სიახლეები
სიახლეები

როგორ განვუვითაროთ ბავშვს წარმატებისთვის აუცილებელი უნარი - ემოციური ინტელექტი
13-04-2019
-
+


ბოლო ათწლეულების სამეცნიერო კვლევების მიხედვით, ადამიანის ინტელექტუალურ პოტენციალზე (IQ) არანაკლებ მნიშვნელოვანი ემოციური ინტელექტია (EQ), რომელიც პირის წარმატებას განსაზღვრავს. ემოციური ინტელექტი გულისხმობს ადამიანის უნარს ამოიცნოს თანამესაუბრის განწყობა და შეგრძნებებს თავადაც გაუწიოს კონტროლი. 

ფსიქოლოგები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ამ თვისების განვითარებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. სწორედ ამიტომ, Etaloni.ge დაინტერესდა ამ თემის უფრო დეტალურად გაცნობით და საკითხზე ფსიქოლოგ სოფო მახარაძეს ესაუბრა

- რას ნიშნავს ემოციური ინტელექტი?

- ბოლო ათწლეულის განმავლობაში სამეცნიერო კვლევები ემოციური ინტელექტის შესახებ საკმაო ინტენსივობით ვითარდება. თუმცა მისი პოპულარიზაცია ამერიკელი ფსიქოლოგის დანიელ გოლმანის სახელს უკავშირდება. კერძოდ 1995 წელს, მისი ცნობილი ბესთსელერის Emotional intelligence: why it matters more than IQ - გამოქვეყნებას. ყველაზე გავრეცელებული განმარტების თანახმად, ემოციური ინტელექტი წარმოადგენს ინტელექტის ტიპს, რომელიც გულისხმობს საკუთარი და სხვისი ემოციების აღქმის, გაგების, გამოხატვის, მართვის და რეგულირების უნარს. სამეცნიერო ლიტერატურაში განასხვავებენ ემოციური ინტელექტისადმი სამ ძირითად მიდგომას: ერთი მხრივ ემოციური ინტელექტი განიხილება როგორც პიროვნების უნარი გადაამუშავოს ემოციური შინაარსის ინფორმაცია. ამ მოდელის ავტორები ემოციურ ინტელექტს განიხილავენ როგორც სტანდარტულ ინტელექტს, სტანდარტული ინტელექტის ისეთივე სახეს, როგორც ანალიტიკური ინტელექტია - ე.წ. IQ. 

მეორე მხრივ ემოციურ ინტელექტს განმარტავენ დასწავლილი და გავარჯიშებული კომპეტენციის ტერმინებში, რომელიც პიროვნების ცხოვრების მანძილზე ყალიბდება და რომელსაც ლიდერობამდე მიჰყავს ადამიანი. ამ მოდელის თანახმად, ემოციურ ინტელექტს ანალიტიკურ ინტელექტთან ერთად თანაბარი წვლილი შეაქვს ინდივიდის ზოგადი ინტელექტის ფორმირებაში, თუმცა მათ შორის კავშირი არ აღინიშნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღალი ანალიტიკური ინტელექტი, არ განსაზღვრავს მაღალ ემოციურ ინტელექტს და პირიქით. და ბოლოს, ემოციურ ინტელექტს განიხილავენ როგორც პიროვნულ ნიშანს. მოდელის ავტორების თანახმად, ემოციური ინტელექტი წარმოადგენს ერთმანეთთან დაკავშირებული ემოციური და სოციალური უნარების, ჩვევების და კომპეტენციების ნაკრებს, რომელიც განსაზღვრავს თუ რამდენად კარგად წარმოაჩენს ინდივიდი საკუთარ თავს, რამდენად კონსტრუქციულია ის სოციალური ურთიერთობების ფარგლებში, როგორ უმკლავდება ცხოვრებისეულ გამოწვევებს, პრობლემებსა და მოთხოვნებს ყოველდღიურად, რამდენად იცნობს საკუთარ თავს, რამდენად იცნობს საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს და ა.შ. მაშასადამე, ემოციური ინტელექტი გულისხმობს ინდივიდის მაღალ ემოციურ თვითეფექტურობასა და კონსტრუქციულობას. 

როგორც პიროვნული ნიშნის ანალიზის დონეზე, გამოყოფენ ემოციური ინტელექტის შემდეგ ფაქტორებს:

ა. კარგად ყოფნა - ადამიანის მიერ საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილების და ბედნიერების გენერალიზირებული განცდა. ოპტიმისტური მოლოდინები და პერსპექტივები მომავალთან მიმართებაში. საკუთარ თავში დარწმუნებულობა, ადექვატური და სტაბილური თვითშეფასება და წარმატებულობა.

ბ. თვითკონტროლი - ადამიანის მიერ საკუთარი სურვილების და ემოციების კონტროლი და რეგულაცია. გარემოს ზეწოლასა და სტრესთან გამკლავების უნარი, სტრესის მართვის უნარი. ნეგატიური ემოციების პოზიტიურ ემოციებად გადასტრუქტურირების უნარი.

გ. ემოციურობა - მაღალი თვითცნობიერება, საკუთარი და სხვა ადამიანების ემოციების აღქმის, გაგების, მათი ცოდნის და წვდომის უნარი. ემოციების კონსტრუქციული გამოხატვის და „ემოციური“ კომუნაკაციის უნარი. ემპათიის, სხვა ადამიანების განცდების, თვალსაზრისების, მდგომარეობების გათვალისწინება და მათ მიმართ თანაგანმცდელობის გამოხატვა. მჭიდრო და სრულფასოვანი სოციალური ურთიერთობები ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, ნათესავებთან და ა.შ. 

დ. სოციალურობა - მაღალი სოციალური ცნობიერება, სოციალური ურთიერთობების და სოციალური გავლენების უნარი. ადამიანის გრძნობებზე გავლენის მოხდენის უნარი. მაღალი ასერტიულობა, რომელიც გულისხმობს პიროვნულ ღიაობას, საკუთარი სურვილების, გრძნობების, საჭიროებების გამოხატვის და საკუთარი უფლებების, მოსაზრებების და შეხედულებების დაცვის უნარს, ისე რომ არ შელახოს ადამიანების გრძნობები და უფლებები.

ე. ადაპტაცია - ახალ გარემო პირობებთან შეგუების და მორგების უნარი. ცვლილებების მართვის უნარი.

ვ. მოტივაცია - არახელსაყრელი გარემო პირობების მიუხედავად მიზანმიმართული შრომის უნარი. თვითმოტივაციის უნარი.

- შესაძლებელია თუ არა მისი განვითარება და რა ასაკიდან არის უმჯობესი ემოციურ ინტელექტზე მუშაობა?

- რა თქმა უნდა, შესაძლებელია და მისი განვითარება ბავშვის მუცლად ყოფნის პერიოდიდან იწყება. მონაცემები ცხადყოფს, თუ როგორ რეაგირებს ნაყოფი დედის და არამხოლოდ დედის ემოციებზე. პოზიტიური ემოციები, კეთილგანწყობილი მოლოდინები და საუბრები მუცლადმყოფ პატარასთან ქმნის პირველ მყარ საფუძველს მისი ემოციური ინტელექტის განვითარებისათვის. შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვილობის პერიოდია-რამდენად გამოხატავს დედა სითბოს, სიყვარულს და ემპათიას ჩვილის მიმართ. რამდენად შეუძლია მას ამოიცნოს პატარას მოთხოვნილებები და დააკმაყოფილოს ისინი დროულად. რამდენად გადასცემს დედა ჩვილს ვერბალური, არავერბალური და  შეხებითი საშუალებით მის კეთილგანწყობასა და სიყვარულს.  

- როგორ შეიძლება მშობელმა მცირეწლოვან შვილს ემოციური ინტელექტი განუვითაროს?

- ერთი მხრივ ძალზე საყურადღებოა ბავშვის ოჯახური გარემო-რამდენად გახსნილები და კონსტრუქციულები არიან ოჯახის წევრები ერთმანეთთან, რამდენად ესმით და თანაუგრძნობენ ურთიერთს; როგორ უმკლავდებიან რთულ და დაძაბულ სიტუაციებს და ზოგადად, განიცდიან თუ არა საკუთარი არსებობით ბედნიერებას. ოჯახური გარემო წარმოადგენს ბავშის პირველ გამოცდილებას სამყაროსთან მიმართებაში და შესაბამისად მნიშვნელოვანია იქნება თუ არა ის ასახული მის ცნობიერებაში კეთილგანწყობილად; ასევე, ოჯახი ბავშვისათვის არის ის პირველი მოდელი, რომელიც ძლიერ ზეგავლენას იქონიებს მისი განავითარების პროცესზე. ამავდროულად, მნიშვნელოვანია თავად ბავშვთან დამოკიდებულება საკუთარი ოჯახის წევრების, განსაკუთრებით კი მშობლების მხრიდან. ემოციური ინტელექტის განვითარება გულისხმობს ბავშვის თვითცნობიერების, თვითკონტროლის, სოციალური ცნობიერების, მოტივაციის, ადაპტაციის,  ზოგადად ემოციური თვითეფექტურობის და კონსტრუქციულობის განვითარებას. პირველ რიგში ის გულისხმობს ბავშვის მიერ საკუთარი ემოციების გაცნობიერების, რეგულაციის და მართვის, მათი კონსტრუქციული გამოხატვის უნარს. ამისათვის საჭიროა მშობელი დაეხმაროს ბავშვს ემოციების იდენთიფიკაციაში, მაგალითად: 

შენ ახლა განიცდი ბრაზს! ნორმალურია იყო გაბრაზებული, როდესაც შენს ნივთს გართმევენ!; 

ნაწყენი ხარ, ჰო? ისე კარგად მესმის შენი, განა შეიძლება არ იყო ნაწყენი, როცა ასე უხეშად მოგმართავენ!; 

ძალიან გეზარება ახლა შენი სათამაშოების ალაგება! დიდი ძალისხმევაა საჭირო სათამაშოების ასალაგებლად, როცა გარეთ შენი მეგობრები გელოდებიან... და ა.შ. 

ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ ყველა მისი გრძნობა და ემოცია-ნეგატიური და პოზიტიური- ნორმალური და მისაღებია მშობლისათვის. სწორედ ასეთი დამოკიდებულება განავითარებს ბავშვში როგორც საკუთარი, ისე სხვა ადამიანების ემოციების აღქმის, გაგების და წვდომის უნარს. ამასთან ერთად ბავშვს უნდა მიეცეს გამოცდილებაში ამ გრძნობების და ემოციების კონსტრუქციული გამოხატვის ფორმები და მიეცეს ცოდნა, რომ ყველა ემოციის გამოვლენა და გამოხატვა შესაძლებელია, თუ ამას ვაკეთებთ სოციალურად მისაღები ფორმით. ამიტომ თავად უნდა ვისწავლოთ საკუთარ გრძნობებზე დაკვირვება და მათი გამოხატვის კონსტრუქციული ფორმა. მშობლის მხრიდან ბავშვისათვის საკუთარი გრძნობების გაზიარება, ბავშვს უვითარებს სხვა ადამიანების ემოციების აღქმის, გაგების და მათ მიმართ ემპათიის გამოხატვის უნარს. ბავშვისათვის რთული სიტუაციების არსებობის დროს, მშობლის მხრიდან მხარდაჭერის, წახალისების და ემპათიურობის გამოვლენა, ბავშვს ნდობით განაწყობს საკუთარი შესაძლებლობების მიმართ და ადექვატურად განავითარებს მის თვითშეფასებას და მოტივაციას. მშობლის სიხარული, ბედნიერება და ოპტიმისტური მოლოდინები ბავშვთან და ზოგადად ცხოვრებასთან მიმართებაში, ასეთივე პოზიტიურ უნარებს განუვითარებს მას. 

- როგორ შეიძლება ზრდასრულმა ემოციური ინტელექტი განივითაროს?

- ემოციური ინტელექტის განვითარება ყველაზე ინტენსიურად მოზარდობის ასაკამდე - 16-17 წლამდე ხორციელდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ზრდასრული ადამიანი მოკლებულია მისი განვითარების შესაძლებლობის. ადამიანის მიერ ამ უნარების, როგორც საკუთარი თავით და არსებობით ბედნიერების განცდის პირობად გაცნობიერების და მასზე პასუხისმგებლობის აღების შემდეგ, საჭიროა ამ უნარების ყოველდღიური მიზანმიმართული გამოყენება და დასწავლის გზით მათი შეთვისება და გაშინაგანება. ამ უნარების დასწავლის სიმტკიცეს კი მათი გამოყენებისას, საკუთარ გრძნობებსა და ემოციებზე დაკვირება და მათი გაცნობიერება განაპირობებს, რადგან ეს არის უნარები, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის თვითგამოხატვას და შესაბამისად ბედნიერების თანმდევ გრძნობას, რაც ბუნებრივია განაპირობებს ბედნიერების ამ გენერალიზირებული გრძნობის განმეორების მოთხოვნილებას.  

- რა შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ პირზე, რომ მისი ემოციური ინტელექტი განუვითარებელია?

- არაკონსტრუქციულობა და არაპროდუქტიულობა, ალბათ, ემოციური ინტელექტის განუვითარებლობის ყველაზე ნათელი მაგალითია.

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება