სიახლეები
სამასწავლებლო

„მნიშვნელოვანია, რომ სკოლა დაიბრუნებს ატესტატის გაცემის უფლებას“ - რას ფიქრობენ დირექტორები გამოსაშვები გამოცდების გაუქმებაზე
29-01-2019
-
+


2018-2019 სასწავლო წელს მე-11 კლასელთათვის გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება, 2020 წლიდან კი საატესტატო გამოცდები სრულიად გაუქმდება. სკოლა ატესტატს მოსწავლის აკადემიური მოსწრების საფუძველზე გასცემს.

ამის შესახებ ცნობილი გამოცდების ახალ მოდელთან დაკავშირებით გამართულ პრეზენტაციაზე გახდა, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ გამართეს.  

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა ცვლილება ემსახურება განათლების სისტემაში სკოლის როლის გაძლიერებას, ასევე, ორიენტაციის გადატანას შედეგზე და არა გამოცდაზე. მინისტრის თქმით, ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამა მაქსიმალურად უნდა დაუახლოვდეს სკოლის პროგრამას.

შეხვედრაზე გაკეთებულმა განცხადებებმა საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. საინტერესოა, რას ფიქრობენ სკოლის დირექტორები სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ ცვლილებებთან დაკავშირებით. etaloni.ge მათ კომენტარებს გთავაზობთ.

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე- კუჭავა:

„მე ვთვლი, რომ სამინისტროს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება არის დადებითი. ჩვენ დიდი ვარდნა გვაქვს საბუნებისმეტყველო საგნებში. თუმცა, ვფიქრობ, ცოდნის დონის გასაუმჯობესებლად სხვა ფორმატი უნდა მოიძებნოს, რადგან სასკოლო გამოცდები არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ცოდნა გაეუმჯობესებინათ და გამოემჟღავნებინათ ბავშვებს. რაც შეეხება საერთოდ სკოლის დამამთავრებელ გამოცდებს, მე ვფიქრობ, რომ მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისთვის, შემაჯამებელი ხასიათის გამოცდა, რაღაც ფორმატით უნდა იყოს შენარჩუნებული. მისცე მოსწავლეს ატესტატი ყოველგვარი გამოცდის გარეშე, გამართლებულად არ მიმაჩნია“.

ქალაქ თბილისის N60 საჯარო სკოლის დირექტორი შოთა მალაზონია:

„ადრე იყო დირექტორების შეხვედრა მინისტრთან, სადაც დირექტორების უმრავლესობამ განვაცხადეთ, რომ უკვე აღარ არის საჭირო საატესტატო გამოცდები. ის შედეგი, რომელსაც ადრე იძლეოდა საატესტატო გამოცდები, აღარ არის. ეს ყველაფერი არის იმდენად მარტივი ფორმით მოცემული, რომ ის არ ეხმარება მოსწავლეს ცოდნის გაუმჯობესებაში. არის დახურული კითხვები, რომელსაც მოსწავლემ შესაძლებელია ვარაუდითაც კი გასცეს პასუხი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს გამოცდები მაინც არაფრის მომცემია და უნდა გაუქმდეს“.

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ისუნდერის საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ აკობიძე:

„მე საბაზო სკოლის დირექტორი ვარ და ჩვენთან გამოცდები ამ სახით არ ტარდება. თუმცა, ვფიქრობ აუცილებელია დამამთავრებელი კლასებისთვის ასეთი საატესტატო გამოცდები, რადგან ის ძალიან ზრდის მოტივაციას. როდესაც ბავშვი ელოდება წლის ბოლოს გამოცდას, ის მთელი წლის განმავლობაში მეცადინეობს და მომზადებულია. ამდენად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გამოსაშვებ გამოცდებს, რომელიც, ვფიქრობ, არ უნდა გაუქმდეს“.

თეოფანე დავითაიას სახელობის ქალაქ ფოთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ნონა ჟვანია:

„მოლოდინი ნამდვილად იყო, რომ რაღაც შეიცვლებოდა ამ გამოცდების კუთხით. ვფიქრობ, გამოსაშვებმა გამოცდებმა თავისი როლი შეასრულა და არის დრო გარკვეული ცვლილებების. მოსწავლეებში სწავლა უნდა იყოს შინაგანი მოწოდება და არა საშუალება გამოცდების ჩასაბარებლად. ამ მიზნით არ უნდა ისწავლებოდეს საბუნებისმეტყველო საგნები. ჩვენ უფრო სხვა კუთხით უნდა შევუწყოთ ხელი მოსწავლეების ცოდნის გაუმჯობესებას. გამოცდების გაუქმება, ვფიქრობ ხელს შეუწყობს მოსწავლის ჯანსაღი ფსიქოლოგიური განწყობის ჩამოყალიბებას და ასევე დაეხმარება სკოლას ხელი შეუწყოს გაძლიერებულ სწავლებას სკოლებში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის გადაწყვეტილებაც, რომ სკოლა დაიბრუნებს ატესტატის გაცემის უფლებას“.

