სიახლეები
სიახლეები, უნივერსიტეტები, საინტერესო

საგამოცდო მასალის დაზეპირება და პროვინციული მიდგომები - ქართული განათლების სისტემის ხარვეზებსა და გაცვლით პროგრამებზე თსუ-ს კურსდამთავრებული საუბრობს
11-08-2023
-
+


გაცვლითი პროგრამები ერთ-ერთი აქტუალური საკითხია სტუდენტებისთვის. სხვა ქვეყანაში წასვლა, დამოუკიდებლად ცხოვრება, განათლების უცხოურ სისტემაზე მორგება და თავის გატანა იქ, სადაც არავის შვილი ხარ და „არავის წარმოადგენ“ ძალიან რთულია.

Etaloni.ge-ს ესაუბრება კალენიკე ურდია, რომელიც ერთი წლის განმავლობაში, ორ სხვა წამყვან ქვეყანაში სწავლობდა და როგორც თავად გვიყვება, ეს ნამდვილად არ იყო მარტივი.

Erasmus-ის პროგრამით ერთი სემესტრი ვისწავლე ირლანდიაში, Limerick-ის უნივერსიტეტში და ერთი სემესტრი გერმანიაში, Münster-ის უნივერსიტეტში. ეს პროგრამა საზღვარგარეთ არ არის იმდენად პოპულარული, რამდენადაც ჩვენთან და შესაბამისად, იქ კონკურენცია ნაკლებად იყო. მე მყავდა ირლანდიაში კურსელები, რომლებსაც GPA - 2,0 ჰქონდათ და ამ პროგრამით იყვნენ წამოსულები; მაგრამ საქართველოში, განსაკუთრებით თსუ-ში, ძალიან მაღალია კონკურენცია გაცვლით პროგრამებზე. უნდა გქონდეს GPA - 4,0, დამატებითი აქტივობები, გარდა საუნივერსიტეტო სივრცეში მიღებული განათლებისა, თუ იურიდიულ სფეროში პრაქტიკული გამოცდილება გექნება, ეს კიდევ უკეთესია კონკურენციის თვალსაზრისით. მე მქონდა ინგლისური ენის სერტიფიკატი, რამაც ჩემი უპირატესობა, საკონკურსო ნაწილში გაზარდა, თუმცა მონაწილეობა ამის გარეშეც შეიძლება, ეს არ არის დამაბრკოლებელი ფაქტორი. ჩვენთან, იურიდიულ ფაკულტეტზე, კონკურენცია არის საკმაოდ დიდი, თან აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რეალურად ინგლისურენოვანი გაცვლითი პროგრამები ძალიან ცოტაა. მოწინავე ქვეყნებში კი, როგრიცაა ირლანდია და გერმანია, კონკურენცია კატასტროფულად იმატებს.“ - აღნიშნავს კალენიკე. 

ჩვენი რესპოდენტი გვიყვება, რომ ცალკე საკითხია უცხო ქვეყანაში ადაპტირდე, შეეგუო დამოუკიდბლობას, უცხოურ სასწავლო გარემოს... ჩვენი რესპონდენტი ასევე მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამების უარყოფით მხარეზე გვიამბობს, რომელიც სწორედ კულტურული შოკისგანაა გამოწვეული:

„ერთი ქვეყნიდან აბარგება და მეორე ქვეყანაში გადაბარგება არ არის მარტივი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს მოკლევადიანია. რაღაც პერიოდი ადაპტაციისთვის გჭირდება, როდესაც ადაპტირდები, გაეცნობი იმ ქალაქს, სადაც ცხოვრობ, მეგობრებს შეიძენ, უცებ ხვდები, რომ რამდენიმე კვირაღა დაგრჩა და უკან უნდა დაბრუნდე - ეს არის ძალიან სტრესული. მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამების მინუსად, შეიძლება ეს მივიჩნიოთ, თუმცა სხვა ქვეყანაში ცხოვრება დასაწყისშიც, განვითარების ეტაპზეც და წამოსვლის დროსაც, სტრესულია

მინდა სწავლების სისტემას შევეხო, შედარებაც კი არ არის ქართულსა და იმ უნივერსიტეტების მოდელებს შორის, რომლებშიც მე ვისწავლე. მართალია ამ პროგრამის სტუდენტებს, გერმანიაში იმდენად არ გვთხოვდნენ, რამდენადაც ადგილობრივ სტუდენტებს, თუმცა ირლანდიაში მაქსიმალურ მოთხოვნებს გვიყენებდნენ, რის გამოც რთული იყო აკადემიური სწავლა-სწავლების პროცესი. ეს გახლდათ დიდი წნეხი! ვეცდები, პარალელი გავავლო ქართულ მოდელთან, მაგალითად ფინალურ გამოცდებზე, დაახლოებით, მაინც ვიცი ფურცელზე რა დამხვდება, მაგრამ არც ირლანდიაში და არც გერმანიაში წარმოდგენაც არ გვქონდა, რა შეგვხვდებოდა და ყველაფრის მომზადება გვიწევდა, რაც ამ დროის განმავლობაში ვისწავლეთ, თან ინგლისურ ენაზე და ამას ემატებოდა ისიც, რომ ერთიანი ლიტერატურა არ იყო, უამრავი სასამართლო პრაქტიკისა და კანონმდებლობის დამუშავება გიწევდა. ჩვენთან ერთად ფსიქოლოგებიც იყვნენ, ფსიქოლოგია საქართველოშიც ერთია და საზღვრებს გარეთაც, სამართალი კი ასე არაა, ირლანდია საერთოდ ანგლო-ამერიკული სამართლის ქვეყანაა, ჩვენ კონტინენტური ვართ... ყველაფერთან ერთად, დამატებით სხვა ქვეყნის კანონმდებლობას ვსწავლობდით, რაც დიდ ჯაფასა და შრომას მოითხოვდა“, - აღნიშნავს კალენიკე. 

ის შეფასების სქემაზეც საუბრობს და აღნიშნავს, თუ რამდენად მარტივია დღეს საქართველოში მიიღო უმაღლესი შეფასება,  იმავდროულად კი, რამდენად პარადოქსულია, ნორმალურ უნივერსიტეტში გქონდეს 4,0 ჯიპიეი.

„შეფასების სქემაზეც გეტყვით: ჩვენთან A შეფასების მიღება უზომოდ მარტივია, იქ ამ შედეგს ალბათ, აუდიტორიიდან 3 კაცი ღებულობს. განსაზღვრულიც კი არის, რა რაოდენობამ, რა კრიტერიუმით, რა შედეგი უნდა მიიღოს - ეს მიდგომა ჩვენთან ძალიან პროვინციულია! ჩვენ, როცა ვთქვით, რომ 4,0 გვაქვს ჯიპიეი, სასაცილოდაც არ ეყოთ იქაურ სტუდენტებსაც და ლექტორებსაც იმიტომ, რომ შეუძლებელია ნორმალურ უნივერსიტეტში, სადაც 4 წელი სწავლობ გქონდეს ყველა საგანში მაქსიმალური შეფასება - ეს არის ჩვენი დიდი პრობლემა. დასაწყისშიც, აღვნიშნე, რომ ამ პროგრამისთვის სტუდენტებს ჯიპიეით ირჩევენ, რაც გადმონაშთია, ევროპასა და ამერიკაში ეს არავის აინტერესებს, მათთვის მნიშვნელოვანია, სწავლა-სწავლების პროცესის მიღმა, დაგროვილი ცოდნა რაში გამოიყენე, არ აინტერესებთ, უნივერსიტეტში რა ქულები გქონდა. ჩვენთან სტუდენტები ძირითადად სწავლობენ იმისთვის, რომ ჰქონდეთ შეფასება, რაც არასწორია, თუმცა სანამ ამ პროგრამაში მივიღებდი მონაწილეობას, მეც ეს მიდგომა მქონდა. როცა თვალსაწიერი ფართოვდება და შედარების შესაძლებლობა გეძლევა, მერე პრიორიტეტებს სწორად აფასებ“.

კალენიკემ იმის შესახებაც მოგვიყვა, თუ რას გადმოიღებდა უცხოური მოდელიდან, თუმცა იქვე დაასახელა ერთი ფაქტორი, რომელსაც არათუ შეცვლიდა, არამედ პრიორიტეტს მიანიჭებდა:

„მე რომ ლექტორი ვიყო, პირველ რიგში სილაბუსს ისე შევადგენდი, სადაც რეალურად ის ეწერებოდა, რაც ისწავლება, ამ კუთხითაც დიდი განსხვავებაა ჩვენსა და ევროპის უნივერსიტეტებს შორის. სილაბუსში გაწერილია ის, რასაც აუდიტორიაში არ ასწავლიან; მეორე, რაც აუცილებლად შესაცვლელია, ლექციაზე ინტერაქიციაა. ჩვენთან ასეთი პრინციპია: ლექციებზე ლექტორები ხსნიან და სტუდენტი მსმენელის როლშია. საზღვარგარეთ, ჩვენ წინასწარ გვეძლეოდა მასალა, რომელსაც ვამზადებდით და ინტერაქციის რეჟიმში იმას, რაც შემდეგი კვირისთვის უნდა მოგვემზადებინა, ლექციაზევე ვცხრილავდით. ვფიქრობ, ესეც მოსაგვარებელია. ლექციაზე იმას, რომ უსმენ, რაზე წარმოდგენაც არ გაქვს, ძნელია კონცენტრირდე, ერთი პიროვნების მონოტონურ საუბარზე.

შევცვლიდი ასევე საგამოცდო ფორმატს, მაგალითად ჩვენ, იურისტებს, საგამოცდო ცენტრში წიგნის თეორიის გადაწერა გვევალება, ამ შემთხვევაში საგამოცდო სისიტემა ამოწმებს, რამდენად შეგიძლია დაიზეპირო მასალა. რეალურად, ამის ნაცვლად ანალიტიკა უნდა მოწმდებოდეს. მნიშვნელოვანია შეფასდეს, რამდენად ახერხებს სტუდენტი საკითხის გაანალიზებას. მართლა ეს, რომ ფასდებოდეს, ამას საგამოცდო ცენტრში დაწერაც კი არ სჭირდება. ანალიტიკას, ხედვასა და შეფასებას ვერავისგან გადაიწერ. იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება პლაგიატს, ეს ისედაც ჩანს ნაწერში ხელოვნურად.

ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს, მაგრამ ერთი საკითხი რასაც არ შევცვლიდი, ეს არის ურთიერთობები. გერმანიასა და ირლანდიაში თუ ლექტორთან პირისპირ კომუნიკაცია გინდოდა, უნდა დაგეჯავშნა შეხვედრა ერთი კვირით ადრე, ლექტორს 10-15 წუთი ჰქონდა შენთვის გამოყოფილი და ეს დისტანცია, ვფიქრობ, დამაბრკოლებელია. საქართველოში კი, კომუნიკაცია გამარტივებულია, ხშირად ზედმეტადაც კი“.

კალენიკე იმ მნიშვნელოვან ბენეფიტებზეც საუბრობს, რაც უცხოეთში სწავლების გამოცდილებამ მისცა და აღნიშნავს, რომ ბევრი უნარი განივითარა, რაც მისი პროფესიისთვის მნიშვნელოვანია.

„ამ პროგრამამ, ჩემს სფეროში ბევრი რამ მომცა, მაგალითად ჩვენ გვაქვს დაწერილი სამართალი, კოდექსები, სადაც მუხლები წერია, რომლებსაც ქეისებს ვუფარდებთ. ირლანდიაში, დიდი ფუფუნება იყო, რომ იქაური, ანგლო-ამერიკული სამართალი ვისწავლე - მოსამართლის პრეცედენტებზე დაფუძნებული სამართალი, რაც სრულიად სხვა „ხილია“. ამან მომცა შესაძლებლობა, გადმომეტანა ეს გამოცდილება ქართულ რეალობაში, ჩვენ კაზუსის ამოხსნისას მხოლოდ მუხლებს ვუთითებთ, ამ გამოცდილების საფუძველზე დასაბუთებაში, სასამართლო პრაქტიკასაც ვურთავ, რაც ჩემს არგუმენტაციას ამყარებს.

საზღვარგარეთ სწავლების გამოცდილებამ, კვლევის უნარი განმავითარებინა, რაც საქართველოში არავის აინტერესებს. ვისწავლე უვარგისი ინფორმაციის გაფილტვრა. ჩვენთან, რაც მეტს დაწერ, მით უკეთესია, იქ კი - შეცდომა“.

დაბოლოს, კალენიკე იმ სტუდენტებს აძლევს რჩევას, რომლებიც გეგმავენ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობას, თუმცა რაღაც გარემოებები ამ ნაბიჯის გადადგმაში ხელს უშლით.

„იმ სტუდენტებს, რომლებიც აპირებენ ამ პროგრამაში ჩართვას, ვურჩევდი, რომ დაბრკოლებებმა არ შეაშინოთ. მე მყავს ნაცნობები, რომლებიც გამოწვევებისთვის მზად არ იყვნენ და სხვა ქვეყანაში ცხოვრება აშინებდათ, ამიტომ შესაძლებლობაზე თქვეს უარი და არც კი უცდიათ. რაც ვფიქრობ სიბეცეა, მათ საკუთარი თავის გატესტვა არ სურთ რთულ სიტუაციაში, მომავალში დიდი ალბათობით რიკის გაწევისგან შეიკავებენ თავს და კომფორტის ზონიდან არასდროს გამოვლენ. მე ვურჩევდი ყველა სტუდენტს, ვისაც სურს ნახოს რას ნიშნავს თავისუფალი ცხოვრება, მაგრამ ამ სიტყვის სწორი გაგებით და არა ვალდებულებების გარეშე, აუცილებლად გამოიყენონ ეს შესაძლებლობა. მას შემდეგ, რაც ირლანდიიდან დავბრუნდი, ყველას გულწრფელად ვურჩევდი მიეღოთ მონაწილეობა პროგრამაში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჩემი პირდაპირი კონკურენტები იქნებოდნენ“.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დასაქმების პირველ ფორუმს უმასპინძლა
შეფასების ერთიან პრინციპებზე საბჭოს შეხვედრა ჩატარდა - დეტალები
სამინისტრო 10 სკოლას შეარჩევს - მინისტრი დეტალებზე
მასწავლებლის შეფასება, გაკვეთილის ჩატარება - კიდევ რა ეკრძალებათ ფასილიტატორებს
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
მოსწავლეებმა პროექტზე პედაგოგ მარიამ მამაიაშვილის ხელმძღვანელობით, იმუშავეს
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა მაყვალა ანანიძემ, სკოლაში არსებული ლიტერატურული კლუბის - „ლამპარი“,  წევრებთან ერთად ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა
საინტერესო
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
ეს შეიძლება სხვადასხვა გზით გამოვლინდეს. მაგალითად, მოსწავლე გაკვეთილზე დაინტერესებას არ გამოხატავს, მოუსვენარია და მოტივაციის ნაკლებობაც შესამჩნევია
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება