სიახლეები
სკოლები

როგორ უნდა ჩატარდეს სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი
20-11-2017
-
+


ბარეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის კონსულტანტ-მასწავლებელმა ნანა დევდარიანმა სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში ჩაატარა. 

როგორც ნანა დევდარიანი აღნიშნავს, გაკვეთილის პრეზენტაცია წალკის რესურსცენტრში გაიმართა:


„ჩატარებული გაკვეთილის პრეზენტაცია ჩავატარე წალკის რესურსცენტრში, სადაც  წალკის საჯარო სკოლების მასწავლებლების მე-5 სამუშაო სემინარი გაიმართა თემაზე - ,,თანამედროვე მიდგომები სწავლებასა და შეფასებაში“. 

გთავაზობთ ნანა დევდარიანის მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციას. 

სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი

       როგორც ვიცით, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის  სქემის მიხედვით განისაზღვრა  მასწავლებლის ოთხი კატეგორია: პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი.  სქემის მიხედვით მოცემულია თითოეული კატეგორიის მასწავლებლისათვის შესასრულებელი სავალდებულო  და დამატებითი აქტივობები, რომლებიც ხელს უწყობს მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას.  დღეს მე მინდა შევეხო უფროსი და წამყვანი მასწავლებლის ერთ-ერთ სავალდებულო აქტივობას, რომელიც სავალდებულოა შესაბამისად წამყვანი მასწავლებლის და  მენტორის  სტატუსის მოპოვებისათვის.

             ეს აქტივობა არის სამოდელო გაკვეთილის ჩატარება, რომლის საშუალებითაც ერთი   მასწავლებელი უზიარებს საკუთარ წარმატებულ პრაქტიკასა და გამოცდილება სხვა მასწავლებლებს, რაც ხელს უწყობს სკოლებში ურთიერთთანამშრომლობითი კულტურის დამკვიდრებას.  სამოდელო გაკვეთილი შეიძლება იყოს ოთხი ტიპის: ინტეგრირებული,  პრობლემაზე ორიენტირებული, გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული და ინოვაციური. 

            მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო  სამოდელოინტეგრირებულ  გაკვეთილზე. ინტეგრირეული გაკვეთილი არ წარმოადგენს სიახლეს. გაკვეთილის ამ ტიპს მასწავლებლები საკმაოდ ხშირად და ეფექტიანად იყენებენ .სასწავლო პროცესში ინტეგრაცია სხვადასხვა საგანში შესასწავლი თემების ერთმანეთთან ორგანულ დაკავშირებას გულისხმობს. ინტეგრირებული გაკვეთილი არის ერთი და იმავე, მონათესავე ან გამჭოლი თემატიკის ირგვლივ გაერთიანებული ორი ან რამდენიმე სასწავლო საგნის მიხედვით დაგეგმილი და ჩატარებული გაკვეთილი. სასურველია, მასწავლებელებმა ხშირად გამოიყენონ ინტეგრაცია იმისათვის, რომ მოსწავლეებმა ისწავლონ ერთი თემის/საგნის მეორესთან დაკავშირება. ეს ხელს უწყობს ცოდნის გამთლიანებასა და ასევე შეძენილი ცოდნისა და უნარების ერთი სფეროდან მეორეში გადატანას, რასაც საგანმანათლებლო ლიტერატურაში „ტრანსფერს“ უწოდებენ.  დიმიტრი უზნაძის აზრით, აზროვნებას ახასიათებს გადატანის უნარი. მას შემდეგ, რაც მოსწავლე ერთხელ გადაჭრის ამოცანას, მას უკვე აღარ უჭირს ანალოგიური ამოცანების გადაჭრა სხვა სიტუაციებში. ტრანსფერი არ ხდება თავისთავად. ამისათვის საჭიროა სწავლების სპეციალურად დაგეგმვა.

          ინტეგრირებული გაკვეთილის იდეა უნდა შეირჩეს შესასწავლი თემიდან გამომდინარე, უნდა იკვეთებოდეს მისი მჭიდრო კავშირი სხვა დისციპლინასთან/დისციპლინებთან, რომელთანაც/რომლებთანაც მასწავლებელი შესასწავლი თემის დაკავშირებას გადაწყვეტს.  არჩეულ თემას უნდა ჰქონდეს ყველა ინტეგრირებულ საგანთან შეხების წერტილი, ინტეგრირება იყოს ლოგიკური და ბუნებრივი.

          გაკვეთილის იდეის/თემის ჩამოყალიბების შემდეგ მასწავლებელი შეისწავლის შესაბამისი საგნების სახელმძღვანელოებში ასახულ მასალას, მოიძიებს დამატებით ინფორმაციას და რესურსებს.  გაკვეთილის გეგმის დახვეწის მიზნით, მასწავლებელმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს იმ საგნების მასწავლებლებთან, რომელთა ინტეგრირებაც აქვს განზრახული, გააცნოს მათ გაკვეთილის გეგმის მონახაზი, მოისმინოსდა  გაითვალისწინოს  მათი რეკომენდაციები.

       ზემოთ ჩამოთვლილი  გარემოებების გათვალისწინებთ ამ სასწავლო წლის დასაწყისში დაგეგმე ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში, რომელიც   ჩავატარე ბარეთის საჯარო  სკოლაში. გაკვეთილის თემა იყო საკოორდინატო ბადე და გარემოში ორიენტირება.  თემის შერჩევა გადამაწყვეტინა იმ გარემოებამ, რომ მოსწავლეებს ხშირად უჭირთ სხვადასხვა გარემოში ორიენტირება, მიმართულებების აღქმა, ნასწავლი მასალის დაკავშირება სხვა საგანთან და ამ მასალის გამოყენება საჭიროებისამებრ.

            გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებს განუვითარდეთ სივრცული აზროვნება; მოსწავლეებმა ისწავლონ ერთი საგნის/თემის (საკოორდინატო ბადე - მათემატიკა) დაკავშირება მეორე სასწავლო საგანთან/თემასთან (ბუნებისმეტყველება - გარემოში ორიენტირება, ჰორიზონტის მხარეები), რაც ხელს შეუწყობს ცოდნის გამთლიანებას, შეძენილი ცოდნისა და უნარების ერთი სფეროდან მეორეში გადატანას - ტრანსფერს.   

მოსწავლემ უნდა შეძლოს:                                                                          

1. საკოორდინატო ბადეზე გამოსახული საგნების /ობიექტების კოორდინატების დასახელება;                                                                               

2. მოცემული კოორდინატებით საგნების/ობიექტების  დასახელება;          

3. ჰორიზონტის მხარეების მიხედვით საგნის პოვნა;                                            

4. მოცემული სიდიდეების ჩასმა ცხრილში;                                                           

5. არგუმენტირებული მსჯელობა სასურველი მარშუტის უპირატესობაზე.        

                 კავშირი სტანდარტთან (ესგ-ით მისაღწევი შედეგები)

მათ.V.10.  მოსწავლეს შეუძლია ორიენტირება ბადით დაფარულ არეზე.

ბუნ.V.7.მოსწავლეს შეუძლიაობიექტების მდებარეობისა  და რთიერთმიმართების განსაზღვრა რუკაზე.

  ბუნ.V.8.მოსწავლეს შეუძლია გარემოში ორიენტირებისთვის გეოგრაფიული ინსტრუმენტების/ხელსაწყოების გამოყენება.

             მოსწავლეებს  უნდა ჰქონოდათ წინარე ცოდნა მასალის კარგად ათვისებისათვის, რაც მდგოარეობდა შემდეგში: მათ იციან რიცხვით სხივზე წერტილის პოვნა მოცემული კოორდინატით და პირიქით; იციან ჰორიზონტის მხარეები. ზოგადი წარმოდგენა აქვთ საკოორდინატო ბადეზე.

              გაკვეთილზე გამოვიყენე ჩემს მიერ შექმნილი სხვადასხვა სახის რესურსი, რომელსაც სლაიდების სახით განახებთ გაკვეთილის მსვლელობის თხრობისას.  გაკვეთილი დავიწყე გაკვეთილის მიზნისა  და შეფასების კრიტერიუმების გაცნობით. მიზნები და კრიტერიუმები ვაჩვენე სლაიდზეც.

          შემდეგი აქტივობა დავგეგმე მოტივაციისა და ინტერესის ასამაღლებლად. 

ეს აქტივობაა: ,,დავეხმაროთ ნინოს განძის მოძებნაში’’.  

სლაიდზე ვაჩვენე  ტექსტი - ნინოს მიერ ნაპოვნი წერილი განძის მდებარეობის შესახებ და ბაღის მოდელი, დაფაზე გავაკარი ასევე პლაკატი-ბაღის მოდელი საკოორდინატო ბადით,რომელიც თავად დავამზადე გაკვეთილის დაგეგმვის პროცესში;   დავურიგე ამობეჭდილ ტექსტი  მოსწავლეებს ინდივიდუალურად და მათ უნდა ეპოვონათ განძი ჰორიზონტის მხარეების მიხედვით. დავალების დასრულების  შემდეგ სლაიდზეც ვაჩვენე  სწორი პასუხი. ასევე მოსწავლეებს ვუთხარი, რომ ამ  დავალებას ჩვენ  ისევ დავუბრუნდებოდით  გაკვეთილის მსვლელობისას, როდესაც კარგად  შევისწავლიდით საკოორდინატო  ბადესა  და საგნების  შესაბამისი კოორდინატების  პოვნას.

              წინარე ცოდნის გასააქტიურებლად ბავშვებს შევთავაზე სლაიდებზე  მოცემული კითხვები (კინოთეატრის დარბაზის მაგალითზე),

            მეოთხე აქტივობისას  დაფაზე გაკრულ ჩემს მიერ მომზადებულ პლაკატზე (სოფელი საკოორდინატო ბადით) მოსწავლეები ასახელებდენ  ობიექტების (მზე, სკოლა, ფერმა და ა.შ.)  კოორდინატებს,  შემდეგ იწერდნენ ცხრილებში, ასახელებენ მათ ურთიერთმდებარეობას  ჰორიზონტის მხარეების დახმარებით.

          მომდევნო აქტივობაში სლაიდზე ვანახე წალკისა და ბარეთის გუგლის პროგრამით შექმნილი რუკა საკოორდინატო ბადით, სადაც  აღნიშნული იყო  ოთხი წერტილი, ბავშვებმა დაასახელეს  მათი კოორდინატები და ჩაწერეს წინასწარ დარიგებულ  ცხრილსა და  დაფაზე   შესაბამის ადგილას, შემდეგ კი სლაიდზეც ვაჩვენე სწორი პასუხები. ასვე დაასახელეს ობიექტების ურთიერთმდებარეობა ჰორიზონტის მხარეების მიხედვით.

          მეექვსე აქტივობა იყო ცხრილის შევსება. სლაიდზე ვანახე  საქართველოს რუკა, სადაც მონიშნული იყო  რამდენიმე რეგიონი, მოსწავლეებმა  შეუსაბამეს  ჩამონათვალიდან მონიშნულ ადგილებს ამ რეგიონის  რომელიმე ქალაქი / რეგიონული ცენტრი, მიუწერეს შესაბამის გრაფებში ამ ქალაქების კოორდინატები;  ასევე აღწერეს ამ ქალაქების ურთიერთმდებარეობა ჰორიზონტის მხარეების გამოყეებით (დროის ეკონომიის მიზნით წყვილებს დავუნაწილე  რეგიონები).

               შემდეგი აქტივობით ვცადე ბავშვები გამეყვანა მაღალ სააზროვნო უნარებზე და ვთხოვე ემსჯელათ გაკვეთილის დასაწყისში შეთავაზებულ აქტივობაზე. დავსვი კითხვა სლაიდის თანხლებით: -     იმსჯელეთ, ხომ არ შეიძლებოდა უფრო მარტივად აეხსნა ბაბუას ნინოსთვის განძის მდებარეობა? რა უნდა სცოდნოდა ბაბუას, რომ უფრო მარტივად აეხსნა განძის მდებარეობა?  ამ აქტივობით მოსწავლეებმა გაიაზრეს, თუ რატომ სჭირდებათ ჰორიზონტის  მხარეების ცოდნა და როგორ შეიძლება გამოიყენონ ეს ცოდნა ყოფა-ცხოვრებაში.

            გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს ინდივიდუალურად შევავსებინე  თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების ფურცლები, ამასთან შევეცადე, ეს შეფასების ფორმაც თემის შესაბამისი ყოფილიყო (საკოორდინატო ბადე).

             საშინაო დავალებისათვის კი დავურიგე წინასწარ მომზადებული სამეფო  სასახლის გეგმა (ნახაზი) და ტექსტი, სადაც განმარტებული იყო ოთახების მდებარეობა, მათ უნდა გამოეცნოთ ეს ოთახები და სიმბოლურად ჩახეტათ შიგნით საგნები (მაგ. წიგნები, ტელევიზორი, მაგიდა და ა.შ. ) დავალება ვანახე ასევე  სლაიდებზეც.  ეს დავალება სახალისო შესასრულებელია, შედეგად კი მოსწავლეებს  ეცოდინებათ ჰორიზონტის ძირითადი მხარეები, შეეძლებათ ჰორიზონტის მხარეების ცოდნის პრაქტიკული გამოყენება.დავალებას კი  შევუფასბა კრიტერიუმით – რამდენად აკურატულად შეასრულა მოსწავლემ ის, რამდენად სუფთად და ზუსტად არის დატანილი სიმბოლოები, არის თუ არა შეცდომები.

           დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ გაკვეთილზე განხორციელებული  მარტივი აქტივობები ჩვენს მოსწავლეებს მიმართულებების უკეთ აღქმაში ეხმარებათ. ამისთვის კარგია სწორედ მრავალფეროვანი აქტივობების შეთავაზება, რაც სახალისოს გახდის სწავლებას და მოსწავლეს მხარეების ცოდნას გაუმყარებს. ეს ცოდნა არ არის მხოლოდ იმისთვის, რომ გაკვეთილის შემდეგ კარგი შეფასება მიიღონ. ეს უნარები მათ მთელი ცხოვრების მანძილზე გამოადგებათ. რუკის კითხვა ხომ უნარია, რომლის კარგად განვითარება მოსწავლეებს სივრცით აზროვნებას უვითარებს, ასევე აჩვევს განზოგადებას, უვითარებს წარმოსახვით უნარებს, რაც მომავალში საჭირო და სასიცოცხლოც შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის.

                  რაც შეეხება გაკვეთილის უარყოფით მხარეს, ხარვეზი მქონდა დროის ეფექტურ მართვაში. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული აქტივობისთვის დრო განსაზღვრული მქონდა და მოსწავლეებსაც ვეუბნებოდი აქტივობისთვის საჭირო დროს, მაინც ვერ ჩავეტიე დროში და საშინაო დავალების მიცემა მომიწია ზარის დარეკვის შემდგომ. თუმცა ამან დიდად არ იმოქმედა ჩვენზე. ბავშვებიც და მეც გაკვეთილის დასრულებისას მშვენიერ განწყობაზე ვიყავით.


გამოყენებული ლიტერატურის სია:

1.  ინასარიძე მ.  ლობჟანიძე ს. (2016 წ) - მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი (IIნაწილი) - თბილისი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი  (გვ. 13-17);

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება