| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„განათლება მხოლოდ საგნების სწავლება არ არის - ეს არის ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბება, მისი სწორი ღირებულებებით აღზრდა “, - ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის საჯარო სკოლის დირექტორი არარატ ელიზბარიანი და სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ ორიენტირებულ გარემოს უზრუნველყოფს.
სომხურენოვან საშუალო სკოლაში წელს 178 მოსწავლე ირიცხებოდა, მათგან „ბოლო ზარი“ 22 მე-12 კლასელისთვის დაირეკა. ახალ სასწავლო წელს კი სკოლის კარს 13 პირველკლასელი შეაღებს.
არარატ ელიზბარიანი უკვე 35 წელია მომავალი თაობის აღზრდა-განათლებას ემსახურება. სკოლის ხელმძღვანელობასთან ერთად მოსწავლეებს ისტორიას ასწავლის, პროფესიული გზა სწორედ მასწავლებლად დაიწყო, მოგვიანებით დირექტორის მოადგილის პოზიციაზე განაგრძო საქმიანობა, ხოლო 2011 წლიდან სკოლას ღირსეულად უდგას სათავეში.
მისი თქმით, სკოლის წარმატების მთავარი საფუძველი ურთიერთპატივისცემაზე აგებული გარემო, პროფესიონალი პედაგოგები და სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა აქტიური ჩართულობაა.
„ჩემთვის, როგორც ხელმძღვანელისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია სკოლაში ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები. საოცრად მეგობრული კოლექტივი მყავს, მშობლები აქტიურად არიან ჩართული სასკოლო ცხოვრებაში, ხოლო მოსწავლეები ჩემი პატარა მეგობრები არიან. ისინი ჩემთვის ისეთივე ახლობლები და შინაურები არიან, როგორც შვილები“, - აღნიშნავს დირექტორი და ახარებს, რომ მოსწავლეებიც გრძნობენ მის მხარდაჭერას და იმედებსაც უმართლებენ.
სკოლა განსაკუთრებული შედეგებით ამაყობს. წელს კურსდამთავრებულთა შორის ოთხი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალოსანია. 22 მე-12 კლასელიდან 16 უკვე დარეგისტრირდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. ერთი კურსდამთავრებული სწავლას გერმანიაში გააგრძელებს, დირექტორის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მათ სკოლაში გერმანული ენა არ ისწავლება, მოსწავლემ ბევრი იშრომა ამ შედეგის მისაღწევად, 2-ჯერ კი ოლიმპიადის გამარჯვებულიც გახლდათ.
ერთი კურსდამთავრებული უმაღლესი განათლების მისაღებად - ერევანში მიემგზავრება, კიდევ ერთი - რუსეთში.
დირექტორის თქმით, მოსწავლეთა წარმატება პედაგოგიური გუნდის თავდაუზოგავი შრომის შედეგია.
„ჩვენი მასწავლებლები ყოველდღიურად მუშაობენ იმისთვის, რომ მოსწავლეებს მაღალი დონის განათლება მისცენ და განუვითარონ ყველა ის უნარი, რომელიც მომავალში წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ.“
განსაკუთრებულ ყურადღებას სკოლაში სახელმწიფო ენის სწავლას უთმობენ. დირექტორი სიამაყით იხსენებს, რომ თავად ქართული ენა 40 წლის ასაკში ისწავლა. „ეს ჩვენი ქართული ენის პედაგოგის, ქეთევან ნასყიდაშვილის, დიდი დამსახურებაა. უკვე 15 წელია იგი ემსახურება ქართული ენის პოპულარიზაციას და იმდენად შეაყვარა მოსწავლეებს სახელმწიფო ენა, რომ თუ წლების წინ კურსდამთავრებულთა უმრავლესობა სასწავლებლად სომხეთში მიდიოდა, დღეს ისინი საქართველოში აბარებენ. ეს ჩემთვის განსაკუთრებული სიამაყის მიზეზია.“
დღეს, სკოლის 70-მდე კურსდამთავრებული საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში სწავლობს, არაერთი ყოფილი მოსწავლე კი საპასუხისმგებლო პოზიციებზე მუშაობს.
საინტერესო სასწავლო პროცესთან ერთად სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობები ტარდება, რომლებიც მოსწავლეებს კრიტიკულ აზროვნებას, მსჯელობისა და გუნდური მუშაობის უნარებს უვითარებს და, რაც მთავარია, ურთიერთპატივისცემას, ემპათიასა და სხვისი აზრის გათვალისწინებას ასწავლის.
5 ივნისს სკოლაში მნიშვნელოვანი ღონისძიება იგეგმება, რომელიც ჰოლოკოტის თემას ეხება. ორგანიზატორები ისრაელის საელჩოს წარმომადგენლებთან თანამშრომლობენ და იმედოვნებენ, რომ ღონისძიებაზე მნიშვნელოვან სტუმრებსაც უმასპინძლებენ.
„ჩვენს მოსწავლეებს ყოველთვის ვასწავლით ტოლერანტობას, ემპათიასა და ადამიანების პატივისცემას. განათლება მხოლოდ საგნების სწავლება არ არის - ეს არის ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბება, მისი სწორი ღირებულებებით აღზრდა და ადამიანების სიყვარულის სწავლება“, - ამბობს დირექტორი.
სასწავლო წლის დასრულებისას სკოლის ხელმძღვანელი განსაკუთრებული სიამაყით საუბრობს მოსწავლეების მიღწევებზე და ახალგაზრდებს მნიშვნელოვან გზავნილს უტოვებს: „ყველა ახალგაზრდას ვუსურვებ, ისწავლონ, რადგან სწორედ სწავლით მიიღწევა ის მწვერვალები, რომელთა დაპყრობასაც ისახავენ მიზნად. იყვნენ კეთილი ადამიანები, სასახელო პიროვნებები საკუთარი ოჯახისთვის, სკოლისთვის, ახლობლებისთვის და, რაც მთავარია, ქვეყნისთვის.
ხოლო ჩემს მოსწავლეებს მინდა, ისეთი ლაღი და ლამაზი ცხოვრება ჰქონდეთ, როგორიც „ბოლო ზარი“ იყო“,- ამბობს სკოლის ხელმძღვანელი.
II-VI კლასის მოსწავლეები სასკოლო ფორმებს ნოემბერ-დეკემბერში მიიღებენ
არარატ ელიზბარიანი უკვე 35 წელია მომავალი თაობის აღზრდა-განათლებას ემსახურება
ეზოში აჟღერებულმა მხიარულმა მუსიკამ და ბავშვების გულწრფელმა ღიმილმა თბილი და სადღესასწაულო ატმოსფერო შექმნა
ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას