| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო კაპანაძე საკუთარ საქმეს გულანთებული ემსახურება, მოსწავლეებს ქართულ ენას ასწავლის და ყველაფერს აკეთებს, რომ ბავშვებს სახელმწიფო ენის სწავლა სიხარულად უქციოს.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოსწავლემ ქართულად საუბრისას მეტი თავდაჯერებულობა იძინოს“,- აღნიშვავს პედაგოგი და ყოველთვის აფასებს მოსწავლეთა მცდებობას, ამხნევებს მათ და ამ გზით მათ მოტივაციასა და ქართულად საუბრის სურვილს ზრდის.
ხანდოს საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის პედაგოგი, კონსულტანტ-მასწავლებელი ნატო კაპანაძე გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას თუ როგორ უნდა დაიწყოს სასწავლო წელი წარმატებით, რას უნდა დაეფუძნოს კარგი გაკვეთილი და როდის იქცევა სწავლა მოსწავლისთვის ნამდვილ სიხარულად.
- სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- მოსწავლეთა შინაგანი მოტივაციის გაღვივება და მათი ენობრივი პოტენციალის სრულიად ამუშავება. მთავარია, ბავშვებს გავახსენოთ ნასწავლი, ავალაპარაკოთ მივიწყებული სიტყვებით, გავუზიაროთ მომავალი სასწავლო წლის გეგმა მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით. როდესაც მოსწავლე ნათლად ხედავს მომავალ პერსპექტივას, სწავლის პროცესი გააზრებული ხდება და ენის ათვისებაც სასიამოვნო პროცესად იქცევა.
- გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ...
- მოსწავლეთა საჭიროებებზე, წინარე ცოდნასა და ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე. ვცდილობ, სასწავლო მიზნები იყოს მკაფიო, ხოლო აქტივობები - საინტერესო, მრავალფეროვანი და მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული. ჩემთვის მნიშვნელოვანია თითოეული მოსწავლის ჩართულობა, დამოუკიდებელი აზროვნების განვითარება და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ყველა შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას.
- გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც...
- მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში, ინტერესით სწავლობენ ქართულ ენას და თანდათან ივითარებენ მოსმენის, საუბრის, კითხვისა და წერის უნარებს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოსწავლემ იგრძნოს საკუთარი წინსვლა, შეძლოს ნასწავლი სიტყვებისა და ფრაზების ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება და ქართულად საუბრისას მეტი თავდაჯერებულობა შეიძინოს.
- ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება...
- მეგობრული გარემოთი, პოზიტიური განწყობითა და საინტერესო აქტივობით, რომელიც მოსწავლეებს მოტივაციას აუმაღლებს და ქართულად საუბრის სურვილს გაუღვივებს. ვცდილობ, შევქმნა ისეთი გარემო, სადაც მოსწავლეები თავს თავისუფლად იგრძნობენ, არ შეეშინდებათ შეცდომების და შეძლებენ საკუთარი აზრების მარტივი სიტყვებით გამოხატვას.
- მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ...
- მრავალფეროვან სასწავლო რესურსებს, საგანმანათლებლო თამაშებს, სურათებს, ვიდეომასალას, დიალოგებს, კომიქსებს და სხვ. ვარჩევ მოსწავლეთა ენობრივი დონის შესაბამის აქტივობებს, რომლებიც ეხმარება მათ ახალი სიტყვების ათვისებაში, მარტივი წინადადებების შედგენასა და ქართულად კომუნიკაციაში. ჩემთვის მნიშვნელოვანია, სწავლა იყოს სახალისო, პრაქტიკული და მათ გამოცდილებასთან დაკავშირებული.
- მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც...
- ახერხებს ქართულად ახალი სიტყვის წარმოთქმას, წინადადების დამოუკიდებლად შედგენას ან მასწავლებლის კითხვაზე პასუხის გაცემას. განსაკუთრებით უხარია, როდესაც მის მცდელობას ვაფასებ, ვამხნევებ და ვაგრძნობინებ, რომ შეცდომა სწავლის ბუნებრივი ნაწილია. ასეთი მხარდაჭერა ზრდის მის თავდაჯერებულობას და ქართულად საუბრის სურვილს.
- სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც...
- როდესაც მოსწავლე შიშს დაძლევს, თამამად იწყებს ქართულად საუბარს და საკუთარ შესაძლებლობებში რწმუნდება. ნასწავლ სიტყვებსა და ფრაზებს რეალურ ცხოვრებაში კომუნიკაციისას იყენებს, გრძნობს საკუთარ წარმატებას და უფრო მეტი მონდომებით აგრძელებს სწავლას.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სურსათის ყველა - 694 ნიმუშის კვლევის შედეგია ცნობილი
თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს
მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას
„გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ მოსწავლეთა საჭიროებებზე“