სიახლეები
სკოლები

„სახლს, სადაც დავბინავდი, ფანჯრები არ ჰქონდა და ცელოფანი ავაკარი“ - ყოფილი დირექტორი გუმბათის საჯარო სკოლის რთულ პერიოდსა და ისტორიულ ფაქტებს იხსენებს
21-03-2024
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის, გუმბათის საჯარო სკოლა მიმდინარე სასწავლო წელს 25-ე წლისთავს აღნიშნავს. სკოლა 1998 წელს გაიხსნა  აჭარიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტების ბაზაზე და მას შემდეგ ბევრი საინტერესო ფურცელი დაიწერა მის ისტორიაში. როგორ იწყებოდა ყველაფერი? რა გზა განვლეს სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა? რა არის სკოლის მთავარი მისია? - მნიშვნელოვანია, ფართო საზოგადოებამ იცოდეს პასუხები ამ და სხვა, არაერთ საინტერესო კითხვაზე. სწორედ ამ მიზნით იწერება თითოეული დეტალი, რომელიც სკოლის ბლოგზე აუცილებლად განთავსდება და ამ დიდ საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი სკოლის მასწავლებელს,  ციცინო გობაძეს მიუძღვის. ამჟამად პედაგოგი ყოფილ დირექტორთან ინტერვიუს გვთავაზობს, რომელსაც etaloni.ge უცვლელი სახით წარმოგიდგენთ:

გუმბათის საჯარო სკოლის  დირექტორი 1999/2000 სასწავლო წელს იყო ბატონი ვასილ (ვაჟა) ბერიანიძე, რომელსაც მძიმე და რთულ პირობებში მოუწია  სკოლის ლიდერობა.  ძალიან დიდი მადლობა ბატონ ვაჟას საინტერესო და გულწრფელი ინტერვიუსთვის.

 - გვიამბეთ თქვენ შესახებ, როდის და როგორ ჩამოხვედით წალკაში?

- 1997  წელს კასპიდან ჩამოვედი წალკაში ოჯახთან ერთად და აქ გავხსენით ქართული  სკოლა... ძალიან აქტიურები ვიყავით, მხარში გვედგა ადგილობრივი თვითმმართველობა, სამხარეო ადმინისტრაცია და გულწრფელად გეტყვით, მათ გარეშე ვერაფერს გავხდებოდით. განათლების განყოფილების მაშინდელი გამგე, ფეოდორ სტეფანიჩი, ძალიან კარგი ადამიანი იყო და გვეხმარებოდა; ეს უნიჭიერესი კაცი ახერხებდა, რომ ხალხისთვის გაეთბო  გული - მისი დიდი წვლილია აქჩვენს დამკვიდრებაში... ასევე  გიორგი კვალიაშვილი, გოჩა ლორია, ლევან მამალაძე და კიდევ ბევრი ადამიანის თანადგომით შევძელით თითქმის შეუძლებელი. ახლა რომ მახსენდება ყველაფერი, ვღელავ - რთული დრო გამოვიარეთ, მაგრამ ვგრძნობდით, რომ ქვეყანას ვჭირდებოდით და გულწრფელად გეტყვთ, ამაზე დიდი სიამოვნება არაფერია, როდესაც გრძნობ, ქვეყანას სჭირდები და იქ ხარ, სადაც უნდა იყო.

- როგორ დაიწყო სკოლის დირექტორად თქვენი მოღვაწეობა გუმბათში?

- დაგეგმილი არ მქონია გუმბათში დირექტორად წასვლა - ხელოვნების მასწავლებელი ვიყავი; ვასწავლიდი ცეკვას, სიმღერას, მქონდა ჩემი ავტორიტეტი, გუმბათის სკოლის გახსნაშიც მივიღე აქტიური მონაწილეობა და ღონისძიებაც მახსოვს, სადაც მოსწავლეები წალკიდან ავიყვანე.

რთულ პირობებში ცხოვრობდა გუმბათის  ხალხი, ამ დროს ფიქრობდნენ თვითდამკვიდრებაზე და  სკოლა თითქმის მეორეხარისხოვნად გადაიქცა. ისეთი მძიმე  პირობები იყო, რომ სოფლის შენარჩუნების საკითხი მწვავედ დადგა. ასეთ დროს, განათლება უკვე კომფორტი აღმოჩნდა - სკოლაც ვერა და ვერ შედგა - იყო კონფლიქტი როგორც  სოფლის მოსახლეობაში, ისე მეზობელ სოფლებთან. მაშინდელმა დირექტორმა, ქალბატონმა დარიკო გურჯიევამ, მისმა ოჯახმა ძალიან დიდი პატივი სცა ეკომიგრანტებს... უშუალოდ ჩამჩიევების ოჯახს ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული! შეიძლება ყველას არ შეხვდა ეს სიკეთე, მაგრამ შეძლებისდაგვარად  ეხმარებოდნენ, გაჭირვებულებს ხელს უმართავდნენ. ცხადია, მოსახლეობა დამკვიდრების პროცესში იყო, რასაც თავისი სირთულეები ახლდა.

ამ დროს  შემთხვევით მოვხდი რესურსცენტრში, სადაც დამხვდნენ ფეოდორ სტეფანიჩი და  სამხარეოს უფროსი  დათო გეგელაშვილი. ისინი სოფელ გუმბათის პრობლემებს განიხილავდნენ, რა დროსაც მაშინდელმა გუბერნატორმა - მამალაძემაც დარეკა და სთხოვა, გუმბათში დირექტორად გაეშვათ ადამიანი, რომელიც ვითრებას განმუხტავდა.

გეგელაშვილი მომიბრუნდა და მთხოვა, წავსულიყავი. უარი არ ვუთხარი, რადგან სირთულეებთან შეჭიდება მიყვარდა და გარდა ამისა, მიმაჩნდა, რომ იქ საჭირო ვიყავი. უარის თქმის  ერთადერთი მიზეზი ის იყო, რომ  პედაგოგიური გამოცდილება არ მქონდა, მაგრამ ეს მათთვის პრობლემა არ აღმოჩნდა. მათი მთავარი მიზანი იყო, ურთიერთობები დამელაგებინა და  სოფელი არ დაშლილიყო.

დავწერე განცხადება: „თანახმა ვარ, დავინიშნო გუმბათის სკოლის დირექტორად“, არ ვიცი, ახლა ეს განცხადება სადმე არსებობს თუ არა.

 ადგილობრი თვითმმართველობიდან დიდი მხარდაჭერა მქონდა, გუმბათში თვითონ ამიყვანეს და დავბინავდი ონეზაშვილების ოჯახში... ისინი თავდაც ურემონტო სახლში ცხოვრობდნენ, ოთახს ფანჯრებიც არ ჰქონდა და ცელოფანი ავაკარი.

- რას იტყვით სოფელ გუმბათში სკოლის გახსნის მნიშვნელობაზე?

- ამ სკოლას უფრო მეტი დატვირთვა ჰქონდა, ვიდრე სხვებმა შეიძლება წარმოიდგინონ - სკოლის გახსნით დამაგრდა ქართველი კაცი წალკაში. სხვგვარად ვერ ამაგრებდნენ მოსახლეობას - ყველას ოჯახი ჰქონდა, ამოდიოდნენ თუმცა უკანვე ბრუნდებოდნენ. სკოლა რომ არ გაგვეხსნა, წალკაში დამკვიდრების პრობლემები ახლაც იქნებოდა, წარმოიდგინეთ, ვერც ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები რჩებოდნენ, რომლებსაც ხალხი უნდა დაეცვა.

სკოლა რომ გაიხსნა, ბავშვები, ოჯახები ჩამოიყვანეს და აქ დამკვიდრდნენ. კარგად ვიცით, შევარდნაძის დროს რა უმწეო მდგომარეობაში იყო ქვეყანა, 20-ლარიანი ხელფასის ფონზე, ძალოვან სტრუქტურებს ტყვია არ ჰქონდათ, რომ ხალხი დაეცვათ. ჩამოსახლებულ, უცხო, გაჭირვებულ ხალხს, ყოფითი პრობლემები ვერ მოეგვარებინდა და ასეთ დროს, ღირებულებებზე ლაპარაკი ზედმეტი იყო, თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ სწავლების ხარისხი მაშინ მაღალი გახლდათ.

- რას გაიხსენებთ?

- ჩემი მიზანი იყო, ურთიერთობა დამელაგებინა სოფელში. სამასწავლებლოში ვლაპარაკობდით ცხოვრებაზე და მთავარი იყო, როგორმე შეგვენარჩუნებინა მოსახლეობა.  მახსოვს პედაგოგები რამაზი და როინი, ძალიან კარგი ბიჭები. ეს ორი ღირსეული ადამიანი გვერდით მედგა - როინი ფიზკულტურას ასწავლიდა, რამაზი ისტორიას...

მახსოვს, მოსწავლე გოგონას, ხუთოსანს, სამიანი დაუწერეს შრომაში და როდესაც შევიტყვე, პედაგოგი დავიბარე. ვკითხე, ნუთუ ამ ბავშვს წყალი ან შეშა არ აქვს ოჯახში მიტანილი? როგორ შეიძლება წალკაში აჭარელ ბავშვს შრომაში სამიანი დაუწერო? მაშინ ბავშვები დიდებივით შრომობდნენ! საკუთარი თვალით ვხედავდი, პატარა ბიჭები როგორ ჩეხდნენ შეშას. ცეცხლებივით იყვნენ, ისე შრომობდნენ ოჯახებში.

- რამდენ ხანს იყავით დირექტორი და რა იყო წასვლის მიზეზი?

- ჩვენი მოლაპარაკება იყო, რომ არჩევნებამდე უნდა ვყოფილიყავი დირექტორი, იმ წელიწადს არჩევნები იყო...  ანუ ერთი სასწავლო წელი დავრჩი - მე დირექტორობის ამბიცია არ მქონდა, თვითონაც ახალჩამოსახლებულს, ოჯახი შორს მყავდა, წალკაში. მაშინ გუმბათიდან წალკაში ჩასვლა მარტივი არ იყო, ოჯახს ვჭირდებოდი... ამას გარდა ვცხოვრობდი ცუდ პირობებში, გათბობა არ მქონდა,   გავცივდი.

მე ჩემი მისია შევასრულე, სოფელი შედარებით დამშვიდდა, აქედან გამომდინარე, როგორც კი არჩევნები დასრულდა, წამოვედი წალკაში.

დიდ პატივს ვსცემ ნებისმიერ გუმბათელს და ისინიც პატივს მცემენ.  დრო ისეთი რამაა, ნებისმიერ გაჭირვებას გავიწყებს, მსიამოვნებს, რომ  დღეს გუმბათის სკოლა შემდგარია და  ამაში ჩემი წვლილიც არის! მინდა ყველამ იცოდეს, რომ აქ დიდი შრომაა ჩადებული, ბევრმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ რა დათმო, ვინ რა გაიღო...

- თქვენი აზრით, რა იყო გუმბათის მოსახლეობის ძლიერი და სუსტი მხარეები?

- იმ დროისთვის სუსტი მხარე ის იყო, რომ ყველა ჩქარობდა თავის გამოვლენას და ეს სუსტ მხარედ შეიძლება არც ჩავთვალოთ, ურთიერთობის ჩამოყალიბება  უჭირდათ, რაც გამოწვეული იყო ახალმოსახლეობის რთული ცხოვრებისეული პირობებით.

რა სიტუაციაშიც ჩამოვიდნენ, ეს გმირობა იყიო - დამკვიდრება რთული გახლდათ! აქ არავინ გველოდა. მახსოვს, რომ ჩამოვედით, შეგვყარეს 12 ოჯახი პატარა ოთახებში. დროშებით არავინ დაგვხვედრია!  იმ პირობებში გუმბათის მოსახლეობამ შეუძლებელი შეძლო, და ამიტომ დასაფასებელია ეს ბრძოლისუნარიანი, მშრომელი ხალხი... მაშინდელი კარგიც და ცუდიც ახლა ლამაზად მახსენდება, იმიტომ, რომ მაშინ ღირსეული ბრძოლა იყო, უკადრისი არაფერი გვიკადრია და გუმბათში ყოველთვის ამაყად მოვალ - ყველა მიყვარს!

გულწრფელად გეტყვით, აჭარელმა ხალხმა თავისი შრომისუნარიანობით აქაურები გააოცა - მახსოვს, სოფელ იმერიდან წყალი გაიყვანეს, ბარებით ბიჭებმა მთა გადაჭრეს. არქიტექტორად ვმუშაობდი გამგეობაში და ბერძენი ბიჭები გაგიჟდნენ პროექტით. ეს მე ძალიან მეამაყებოდა.

- ის, რისი თქმაც გინდოდათ და არ იყო კითხვებში....

- მადლობა, რომ გუმბათის სკოლის ისტორიას ქმნით და თაობებს გადაეცემა.

დღეს ჩემზე რომ იყოს, ცხოვრებას ვასწავლიდი ბავშვებს, რათა დაინახონ, რაშია ღირებულებები, ღირსება... გული მწყდება, რომ  საგნებს ექცევა დიდი ყურადღება, გულს და სულს, სულიერ საზრდოს კი - ნაკლები. მოსწავლე სკოლას რომ ამთავრებს, უნდა იცოდეს, სად წავიდეს, რა გააკეთოს, ელემენტარული ცოდნა ჰქონდეს, ოჯახი რა არის... სიყვარული, მეგობრობა უნდა იცოდნენ.  მე კითხვარს შევქმნიდი და გავიგებდი, ბავშვებს რისი სწავლა უნდათ, მე მგონია უფრო მეტად ცხოვრებისეული ღირებულებების სწავლას მოითხოვენ, ვიდრე, მაგალითად,  ფიზიკისა და მათემატიკის. 

მნიშვნელოვანია მოსწავლეებს ინფორმაციის გადამუშავება და დახარისხება ვასწავლოთ, მასწავლებლის სჯერათ მათ და მან სწორად უნდა ასწავლოს საგანიც და ცხოვრებაც, განუვითაროს მეტი ფიქრისა და განსჯის უნარი! სწავლა სწავლისთვის კი არა, იმისთვის იყოს, რომ შედგეს ადამიანი, ისწავლოს ის, რაც უნდა და იმის გამო, რომ მათემატიკა არ იცის, „ცუდ ბავშვად“ არ ვაღიაროთ.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
თუ ნაკვერჩხალზე დადებული ბზა აბრიალდებოდა, ეს ნიშნავდა, რომ პატრონი დიდხანს იცოცხლებდა...
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
ეს შეიძლება სხვადასხვა გზით გამოვლინდეს. მაგალითად, მოსწავლე გაკვეთილზე დაინტერესებას არ გამოხატავს, მოუსვენარია და მოტივაციის ნაკლებობაც შესამჩნევია
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება