სიახლეები
ინტერვიუ

ქუთაისის და შუახევის რესურსცენტრების ხელმძღვანელების ახალი გამოწვევები ახალ სასწავლო წელს
21-09-2019
-
+


ახალი 2019-2020 სასწავლო წელი ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებებში უკვე დაიწყო. გასულ წელს სისტემაში არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა,  სიახლეები სამომავლოდაც იგეგმება. 

როგორ შეხვდნენ უკვე განხორციელებულ ცვლილებებს და რა სიახლეს სთავაზობენ სკოლებს მომავალი სასწავლო წლისთვის, etaloni.ge-სთან ქუთაისის და შუახევის რესურსცენტრების ხელმძღვანელები საუბრობენ:

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მაია ცქიტიშვილი:

- გასული წელი ძალიან მნიშვნელოვანი და დატვირთული იყო სხვადასხვა მიმართულებით. განათლების სამინისტროს მხრიდან არაერთი რეფორმა განხორციელდა, სკოლები ახალი სკოლის მოდელში ჩაერთო. პირველივე ეტაპზე, ქუთაისის 11 სკოლა იყო ჩართული, რაც ძალიან სასიხარულოა. ეს არის კარგი პროექტი, კმაყოფილები არიან როგორც მშობლები და მასწავლებლები, ასევე ბავშვები. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელმაც ქალაქის სკოლებს გარკვეული ელფერი შესძინა, არის „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ მიერ რეაბილიტირებული 8 სკოლა, სადაც, ფაქტობრივად, მთლიანად დასრულდა სარემონტო სამუშაოები, მათგან ორ სკოლაში სასწავლო პროცესი 16 სექტემბერს, უკვე სრულიად განსხვავებულ გარემოში განახლდა. პროექტის ფარგლებში აღიჭურვა ქიმია-ფიზიკის ლაბორატორიები, დანარჩენი ინვენტარი სამინისტროს მიერ იქნა მოწოდებული. ასევე, გარე შემოღობვითი და ეზოს სამუშაოები მთლიანად სამინისტრომ დააფინანსა. 38 საჯარო სკოლიდან 30 სკოლა უკვე სრულიად რეაბილიტირებული გვაქვს და ეს პროცესი კიდევ მიმდინარეობს.

წელს 2500-მდე პირველკლასელი გვყავს ქუთაისში, რომელთაც სამინისტროს მიერ მოწოდებული საჩუქარი, კომპიუტერები უკვე დაურიგეს. მივიღეთ ასევე, მეშვიდე კლასის სრულიად ახალი, გრიფირებული სახელმძღვანელოები. სასიხარულოა, რომ წელს 5 ქუთაისელი აბიტურიენტი ასპროცენტიანი გრანტით ჩაირიცხა მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. განათლება ჩვენმა ხელისუფლებამ პრიორიტეტად დაისახა და ამისათვის ყველა პირობა გვაქვს შექმნილი, წინ კიდევ მეტი წარმატებული ნაბიჯი გველოდება. 

შუახევის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ედუარდ გოგრაჭაძე:

- ჩვენი მუნიციპალიტეტის სკოლების კურსდამთავრებული 124 აბიტურიენტიდან, წელს 89 გახდა სტუდენტი, რაც ვფიქრობ, რომ კარგი შედეგია. აქედან, გვყავს 70 და 50-პროცენტიანი გრანტის მფლობელები. გვყავს ოლიმპიადებში, კონკურსებში და ლიტერატურულ მარათონში გამარჯვებული ბევრი მოსწავლე და სკოლები. წარმატებული წელი გვქონდა ასევე,  ინფრასტრუქტურის მხრივ, ორი ახალი სკოლა გავხსენით. საჯარო სკოლის სრული კაპიტალური შენობა აიგო მაწყვალთოში, რომლის ღირებულებაც მილიონ ლარამდეა, ასევე, ჟანივრის საჯარო სკოლაში აიგო ახალი შენობა, ჩატარდა სხვადასხვა სკოლის მცირე რეაბილიტაცია. წელს დაიწყო გრანდიოზული მშენებლობა, - დაბა შუახევის საჯარო სკოლის, რომელიც 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 2-წლიანი პროექტია. 

რაც შეეხება მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, ამ მხრივაც გქონდა წარმატებები, 100-მდე მასწავლებელმა აიმაღლა კვალიფიკაცია და შედეგებს ჯერ კიდევ ველოდებით. 147 პენსიონერი პედაგოგი გვყავდა, აქედან, 14 უფროსი მასწავლებელი, რომელთაც არ ეხებოდათ საპენსიო ჯილდო. 63 ღვაწლმოსილი პენსიონერი პედაგოგი ჯილდოზე გავიდა, დანარჩენი კი, კვალიფიკაციის ამაღლებას ცდილობს. 

- რა იყო გასულ წელს განხორციელებული ყველაზე მნიშვნელოვანი და მისაღები ცვლილება თქვენთვის?

მაია ცქიტიშვილი:

- ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მიმაჩნია, რომ ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოებაა, რამაც საოცრად პოზიტიური განწყობა შექმნა და დაფასებული გახადა მასწავლებლის პროფესია. სწორედ ამ ფაქტორის გამო გაჩნდა ბევრი ვაკანსია სკოლებში. ასე ფართომასშტაბიანი ვაკანტური ადგილები განათლების სისტემაში, მგონი, ქუთაისში პირველად დაფიქსირდა. ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო ასევე, ჩვენმა სამინისტრომ, რომ სკოლაში „გოგებაშვილის დედაენა“ დააბრუნა. სულ სხვა განცდა და ემოცია დავინახე როგორც მშობლებში, ასევე, პედაგოგებში ამ წიგნის დაბრუნებით.

ძალიან მისაღები და ეფექტურია „ახალი სკოლის მოდელი“, რომელიც ინდივიდუალურ აღქმის უნარს, ინდივიდუალურ მიდგომებს აყალიბებს და საოცარი ფორმატია, ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიებთან მიმართებაში. ამ შემთხვევაში მაქსიმალურად იტვირთება მასწავლებელი და დიდი შრომაც შეიძლება დასჭირდეს, მაგრამ საბოლოოდ, შედეგი იქნება იდეალური. 

ედუარდ გოგრაჭაძე:


- პირველი პრეცედენტია, როცა მასწავლებლის ღვაწლი ასე დააფასეს და მიუხედავად იმისა, რომ მათ ვერ, ან არ აიმაღლეს კვალიფიკაცია, მაინც არ დაუკარგა ამაგი სახელმწიფომ და კი არ აიძულა სკოლიდან წასვლა, არამედ, არჩევანი შესთავაზა. საკმაოდ ასაკოვანი მასწავლებლები იყვნენ სკოლაში. მათი შრომა უდაოდ დასაფასებელია, მაგრამ 80 წელს მიღწეული მასწავლებლების უმრავლესობამ თანამედროვე რეფორმებს ალღო ვეღარ აუღო. უმნიშვნელოვანესია, რომ განათლება ქვეყნის პრიორიტეტად გამოცხადდა და ბიუჯეტის ერთი მეოთხედი ამ მიმართულებით წავიდა. მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდა კი, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოქმედი მასწავლებლებისთვის, არამედ ახალგაზრდა კადრების მოტივაციისთვის, სკოლაში შესასვლელად. ყოველთვის გული მტკიოდა იმაზე, რომ აბიტურიენტი პედაგოგის პროფესიას არ ირჩევდა. ახლა, როცა მასწავლებლის ხელფასი იზრდება, დაფიქრდა ახალგაზრდობა, რომ სკოლაში შეიძლება მეტი ანაზღაურება მიიღოს, მეტი თავისუფალი დრო და სტაბილური სამსახური ჰქონდეს, და წამოვიდა ამ მიმართულებით. ვფიქრობ, ასეთი მიდგომით, თანდათან უფრო პოპულარული გახდება მასწავლებლის პროფესია და ახალგაზრდობა უფრო მეტად აირჩევს პედაგოგიურ ფაკულტეტებს. 