მიხეილ გრუუშევსკის სახელობის ქალაქ თბილისის N41 საჯარო სკოლის დირექტორი რევაზ ჯავახიშვილი:

„მივესალმები საატესტატო გამოცდების გაუქმებას, რადგან უმაღლეს სასწავლებლებს კიდე ერთხელ მიეცემათ საშუალება თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, თავად განსაზღვრონ რა მოთხოვნები უნდა წაუყენონ სტუდენტებს. ეს არის ერთი მიზეზი და მეორე ყველაზე მთავარ საკითხად დავასახელებდი იმას, რომ მოსწავლეებს ქონდათ სერიოზული ფსიქოლოგიური წნეხი ამ გამოცდების შედეგად. ამიტომ კარგია, რომ ეს მოიხსნება. საატესტატო გამოცდები დადებითი კუთხით ერთადერთი იმიტომ შეიძლება დასახელება, რომ ბავშვები იყვნენ მეტად მობილიზებული და მეცადინეობდნენ მეტს, თუმცა ეს ყველაფერი ნამდვილად არ ღირდა იმ ფსიქოლოგიურ წნეხად, რასაც ისინი გადიოდნენ“,

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემის დ.ტყებუჩავას სახელობის საჯარო სკოლის დირექტორი რუსიკო მუმლაძე:

„ვფიქრობ, საატესტატო გამოცდები აუცილებელიც კი არის სკოლის მოსწავლეებისთვის. დღეს პედაგოგების მიერ დაწერილმა ქულებმა და ნიშნებმა, თითქოს, დაკარგა ძალა და ეს საგამოცდო სამზადისი მნიშვნელოვნად ზრდის სწავლების ხარისხს. ბავშვები მეტად მობილიზებულები არიან. ამდენად, ვფიქრობ, რომ გამოსაშვები გამოცდების გაუქმება არაფრით არ შეიძლება“.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორის საჯარო სკოლის დირექტორი ლეილა ახალაძე:

„ჩვენი სკოლა არის 9-წლიანი და ეს გამოცდები საერთოდ არ ტარდება, თუმცა მე, როგორც მოქალაქე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია ამ გამოცდების გაუქმების იდეა, რადგან ასე ჩაბარებული გამოცდები არაფერს აძლევდა მოსწავლეს“.

თბილისის N158 საჯარო სკოლის დირექტორი მაია მიქელაძე:ლისის N158 საჯარო სკოლის დირექტორი მაია მიქელაძე:

„ასე ცალსახად იმის თქმა, უნდა გაუქმდეს თუ არა გამოსაშვები გამოცდები, რთულია. თუმცა, ნამდვილად იყო მასში რაღაცები შესაცვლელი და დასახვეწი. მოსწავლეებისთვის ეს სიახლე ნამდვილად იქნება სიხარულის მიმნიჭებელი, თუმცა, ვფიქრობ, რომ სასკოლო გამოცდები აუცილებელია ჩვენი ბავშვებისთვის, რადგან ისინი ემზადებიან ამ დღეებისთვის და ახერხებენ ცოდნა გაიუმჯობესონ. სასკოლო პროცესშიც მეტი ყურადღებით არიან ჩართული და ცდილობენ კარგად ისწავლონ, რადგან იციან, რომ წლის ბოლოს გამოცდები ელოდებათ“.

გია გოგუაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ყურაშვილი:

„სასკოლო გამოცდების გაუქმების იდეა ძალიან მომწონს, რადგან ის ბავშვი, ვინც ვერ ახერხებს კარგად ისწავლოს, 12 წელი სკოლაში დადის და არანაირი დოკუმენტი, ვგულისხმობ ატესტატს, არ აქვს, ეს ცუდია. თუმცა, მეორე მხრივ დადებითი მხარე აქვს ამ საატესტატო გამოცდებს, თუნდაც, ის, რომ ბავშვი მეტად მობილიზებულია და ემზადება“.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ 1422 პირს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭება
„ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას“
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
პიროვნება
პედაგოგის თქმით, მისთვის ყველაზე დიდი მიღწევა ის არის, რომ მისმა მოსწავლეებმა უნივერსიტეტი წარმატებით დაამთავრეს
სკოლები
მოსწავლეებმა რეალურ ცხოვრებასთან პარალელები გაავლეს და დღევანდელ ყოფაზე საინტერესოდ იმსჯელეს
მოსწავლეები სამუშაო პროცესში დიდი ინტერესითა და სიამოვნებით ჩაერთნენ, თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და საინტერესო რესურსებიც შექმნეს
მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით, საკუთარი შეხედულებები დააფიქსირეს
საბა ცაბაძე თავისუფალი უნივერსიტეტის, ხოლო ქრისტინე გოგოლიძე კავკასიის უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტია
სკოლაში მოსწავლეებს საქართველოს დროშები და თემატური პლაკატები ამშვენებდათ
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება