მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სკოლის დაწყებას ყველა - დიდი თუ პატარა დიდი ენთუზიაზმით ელოდება. ეს დღე მოსწავლეებისთვის განსაკუთრებულია. ბავშვები სასკოლო ნივთებს მონდომებითა და ინტერესით არჩევენ. ერთი სული აქვთ როდის ნახავენ მონატრებულ მეგობრებს, მასწავლებლებს და ზაფხულის არდადეგებზე თავს გადახდენილ თავგადასავლებს გაუზიარებენ. ადამიანებს სკოლის წლები და მასთან დაკავშირებული მოგონებები დიდობაშიც არ ავიწყდებათ. ეს პერიოდი უმრავლესობისთვის ძალიან სასიამოვნოა და დადებით ემოციებთანაა დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ ათეული წლების წინ იმხელა შესაძლებლობები არ იყო როგორიც დღესაა, მოსწავლეებისთვის ახალი სასწავლო წლის სკოლის პირველი დღე განსაკუთრებული იყო.
ეს დღე etaloni-ge-სთან ძალიან სასიამოვნოდ და ემოციურად გაიხსენეს სკოლის დირექტორებმა. როგორც აღნიშნეს, სასწავლო წლის პირველი დღე ყოველთვის გამორჩეული იყო მათთვის. ერთი სული ჰქონდათ, როდის შეხვდებოდნენ მონატრებულ სკოლას, კლასელებსა და მასწავლებლებს. მათ ისიც აღნიშნეს, რომ მიუხედავად დროის ცვლილებისა, მოსწავლეებში ეს სიხარული ჯერაც არსებობს. თუმცა, მათი ნაწილი იმასაც ამბობს, რომ ტექნოლოგიების განვითარებამ მაინც იქონია გავლენა მოსწავლეებზე იმ მხრივ, რომ ისინი მათთან შედარებით ნაკლებად ემოციურები არიან, ერთმანეთთან ნებისმიერ დროს შეუძლიათ დაკავშირება და ამ მხრივ დანაკლისს არ გრძნობენ. ასევე მეტი გასართობი საშუალებაა, რაც დროის გაყვანაში ეხმარებათ.
მაია ბერუაშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავახის საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩემი მოსწავლეობის დროს ცოტა სხვანაირი სიტუაცია იყო სკოლაში. ფორმები გვქონდა და ზაფხულში უკვე ვემზადებოდით მის შესაკერად, გვინდოდა განსხვავებულები ვყოფილიყავით. ვფიქრობ, მაშინ უფრო სხვანაირად გვიხაროდა, ვიდრე ახლა უხარიათ ბავშვებს. ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ სოფლის თავში ბავშვები ვიკრიბებოდით ხოლმე და ერთმანეთს ვუზიარებდით ჩვენს სიხარულს - რა ვიყიდეთ, როგორი ჩანთით მივიდოდით სკოლაში. მარტო ტანსაცმელს არ ეხებოდა ეს. სასკოლო ნივთებიდან დაწყებული ყველაფერს განვიხილავდით. ძალიან გვიხაროდა, დღეებს ვითვლიდით სკოლის დაწყებამდე. გვიხაროდა როგორც სკოლის დაწყება, ასევე მისი დასრულებაც. ერთნაირ სიხარულს გვანიჭებდა ორივეს. ახლა, როცა ვაკვირდები ბავშვების ემოციებს, ჩვეულებრივი ამბავია მათთვის, თუნდაც ჩანთის ყიდვაც კი. 16 სექტემბერს განსაკუთრებულ დღედ არ მიიჩნევენ. მათში ვერ ვხედავ ისეთ სიხარულს, როგორიც ჩვენ გვქონდა. როცა ვეკითხები ბავშვებს უხარიათ თუ არა სკოლის დაწყება, მპასუხობენ: „ისე რა“.
თამილა გელაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:
დიდი ხალისით, მონდომებითა და ენთუზიაზმით ველოდებოდით სკოლის დაწყებას. ღონისძიება იმართებოდა სკოლაში, ჩემს დროს თავზე ბაფთები გვეკეთა, ძალიან ლამაზი იყო და მოსწავლეებს განსაკუთრებულ სილამაზეს სძენდა. ახლაც ასე არიან ბავშვები, როდესაც მათ ვხედავ ამ მხრივ არ შეცვლილა არაფერი. სიხარული და სწავლის დაწყების მოლოდინი მათაც აქვთ. ახლაც ღონისძიებით ვეგებებით მოსწავლეებს და ვემზადებით, რათა მათთვის 16 სექტემბერი დაუვიწყარი და წარმატებული სასწავლო წლის დასაწყისი იყოს.
დროის გასვლასთან ერთად, რა თქმა უნდა, წინ წავიდა ტექნოლოგიები. ბავშვებს უფრო მეტ ინფორმაციებზე მიუწვდებათ ხელი და მათი უფლებებიც გაიზარდა. უფლებები ჩვენც გვქონდა, მაგრამ ახლა მეტი რესურსი აქვთ ისწავლონ უკეთესად და საკუთარი თავი მაქსიმალურად წარმოაჩინონ.
მარიამ გელაშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლის დირექტორი:
ძალიან ემოციურია ეს თემა ჩემთვის. სასწავლო წელი ჩემი მოსწავლეობის დროს 1-ელ სექტემბერს იწყებოდა, განსაკუთრებულად, დიდი შემართებით ველოდებოდი ამ დღეს. ფორმები გვქონდა, რომლებსაც სკოლის დაწყებამდე ვაწესრიგებდით და ასე ლამაზად გამოწყობილები დიდი სიხარულით მივდიოდით სკოლაში. ერთი სული მქონდა როდის შევხვდებოდი ჩემს კლასელებს და მასწავლებლებს. მონატრების განცდა და მათთან შეხვედრის სიხარული გვქონდა. ვფიქრობ, ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. ახლაც ასეა, სკოლის პირველი დღე ბავშვებს განსაკუთრებულად უყვართ.
მალხაზ ნატარიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა აჭყვას საჯარო სკოლის დირექტორი:
სულმოუთქმელად ველოდებოდი ახალი სასწავლო წლის დაწყებას. სასწავლო წელი კარგია, როცა ხალისით, მშვიდობიანად, წინსვლით და წარმატებით იწყება. მასწავლებელი დიდი სიყვარულით გვხვდებოდა ხოლმე სკოლაში და გვამხნევებდა. როგორც მშობელი ისე გვარიგებდა და გვასწავლიდა. გასულ წლებთან შედარებით, რა თქმა უნდა, ახლა ბევრი რამაა შეცვლილი. ბავშვებს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ. მაშინ კომპიუტერები არ იყო, ახლა კი არდადეგების დროსაც შეუძლიათ დაეკონტაქტონ ერთმანეთს. ამასთან ერთად, მათ ახალი წიგნები აქვთ, უფრო მეტი სასკოლო ნივთი, რაც მათთვის უცხო არაა. ყველაფერი აქვთ, რაც სასწავლო პროცესის დროს სჭირდებათ.
ფიქრია კურტნიძე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანის საჯარო სკოლის დირექტორი ფიქრია კურტანიძე:
ვიხსენებ, როგორი ემოციურად დატვირთული იყო სკოლის დაწყება და არა მხოლოდ დაწყება. სკოლა განსაკუთრებულ მოგონებებთან ასოცირდება. რომ მკითხოთ, თქვენი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი დამისახელეო, სწორედ სკოლის პერიოდს დაგისახელებდით. დღემდე განსაკუთრებულად თბილი დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთთან სკოლის მეგობრებს და ვფიქრობ, უფრო ღრმა და ყველაზე წრფელიც კი რაც შეიძლება ადამიანებს გაგვაჩნდეს. დღესდღეობით კლასელების შეკრება, ან თუნდაც ქუჩაში ნახვა დიდი ზეიმია ხოლმე. ალბათ სწორედ ის საზეიმო განწყობა გვიბრუნდება და გვიახლდება რაც წლების წინ გვაკავშირებდა.
სკოლის დაწყებისას განსაკუთრებულად წიგნები მიხაროდა, რომელსაც მაშინ გაჭირვებით ყიდულობდნენ ჩვენთვის მშობლები, დღევანდლისაგან განსხვავებით, ალბათ ამიტომ ვუფრთხილდებოდი განსაკუთრებით და წიგნის სიყვარულიც სწორედ იმ დროიდან გამომყვა. დღეს სკოლის ცხოვრება ცოტათი უფრო განსხვავებულია, თუმცა სკოლის დაწყების მოლოდინი მივიჩნევ, რომ ერთნაირად ღირებულია ყველა დროის მოსწავლისთვის. ამ გადმოსახედიდან მაინც მგონია, რომ წლების შემდეგ უფრო ვაფასებთ სკოლას და მის მნიშვნელობას ჩვენს ცხოვრებაში. ვისურვებდი, რომ ყველა მოსწავლისთვის, მასწავლებლისთვის სკოლის დაწყება, დასრულება და მიმდინარე სასკოლო ცხოვრება იყოს ძალიან საინტერესო, დატვირთული, ნაყოფიერი და ბედნიერი.
მზია ქავთარაძე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლის დირექტორი:
ყოველთვის დიდი სიხარულით ველოდებოდი ახალი სასწავლო წლის დაწყებას. 1-ელ სექტემბერს იწყებოდა მაშინ სკოლა და ეს დიდი დღესასწაული იყო ჩემთვის პირადად. ვემზადებოდით დიდი ენთუზიაზმით სასკოლო ნივთებს ვყიდულობდით. ყველაფერი ახალი ბავშვებს ახარებთ. იქნება ეს სასკოლო ნივთი თუ ტანსაცმელი. მახსოვს ყველაფერი მონატრებული მქონდა - სკოლის შენობა, საკლასო ოთახი, კლასელები, მასწავლებლები. ახლაც ასეა, ყველას უყვარს და უხარია სკოლის პირველი დღე. მეგობრების, მასწავლებლების ნახვა ახარებთ.
ინეზა ბოკუჩავა, ქალაქ აბაშის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:
ვფიქრობ, მაშინ უფრო მეტად მობილიზებულები ვიყავით, ვიდრე ახლა არიან მოსწავლეები. არდადეგების დროს, ბავშვებს ერთმანეთთან ურთიერთობა გვენატრებოდა. ახლა ინტერნეტი არსებობს და ერთმანეთს სოციალური ქსელის მეშვეობით, ბავშვები თავისუფლად ეკონტაქტებიან. ამის მეშვეობით, სხვადასხვა ქალაქში ყოფნის დროსაც კი შეიძლება ვერ იგრძნონ უერთმანეთობა. სამწუხაროდ, ჩვენ ამის ფუფუნება არ გვქონდა და უფრო მეტად ვგრძნობდით მონატრებას, შესაბამისად, ერთი სული გვქონდა როდის დაიწყებოდა სკოლა, რომ ერთმანეთი გვენახა. ჩემს დროს სწავლა 1-ელ სექტემბერს იწყებოდა და ვფიქრობ, მეტი ხალისი იყო, ვიდრე ახლა.
ზეინაბ წულუკიძე, ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლის დირექტორი:
ძალიან მიხაროდა სასწავლო წლის დაწყება. განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებდი სასკოლო ნივთების შეძენა-მოწესრიგებაზე. ჩვენს დროს სასკოლო ფორმები იყო, რომელსაც ასევე ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობდით. გვინდოდა ცოტა განსხვავებულები ვყოფილიყავით სხვებისგან. რაც შეეხება ახლანდელ მოსწავლეებს, მე დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ. მათაც ისე უხარიათ, როგორც ჩვენ. თუმცა, აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ისეთი ემოციურები აღარ არიან როგორც ჩვენ ვიყავით. მე ვფიქრობ, ეს განაპირობა იმან, რომ ახლა მეტი საშუალებაა დროის გაყვანის, თუნდაც ეს სოციალური ქსელები, გაჯეტები თამაშები. ჩვენს დროს ასეთი მრავალფეროვნება არ იყო როგორიც დღესაა. აქედან გამომდინარე ჩვენ შორის მეტი კომუნიკაცია, ურთიერთობები იყო.
ნინო ლომიძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურის საჯარო სკოლის დირექტორი:
სკოლის დაწყება ძალიან გვიხაროდა. ჩემი მოსწავლეობის პერიოდი უფრო სხვანაირი, ამაღელვებელი ემოციებით იყო დატვირთული. გულისფანცქალით ველოდებოდით 1 სექტემბრის დადგომას. მაშინ 1-ში იწყებოდა სკოლა. ერთი სული მქონდა, როდის ვიყიდდი ახალ სახელმძღვანელოებს, მაშინ ხომ ჩვენ ვყიდულობდით, ახლა ურიგებენ. ახალი ტანსაცმელი, სასკოლო ნივთები, ჩანთა, ყველაფერი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო თითოეული მოსწავლისთვის, მარტო ჩემთვის არა. დღესაც, ვფიქრობ, არანაკლები ემოციებით ელოდებიან მოსწავლეები სკოლის დაწყებას. განსაკუთრებით კი დაწყებითი კლასების მოსწავლეები იქნებიან ემოციების ქვეშ, მათ გამორჩეულად უხარიათ. ასევე მე-12 კლასელებიც არანაკლებ გახარებულები არიან. ისინი აღნიშნავენ, რომ უხარიათ სკოლაში მოსვლა, მაგრამ ამავდროულად გული სწყდებათ, რომ ბოლო წელი იქნება მათთვის სკოლაში. ჩვენ თავად ვიწყობდით ბედნიერ წუთებს და კომფორტს, იმათ კი უკვე ეს გამზადებული სახით ხვდებათ სკოლაში. ახლა უფრო ახალი სახელმძღვანელოები სხვანაირად ემოციებს იწვევს მათში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს შემოგთავაზებთ 3 სასკოლო თამაშს, რომლებითაც მოსწავლეები უკეთ გაიცნობენ ერთმანეთს...
„მასწავლებელი ანაზღაურებას გაწეული შრომის მიხედვით უნდა იღებდეს, საათობრივი დატვირთვიდან გამომდინარე“
„როდესაც გაკვეთილს ვიწყებ და ვუყურებ ბავშვების მომღიმარ სახეებს სულიერ სიმშვიდეს ვპოულობ“
დღეს შემოგთავაზებთ 3 სასკოლო თამაშს, რომლებითაც მოსწავლეები უკეთ გაიცნობენ ერთმანეთს...
მოსწავლეებს სწავლის დაწყება ახარებთ, მაგრამ, ამავდროულად, არიან ისეთებიც, ვინც ამბობს, რომ სკოლაში სიარული არ მონატრებია