სიახლეები
ინტერვიუ

78 წლის პედაგოგი, რომელიც მოწყალებას ითხოვს - „არაფერს ვნანობ, უბრალოდ, ძალიან მრცხვენია...“
09-12-2019
-
+


ქუჩაში ხელგაწვდილი ადამიანის ხილვა დღეს, სამწუხაროდ, არავის უკვირს - ეს ქართული მწარე რეალობაა, რომელსაც ხან ვუსწორებთ თვალს და ვცდილობთ, დავეხმაროთ, ხან კი, უბრალოდ, გვერდს ავუვლით და შემდეგ, საკუთარ თავში ამ  გულგრილობის გამართლებას ვეძებთ.  სწორედ ასე ავუარე გვერდი ხელგაწვდილ ქალბატონს, რომელიც საბურთალოზე იდგა და მოწყალებას თავჩახრილი ითხოვდა. არ ვიცი, რატომ გამომელაპარაკა, მაგრამ  იმ ერთმა წინადადებამ, უცებ მომნუსხა. ნაბიჯის გადადგმა ვეღარ შევძელი - დამეხმარე, შვილო, მე პედაგოგი ვარ... ხმის ტემბრი და მეტყველება ისეთი ჰქონდა, წამითაც არ შემპარვია ეჭვი, რომ სიმართლეს ამბობდა. შევჩერდი, ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვიყავი და თუ წინააღმდეგი არ იქნებოდა, სიამოვნებით მოვისმენდი მის ისტორიას.

Etaloni.ge გამვლელთა მოწყალების იმედად დარჩენილი 78 წლის მასწავლებლის ამბავს გიამბობთ...

-  ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი გახლავართ... გვარსა და სკოლას ვერ დაგისახელებ, შვილო, ნება მომეცი, ეს უფლება დავიტოვო. ისედაც მრცხვენია, აქ რომ ვდგავარ, ნაცნობს თუ დავინახავ, ვცდილობ, არ შევხედო...

- ქალბატონო მარინა, როგორ აღმოჩნდით ქუჩაში?

- როგორც უკვე ვთქვი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ვარ. საკმაოდ ახალგაზრდამ შევაღე სკოლის კარი და ბავშვების აღზრდას შევალიე ცხოვრება. ქმარი მყავდა, მაგრამ შვილი უფალმა არ მოგვცა. ბევრი ვინერვიულეთ, თუმცა მერე შევეგუეთ ბედს... მოსწავლეებში ვეძებდი დედაშვილურ სიყვარულს და ბავშვებისგანაც მუდამ თბილ დამოკიდებულებას ვგრძნობდი. ვმეგობრობდით, ვკითხულობდით კლასგარეშე ლიტერატურას, მომწონდა მათი მსჯელობა და მიგნებები... ჩემი მოსწავლეები აზროვნებაში არასოდეს შემიზღუდავს და ალბათ, ეს იყო ჩვენი ურთიერთობის საიდუმლო... მერე კი პოლიტიკა ზედმეტად შემოიჭრა ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში, აპოლიტიკური ვერ დარჩებოდი - ან „ამისტი“ უნდა ყოფილიყავი, ან „იმისტი“.

- თქვენ „ვისისტიიყავით?

- საქმეც ეგაა, რომ პოლიტიკა საერთოდ არ მაინტერესებდა, მაგრამ წინა ხელისუფლება, მოგეხსენებათ, პედაგოგებს, როგორც საარჩევნო რესურსს, გადასარევად იყენებდა. პირდაპირი მითითება მოდიოდა, რამდენი ხმა უნდა „მოგვეტანა“ და საჭიროების შემთხვევაში, მშობლები გვეიძულებინა, ხელისუფლებისთვის მიეცათ ხმა.

- თქვენ როგორ აიძულებდით მშობელს?

- მოსწავლისთვის ნიშანი არ უნდა დაგვეწერა, მშობელი სკოლაში უნდა დაგვებარებინა და გვეთქვა, თუ უნდოდა, მის შვილს ატესტატი ჰქონოდა, ნაცმოძრაობისთვის უნდა დაეჭირა მხარი. ვითარება განსაკუთრებით გამწვავდა 2007 წლის შემდეგ, ხდებოდა ზეწოლა დირექტორზე, დირექტორი კი ჩვენ გვაიძულებდა, მითითებები შეგვესრულებინა და ასე ვტრიალებდით ჩაკეტილ წრეზე. მე აგიტატორობაზე უარი ვთქვი და ამის გამო დავისაჯე კიდეც.

- სკოლიდან გაგიშვეს?

- გამათავისუფლეს, კანონდარღვევით, ყველანაირი საფუძვლის გარეშე... მითხრეს, დაწერე განცხადება და წადიო. სხვა რა გზა მქონდა?..

- თავის აღდგენა აღარ გიცდიათ?

- რა აზრი ჰქონდა... სასამართლოც იმათი იყო და მართლმსაჯულებაც. როგორც თვითონ აწყობდათ, ისე იქცეოდნენ. დავჯექი სახლში, კერძოდ ვამზადებდი მოსწავლეებს, მაგრამ მერე მეუღლე ავად გახდა, უმძიმესი მდგომარეობა ჰქონდა და მეც დავითხოვე მოსწავლეები. ორი წელია გარდაიცვალა. 5 წელი ვუვლიდი, 7 წელია მოსწავლე არ მყოლია და ახლა ვინღა მოვა ჩემთან?

- პენსიას ხომ იღებთ?

- პენსია მაქვს, მაგრამ დღითიდღე ძვირდება ყველაფერი, წამალი, პროდუქტი... რას შევწვდები ჩემი პენსიით? ამიტომ იძულებული ვარ, მოწყალება ვითხოვო. მრცხვენია ძალიან, შვილო, ასე რომ ვარ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს... თუმცა არაფერს ვნანობ, დღესაც იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი და არც გაბრაზებული ვარ ვინმეზე. ეს ჩემი არჩევანი იყო და მიხარია, რომ იმ სიბინძურეში გარეული არ აღმოვჩნდი. მე ჩემი მოსწავლეების სიყვარულს მაინც წავიღებ ამქვეყნიდან, იმ ადამიანებს კი ისტორია გასცემს საკადრის პასუხს. მე არაფერს ვნანობ, შვილო, უბრალოდ ძალიან, ძალიან მრცხვენია...  


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

გაზაფხულის სემესტრის მობილობის შედეგები ცნობილია

ვინ შეძლებს ბაღებსა და სკოლებში მრჩევლად დასაქმებას - ახალი პროგრამა დამტკიცდა

ვინ არის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი და რა ვალდებულებები აქვთ მათ

უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი

 

 

დაწყებითი საფეხურის მოსწავლების ნაწილი სახელმძღვანელოს გადაფურცვლას „სქროლვით“ ცდილობს - კვლევა ბრიტანეთში 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

ღონისძიებამ დიდი მოწონება დაიმსახურა, მოსწავლეებმა კი სახელოვანი წინაპრის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ცოდნა გაიმდიდირეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას

საინტერესო

დაწყებითი საფეხურის მოსწავლების ნაწილი სახელმძღვანელოს გადაფურცვლას „სქროლვით“ ცდილობს - კვლევა ბრიტანეთში 

სიახლეები
საზოგადოება