სიახლეები
სიახლეები, სამასწავლებლო

„ვისწავლოთ თუ როგორ ვისწავლოთ“ - რა არის „კომპლექსური დავალებები“?
09-04-2020
-
+


საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო სკოლები დიტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. ეს კი საჯარო სკოლებში დასაქმებული პედაგოგების უმრავლესობისთვის გარკვეულ სიახლეს და სირთულეს წარმოადგენს. ამ მხრივ, ერთი ნაბიჯით წინ აღმოჩნდნენ ახალი სკოლის მოდელში ჩართული მასწავლებლები. ახალი სკოლის მოდელში ჩართულ სკოლებთან მიმართებაში ხშირად გვესმის „კომპლექსური დავალებები“ სწორედ ამიტომ etaloni.ge დაინტერესდა, რას ნიშნავს ე.წ კომპლექსური დავალებები და რა უპირატესობა აქვს მას? რა უნარებს უვითარებს ასეთი სწავლების მეთოდი მოსწავლეებს? პროგრამაში ჩართული მასწავლებლები ურჩევენ თუ არა სხვა სკოლებს, დანერგონ კომპლექსური დავალებები? ასევე გავიგეთ, როგორ შეხვდნენ ახალი სკოლის მოდელში ჩართული საგანმანათლებლო დაწესებულებები ახალ გამოწვევას - დისტანციურ სწავლებას.

საკითხის გასარკვევად სკოლების დირექტორებს დავუკავშირდი:

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის დირექტორი ლია კუხიანიძე:

„კომპლექსური დავალება ნამდვილად არის საყვარელი შემაჯამებელი დავალება ჩვენი მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის. ის გარკვეული თემის შესწავლისა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების შემდეგ, იძენს გარკვეული პროდუქტის სახეს, რომელსაც ქმნიან თავად მოსწავლეები, რა თქმა უნდა, მასწავლებლის ხელშეწყობით. ეს არის მოსწავლეების უნარ-ჩვევებით შექმნილი სახალისო პროდუქტი, რომელიც გამოიხატება სხვადასხვა ფორმით და სახით. იქნება ეს ციფრული რესურსები, ნახატები, ანიმაციები, ასევე ჩვეულებრივი სწავლის პროცესში მიმდინარე პრეზენტაციები, მოთხრობები, ამბები, რომლებიც ბავშვებმა თავად შექმნეს, მოიფიქრეს და დაუკავშირეს შესწავლის საგანს. შეიძლება იყოს კლიპებიც და ა.შ.

ბავშვები მთელი თემის გავლის პირობებში ინდივიდუალურად მუშაობენ. შეიძლება ეს იყოს ჯგუფურიც, თუმცა მაინც ინდივიდუალურ მუშაობას ანიჭებენ უპირატესობას. მუშაობის პროცესში მასწავლებლები აძლევენ რეკომენდაციებს მოსწავლეებს. მოსწავლეს უნდა ესმოდეს, იაზრებდეს თავისი სწავლის პროცესსაც, რომ უფრო უკეთ დაგეგმოს მომდევნო აქტივობა. ეს მასწავლებელთან შეთანხმებით ხდება.

მოსწავლეები ხალისით სწავლობენ, თამაშის ელემენტებს იყენებენ. მათ ძალიან ეხმარებათ ციფრული ტექნოლოგიებიც. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ახალი სკოლის მოდელში. Microsoft 365-ის ინსტრუმენტების გამოყენება თავიდანვე დაიწყეს ჩვენმა მასწავლებლებმა, მაგრამ ახლა უკვე სხვა საფეხურის მასწავლებლებიც გადაერთვნენ. დაწყებითის მასწავლებლები იყენებდნენ „თიმსს“. ონლაინ რეჟიმში ჩვენი სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლებიც ერთვებიან.

ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ახალი სკოლის მოდელში ჩართულ მასწავლებლებს უპირატესობა აქვთ დისტანციური სწავლების შემთხვევაში. ეს რთული არ არის, თუ მასწავლებელი მოინდომებს, ყველას შეუძლია. განათლების სამინისტროსგან და ემისისგან ხელშეწყობაა, ახლა ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაციები მიიღეს მასწავლებლებმა და ყველა რეკომენდაციის გამოყენება სახლიდან შეუძლიათ ონლაინ სწავლებაში“.

თელავის მუნიციპალიტეტის ბუშეტის საჯარო სკოლის დირექტორი ანნა ჩახნაშვილი:

„კომპლექსური დავალება არ არის ერთი ტიპის დავალება. ის მოიცავს რამდენიმე დავალებას ერთად: მოძიებას, დალაგებას, მსჯელობას, პრეზენტაციას ამ ერთი თემის ირგვლივ. ე.ი. კომპლექსური დავალება რამდენიმენაირი დავალების შესრულებაა, რომლებიც მიიყვანს ბავშვს ერთ დასახულ მიზნამდე. ბავშვი მსჯელობს, სწავლობს კეთებით, თვითონ ასრულებს, თვითონ იძიებს. თავად აკეთებს და ამ შემთხვევაში, ცოდნა უფრო მყარია. კომპლექსური დავალება - ანუ ერთი დავალება მოიცავს რამდენიმე სახის დავალებას. შეიძლება ეს ინდივიდუალური იყოს, შეიძლება - ჯგუფური.

დისტანციურ სწავლებაზე ჩვენ უფრო ადრე დავიწყეთ მუშაობა. ხომ არ ვიცოდით, რომ ეს დრო დადგებოდა?! გაკვეთილებსაც ვატარებდით უკვე ბუკებით, სადაც ბავშვები დამოუკიდებლად ასრულებდნენ დავალებებს და უფრო მიახლოებულები ვიყავით ამ პროცესთან და რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო გაგვიადვილდა, ვიდრე იმ სკოლებს ვინც არ არიან ახალი სკოლის მოდელში ჩართულნი.

სხვა სკოლებსაც ვურჩევდი ამ პროგრამაში ჩართვას, იმიტომ რომ ბევრი საინტერესოა სიახლეა. ციფრულ ტექნოლოგიებთან ბავშვები უფრო ახლოს არიან და უფრო მეტადაც ეხალისებათ ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილები. უფრო უმარტივდებათ, საინტერესოა და მოსწონთ. 

ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ შემაჯამებელ სამუშაოებზეც. შემაჯამებელი სამუშაოებიც ასეთივე მრავალფეროვანი და კომპლექსური უნდა ყოფილიყო და ძალიან კარგ შედეგზე გავედით - იქაც არის შემოქმედებითობა. ბავშვს ეძლევა ისეთი დავალება, რომ აზროვნებს, აკეთებს და თავის ნააზრევს აჯამებს. მართლაც მკვიდრი წარმოდგენები ექმნება იმაზე, რასაც სწავლობს. ამდენად, ვფიქრობ, რომ სხვა სკოლებისთვისაც ძალიან კარგი იქნება ეს მეთოდი“.

მარტვილის მუნიციპალიტეტის ნახუნაოს საჯარო სკოლის დირექტორი გერასიმე კიკალიშვილი:

„კომპლექსური დავალება მოსწავლის საჭიროებაზე არის მორგებული. ახალი იდეებია მასში და მოსწავლეს უფრო უხალისებს სწავლას. კომპლექსური დავალების შემთხვევაში ჯგუფურადაც უწევთ მუშაობა და ინდივიდუალურადაც. მასში შედის სიტუაციები, მაგალითები, ყველაფერი, რაც შეიძლება გაკვეთილის თემას ეხებოდეს. ბავშვისთვის უფრო გასაგებია ასეთი დავალებები, თვითონ იაზრებს მოსწავლე საკითხსაც და ეს ძალიან კარგია. მასწავლებლები შეეჩვივნენ ასე მუშაობას, ძალიან სახალისო და ძალიან კარგია. ბავშვებსაც მოეწონათ. ჩვენ „თიმსით“ ვხელმძღვანელობთ“.

სამტრედიის N11 საჯარო სკოლის დირექტორი ნანული მანჯგალაძე:

„კომპლექსური დავალება არის განვლილი თემის შეჯამება. ამ დავალებამდე, მასწავლებლები მიდიან ნაბიჯ-ნაბიჯ. მოსწავლეებს ეძლევათ დავალება ინდივიდუალურად და იწყებენ მუშაობას. ეს შეიძლება იყოს წერილობით, ან „ვსწავლობთ თამაშით“ ტიპის დავალება. ბავშვები აკეთებენ კომპიუტერში ჩანახატებს და ა.შ. ამ ყველაფერზე მუშაობენ ინდივიდუალურად. პრეზენტაციასაც ინდივიდუალურად ამზადებენ და წარადგენენ კლასისა და აუდიტორიის წინაშე. ეს კარგია, რადგან ბავშვმა, რაც ნაბიჯ-ნაბიჯ გაიარა თეორიული მასალა, იმას აკეთებს უკვე პრაქტიკულად. ეს ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას, ანალიზისა და სინთეზის უნარს. ასევე უვითარებს მათ აუდიტორიასთან ურთიერთობების უნარს. ასეთი კომპლექსური უნარებით ძალიან კარგ შედეგზე გადიან და ამას ვხედავთ ჩვენც.

კომპლექსურ დავალებებზე ბავშვები მუშაობდნენ პირველი სემესტრიდან და ამ 7 თვიანმა მუშაობამ ძალიან კარგი შედეგი მოგვცა. მშობლები, რა თქმა უნდა, ჩართული ჰყავდათ მასწავლებლებს. ახალი სკოლის მოდელი ითვალისწინებს სასწავლო პროცესში მშობლების ჩართულობასაც, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, მშობელი უშუალოდ მონაწილეც გახდა ამ პროცესისა და კმაყოფილები არიან. ისინი მასწავლებლებს მადლობებს უხდიან. წერენ, რომ თურმე ეს ჩართულობა რამდენად მნიშვნელოვანი ყოფილა ბავშვის განვითარებისთვის, თურმე რა შეუძლიათ მათ შვილებს, თურმე როგორ კარგად ართმევენ თავს. ბავშვები პატარა მწერლებიც არიან, მხატვრებიც, კრიტიკოსებიც და ეს დაინახეს მშობლებმა თავის შვილებში.

როგორც კი ითქვა, რომ სწავლა გადაიდებოდა, ჩვენ მაშინვე შევხვდით მასწავლებლებს და გადავწყვიტეთ, ონლაინ სწავლებით დაგვეწყო ბავშვებთან ურთიერთობა, რადგან ჩვენს სკოლაში ამ პროგრამის ფარგლებში პროექტები გვქონდა გაკეთებული. იყო მშობელთა ჩართულობა და თითოეულ კლასს თავისი ჯგუფი ჰქონდა შექმნილი, ცალკე მშობლების, ცალკე მასწავლებლების. ეს იყო ექსპერტთან ერთად გაკეთებული ადმინისტრაციის პროექტი, რომელიც წინა სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან განვახორციელეთ და ძალიან გამოგვადგა. ჩვენ მშობლებთან და ბავშვებთან ეს ურთიერთობები გვქონდა გასული წლის მარტიდან. ჩატებისა და ჯგუფების საშუალებით ჩვენ 16 მარტიდანვე დავიწყეთ მუშაობა ბავშვებთან, ვაძლევდით თემას, მითითებებს, დავალებებს და იმდენად კარგად ჩაერთვნენ მშობლებიანად, განსაკუთრებით დაწყებით კლასებში, რომ არ ველოდით. კლასის თითქმის  90% ჩართულია. მჯერა, რომ მაისიდან განვაახლებთ სწავლას და ბავშვებთან შემდეგ სხვა გეგმასაც შევიმუშავებთ“.

ჭიათურის N1 საჯარო სკოლის დირექტორი გოჩა შუბითიძე:

„კომპლექსური დავალება გულისხმობს, რომ დავალება აღარ არის ორიენტირებული დაზეპირებაზე და არის სააზროვნო უნარების განვითარებისკენ მიმართული. ანუ, ძირითადად, არის ისეთი დავალებები, რომლებიც არ მოითხოვენ მასალის დაზეპირებას. ბავშვს უწევს დავალების გააზრება და ანალიზი, ღრმად ჩაწვდომა დავალებებში ანუ მიმართულია მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაზე. დავალებებს ბავშვები ასრულებენ საკლასო ოთახშიც და სახლშიც, ინდივიდუალურად.

ახალი სკოლის მოდელის უპირატესობა ის არის, რომ ადრე ჩვენი სკოლები ორიენტირებულები იყვნენ მასალის დაზეპირებაზე, ვის უფრო მეტი ლექსი ეცოდინებოდა, ვის უფრო მეტი ტექსტი ეცოდინებოდა, არ შეიძლება ბავშვს ასწავლო ყველა ლექსი და ყველა ტექსტი, ვერ ისწავლის. მას უნდა ასწავლო, როგორ უნდა იმუშაოს ამ ტექსტებთან, ლექსებთან, განტოლებებთან და ა.შ. სწორედ ამას ასწავლის ეს კომპლექსური დავალებები - როგორ ვიმუშაოთ. ვისწავლოთ ის, თუ როგორ ვისწავლოთ. ასეთი სწავლების მეთოდი მოსწავლეებისთვისაც და მასწავლებლებისთვისაც სახალისოა.

დისტანციური სწავლება მხოლოდ ამ პროექტით არ შემოიფარგლება ჩვენთან. ჩვენ თითქმის ერთი წელია შევიძინეთ ვირტუალური ჟურნალი. მასში ჩვენი მოსწავლეები საკმაოდ აქტიურად არიან ჩართულები, მხოლოდ „თიმსში“ არ ვმუშაობთ, ვმუშაობთ ამ მიმართულებითაც. პროგრამაში მასწავლებლების 100% არის ჩართული და 850 მოსწავლე. ეს გვერდი გვაძლევს საშუალებას არა მხოლოდ ურთიერთობა გვქონდეს ბავშვებთან, არამედ გაკონტროლოს, რომელმა მასწავლებელმა რა მიაწოდა, რომელმა ბავშვმა უპასუხა, რა უპასუხა და სხვა. პროგრამაში არის მიბმული ელექტრონული ჟურნალი, სადაც ჩანს გაკვეთილების ცხრილი და ა.შ.

დისტანციური გაკვეთილების რატომღაც გავიგეთ ონლაინ გაკვეთილებად. დისტანციური  სწავლება მხოლოდ ამას არ გულისხმობს, ეს არის ერთ-ერთი კომპონენტი. დისტანციური სწავლების პირობებში ჩვენი ბავშვები არა მხოლოდ ონლაინ გაკვეთილებს და მასალას, არამედ დავალებებსაც იღებენ და გვიბრუნებენ უკან. ჩვენ გვაქვს საშუალება იმისა, რომ ვაკონტროლოთ, რომელი ბავშვი რა დავალებას წერს, რომელი ტესტი აქვს სწორი და რომელი შეცდომით. ეს სისტემა ამის საშუალებას იძლევა. ამიტომ თუ ბავშვი დღეს გაგზავნილ დავალებას ვერ ნახავს, მას ეს შეუძლია ნახოს მოგვიანებით.

როდესაც ონლაინ გაკვეთილს ვუგზავნი, იმასაც ვხედავ, ვინ ნახა და ვინ - არა. ჩემთვის მთავარია, ბავშვმა დავალება გამომიგზავნოს შესრულებული, რომელიც მას მივაწოდე. მხოლოდ გაკვეთილის მოსმენა ხომ არ კმარა?! შედეგი უნდა იყოს.

ჩვენ სხვადასხვა მიმართულებებით და მრავალფეროვნად ვცდილობთ ვიმუშაოთ. გარდა ამისა, მოსწავლეთა თვითმმართველობაც ჩავრთე სამუშაოდ, რომლებიც საკუთარ აქტივობებს გვთავაზობენ და აქტიურად ვმუშაობთ ერთად“.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება