხვედროდი. გადმოცემით ვიცოდი, რომ ეს იყო ძალიან კარგი კლასი, კარგი ბავშვებით. ზოგადად, ბავშვი ყველა კარგია. ეს კლასი აქტიური და გამორჩეულია. მინდოდა პირველი შეხვედრა ყოფილიყო საინტერესო და განსხვავებული. კლასი მრავალრიცხოვანია, 29 მოსწავლით. ურთიერთგაცნობის მიზნით ბავშვებს შევთავაზე სახალისო აქტივობა. პატარები ძალიან ცნობისმოყვარეები არიან და ვიცოდი, რომ ჩემ ირგვლივ ყველაფერი აინტერესებდათ, არ მინდოდა, მხოლოდ კითხვა-პასუხის რეჟიმში წარმართულიყო ეს პროცესი. შევთავაზე აქტივობა „ჟურნალისტთა პირისპირ“. ჯერ ვისაუბრეთ, რა არის ჟურნალისტიკა, გამოხატეს ვის როგორი აზრიც ჰქონდა. შევპირდი, რომ ვიქნებოდი გულწრფელი რესპოდენტი, ამით მინდოდა მაგალითი მიმეცა მათთვის, რომ თავადაც გულწრფელები ყოფილიყვნენ. ძალიან საინტერესოდ წარიმართა ეს აქტივობა. დღევანდელი ახალგაზრდობა ძალიან გათვიცნობიერებულია და სიღრმისეულად ამოწურეს კითხვებით ჩემ ირგვლივ ინფორმაცია, განსაკუთრებით მოეწონათ, როდესაც ვესაუბრებოდი იმ პერიოდში რას განვიცდიდი, როდესაც მათი ტოლი ვიყავი, რა ვაკეთებდი, რომელი საგანი მიყვარდა, ისაც კი მკითხეს, რატომ ავირჩიე მაინცდამაინც მასწავლებლობა.

ყოველთვის მიყვარდა ბავშვებთან ურთიერთობა. ბავშვობაშივე ჩემზე პატარებს ვისვამდი და ვამეცადინებდი, მე ვფიქრობ, რომ დავიბადე პედაგოგად, იმიტომ რომ ჩემი საქმე ძალიან მიყვარს, ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს, გაკვეთილზე როცა შევდივარ, თავს ვგრძნობ როგორც თევზი წყალში. გაკვეთილი რომც არ დავგეგმო, იქვე იბადება ყველაფერი, როცა კლასში შევდივარ.

პირველ დღეს ასევე გვქონდა „იდუმალი ყუთი“, სადაც ბლიც-კითხვები იყო. ძალიან მოეწონათ, მანამდე ვარაუდები გამოვათქმევინე, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ყუთში, რომ უფრო გათამამებულიყვნენ და თავიანთი აზრი გამოეთქვათ. საინტერესოდ წარიმართა ბლიც-კითხვებით საკუთარი თავის წარდგენა. ყველა იყო ჩართული ამ პროცესში. ბოლოს მოვაწყვეთ ფოტოსესია.

რაც შეეხება რეგულაციების დაცვას სასწავლო პროცესში, ბავშვები ოჯახიდანაც ინფორმირებულები არიან, ჩვენ ვთხოვეთ მშობლებს სკოლაში მოსვლამდე ესაუბრათ ამ საკითხზე შვილებთან. ყველა იცავს რეკომენდაციებს, აქვთ სველი ხელსახოცები, სადეზინფექციო საშუალებები და ა.შ. სკოლაში სისუფთავეზე ზრუნავენ დამლაგებლები, კეთდება დეზინფექცია, აქ სიტუაცია გამორჩეულია. პირადად, მე ვიცავ 2-მეტრიან დისტანციას, ბავშვებთან ურთიერთობისას ყოველთვის ნიღბით ვარ, ყველა იცავს უსაფრთხოების ზომებს“.

მიმოზა კეკეიშვილი ქობულეთის N6 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელია. მას პედაგოგად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2011 წელს მუშაობა დაიწყო ქობულეთის სკოლა-ლიცეუმშიმედიანა 2011, პარალელურად მუშაობდა კომაროვის სკოლასთან არსებულ შაბათის სკოლაში. 2017 წელს მუშაობა გააგრძელა ლიცეუმში ელიტსქული. 2019 წელს გადავიდა და 1 წელი იმუშავა ზედა კვირიკეს საჯარო სკოლაში. ამჟამად კი ბადრი ბერანძის სახელობის ქობულეთის N6 საჯარო სკოლის ახალი პედაგოგია.

„სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, არ მომეცა შესაძლებლობა ჩემს პირველკლასელებს საკლასო ოთახში პირადად შევხვედროდი. პირველი სასკოლო დღე ყველა პირველკლასელისთვის ისტორიულია და მეხსიერებაში ლამაზ ზღაპრად რჩება, თუმცა წელს სრულიად განსხვავებულ ვითარებაში მოგვიწია შეხვედრა და ვიმედოვნებ, პირველი დღის შთაბეჭდილებების დანაკლისს მალე შევივსებთ.

დისტანციური სწავლება ახალი გამოწვევაა როგორც მოსწავლისთვის, ასევე მასწავლებლისთვის, პირველკლასელთათვის განსაკუთრებით. მათ ჯერ არ აქვთ გამომუშავებული ის უნარ-ჩვევები, რასაც საგაკვეთილო პროცესი გვაძლევს. პირველი ონლაინ ჩართვისას მოსწავლეები დიდი ინტერესით ელოდნენ პირველი მასწავლებელთან შეხვედრას, ყველა თავისებურად იქცეოდა - ზოგი სითამამით გამოირჩეოდა და სკოლის პირველი დღისთვის მომზადებულ ლექსს ხატოვნად გვიკითხავდა, ზოგი კი მშობელს ამოფარებული მალულად გვიყურებდა. მიუხედავად განსხვავებული სასწავლო პროცესისა, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები, მასწავლებლის თითოეულ მითითებას ზედმიწევით ითვალისწინებენ, რაც იმედს მაძლევს, რომ იქნებიან ნათელი ცვლა მომავლისა“.

თბილისის N14 საჯარო სკოლის რუსულის პედაგოგი ლია ხუციშვილიც ასევე მრავალწლიანი გამოცდილებით გამოირჩევა. 26 წელია სკოლაში მუშაობს. სამჯერ გააცილა სადამრიგებლო მე-12 კლასი, სამჯერ იყო კათედრის თავმჯდომარე, ასევე დისციპლინარული კომიტეტის მდივანი. წლების განმავლობაში მუშაობდა ამავე სკოლაში, თუმცა ოჯახური პირობების გამო რუსეთში წასვლა მოუწია რამდენიმე ხნით, რუსეთიდან ჩამოსვლის შემდეგ კი საყვარელი საქმიანობა გააგრძელა.

„ვასწავლი რუსულ ენას, ჩემი მოსწავლეები ოლიმპიადებშიც იღებდნენ მონაწილეობას, კონკურსებშიც, კარგი შედეგიც ჰქონდათ. თუკი რამე ხდებოდა სასკოლო ცხოვრებაში, ყველგან ვმონაწილეობდით. ვაწყობდით ექსკურსიებს, ღონისძიებებს, სპექტაკლები მაქვს დადგმული, აქტიურ ცხოვრებას ვეწეოდი მთელი ეს წლები. ბავშვები ძალიან მიყვარს და ისევ ჩემს საყვარელ სკოლას დავუბრუნდი.

პანდემიის დროს გადავედით ონლაინ რეჟიმზე, ჩემთვის ეს იყო უცხო, თავიდან სირთულესთან იყო დაკავშირებული, მაგრამ კოლეგების და ადმინისტრაციის დახმარებით ინსტრუქციები მივიღე, გამოცდილება გამიზიარეს და ვცდილობ შეძენილი ცოდნა მოვარგო ჩემს მოსწავლეებს, სადამრიგებლო კლასიც მყავს. ვიზრდები და ვსწავლობ ჩემს მოსწავლეებთან ერთად კოლეგების გამოცდილების გათვალისწინებით“.



ლიკა
კურტანიძე აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის N53 საჯარო სკოლის ახალი პედაგოგია. ლიკას მასწავლებლად მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, ჰყავს სამი შვილი და ოჯახის პარალელურად კარიერაშიც წარმატებულია, ის ინფორმატიკის დოქტორია. სკოლაში მათემატიკის პედაგოგად დასაქმდა. მისი ტყუპი გოგონები კი პირველკლასელები არიან და პანდემიის გამო სკოლაში სწავლა უცნაურად, სახლიდან დაიწყეს

„მე-12 წელია სკოლაში ვმუშაობ, წელს შევიცვალე სკოლა. თბილისის 107-ე საჯარო სკოლაში ვმუშაობდი და გადმოვედი თბილისის 53-ე საჯარო სკოლაში. ჩემთვის უჩვეულოა ეს ახალი სასწავლო წელი, არავის ვიცნობ პირადად, არც კოლეგებს, არც მოსწავლეებს და ასე ძალიან რთულია, ჩავერთო სასწავლო პროცესში, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ათასნაირი ინტერნეტრესურსი და ტელერესურსი არსებობს, ყველაფრის გამოყენება შეიძლება.

დისტანციურთან შედარებით პირისპირ მუშაობა ბევრად ადვილია, როდესაც ახალ მასალას ხსნი, პირისპირ უფრო იგებს ბავშვი. ფიზიკის და მათემატიკის დისტანციურად სწავლება, სხვა საგნებთან შედარებით, მარტივია იმ მხრივ, რომ ყველა ასახსნელ გაკვეთილზე ინტერნეტრესურსი არსებობს. არის ვიდეოგაკვეთილები. შესაძლებელია მოსწავლეებს ეს ვიდეოგაკვეთილიც გაუზიარო და თუ ბავშვი რამეს ვერ გაიგებს, კითხვებზე უპასუხო. ელექტრონული რესურსი მათემატიკასა და ფიზიკაში ბევრია, ვიდრე სხვა საგნებში. მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება“.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება