სიახლეები
სიახლეები, საინტერესო , რჩევები

მასწავლებლებს მასალის უამრავჯერ ახსნა რომ არ მოუწიოთ - როზენშაინის 10 პრინციპი 
25-01-2024
-
+


ყველა პედაგოგიური პრაქტიკის ეფექტურობა სამეცნიერო კვლევებით როდია დადასტურებული. ამერიკელმა ფსიქოლოგმა და პედაგოგმა - ბარაკ როზენშაინმა (Barak Rosenshine) კი სწორედ კვლევებსა და რეალურ პედაგოგიურ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა სწავლების ათი პრინციპი. პირველად, მისი ნაშრომი 2010 წელს გამოქვეყნდა, მაგრამ პოპულარობა მოგვიანებით მოიპოვა - დღეს, კი მას მსოფლიოში არაერთი პედაგოგი მიმართავს. პრინციპები მასწავლებლებს, კოგნიტური დატვირთვის გათვალისწინებით, სასწავლო პროცესის წარმატებით დაგეგმვაში ეხმარება. 

ბარაკ როზენშაინის სპეციალიზაცია -  ​მასწავლებელთა მუშაობის ეფექტურობის გაზომვის ხერხებია. სწორედ ამიტომ მისი პრინციპები ეყრდნობა გამოცდილებას, თუ როგორ ატარებენ გაკვეთილებს მაღალკვალიფიციური პედაგოგები. სამეცნიერო საფუძვლად კი, მკვლევარმა გამოიყენა ორი ძირითადი წყარო: კვლევა, კოგნიტური მეცნიერებების სფეროში, რომელიც ეძღვნება თემას, თუ როგორ აღიქვამს, იყენებს და ინახავს ჩვენი ტვინი ინფორმაციას. ასევე, სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ამოწმებს დღეს ცნობილი საგანმანათლებლო ინსტრუმენტებისა და მიდგომების ეფექტურობას.

აღსანიშნავია, რომ მკვლევარი კოგნიტური დატვირთვის თეორიის აქტიური მიმდევარია. კოგნიტური დატვირთვის თეორია კი ჩვენს გონებას ინფორმაციის გადამამუშავებელ სისტემად წარმოადგენს. ამ თეორიით არსებობს მუშა და ხანგრძლივი მეხსიერება. ახალ ინფორმაციას ტვინი მუშა მეხსიერებით ამუშავებს, ის კი ინფორმაციას როგორც მოცულობაში, ასევე დროში, ძალიან შეზღუდულად ინახავს. შემდეგ ის გადადის გრძელვადიან მეხსიერებაში, მისი მოცულობა გაცილებით დიდია. შესაბამისად, როდესაც კონკრეტული საკითხი კარგად იცით, ყველაფერი, რაც გჭირდებათ, ხანგრძლივადაა შენახული მეხსიერებაში და დავალებასაც ავტომატურად ართმევთ თავს. 

სწორედ, ამ და სხვა სამეცნიერო კვლევების საფუძვლიანი შესწავლა დაედო საფუძვლად როზენშაინის პრინციპების ჩამოყალიბებას.

პრინციპი N1  - განვლილი მასალის ყოველდღიური მიმოხილვა 

დაიწყეთ სასწავლო პროცესი განვლილი მასალის ხანმოკლე გადამეორებით - ასე მოსწავლეები განიმტკიცებენ ცოდნასა და უნარებს, შემდეგ კი სწრაფად გაახსენდებათ საჭირო მასალა ახალი თემის შესწავლისას. გამეორება ამცირებს მუშა მეხსიერების დატვირთვას ახლის შესწავლისას.

როზენშაინი მოყვა ექსპერიმენტის შესახებ, რომელსაც დაწყებით სკოლაში მათემატიკის გაკვეთილებზე ატარებდნენ: პედაგოგები ყოველ დღე გაკვეთილის დასაწყისში გადამეორებას 8 წუთს უთმობდნენ - მაგალითად, ამოწმებდნენ საშიანაო დავალებებს, განიხილავდნენ ამოცანებს, სადაც შეცდომები იყო დაშვებული ან უბრალოდ ბავშვებს სთავაზობდნენ წინა გაკვეთილზე ასხნილი მასალიდან მაგალითები ამოეხსნათ. შედეგად ამ კლასებში მოსწრება გაიზარდა იმათთან შედარებით, სადაც ასეთ პრაქტიკას არ მიმართავდნენ.

