მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლიანა სონღულაშვილი თბილისის N215 საჯარო სკოლის პროფესიონალი, ღირსეული, მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული მუსიკის პედაგოგია, რომელიც 2009 წლიდან მოყოლებული, ბავშვებს მუსიკის ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურებს.
პედაგოგი ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა მომავალ თაობას საგანიც შეაყვაროს და კარგ მსმენელებადაც ჩამოაყალიბოს. კეთილხმოვნებით შერწყმული საინტერესო, მრავალფეროვანი საგაკვეთილო პროცესი და მეგობრული ატმოსფერო, ლიანა მასწავლებლის გაკვეთილების მთავარ „მელოდიას“ ქმნის, რომელიც მის მოღვაწეობას ლაიტმოტივად წლებია გასდევს და სწორედ ასეთი მიდგომების დამსახურებაა, მოსწავლეთა ნაწილმა ცხოვრება პროფესიულ სამუსიკო ხელოვნებას რომ დაუკავშირა.
Etaloni-ge-სთან საუბრისას ლიანა სონღულაშვილი აღნიშნავს, რომ მთავარი მისთვის მოსწავლეა და საქმე, რასაც აკეთებს, საკუთარი თავის წარმოჩენა კი მიზნად არასოდეს დაუსახავს - „გაკვეთილებზე, მხოლოდ ბავშვებზე ვარ ორიენტირებული და არასდროს ვფიქრობ ჩემს თავზე. თითოეული აქტივობა თუ ღონისძიება, რასაც მოსწავლეებს ვთავაზობ, მათი განვითარებისთვისაა. არ მაქვს მიზნად მაინცდამაინც მე გამოვჩნდე. ძალიან მიყვარს, როდესაც ვხედავ, თუ როგორი მონდომებულია ბავშვი, მახარებს მისი აქტიურობა და ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში“...
სამაგიეროდ, პედაგოგის ღვაწლი, სკოლისთვის გაწეული შრომა, პროფესიისადმი თავდადება სასკოლო საზოგადოებამ დააფასა და მასწავლებელთა ეროვნულ პრემიაზე პედაგოგი ლიანა სონღულაშვილის კანდიდატურა დიდი სიამაყით წარადგინა.
- ლიანა მასწავლებელო, რამდენი წელია სკოლაში ასწავლით და რას ნიშნავს თქვენთვის ეს პროფესია?
- თბილისის N215 საჯარო სკოლაში 2009 წლიდან დღემდე მუსიკის მასწავლებლად ვმუშაობ. ჩემი პირველი სამსახური რესპუბლიკური საშუალო მუსიკალური სკოლა - ინტერნატი გახლდათ, სადაც მუსიკა გაძლიერებულად ისწავლებოდა. სწორედ იქ მივიღე უდიდესი გამოცდილება როგორც ბავშვებთან ურთიერთობების მხრივ, ასევე საგნის სპეციფიკასთან დაკავშირებით. შემდგომ მოხდა ისე, რომ სკოლა დაიხურა და დავიწყე მუშაობა თბილისის N215 საჯარო სკოლაში. პირველივე გაკვეთილიდან ვცდილობდი, მუსიკა შემეყვარებინა ბავშვებისთვის. ამისთვის კი თავს არ ვზოგავდი. დღემდე ასე ვარ, მათ მრავალფეროვან საგაკვეთილო პროცესს ვთავაზობ, მოსწავლეებთან ერთად, საინტერესო აქტივობებს ვატარებ.
ზოგადად, პედაგოგობა ძალიან საპასუხისმგებლო პროფესიაა, რაც კარგად მაქვს გააზრებული. მინდა, რომ მოსწავლეთათვის ყოველი გაკვეთილი საინტერესო, მრავალფეროვანი და დაუვიწყარი იყოს.
- საგნის მიმართ როგორი დამოკიდებულება აქვთ ბავშვებს?...
- სამწუხაროდ, ჩემი მოსწავლეობის დროსაც მუსიკა მეორეხარისხოვან საგნად მიიჩნეოდა განსაკუთრებით, საჯარო სკოლებში. სწორედ ამიტომ, ყოველთვის მინდოდა ამ მითის დამსხვრევა. გაკვეთილებზე, ვცდილობდი, სახალისო აქტივობები გამომეყენებინა, კეთებით/თამაშით სწავლის მეთოდი. ამ საგნის მიმართ მსგავსი შეხედულებები ოჯახიდანაც მომდინარეობს. ამიტომ, ვცდილობდი უშუალოდ მშობლებთან მქონოდა კონტაქტი. მინდოდა, ისინი დასწრებოდნენ მუსიკის გაკვეთილებს წელიწადში ორჯერ მაინც. მშობლები ასე ნათლად ხედავდნენ თუ რას აკეთებდნენ მათი შვილები მუსიკის გაკვეთილზე. ზოგჯერ, ისინი იყვნენ არა მხოლოდ როგორც დამკვირვებლები, არამედ თავადაც აქტიურად იყვნენ ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში. მაქსიმალურად ვეცადე ბავშვებისთვის შემეყვარებინა მუსიკა, რაც მგონია გამომივიდა. ძალიან მიხარია, რომ ზოგიერთმა მათგანმა გადაწყვიტა, პროფესიული განათლება მიეღო მუსიკაში. რამდენიმე მოსწავლეა, რომელიც დღეს აკადემიურად და საფუძვლიანად ეუფლება სიმღერას მუსიკალურ სასწავლებელში. ერთ-ერთი მოსწავლე კი სახელოვნებო სკოლაში მივიდა (საფორტეპიანო განყოფილებაზე). ერთ-ერთმა მშობელმა ისიც თქვა, რომ ეს ჩემი დამსახურებაა. მუსიკისადმი მათი ასეთი დაინტერესება ძალიან მახარებს.
- უშუალოდ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შესახებ რომ ვისაუბროთ... როგორც ფიქრობთ, რატომ წამოაყენა თქვენი კანდიდატურა სკოლამ, სხვა მასწავლებლებს შორის, რის მიხედვით შეაჩერეს არჩევანი თქვენზე?
- გაკვეთილებზე, მხოლოდ ბავშვებზე ვარ ორიენტირებული და არასდროს ვფიქრობ ჩემს თავზე. თითოეული აქტივობა თუ ღონისძიება, რასაც მე მოსწავლეებს ვთავაზობ მათი განვითარებისთვისაა. არ მაქვს მიზნად მაინცდამაინც ის, რომ მე გამოვჩნდე. ძალიან მიყვარს, როდესაც ვხედავ თუ როგორი მონდომებულია ბავშვი, მახარებს მისი აქტიურობა და ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში. პრეზენტაციები, პროექტები, აქტივობები, ღია გაკვეთილები, ინტეგრირებული გაკვეთილები, რასაც სხვადასხვა თემაზე აქტიურად ვატარებ, მოსწონს ბავშვებს და აქტიურად ერთვებიან. ასევე ერთ-ერთ გაზეთში ჩემი სამი სტატია დაიბეჭდა. ბავშვებისთვის შევქმენი კომპლექსური დავალება ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში. მოკლედ, ყველაფერს ვაკეთებ მოსწავლეთა განვითარებისთვის. ამავდროულად, მეც არ ვწყვეტ კარიერულ წინსვლას. ახლახან, მე-3 კლასელების ნამუშევრების პრეზენტაციის გაკეთება გადავწყვიტეთ, თემაზე - მუსიკოსები, რომლებმაც პირველებმა გადაწყვიტეს მუსიკალური განათლების შემოტანა საქართველოში, ესენი იყვნენ - ალოიზ და ფელიქს მიზანდარები. ასევე, ამ თემასთან დაკავშირებით, გავაკეთეთ კედლის გაზეთი. ბავშვებს ვუთხარი, რომ თბილისში არსებობს ალოეს მიზანდარის მუსიკალური სკოლა, სადაც გავგზავნე მათი ნამუშევრები. ისინი დირექციის თანამშრომლებს ძალიან მოეწონათ და აღფრთოვანებულები დარჩნენ.
ამიტომ, ვფიქრობ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შესაძლოა ჩემზე შეეჩერებინათ არჩევანი.
- ელოდით, რომ თქვენს კანდიდატურას წარადგენდნენ? რა რეაქცია გქონდათ?
- თავიდან ძალიან დავიბენი, შემდეგ კი ნელ-ნელა გავითავისე ეს ყოველივე. უნდა აღვნიშნო, რომ უდიდესი პასუხისმგებლობა ვიგრძენი მთელი სასკოლო საზოგადოების წინაშე. მთელი ზაფხულის განმავლობაში დაგეგმილი მქონდა ძალიან საინტერესო აქტივობები, ახლა კი ორმაგ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. მინდა, დავუკავშირდე სახელმწიფო კონსერვატორიას და წარვადგინო ჩვენი სკოლის მოსწავლეები. გარდა ამისა, დარბაზში დამყავდა ბავშვები, სადაც სხვადასხვა მუსიკალურ საკრავს ვაცნობდი. ისინი ასევე, დიდ საკონცერტო დარბაზში წავიყვანე და ახლა მინდა, უფრო ინფორმაციული კუთხით შევარჩიოთ საინტერესო თემა და წარვდგეთ პროფესიონალი მუსიკოსების წინაშე.
- როგორი რეაქცია ჰქონდათ თქვენს კოლეგებს, როცა გაიგეს, რომ მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე თქვენ წარდგებოდით?
- კოლეგებისგან დადებითი ემოციები ვიგრძენი. ვფიქრობ, თავად კოლეგებისა და დირექტორის უშუალო მონაწილეობით შეირჩა ჩემი კანდიდატურა. სწორედ ამიტომ, მათგან სხვა ემოციებს არც ველოდი.
- როგორი განწყობა გაქვთ, ფიქრობთ, რომ ჯილდოს მოიპოვებთ?
- ცოტას ვნერვიულობ. დაჯილდოების ცერემონიალზე წარვდგები ჩვეულებრივად, ბუნებრივად. რა თქმა უნდა, გამარჯვებულებს მივულოცავ და ვუსურვებ წარმატებებს. კანდიდატების შერჩევა ზედაპირულად არ ხდება. თითოეულ პედაგოგს აქვს სერიოზული საქმეები გაკეთებული ამ სფეროში, პედაგოგიური მოღვაწეობის მანძილზე. დაე, დაფასებულიყოს მათი შრომა.
რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდება თუ გავიმარჯვებ, მაგრამ უკვე ისიც ბევრს ნიშნავს ჩემთვის, რომ მე ამირჩიეს კანდიდატად. ეს ჩემთვის სტიმულის მომცემია.
- ზოგადად ამ ინიციატივაზე რას ფიქრობთ, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო რამდენადაა პედაგოგთათვის მოტივაციის მიმცემი?
- პედაგოგობა ძალიან რთული და საპასუხისმგებლო პროფესიაა. ყველაფერი გასათვალისწინებელია ჩვენს პროფესიაში - როგორც მოსწავლეებთან, ასევე მშობლებთან ურთიერთობა. სკოლა - მოსწავლე - მშობელი ეს სამი რგოლი ერთმანეთთან იდეალურად უნდა იყოს დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ ამ პროფესიის დაფასებას ხელს უწყობს ეს ინიციატივა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ადრეულ/ბავშვობის ასაკში ქორწინების გამო გოგოები წყვეტენ განათლების მიღებას“
„საკლასო ოთახიდან დანახული სკოლა ფასდაუდებელი რაკურსია დირექტორისათვის“
„მასწავლებელი ანაზღაურებას გაწეული შრომის მიხედვით უნდა იღებდეს, საათობრივი დატვირთვიდან გამომდინარე“
მოსწავლეები ბევრად უფრო მოტივირებულები არიან, მათ ინტელექტუალურ თავსატეხებში წარმატების მიღწევა და მათი ბოლომდე ამოხსნა სურთ