- უკვე მიმდინარე სასწავლო წელს, ალბათ ბევრი ახალი და ახალბედა მასწავლებელიც გყავთ, როგორ შეხვდნენ მათ სკოლები და რას ნიშნავს სკოლისთვის ახალგაზრდა კადრი? 

მაია ცქიტიშვილი:

- ყველა ღვაწლმოსილი პედაგოგი დასაფასებელია, მადლობას ვუხდი და ქედს ვიხრი მათ წინაშე, მათ თაობები აღუზარდეს ქვეყანას, თუმცა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ხედვა, ახალი მიმართულებები და მეტი მოტივაცია ახალგაზდებში. წელს გასაუბრებაზე ბევრი ძლიერი ახალგაზრდა კადრი, თუ უკვე სტატუსმინიჭებული პედაგოგი მოვიდა. ზოგი კერძო სკოლიდან ცდილობდა გადმოსვლას, ზოგმაც რამდენიმე წლის წინ დატოვა სკოლა და ისევ დაბრუნება გადაწყვიტეს... დღეს სკოლას ახალი სისხლის გადასხმა სჭირდება. ამიტომაც, ახალგაზრდა კადრს სკოლაში მივესალმები.

ედუარდ გოგრაჭაძე:

- ამ ეტაპზე ჩვენ უკვე ავიყვანეთ 13 ისეთი მასწავლებელი, რომელიც არ იყო სქემაში ჩართული და არ უმუშავია აქამდე მასწავლებლად. მათ შორის არიან მაძიებელი მასწავლებლები, კომპეტენცია დადასტურებული მასწავლებლებიც... თქვენ წარმოიდგინეთ, მაძიებლად შემოსულმა მასწავლებლებმა გასაუბრებაზე, საკმაოდ მაღალი შედეგები აჩვენეს და გვქონდა ისეთი შემთხვევაც, რომ უფროს მასწავლებელს უარი ვუთხრათ და მივიღეთ მაძიებელი, რადგან ის მეტად მოტივირებული აღმოჩნდა, შესულიყო სკოლაში და აქტიურად ჩართულიყო საგანმანათლებლო საქმიანობაში. რა თქმა უნდა, მივესალმები ახალგაზრდა კადრების სკოლაში შემოსვლას, ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მეტი ახალი მასწავლებელი დავასაქმოთ. 

- მიმდინარე სასწავლო წლისთვის რა სიახლეს სთავაზობთ თქვენს სკოლებსა და მოსწავლეებს?

მაია ცქიტიშვილი:

- ძალიან დიდი სიახლე, რომელიც ჩემს სკოლებთან და პროექტის ავტორებთან ერთად წამოვიწყეთ, ეს არის izrune.ge-ს პროექტი, რომლის თანამოაზრეც პირადად ვარ. ჩემთვის, ჩვენი მოსწავლეებისა და მშობლებისთვისაც, ეს არის სიახლე იმდენად, რამდენადაც სჭირდება სწორად აღქმა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროექტში ჩართვა. მე, როგორც მშობელი, ჩართული ვარ დიდი გულისყურით და ინტერესით, რადგან როგორც არ უნდა ვაქტიურობდე და ვიცნობდე შვილის გონებრივ შესაძლებლობებს, თუ რომელ საგანში რა დონეზეა ბავშვი, მაინც აუცილებელია, გარედან დანახული თვალით შევძლო ამ მდგომარეობის შეფასება, რის საშუალებასაც, სწორედ ეს პროექტი გვაძლევს. izrune.ge არის საუკეთესო საშუალება მშობლებისთვის, მექანიზმი, რომლითაც ნებისმიერ საგანში განსაზღვრავს, შეაფასებს ბავშვის ცოდნის დონეს, ინტელექტს და აძლევს მშობელს საშუალებას, დროულად აღმოუჩინოს მას დახმარება. 

მე ხმამაღლა ვიტყვი, რომ „ეტალონი“ და მისი საგანმანათლებლო-შემეცნებითი საიტი არის ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში იხილო, სადაც თავმოყრილია ყველა საჭირო და მნიშვნელოვანი საკითხი, როგორც მასწავლებლისთვის, ასევე მოსწავლისა და მისი მშობლებისთვის.

ედუარდ გოგრაჭაძე:

- ყოველთვის მზად ვართ ისეთი სიახლისთვის, რაც ჩვენს მოსწავლეებს სიკეთეს მოუტანს და დადებითად წაადგება. ამ პრინციპით ხელს ვუწყობთ მათ ჩართვას სხვადასხვა ღონისძიებასა თუ ტრენინგ-კურსებში, თუნდაც არაფორმალური განათლების კუთხით. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ „ეტალონთან“ და მის პროექტებთან. იმ აქტივობებს, რასაც ჩვენი სკოლები ახორციელებენ, აქტიურად აქვეყნებენ საიტზე. გარდა ამისა, ჩვენი სკოლების აბსოლუტური უმრავლესობა ჩაერთო izrune.ge-ს პროექტში. ძალიან მიხარია, რომ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, იმუშავა ამ მიმართულებით და izrune.ge  შემოვიდა აჭარის სკოლებში უფასოდ. ეს არის საკმაოდ დიდი მიღწევა, იმიტომ რომ ბევრ მშობელს ჰქონდა სურვილი ჩართულიყო პროექტში, მაგრამ ალბათ, უფრო გარკვეული პროცედურული საკითხების გამო, თავს იკავებდნენ. ახლა ჩვენც ჩავერთეთ პროგრამაში, ვაკვალიანებთ სკოლებს, კლასის დამრიგებლებს, „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდიდან ჰყავთ კოორდინატორები, რომლებიც უკავშირდებიან მშობლებს და პროცედურულ საკითხში არკვევენ. უფრო გააქტიურდა ეს პროცესი და ჩვენი მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სკოლა მოიცვა. izune.ge  არის პროექტი, რომელიც მიიყვანს მშობელს სკოლამდე, ჩაახედებს შვილის უნარებში, და აქედან გამომდინარე, სკოლასთანაც მეტი კონტაქტი ექნება. მოხარული ვარ, რომ ეს პროექტი განხორციელდა და ასე აქტიურად ინერგება ჩვენს სკოლებში. 


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
სკოლებში დარღვევებზე აღირცხვის ფორმა შეივსება - რა ინფორმაციას უნდა შეიცავდეს დოკუმენტი
მანდატურებმა ტრენერთა ტრენინგი გაიარეს - დეტალები
პიროვნება
„მასწავლებლებს იმ ტრენინგებში, რაც მათ საჭიროებებზე არაა მორგებული, დროს არ დავაკარგვინებდი“
„დღეს რომ ასეთი წარმატებული ვარ, დირექტორისა და არაჩვეულებრივი პედაგოგიური გუნდის დამსახურებაა“
ღვთის წყალობით,  მეუფე მექლისედეკის ლოცვა კურთხევითა და ჩვენი პედაგოგების მუხლჩაუხრელი შრომით კვლავაც გავაგრძელებთ ერისა და ეკლესიის სასიქაუდლო და საამაყო მამულიშვილების აღზრდას
სკოლები
სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის დღე ემოციებით დატვირთული, შთაბეჭდილებებით აღსავსე და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა, თავიანთი ხელებით შექმნეს მისალოცი ბარათები, ემოციური წერილები დაწერეს და საჩუქრად პედაგოგებს გადასცეს
წარმოდგენა განსაკუთრებით დასამახსოვრებელი გახადა, მოსწავლეთა ემოციურმა და გულწრფელმა სიტყვებმა
სკოლა ამაყია მოსწავლის მიღწევით, მას წინსვლასა და წარმატებას უსურვებს
პროექტი ეხება მოსახლეობაში საგანგებო სიტუაციებისა და პირველადი გადაუდებელი დახმარების შესახებ ცნობიერების ამაღლებას
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
ინგლისში, თანხის დაზოგვის მიზნით, სკოლებმა, შესაძლოა, მასწავლებლები შეამცირონ - რამ გამოიწვია კრიზისი?
„ეს არის პედაგოგების ძარცვა - მთავრობა სკოლებში უფასო შრომას ეყრდნობა“
სიახლეები
საზოგადოება