მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2025-2026 სასწავლო წელს პირველ კლასში უკვე 30 ათასზე მეტი მოსწავლეა დარეგისტრირებული, თუმცა მონაცემები 15 სექტემბრამდე კვლავ შეიცვლება, ვინაიდან რეგისტრაცია გრძელდება. აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექტორები და პედაგოგები პირველკლასელებს განსაკუთრებული მღელვარებით ელოდებიან, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ საზეიმო გარემოს მიუხედავად, პატარებისთვის სკოლასთან შეგუება ადვილი სულაც არის. სწორედ ამიტომ, სკოლის ხელმძღვანელები მაქსიმალურად ცდილობენ გაამარტივონ ეს პროცესი. პატარებმა რომ თავი სრულიად უცხოდ არ იგრძნონ ხშირად წინასწარ იწვევენ მათ სკოლაში და აცნობენ გარემოს. მაგალითად, წელს განსაკუთრებით აქტუალური იყო მეთორმეტეკლასელებისა და მომავალი პირველკლასელების შეხვედრა. არაერთი ვიდეო ვნახეთ, როგორ აცილებენ პატარები კურსდამთავრებულებს სკოლიდან, თავად კი - შეაბიჯებენ ცოდნის სახლში.
როგორ ხვდებიან სკოლის ლიდერები პირველკლასელებს, რამდენ მოსწავლეს ელოდებიან, რა ტრადიცია აქვთ პატარების დასახვედრად და როგორც ცდილობენ მათთვის გარემო პოზიტიურად აქციონ - ამის გასაგებად etaloni.ge საჯარო სკოლების ხელმძღვანელებს დაუკავშირდა:
ლია ხაჩიძე - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბნის საჯარო სკოლის დირექტორი:
მოუთმენლად ველოდებით 38 პირველკლასელს მომავალი სასწავლო წლისთვის. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ უკვე გავიცანით პატარები, „ბოლო ზარის“ ღონისძიებაზე დავპატიჟეთ სკოლაში და აქტივობებშიც მიიღეს მონაწილეობა, მათ სკოლაში სწორედ ის ბავშვები შეუძღვნენ რომლებმაც სწავლა დაასრულეს და ახალ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან.
სწავლის პირველ დღეს კი პატარებს ტრადიციული საზეიმო განწყობითა და აქტივობებით დავხვდებით, დამრიგებლების მიერ მოწყობილი და გალამაზებული ოთახებით და თითოეული ჩვენგანი ეცდება მაქსიმალურად შეაყვაროს სასკოლო სივრცე და სწავლა პატარებს.
შორენა ქურასბედიანი - ლაშა ქურასბედიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოფურის საჯარო სკოლის დირექტორი:
მცირეკონტინგენტიანი სკოლა ვართ, მომავალ სასწავლო წელს 4 პირველკლასელი გვეყოლება, რომლებსაც საზეიმო ღონისძიებით დავხვდებით. მინდა გითხრათ მომავალი პირველკლასელებისთვის უცხოები სულაც არ ვიქნებით. საბავშვო ბაღი, სადაც ისინი დადიან, ჩვენი სკოლის ეზოშია ამასთან ტრადიცია გვაქვს რომ ბაღის გამოსაშვები ზეიმის ბოლოს მომავალი პირველკლასელები სკოლაში შემოდიან ნახულობენ იმ კლასს, რომელშიც იქნებიან სკოლაში სწავლას რომ დაიწყებენ, ეცნობიან მასწავლებელს. ეს ყველაფერი მათ ადაპტაციაში ეხმარებათ, შესაბამისად სკოლა, ახალი მასწავლებელი და გარემო მათთვის აღარ არის სტრესული. ისინი სიხარულით სავსენი და მომზადებულები მოდიან - გვიკითხავენ ლექსებს და აბედნიერებთ მორთული კლასი და ზეიმი რომელიც მათ გასახარებლად იმართება სკოლაში.
გერონტი გოგოხია - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯვარის N4 საჯარო სკოლის დირექტორი:
წელს, სამწუხაროდ, მხოლოდ 1 პირველკლასელია დარეგისტრირებული. როგორც იცით, მცირეკონტინგენტიანი სკოლა ვართ და ბევრი მოსწავლე არ გვყავს, მაგრამ მათი რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება. წინა წლებში გვყავდა 4, 7, 10 პირველკლასელიც კი, მაგრამ მოსახლეობის ნაწილი საზღვარგარეთ მიდის და ბავშვებიც მიჰყავს, რა გითხრათ, ეს ახალი ამბავი არ არის. ჩვენი სკოლიდანაც 2 მოსწავლე მალე წავა ქვეყნიდან...
მაია ფრიდონიშვილი - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის საჯარო სკოლის დირექტორი:
2025-2026 სასწავლო წლისთვის 9 პირველკლასელს ველოდებით. ყოველთვის ვცდილობთ, მოსწავლეებს შთამბეჭდავი და სასიამოვნო გარემო დავახვედროთ. იმისთვის რომ სკოლა უცხო და სტრესული არ იყოს, ტრადიციულად „ბოლო ზარის“ ღონისძიებაზე ვიწვევთ სკოლაში, ამ დროს ხედავენ როგორი ფერადი და ხალისიანია სკოლა, რამდენი სიყვარულია მოსწავლესა და მასწავლებელს შორის. ეს კი მათ სკოლისადმი პოზიტიური განცდის შექმნაში ეხმარება, ამ დროს იცნობენ მომავალ დამრიგებელსაც. მინდა აღვნიშნო, რომ ამ მიდგომის დამსახურებით პირველკლასელებისთვის სკოლა უცხო და სტრესულ გარემოს სულაც აღარ წარმოადგენს და ბევრად უადვილებს ადაპტაციას.
ლამარა ტაბატაძე - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბლის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:
ამ ეტაპზე 10 პირველკლასელია ჩვენს სკოლაში დარეგისტრირებული, თუმცა კიდევ ველოდებით ბავშვებს, მეოთხე ეტაპზე. მინდა გითხრათ რომ შეგუებისა და ადაპტაციის მიზნით მომავალ პირველკლასელების სკოლაში ხშირად ვიწვევთ. რამდენიმე დღეში მეოთხე კლასის მოსწავლეები მართავენ ღონისძიებას და იქაც გვეყოლებიან მოწვეული პატარები, წელს უკვე მესამედ. ეს პროცესი მათ უადვილებს სკოლასთან შეგუებას, თუმცა ყოველთვის არის ერთი ან ორი მოსწავლე, ვისაც უჭირს ადაპტაცია და პირველ კვირაში მშობელთან ან ბებიასთან ერთად დადის. ეს ძირითადად ის ბავშვები არიან, რომლებსაც ბაღში არ უვლიათ. ბაღის აღსაზრდელები გაცილებით მარტივად ეგუებიან სკოლას. რაც შეეხება დახვედრას, სწავლის პირველ დღეს მათ ტრადიციულად სხვადასხვა საზიმო და მხიარული აქტივობით ვხვდებით, რაც მათ ძალიან ახარებთ.
ხატია თევზაძე - სამტრედიის N10 საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩვენთან, 2025-2026 სასწავლო წლისთვის 11 პირველკლასელი დარეგისტრირდა. ჩვენი სკოლის შენობას რეაბილიტაცია უტარდება და ახლა სხვა სკოლაში ვიმყოფებით, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ, მოსწავლეებისთვის კომფორტული გარემო შევქმნათ და მომავალ პირველკლასელებსაც გავუმარტივოთ ახალ გარემოსთან შეგუების პროცესი. ამ მიზნით, ტრადიციულად მეოთხეკლასელების გამოსაშვებ ღონისძიებაზე ვიწვევთ ხოლმე პატარებს და მცირე აქტივობებშიც ვრთავთ. ასე ეცნობიან მომავალ დამრიგებელს, სასკოლო გარემოს, რაც შემდგომ მათ ძალიან უწყობს ხელს ადაპტაციაში და სკოლა მათთვის აღარ წარმოადგენს უცხო გარემოს.
2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება
გზამკვლევი პედაგოგებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის - რა აკრძალვები მოქმედებს ინფორმაციის დამუშავებისას
„თუ სკოლაში ტოლერანტობა და ემპათიაა - სწავლაც ადვილია“ - გარდაბნის №6 საჯარო სკოლის მასწავლებელი ლალი ნათიძე
ეს არის დასვენებისა და ძალების აღდგენის დრო და დიდ როლს ასრულებს სასწავლო პროცესში