სიახლეები
ინტერვიუ

„სამოსანიც ვიყავი, ოთხოსანიც და იშვიათად, ხუთოსანიც, ერთი-ორჯერ მასწავლებლებისგან მომხვედრია კიდეც“ - ქეთევან ჩხეიძე სკოლასა და ბავშვობაზე
13-07-2019
-
+


მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, ქეთევან ჩხეიძე ისეთი ცელქი ბავშვი იყო, რომ მასწავლებლებსაც აბრაზებდა  და ერთხელ, დაუმორჩილებლობისათვის საკუთარმა ბებიამ ბნელ სარდაფშიც ჩაკეტა, რადგან მიაჩნდა, რომ პატარა გოგონას ნამეტანი მოსდიოდა... სწავლაც ეზარებოდა, თუმცა ის მთავარი, რასაც ადამიანური ღირებულება ჰქვია, არასოდეს დაუკარგავს და შვილებიც საკუთარი მაგალითით გაზარდა. ამბობს, რომ ულამაზესი ბავშვობა ჰქონდა, რასაც სითბოთი და სიყვარულით სავსე ოჯახის წევრები უვსებდნენ.

- ჩემი ბავშვობა ლამაზი და ვარდისფერი იყო. ერთი საინტერესო ეპიზოდი მახსოვს. თელავში დავიბადე... სულ პატარა ვიყავი, მამაჩემმა რომ მოგვიყვანა დათვის ბელი. უზარმაზარი ყუთი გვედგა ეზოში და ამ ბელთან ერთად იმ ყუთში ჩამსვა. დედაჩემი და ოჯახის ახლობლები ეჩხუბებოდნენ მამას, ბავშვს რამე არ დამართოსო. მამაჩემი კი ხარხარებდა და ჩემს ბედნიერებასაც არ ჰქონდა საზღვარი.

- რამდენ ხანს გყავდათ სახლში დათვი?

- მერე გაიზარდა, დატეხა ხის ტოტები და აგრესიული გახდა, რის შემდეგაც მამამ ეს დათვი წინანდლის ბაღს აჩუქა, სადაც საკმაოდ დიდხანს იცხოვრა...

დედისერთა ვიყავი. მამაჩემიც დედისერთა იყო და ბებიასათვის ერთადერთი და განუმეორებელი ვიყავი. სიყვარულში და დიდ სითბოში გავიზარდე. როცა მძიმე ამბები მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ბავშვი უკვე აღარ ვიყავი. 16 წლის გახლდით, როცა ჯერ ერთი ბებია გარდაიცვალა, მერე - მეორე... დიდი ტრაგედია იყო ჩემთვის, რადგან დიდი ურთიერთობა მაკავშირებდა ბებიებთან. ეს იყო ჩემთვის პირველი მძიმე დარტყმები და მაშინ მივხვდი, რომ ცხოვრება მთლად ისეთი არ იყო, როგორიც მეგონა. საყვარელი ადამიანების გარდაცვალებით გამოწვეული სევდა ჩემთვის მაშინ დაიწყო და მას მერე დაიწყო ცხოვრებისგან მოტანილი ტკივილებიც...

- სკოლა როგორ გახსოვთ, თელავში სწავლობდით?

 -არა, თბილისში, პირველ საშუალო სკოლაში ვსწავლობდი. ჩემს მშობლებსაც ეს სკოლა ჰქონდათ დამთავრებული.

ჩემი ბებია თელავის სამშობიაროს მთავარი ექიმი იყო. როდესაც იქ დანიშნეს, მისცეს სახლიც. მამაჩემიც ექიმი იყო პროფესიით და მანაც იქ დაიწყო მუშაობა... საუკეთესო ადგილი იყო თელავი იმისთვის, რომ ბავშვი იქ დაბადებულიყო და საუკეთესო პირობებში, ჰაერზე გაზრდილიყო. თელავი განსაკუთრებული ადგილია, საოცარი ხალხი ცხოვრობს და განსხვავებული აურაა. სუბიექტური კი ვარ თელავის მიმართ, ჩემი სამშობლოა, მაგრამ ბევრი სხვისგანაც მსმენია, რომ თელავი განსაკუთრებული ადგილია.

5-6 წლამდე თელავში ვცხოვრობდი. შემდეგ ჩემი მშობლები გაშორდნენ და მე დედაჩემის მხარეს ვიზრდებოდი, თუმცა, მამაჩემის დედას არც ერთი წამით არ დავშორებივარ. პენსიაზე რომ გავიდა, თბილისში ჩამოვიდა. პლეხანოვზე ცხოვრობდა და დავრბოდი ბებიებთან წინ და უკან.

მარჯანიშვილის თეატრის რეპერტუარშია სპექტაკლი „თეთრი იასამანი“ და ჩემი ბებიის როლს მე ვთამაშობ.

- ეგ როგორ?

- 1937 წელს სერიოზული დრამა დატრიალდა ჩემს ოჯახში. დაიჭირეს ჩემი ბებიაც და ბაბუაც. ბიცოლამ გაზარდა დედაჩემი. შემდეგ ისინი დაბრუნდნენ, დააბრუნეს დედაც... მერე, ეს ისტორია დედაჩემმა, ნანა ჟორდანიამ პიესად დაწერა. გიზო ჟორდანიამ, რომელიც ბიძაჩემი გახლავთ, დაწერა მათი ოჯახის ისტორია. მათი ეს ნაწერები დაიდგა მარჯანიშვილის თეატრში და მე ვთამაშობ  ჩემი ბებიას როლს. ბავშვებისთვის  ძალიან საინტერესო სპექტაკლია. იმ პერიოდს სრულიად სხვა მხრიდან გაეცნობიან. ეს გახლავთ პატარა გოგონას ამბავი, რომელსაც გამზრდელი ეგონა ნამდვილი დედა. მერე გაიგო, ვინც იყო და ამის შემდეგ ვითარდება დრამა, თუ როგორ უბრუნდება ნამდვილ დედას...

- საინტერესო და სევდიანი ამბავია... როგორი მოსწავლე იყავით?

- სამოსანიც ვიყავი, ოთხოსანიც და იშვიათად, ხუთოსანიც. მქონდა ხოლმე გამონათებები. მშვიდი და დინჯი ბავშვი არ ვყოფილვარ. სიცელქე და მავნებლობები მახასიათებდა, მაგრამ აგრესიული არ ვყოფილვარ და ისეთს ვერაფერს ვიხსენებ, რომ ვინმე დამეზიანებინა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი-ორჯერ მომხვედრია კიდეც.

- ვისგან მოგხვედრიათ?

- მასწავლებლებისგან. მაშინ ჩვეულებრივი ამბავი იყო, ერთი-ორს რომ წამოგარტყამდა მასწავლებელი თავში და მეცინებოდა კიდეც ამაზე. გვეგონა, რომ ეს ნორმაა - დააშავე და დაისაჯე შესაბამისად.

- რა შეიძლებოდა დაგეშავებინათ, რომ მასწავლებელს თავში წამოერტყა?

- 50-ჯერ რომ გეტყვის მასწავლებელი, გაჩუმდიო, მაგრამ მაინც ლაპარაკობ და თან არაფერი იცი, შეიძლება ერთი-ორი წამოგარტყას. რასაკვირველია, არ ვგულისხმობ სერიოზულ დაზიანებას და ბავშვის შეურაცხყოფას, რასაც აქვს ხოლმე ადგილი და ამას აპროტესტებს საზოგადოება ახლა, მაგრამ რომ იცი, დამნაშავე ხარ და მასწავლებელი როგორც შვილს, ისე გეპყრობა, უფლება აქვს, ცოტა შეგაჩეროს და გითხრას, აბა, რა ამბავში ხარო. არაფერი მახსენდება ისეთი, რამაც შელახა ჩემი თავმოყვარეობა ბავშვობაში. დღეისათვის რაღაცები შეიცვალა და შეიძლება სწორი მიდგომაც არის, მაგრამ გადამეტებული არაფერი ვარგა - არც წამორტყმა შეიძლება გადამეტებული და არც სიტუაციის ზედმეტი გამწვავება. საქმე იქამდე არ უნდა მივიდეს, ბავშვმა მშობელს თუ მასწავლებელს უთხრას, ჩემს უფლებებს ნუ არღვევო.

- მშობლებიც გსჯიდნენ?

- ზედმეტად ცელქი ვიყავი, მაგრამ მხოლოდ ერთადერთხელ მახსოვს, ბებიამ რომ დამსაჯა. სარდაფში გვყავდა ველოსიპედი. გამომყავდა და ვსეირნობდი ხოლმე. ერთხელ ბებიას რაღაც არ დავუჯერე და მითხრა, დღეს ველოსიპედს არ მიიღებო. ჩუმად მოვიპარე ველოსიპედი. ბებია პასიანსს შლიდა თავის ოთახში. მეგონა, ეს ამბავი დიდხანს გაგრძელდებოდა. მოვიპარე გასაღები, ჩუმად შევედი სარდაფში, გამოვიყვანე ველოსიპედი და სამი წრე რომ დავარტყი, მეოთხე წრეზე დავინახე ბებია განრისხებული სახით. სარდაფში შემიყვანა და ჩემს ველოსიპედთან ერთად ჩამკეტა. სარდაფში ბნელოდა და ძალიან მძიმე იყო ეს ამბავი. დაახლოებით 2 საათი ვიყავი სარდაფში, მერე მეორე ბებია მოვიდა და მან მიხსნა. რუსთაველზე, პირველ სართულზე ვცხოვრობდით. სახლის ქვემოთ იყო ჩვენი სარდაფი. მეორე ბებიას ხმა გავიგონე. მკაცრი საუბარი მესმოდა, ეუბნებოდა, გაგიჟდი, ბავშვი როგორ ჩაკეტეო, ის პასუხობდა, საჭიროა ასე, თორემ ძალიან გავიდა თავსო.

- როგორც ჩანს, ამ ცელქ გოგონას სწავლაც გეზარებოდათ...

- კი, მეზარებოდა, მაგრამ ზოგ რამეს კარგად ვსწავლობდი და ეს მასწავლებლებიდან გამომდინარე იყო. რამდენიმე მასწავლებელი ძალიან მომწონდა, მიყვარდა და, შესაბამისად, იმ საგანს ვსწავლობდი. უფრო ჰუმანიტარული საგნები მიყვარდა. შინაგანად უფრო ჰუმანიტარი ვარ და რომანტიზმისკენ ვიხრები. სიზარმაცის ბრალიც არის, რომ არ ვსწავლობდი ზოგ საგანს. როდესაც ბავშვი მათემატიკას სწავლობს, სხვანაირად, ბევრად უკეთ აზროვნებს. როცა გგონია, რომ მათემატიკა არ გჭირდება, დიდი შეცდომაა. მე ეს შეცდომა დავუშვი და ძალიანაც ვნანობ. რომ გავიზარდე, მივხვდი, რომ ჩემი მიდგომა არ იყო სწორი. როცა განათლება გაქვს, ბევრად ადვილია ცხოვრება. 

- როგორია მასწავლებელი, რომელიც ბავშვებს მოსწონთ, უჯერებენ, მის საგანს სწავლობენ?

- ბავშვს ვერასოდეს გამოაპარებ პიროვნულ ღირებულებებს. პედაგოგი ღირსეული პიროვნება უნდა იყოს და მეტი არაფერია საჭირო. ბავშვები გრძნობენ, შეიძლება თუ არა, პედაგოგი მასხრად აიგდონ და დასცინონ. პირველი, რასაც აკეთებს ბავშვი, სწორედ ამას მოსინჯავს, როცა მასწავლებელს პირველად ხედავს. ან გაიცინებს, ან რაღაცას აახმაურებს და აინტერესებს, მასწავლებელს რა რეაქცია ექნება. პირველივე მომენტიდან ხვდება, არის თუ არა მასწავლებელი თავის სიმაღლეზე...

- შვილებთან ურთიერთობაში, მათ აღზრდაში რა გაითვალისწინეთ?

- შენ უნდა იყო მისაბაძი. პირველ რიგში, ბავშვი მშობელს, ბებიას თუ ბაბუას  ბაძავს. მერე ის აღარ მოსწონს, იწყება პროტესტი და პრობლემები. როგორი მაგალითიც იქნები, ისე გაზრდი შვილსაც. როცა შენ ეწევი სიგარეტს და შვილს ეუბნები, ცუდია, არ მოწიოო... იგინები და შვილს ეუბნები, შენ არ შეიგინოო, მანდ მთავრდება ყველაფერი. ეს უმარტივესი მგალითებია, მაგრამ ამას მოსდევს სერიოზული საკითხები - ადამიანების, ქვეყნის მიმართ დამოკიდებულება და ა.შ. მერე, შვილს ან პროტესტი უჩნდება მშობლის მიმართ, ან იმეორებს იმას, რასაც ხედავს და ჰგონია, რომ ეს ნორმალური და კარგია.

ჩემს შვილებს რაც შეეხება, არის რაღაცები, რაც მომწონს და არის ისიც, რაც არ მომწონს. მგონია, რომ ნორმალური ბავშვები არიან თავისი კარგით და ცუდით. ვგრძნობდი, რომ მე, მამამისს, ბებია-ბაბუებს უყურებდნენ და ისე იზრდებოდნენ. რაც ეშლებათ, ისიც ჩემი ბრალია და რაც არ ეშლებათ, იქაც ვმონაწილეობ. გენეტიკას წინ ვერავინ უდგება, არ გამოდის.

- ქალბატონო ქეთი, პროფესია როგორ აირჩიეთ?

- ბავშვობიდან ამ წრეში ვტრიალებდი და შეხება მქონდა დიდ მსახიობებთან. ბებიაჩემი მეგობრობდა ვერიკო ანჯაფარიძესთან, რომელიც ხშირად გვსტუმრობდა თელავში. ერთი ბიძა, გიზო ჟორდანია რეჟისორი იყო, მეორე ბიძა, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი... ვასო გოძიაშვილს ბებიაჩემმა გაუკვალა გზა მსახიობობისკენ. ბებიასთან კურიერად მუშაობდა ვასო გოძიაშვილი და ჟურნალ-გაზეთები მიჰქონდა და მოჰქონდა ხოლმე. უნიჭიერესი კაცი იყო და ეს ბებიაჩემმა შეამჩნია. უთხრა, წინ და უკან რომ დადიხარ, ეს რა არისო... მე შენ წერილს გაგტან, ამ წერილით მიხვალ ამა და ამ ადგილზეო და ასე გახდა მსახიობი. მერე, ვასო გოძიაშივლის იუბილე რომ იყო ფილარმონიაში, გამოვიდა და ეს იუბილე დაიწყო სიტყვებით, მე მადლობა უნდა გადავუხადო ქალბატონ ქეთო ქავთარაძეს და ქედი მოვიხარო მის წინაშე, რომელმაც განსაზღვრა ჩემი ცხოვრებაო. ასეთი ამბები ხდებოდა ჩემ გარშემო. „ძველი ვოდევილები“ რომ ვნახე სრულიად პატარამ, რამდენიმე ღამე არ მეძინა, ისეთი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი. ბავშვს ყოველთვის უნდება, რაც მოსწონს, ის გაიმეოროს. მეც ავდექი და თავფეხიანად გადავეშვი ამ საქმეში.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება