მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის ისტორიაში მორიგი ღირსშესანიშნავი დღე ჩაიწერა. სკოლაში უმასპინძლეს „პოეზიის ხევისბერს“. ასე იცნობენ დიდი ქართველ და კავკასიელ პოეტს - ტარიელ ხარხელაურს საქართველოში.
7 აპრილი სკოლაში პოეზიის, ნიჭისა და ხელოვნების ზეიმად იქცა და მოსწავლე-მასწავლებელთა ცხოვრებაში დაუვიწყარ მოგონებად ჩაიწერა.
სკოლაში ტარიელ ხარხელაურის პოეზიამ იზეიმა.
„ტარიელ ხარხელაურის პოეზიას ლაიტმოტივად რაინდობის კოდექსი გასდევს, მისი შემოქმედება ადამიანობიდან იწყება და ზეადამიანობამდე ადის, -ასე გაიცნეს ქალაქ ქუთაისის მე-40 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა, სასკოლო საზოგადოებამ მთის პოეტად შერაცხული შემოქმედი.
7 აპრილი ჩვენი სკოლის ისტორიაში საინტერესო და მუდამ მოსაგონებელ დღედ დარჩება, რამეთუ ჩვენს საყვარელ სკოლას ესტუმრა ქუთაისის საპატიო მოქალაქე, გენიალური პოეტი, ქართველობის ეტალონი ბატონი ტარიელ ხარხელაური და დაუვიწყარი წუთები გვაჩუქა.
სკოლის ისტორია ბევრ საინტერესო სტუმარს ითვლის, მაგრამ წვეულთა შორის ერთ-ერთი გამორჩეულია პოეტი ტარიელ ხარხელაური. მისი შემოქმედება გამომხატველია საქართველოს ზვიადი მთების, მისი ამაყი, დაუმონავ-დაუმორჩილებელი, შეუპოვარ-ქედუდრეკელი სულისა. პოეტის ცეცხლოვანი თვალებიდან ნაკადად წამოსული სასოწარკვეთილი ცრემლების ნაცვლად, წრფელი, ლაღი, უბოროტო, მიმტევებელი, ხალასი, სიყვარულით შთაგონებული, განმსჭვალული და გამთბარი ადამიანი გვიმზერს.
7 აპრილი იყო პოეზიის, ნიჭისა და ხელოვნების ზეიმი. ამ დღეს ტარიელ ხარხელაურის პოეზიამ შთაგვაგონა, ერთად ვიცხოვროთ ისეთ წუთისოფელში, როცა „არა კაც ჰკლა“ და „გიყვარდეს მოყვასი შენის“ განცდა ჩვენი მუდმივი საფიქრალი იქნება. დიდ შემოქმედთან შეხვედრამ აღგვავსო რწმენით, კაცთმოყვარეობით, მიტევების სურვილით. ამ დღეს გავხსენით კარნი გულისა, ვიგრძენით სიყვარული ნათელი წუთისოფლისა, უხვად გავიღეთ სითბო, კიდევ ერთხელ და ერთად აღვნიშნეთ ხარება, ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაული.
სკოლის მოსწავლეები დიდი სიყვარულით კითხულობდნენ ტარიელ ხარხელაურის- მთის პოეზიის განუმეორებელი მადლით დახუნძლულ, უბრალოების სიდიადით აბრიალებულ სტრიქონებს. პოეტი ყურადღებით უსმენდა მოსწავლეებს, რადგან შესანიშნავად გრძნობდა, როგორ ეფერებოდნენ, როგორ ესალბუნებოდნენ, როგორ ესათუთებოდნენ, როგორ უფრთხილდებოდნენ პოეტის თითოეულ სიტყვას.
შემდეგ პოეტმა წაგვიკითხა თავისი საყვარელი ლექსები, მოგვეფერა, დაგვლოცა, სულიერად აღგვამაღლა, მადლიერება გამოხატა მასპინძლობისათვის სკოლის დირექტორ ქ-ნ ნინო ვარდოსანიძის, სკოლის მასწავლებლების, ღონისძიების მონაწილე მოსწავლეებისა და მათი მშობლების, დამსწრე საზოგადოების მიმართ. სასკოლო ღონისძიებას ესწრებოდნენ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ქ-ნი მაია ცქიტიშვილი, ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორები: ავთანდილ ნიკოლეიშვილი, იმერი ბასილაძე, მესხიშვილის თეატრის მსახიობები: თ. მარჯანიშვილი, გ. თავახელიძე, და სხვა მოწვეული სტუმრები. ღონისძიებით მიღებულ შთაბეჭდილებაზე ისაუბრეს ბ-მა ავთანდილ ნიკოლეიშვილმა, გიზო თავაძემ, ქ-ნმა მაია ცქიტიშვილმა სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ნინო ვარდოსანიძემ , ამავე სკოლის პედაგოგმა ქ-ნმა დარეჯან ნემსაძემ. მათ მადლობა გადაუხადეს მოსწავლეებს, ღონისძიების სულისჩამდგმელებს: ქ-ნ ვალიდა კვირიკაშვილს, მარინა გიორგაძეს, ნანა ნაჭყებიას, ვალერი გოგოლაძესა და გია ტყვაცირიას . სკოლის დირექტორმა მოწვეულ სტუმრებს გადასცა სიმბოლური საჩუქრები, ხოლო Vა კლასის მოსწავლე თებეა სორდიამ საყვარელ პოეტს საკუთარი ხელით შესრულებული მისი პორტრეტი უსახსოვრა“,- გვიყვებიან სკოლაში და ახარებთ, რომ დიდი პოეტთან შეხვედრის და მისი გაცნობის შესაძლებლობა მიეცათ.
„გვიხარია, რომ ღვთითკურთხეულ ქართველ პოეტთა შორის გამოირჩევიან სიტყვით სულთა დასტაქარნი, რომელთა შთაგონების წყარო ზვიადი მთის ულამაზესი ბუნება, ათასწლოვანი ტრადიციები და ისტორიაა. პოეტ ტარიელ ხარხელაურის ლექსები ხვალის იმედია, მომავალი თაობის გზაა, არც წარსულს გვავიწყებს და არც მთლად აწმყოში გვაცხოვრებს...ეს გზა ხვალის იმედია, ჩვენი ქართველობის იმედი, ქართველებად ყოფნის იმედი!“,-დასძენენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება
2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება
საგნის პედაგოგებს, სკოლის დირექციასა და სპეციალისტებს ისგ-ს შემუშავების პრაქტიკულ ასპექტებს გააცნობენ - 11 სექტემბერი რეგისტრაციის ბოლო დღეა
„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...
„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...
„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს
„სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა სწავლების ხარისხსა და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას“
„ჩვენს სკოლაში სწავლის დონე მაღალია, ერთი მოსწავლე, რომ გიზის კლასში სრულად ითვალისწინებ მის ინტერესებს“
ამერიკის შეერთებულ შტატებში ზოგიერთი სკოლა შეკვეცილი ოთხდღიანი განრიგით მუშაობს