ექსპერტი ასკვნის, რომ გამეორებას ან განვლილი მასალის მიმოხილვას გაკვეთილის 5-10 წუთი უნდა დაეთმოს. შესაძლებელია: 

  • შესწავლილი თემის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტების შეხსენება (ფორმულების, მოვლენების, სიტყვების);
  • განვლილი მასალიდან რამდენიმე დავალების მიცემა;
  • საშინაო დავალების შემოწმება;
  • გარკვევა, რა სირთულეებს წააწყდნენ მოსწავლეები საშინაო დავალების შესრულებისას, შემდეგ განხილვა. ასევე, შესაძლებელია მოსწავლეებისთვის ერთმანეთის ნამუშევრების შესწორების შეთავაზება. 
პრინციპი N2 - ახალი მასალის ეტაპობრივი მიწოდება

დაყავით ახალი მასალა რამდენიმე ნაწილად და აუცილებლად ჩართეთ პრაქტიკული სამუშაო მათ შორის.

მეორე პრინციპი როზენშაინმა, ასევე, მუშა მეხსიერების გათვალისწინებით შეიმუშავა. პირველ ჯერზე ადამიანს შეუძლია იმაზე ნაკლები ინფორმაციის დამახსოვრება ვიდრე ზოგადად წარმოგვიდგენია. თუ ერთ ჯერზე სახელმძღვანელოს მთელ პარაგრაფს მოყვებით, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მოსწავლეები მოსმენილიდან ბევრს დაიმახსოვრებენ. ამიტომ, საჭიროა თანდათანობითი მიდგომა: ჯერ თემის მცირე ნაწილი, შემდეგ მასწავლებლის ხელმძღვანელობით, პრაქტიკული სამუშაო, და კვლავ, თემის გაგრძელება. ამასთან ახალ თემაზე გადასვლა მხოლოდ მაშინაა მართებული, როდესაც მოსწავლეებმა განვლილი აითვისეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მოწაფეებს რაღაც გაუჭირდათ, საჭირო გახდება უკან მიბრუნება და გაუგებარი მომენტების ხელახლა ახსნა.

ბარაკ როზენშაინის გაანალიზებული კვლევა აჩვენებს, რომ წარმატებული მასწავლებლები საკმაოდ დიდ დროს ხარჯავენ ახალ მასალაზე, კერძოდ - ახსნაზე, დემონსტრაციაზე, კითხვების დასმასა და მაგალითების განხილვაზე. მათი ნაკლებად ეფექტური კოლეგები, კი პირიქით, ცდილობენ, ორჯერ უფრო სწრაფად ახსნან თემა, რომ გაკვეთილის დარჩენილი ნაწილი დამოუკიდებელ მუშაობას დაუთმონ. შედეგად მათ მაინც უხდებათ ახსნილის გამეორება - დროის ეკონომია კი შემდგომ ორმაგ ძალისხმევას იწვევს.



პრინციპი N3. გამუდმებით დასვით კითხვები

დაუსვით მოსწავლეებს მეტი კითხვა და გადაამოწმეთ თითოეულის პასუხი - ეს მათ დაეხმარება ახალი ინფორმაციის უკეთ დამახსოვრებაში და უკვე ნასწავლთან დაკავშირებაში. 

ახალი მასალის მეხსირებაში გასამყარებლად მუდმივი პრაქტიკაა საჭირო. ასეთი პრაქტიკისთვის შესანიშნავი ინსტრუმენტი - კითხვები და დისკუსიებია. ეს ყოველივე მასწავლებელს ეხმარება შეამოწმოს, კარგად გაიგო თუ არა მოწაფემ მასალა თუ მას სჭირდება დამატებითი განმარტება. მნიშვნელოვანია, არა უბრალოდ კითხვების დასმა, არამედ ჩაკითხვა, როგორ მივიდნენ მოსწავლეები პასუხამდე. 

რა თქმა უნდა, თუ მოსწავლე ბევრია, თითოეულთან სასაუბროდ კი მასწავლებელს დრო ნამდვილად ვერ ეყოფა. ამიტომ ფსიქოლოგი პედაგოგებს რამდენიმე ხერხს უზიარებს, რომლებიც დროის დაზოგვაში დაეხმარებათ:

  • სთხოვეთ მოსწავლეებს გაცვალონ პასუხები ან, მაგალითად, მერხის მეგობარს აჩვენონ, ფურცელზე დაწერილი მოკლე ახსნა;
  • შესთავაზეთ პასუხი ქაღალდზე დაწერონ და ასწიონ, ისე რომ თანაკლასელები ხედავდნენ. 
  • სთხოვეთ ყველას, ვინც იცის პასუხი ან ეთანხმება კონკრეტული მოსწავლის პასუხს, ასწიოს ხელი.
  • ასე ყველა აქტიურად ჩაერთვება სასწავლო პროცესში, თქვენ კი სწრაფად შეამჩნევთ, თუ უმრავლესობა თემას ჯერ ვერ გაუმკლავდა. 
პრინციპი N4 - შესთავაზეთ მოსწავლეებს პრობლემის გადაჭრის მოდელები

მოსწავლეებს სჭირდებათ მასწავლებლის შემეცნებითი მხარდაჭერა პრობლემების გადაჭრისას ან სხვა პრაქტიკული ამოცანების შესრულებისას. მოსწავლეები უფრო სწრაფად გადაჭრიან პრობლემებს, თუ მათ რეგულარულად მიაწვდით უამრავ მაგალითს. 

პრინციპი 5 - უხელმძღვანელეთ მოსწავლეებს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების დროს

ახალი ცოდნა და უნარები მოსწავლეებმა პრაქტიკაში პირველად მასწავლებლის ხელმძღვანელობით უნდა გამოსცადონ და არა დამოუკიდებლად. იმისთვის რომ დავალებას მოსწავლეებმა ავტომატურად გაართვან თავი და ახალი ინფორმაცია განიმტკიცონ აუცილებელია მისი მუდმივი პერიფრაზირება, დაშლა და განზოგადება. რაც უფრო გულდასმით გადაიმეორებთ ცოდნას რეალურ პრაქტიკამდე, მით უფრო გაუმარტივდებათ ბავშვებს მეხსიერებაში საჭირო ინფორმაციის მოძებნა. 

„როგორც ვიცით, კარტოთეკაში რაიმეს ჩადება მარტივია, მაგრამ შეიძლება ძალიან რთული იყოს იმის გახსენება, თუ სად მოვათავსეთ იგი. გადამეორება ჩვენ გვეხმარება გავიხსენოთ, სად და რა შევინახეთ, რომ საჭიროების დროს ჩვენთვის ხელმისაწვდომი იყოს“,- წერდა ბარაკ როზენშაინი. 

პრინციპი N6 -  ყოველთვის გადაამოწმეთ, ყველაფერი სწორად გაიგეს თუ არა მოსწავლეებმა

მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ თითოეულმა მოსწავლემ სწორად გაიგოს თემის შინაარსი. ნათელია, რომ აუცილებელია გადამოწმება, თუ როგორ გაიგეს მოსწავლეებმა მასალა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ამას ჰქონდეს მუდმივი სახე. გაიგეს თუ არა საკითხი შესაძლებელია შემოწმდეს ბევრნაირად: სთხოვეთ მოსწავლეებს შეაჯამონ ის, რაც მოისმინეს, დავალების შესრულებისას ხმამაღლა იმსჯელონ ან დაასაბუთონ საკუთარი ან თუნდაც სხვისი პასუხი.



პრინციპი N7 - წარმატების მაღალი მაჩვენებლისკენ სწრაფვა 

კლასში წარმატებული პრაქტიკა პირველხარისხოვანია. ბარაკ როზენშაინი სწავლების ეფექტურობას მიძღვნილ ორი მსხვილი კვლევის სტატისტიკას აწარმოებდა: წარმატებული პედაგოგების კლასებში მოსწავლეების გაკვეთილზე გაცემული სწორი პასუხების წილი 82%-ს შეადგენს. დანარჩენების მაჩვენებელი კი 73%-ზე ნაკლებია. ამასთან, რაც უფრო უკეთ მუშაობენ ბავშვები გაკვეთილზე, მით უფრო ხარისხიანად ასრულებენ საშინაო დავალებებს ზრდასრულების დახმარების გარეშე. 

პრინციპი N8 - რთული ამოცანებისთვის მიმართეთ „სკაფოლდინგს” 

მოსწავლეებს რთული ამოცანების ამოხსნისას დახმარება სჭირდებათ, მაგრამ ამგვარი ჩართულობის ხარისხი გამუდმებით უნდა შემცირდეს. „სკაფოლდინგს“ (scaffolding) ეძახიან პროცესს, როდესაც მოსწავლეები პრობლემას წყვეტენ მასწავლებლის ან უბრალოდ გამოცდილი ადამიანის დახმარებით, მაგრამ მხარდაჭერის თანდათანობითი შემცირებით. არსი შემდეგია, თავიდან ამოცანა იმდენად რთულია, რომ მოსწავლე დამოუკიდებლად ვერ უმკლავდება. საკითხში გარკვევისას კი, რაც უფრო დამოუკიდებელი და კომპეტენტური ხდება, მით ნაკლები მხარდაჭერა სჭირდება.

მხარდაჭერა შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი, მაგალითად, მასწავლებელი საკითხის გდაწყვეტისას ხმამაღლა ფიქრობს და პროცესს აღწერს - დამწყები კი სწავლობს, როგორ ფიქრობს და წყვეტს პრობლემას პროფესიონალი. ამასთან, მნიშვნელოვანია, ცოდნა, თუ როგორ მსჯელობენ მოსწავლეები, ამიტომ მართებულია მათაც სთხოვოთ რამდენიმე დავალების „ხმამაღლა“ გადაწყვეტა.

პრინციპი N9 - ორგანიზება გაუკეთეთ დამოკიდებელ პრაქტიკას

მოსწავლეებს სჭირდებათ უნარების ხანგრძლივი და დამოუკიდებელი გავარჯიშება, ამასთან, წარმატებით. პრაქტიკას რაიმეს ავტომატურ შესრულებამდე მივყავართ, ამის წყალობით ახალი ინფორმაცია და უნარები მუშა მეხსიერებას აღარ იკავებს და გრძელვადიანში გადადის. დამოუკიდებელი პრაქტიკა ითვალისწინებს არა მხოლოდ სახლში მუშაობას, არამედ კლასშიც, ამასთან, გარკვეული წესებით. 

კარგი გადაწყვეტაა ერთობლივი ჯგუფური მუშაობა: კვლევა ადასტურებს, რომ მოსწავლეები იღებენ უკეთეს შედეგებს, როდესაც ერთად მუშაობენ (მაგალითად, თემას ერთმანეთს უხსნიან). ექსპერტი ამას ხსნით იმით, რომ მოსწავლეები იღებენ მყისიერ უკუკავშირს, სწავლობენ და ერთობიან ერთდროულად. 

პრინციპი N10 - ყოველთვიური და ყოველკვირეული გადამეორება 

შეძენილი ცოდნა და იდეები ხანგრძლივ მეხსიერებაში ინახება - მისი მოცულობა გაცილებით დიდია. რაც უფრო ხშირად იმეორებს ან იყენებს რაიმე ინფორმაციას ადამიანი, რაიმეს შესრულება მით უფრო თვითმოქმედი ხდება, ტვინი კი მით უფრო ნაკლებ ძალისხმევას ხარჯავს მეხსიერებიდან ამ ინფორმაციის ამოსაღებად.

უნარის ან შეძენილი ცოდნის ავტომატურობამდე მიყვანა, მხოლოდ გამუდმებული გადამეორებითაა შესაძლებელი. ამისთვის ბარაკ როზენშაინი კიდევ ერთხელ იძლევა განვლილი მასალის მიმოხილვის რეკომენდაციას. მაგალითად, ორშაბათობით, შესაძლებელია წინა კვირის მასალის შემოწმება, ყოველ მეოთხე ორშაბათს კი გადამეორება, რა გაირა კლასმა თვის მანძილზე. ეს კი ნიშნავს არა მხოლოდ გადამეორებას, არამედ რეგულარულ ტესტებსა და ქვიზებს. 


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
თუ ნაკვერჩხალზე დადებული ბზა აბრიალდებოდა, ეს ნიშნავდა, რომ პატრონი დიდხანს იცოცხლებდა...
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
ეს შეიძლება სხვადასხვა გზით გამოვლინდეს. მაგალითად, მოსწავლე გაკვეთილზე დაინტერესებას არ გამოხატავს, მოუსვენარია და მოტივაციის ნაკლებობაც შესამჩნევია
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება