სიახლეები
სიახლეები

„აღარ ღირს დროდ და ძალისხმევად, ვცდილობდე მოხვედრას იქ, სადაც ჯერ ისევ ბნელა“ - როგორ მიმდინარეობს გასაუბრებები სკოლებში?
17-12-2019
-
+


მიმდინარე წელს 8000-მდე პენსიონერმა პედაგოგმა ფულად ჯილდოზე განაცხადა თანხმობა და მასწავლებლის პროფესიიდან გავიდა. აქედან, 6450-მდე პედაგოგმა სკოლა ახალი სასწავლო წლის დაწყებისთანავე დატოვა, დანარჩენმა პედაგოგები კი სკოლას იანვარში ტოვებენ. როგორც მასწავლებლის სახლი აცხადებს, იანვრიდან სკოლებში ახალი ვაკანსიები გამოცხადდება.

„ეტალონი“ დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობდა მასწავლებლების შესარჩევი კონკურსი სექტემბერში და როგორი მოლოდინები აქვთ იმ ადამიანებს, ვინც მასწავლებლის გამოცდები წარმატებით ჩააბარა და პროფესიაში შესვლას ცდილობს. გთავაზობთ მათ კომენტარებს:

პროფესიით ვარ ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, ბაკალავრიატის აკადემიური ხარისხი ამ სფეროში მაქვს მონიჭებული. ასევე დამთავრებული მაქვს მაგისტრატურის საფეხურიც ,,ქართველური ენათმეცნიერების" მიმართულებით. წარმატებით ჩავაბარე მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა  და მოვიპოვე 10 კრედიტი. ამავე წელს ჩავირიცხე მასწავლებელთა მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე და განათლების სამინისტროს მოთხოვნების შესაბამისად, ამ ეტაპზე ვაკმაყოფილებ უფროსი მასწავლებლის სტატუსს. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, შემოდგომაზე გამოცხადებულ მასწავლებელთა ვაკანსიებზე გამეგზავნა განცხადებები. ჯერ გავაგზავნე, იმერეთის რაიონში. გასაუბრებაზე დამიბარეს, მაგრამ თითქმის ყველა  სკოლამ რაც კი არის ამ რაიონში ერთდროულად ჩაატარა გასაუბრება. ბუნებრივია, ზესტაფონსა და სამტრედიაში ზუსტად ერთსა და იმავე დროს  ვერ მივიდოდი. სკოლაში მომუშავე პირადი ნაცნობებიდან კი შევიტყვე, რომ უკვე სკოლისთვის შერჩეულია კადრი და ეს გასაუბრებებიც ტარდება ფორმალურად. ზოგმა სკოლამ კი  მომწერა, რომ ვერ ვაკმაყოფილებ მოთხოვნებს და არც კი დამიბარეს გასაუბრებაზე, თუმცა მერე როგორც გავიგე ისეთი კადრებიც კი მიიწვიეს, რომელთაც საერთოდ არ აქვს ჩაბარებული არანაირი გამოცდა. მე კიდევ, როგორც ჩანს, ,,დაწუნებული“ აღმოვჩნდი და გასაუბრებაზე დაბარების ღირსიც არ გავხდი, ხოლო ის,  ვისაც არაფერი აქვს ჩაბარებული თამამად მიიწვიეს.

იმერეთის მერე, იმედგაცრუებულმა ვიფიქრე, ბედი თბილისშიც მეცადა და გამეგზავნა განცხადებები. თბილისის თითქმის ყველა სკოლაში გავაგზავნე ჩემი მონაცემები და დღესაც აქტიურად ვაგზავნი განცხადებას, მაგრამ ასობით სკოლიდან მხოლოდ ერთმა დამიბარა გასაუბრებაზე, დანარჩენი სკოლებიდან  არც კი მეხმიანებიან. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს პროცესი არ მიმდინარეობს ობიექტურად  და ვაკანსიები ცხადდება ფორმალურად, რადგან უკვე წინასწარ იციან ვის აიყვანენ, ან  უკვე ჰყავთ აყვანილი კადრი. როგორც ჩანს, თუ ვინმე არ გყავს, ვინც დაგეხმარება და გიშუამდგომლებს კომისიასთან, უბრალოდ წარმოუდგენელია სკოლაში თავის შეღწევა“.

ყველაზე უაზრო კონკურსი, სადაც კი ოდესმე მიმიღია მონაწილეობა... არ ღირს არც ჩემს დროდ და არც ძალისხმევად, ვცდილობდე მოხვედრას იქ, სადაც ჯერ ისევ ბნელა.“

„3 უმძიმესი დღე იყო გასაუბრებებზე სიარული ჩემს ცხოვრებაში. დიდი იმედი და მოლოდინი მქონდა, თუმცა ყველა სკოლაში, სადაც ვიყავი, ერთი და იგივე სიტუაცია იყო“.

ერთ-ერთმა სკოლამ 150 კანდიდატს მოგვწერა ერთდროულად „მეილი“, რომ 1-2 სექტემბერს გაიმართებოდა გასაუბრება 12-დან 16 საათის ჩათვლით (არაორგანიზებულობა ამ შეტყობინებაშივე დავინახე, თუმცა მაინც წავედი). ადგილზე 14:00 საათზე მივედი (იქამდე სხვა სკოლის გასაუბრებაზე ვიყავი, პარალელურად კი ვიყავი დაბარებული დიდუბე-ჩუღურეთის ერთ-ერთ სკოლაში, რომელსაც ავუხსენი სიტუაცია, თუმცა გასაუბრების დრო ვერ შემიცვალა). 14:00 საათზე მისულებს კომისიამ გვთხოვა,რომ დავლოდებოდით ე.წ. სამასწავლებლოში. დავსხედით, ვისაუბრეთ, ლოდინი იმდენ ხანს მოგვიწია, გადაგვავიწყდა კიდეც, რატომ ვიყავით იქ. ალბათ 16:30 საათი იქნებოდა, კომისიის ერთ-ერთი წევრი რომ გამოვიდა და გვითხრა, დავიღალეთ, ხვალ მოდითო. ამ სიტყვებმა, რა თქმა უნდა, ყველა ააღელვა. მათი შემოთავაზება გავაპროტესტეთ და იძულებული გახდნენ, გაეგრძელებინათ გასაუბრება, თუმცა ვაი ამ გასაუბრებას. კომისიის წევრები ყველა შემსვლელს ეკითხებოდნენ „აუ გარეთ კიდევ ბევრია?“, „არ ეზარებათ ლოდინი?“ „აუ წავიდნენ რა“, „დავიღალეთ, ცოდოები ვართ“, და რაც მთავარია, გასაუბრება იყო მხოლოდ სახელის და გვარის კითხვა, თუ ენაწყლიანი იყავი და რამეს ჩაამატებდი შენი სურვილით ხომ კარგი, თუ არა და არავის არაფერი აინტერესებდა. რა თქმა უნდა, მეგონა რომ მე ვერ დავაინტერესე კომისია და გასაუბრებიდან გამოსული სხვა კანდიდატებს გავესაუბრე, რომლებიც ჩემზე წინ იყვნენ შესულები. აღმოჩნდა, რომ კომისიის წევრები მაძიებლებს გვეუბნებოდნენ, რომ გამოცდილი პედაგოგი სჭირდებოდათ, გამოცდილ პედაგოგებს ეუბნებოდნენ, რომ მაძიებელი სჭირდებოდათ და ასე იშორებდნენ ყველას თავიდან. დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ მასწავლებლობის კანდიდატი წინასწარ იყო შერჩეული და ზედმეტად ფორმალური იყო ყველაფერი.“

„არცერთი სკოლა არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ მაძიებლად აგიყვანონ ეს ყველაფერი ტყუილია. ერთ-ერთი რეგიონის რესურსცენტრის უფროსმა განმიცხადა, რომ არც დარეგისტრირდე აზრი არ აქვს თუ გამოცდილება და სერტიფიკატი არ გაქვსო“.

„რამდენიმე სკოლაში ვიყავი გასაუბრებაზე, უმეტესად ჯგუფი შეჰყავთ ერთად, რომ მალე მოეშორებინათ თავიდან. საღამოს საათებში თუ მოგიწია გასაუბრება, გამარჯობასაც არ გეტყვიან, ისეთი დაღლილები არიან, ხოლო თუ დილით ადრე დაგიბარეს, მიდიხარ სკოლაში და არავინ გხვდება. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. უფროსი მასწავლებელი ვარ, მაგრამ შანსი იმ შემთხვევაში გაქვს, თუ რეკომენდაციას გიწევენ „ზემოდან“.

„ერთი სკოლაში კანდიდატების შესარჩევად შექმნილი ჯგუფის რამდენიმე წევრიდან მხოლოდ ერთს ჰქონდა უმაღლესი განათლება, ისიც უფროსი მასწავლებელი არაა. კანდიდატები კი ყველა უმაღლესი განათლებით იყო. ჩამოწერილი კითხვებით ისხდნენ. აპლიკანტი რომ პასუხობდა და პასუხების აზრსაც ვერ იგებდნენ. შოკში ვარ, შოკში!!! რა კომისიები და საგანმანათლებლო სფერო... სრული დეგრადირება!“

„ასეთი ქაოსი და ნეპოტიზმი, როგორც სკოლაშია, მგონი არსად არის გამეფებული...“

„ერთ-ერთი სკოლის დირექტორთან მქონდა გასაუბრება. გაოცებული დავრჩი მისი პასუხებით. როგორც განმარტავს საჯარო სკოლა გამოცდილების არქონის შემთხვევაში არ იღებს კადრებს, მიუხედავად იმისა ჩააბარა მან გამოცდა, გაიარა 60 კრედიტიანი პროგრამა ან თუნდაც იმუშავა რაღაც დროით კერძო სკოლაში. გავლილი მაქვს 60 კრედიტიანი პროგრამა, საგნის გამოცდაც ჩავაბარე, მაგრამ, როგორც ჩანს, უშედეგოა ამდენი შრომა და წვალება. ამ ქვეყანაში ბოლო არ უჩანს ბიუროკრატიას“.

„ყველა სკოლა, სადაც ვიყავი, ითხოვდა გამოცდილებას. თუ ყველა ასე მიუდგა საკითხს, არ მოგვცეს მუშაობის დაწყების საშუალება, გამოცდილება საიდან გვექნება? როდესღაც საიდანღაც ხომ უნდა დავიწყო?! ეს ვკითხე კომისიასაც და ვერაფრით დაგეხმარებითო“.

„არ მინდა ვინმეს გული გავუტეხო, მაგრამ მერწმუნეთ, ვაკანსიები ფორმალურად დადეს, გვასულელებენ, წინასწარ იციან, ვინ უნდა აიყვანონ, ჯერ არჩევენ კანდიდატებს და შემდეგ დებენ ვაკანსიებს. სრული განუკითხაობა აქვთ. სანამ საკადრო საკითხები მხოლოდ სკოლის დირექტორების გადასაწყვეტია, სულ ეგრე იქნება, ასე რომ, გამოცდილება და სტატუსი არაფერ შუაშია“.

„100 დირექტორიდან 98-ის პასუხია, რომ ვერ დააკმაყოფილე მისი შეთავაზება. ყველა სკოლას შერჩეული ჰყავს კადრები, ტყუილად დევს ვაკანსიები...“

„ადამიანს თუ არ მიეცი შანსი მუშაობის დაწყებისა, გამოდის, რომ არასდროს ექნება გამოცდილება და მთელი სიცოცხლის მანძილზე უმუშევარი დარჩეს? ეს ნორმალურია? ვინც ასეთ მოთხოვნას დებს კონკურსის პირობებში, გაიხსენეთ - ერთ დროს თქვენც დამწყები პედაგოგი იყავით, გამოუცდელი და ასე რომ მოგპყრობოდნენ, დღესაც უმუშევარი იქნებოდით. მიეცით ახალგაზრდებს თავის წარმოჩენის საშუალება, ენდეთ, იქნებ საუკეთესო პროფესიული უნარები აქვს! გამოსაცდელი დროით მაინც მიიღეთ!“

„სამუშაო გამოცდილება როგორ მექნება თუ ვერასოდეს დავიწყე მუშაობა? ჯერ ერთი, მაძიებელი რომ პირდაპირ 10 კრედიტს აიღებს, ის არ არის დასაფასებელი? წლები რომ უმუშევარია პროფესიით პედაგოგი და საგნის კომპეტენციას 10 კრედიტით ადასტურებს და ამასთანავე, 60 კრედიტიანი პროგრამაც გავლილი აქვს, მაინც არ ასაქმებ - ამისთანა უსამართლობა რაღა უნდა იყოს?!“

„ძალიან დიდი ხნის განმავლობაში პედაგოგები თავს არიდებდნენ ამ გამოცდებს და ბევრმა ძლივს ჩააბარა, 20-30 წლიანი გამოცდილება აქვთ უკვე, ძლივს დაიხვეწნენ პროფესიაში და ახლა სრულყოფილებას ითხოვენ იმათგან, ვინც ახლა ცდილობს სამსახურის პოვნას. აი, ეს არის უსამართლობა, შეიძლება საჯარო სკოლის გამოცდილება არ ჰქონდეს უამრავ კურსდამთავრებულს, თუმცა მას შეუძლია სწრაფად აუღოს ალღო სიახლეებს და ყველასთვის საყვარელი პედაგოგი გახდეს!“.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
სიახლეები
ეროვნული გამოცდების შეფასების კრიტერიუმები - რა უნდა გაითვალისწინოთ საგნების მიხედვით
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
მათ კიდევ ერთხელ მოისმინეს ინფორმაცია იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიასა და შემოქმედებაზე
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
მოსწავლეები მუზეუმიდან ახალი ცოდნითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ
საინტერესო აქტივობებს ორგანიზება გაუწიეს მე და საზოგადოებისა და ხელოვნების ბილინგვური სწავლების სპეციალისტებმა  - ასია ანტონიანმა და დალი ყავრელიშვილმა
მოსწავლეებისთვის აქტივობები მეტად საინტერესო აღმოჩნდა და გამოთქვეს მზაობა, რომ გარემოზე ყოველთვის იზრუნებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
სიახლეები
საზოგადოება