სიახლეები
სიახლეები, სკოლები, პიროვნება, ინტერვიუ, საინტერესო

„უფლებების სწორად გაგება უნდა ვასწავლოთ ბავშვებს“... - სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით, თბილისის N61 სკოლის დირექტორი პირად გამოცდილებას გვიზიარებს
26-02-2026
-
+


ახალი - 2026-2027 სასწავლო წლიდან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო იქნება, რასაც ზოგადი განათლების კანონში შესული ცვლილებები ითვალისწინებს.

საქმე ის გახლავთ, რომ მსგავსი რეგულაცია კანონში აქამდეც არსებობდა: კერძოდ, დირექციას ჰქონდა უფლება, შინაგაწესით განესაზღვრა სასკოლო ფორმის ტარების ვალდებულება მოსწავლეებისთვის და იმთავითვე, იყვნენ ხელმძღვანელები, რომელთაც ეს დაშვება გამოიყენეს. მათ შორის ერთ-ერთი პირველი გახლდათ თბილისის N61 საჯარო სკოლის დირექტორი, შორენა ღუდუშაური.

დაგვეთანხმეთ, იოლი არ არის, დაახლოებით 1500 მოსწავლიან სკოლაში შემოიღო რეგულაცია, რომელიც თანამედროვე ბავშვებს ერთგვარ „ჩარჩოებში“ მოაქცევს. გარდა ამისა, ყველაფერი ფინანსებზე გადის - ფორმა ხომ მშობელმა უნდა შეიძინოს?!  ქალბატონმა შორენამ კი სასკოლო ფორმა ისე დანერგა, არც განსაკუთრებული წინააღმდეგობები შეხვედრია და არც უკმაყოფილება გამოუწვევია, თუმცა თავად გვიმხელს, რომ ერთგვარი გამოწვევები მაინც იყო.

საინტერესოა, რამ უბიძგა მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისკენ, როგორ შეხვდნენ სიახლეს  მოსწავლეები და რეალურად აქვს თუ არა გავლენა ფორმას აკადემიურ მოსწრებაზე? - etaloni.ge-ს კითხვებს თბილისის N61 საჯარო სკოლის დირექტორი, შორენა ღუდუშაური პასუხობს და პირადი გამოცდილების საფუძველზე კოლეგებს რჩევებს უზიარებს:

- ბევრი მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს - თუ რატომ უნდა იყოს სკოლაში ფორმა! მათ შორის ერთ-ერთი ძირითადი საკითხია თანასწორობა. მოსწავლეებს აღარ ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, თუ თანატოლებს რა აცვიათ და რა არ აცვიათ... გარდა ამისა, სასკოლო ფორმა ზოგავს დროს - არ ფიქრობენ, რა ჩაიცვან სკოლაში, შესაბამისად, დაგვიანების მაჩვენებელიც მცირდება, იმატებს პასუხისმგებლობის გრძნობა... ესაა წესრიგი, რომელიც აყალიბებს მოზარდებში დისციპლინას, ორგანიზებულობას...

- ქალბატონო შორენა, ფორმის დაწესება დირექტორებს აქამდეც შეეძლოთ, თუმცა რადგან ფინანსებთანაა დაკავშირებული, ცოტა უხეშად თუ ვიტყვით, ბევრი ხელმძღვანელი ვერ ბედავდა გადაწყვეტილების მიღებას, თქვენ კი ფორმა წლების წინ​ დააწესეთ. ​რამ გიბიძგათ ამ გადაწყვეტილების მიღებისკენ?

- ამ სკოლაში 2027 წელს შემოვედით... ძალისხმევა არ დაგვიკლია, რათა მოსწავლეებს ჰქონოდათ გამართული ინფრასტრუქტურა და ყველა პირობა შეგვექმნა ხარისხიანი სასწავლო პროცესისთვის...

- ესე იგი, სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობითაც, თქვენი წილი აგური დადეთ სკოლის მშენებლობაში

- უდავოდ, ასეა... შევიტანეთ ახალი ინვენტარი, ტექნიკა, მოვაწყვეთ საკლასო ოთახები და სხვა სივრცეები, თუმცა ამით ხომ არ დავასრულებდით? მით უმეტეს, მშობლებისგან წამოვიდა ინიციატივა, დაგვენერგა ფორმები. ეს სურვილი მეც ყოველთვის მქონდა, მაგრამ როგორც აღნიშნეთ, ვერ „გავბედე“. ახლა კი ინიციატივა მშობლებისგან მოდიოდა, საკითხი თვითმმართველობასთან, პედაგოგიურ კოლექტივთან განვიხილეთ და დავამკვიდრეთ სასკოლო ფორმები.

- უკმაყოფილო მოსწავლეები და მშობლები გყავდათ?

- ყველა სიახლეს აქვს თავისი პატარა წინააღმდეგობები... ვერ გეტყვით, რომ ყველაფერი უპრობლემოდ წარიმართა, თუმცა ვისაუბრეთ, განვიხილეთ, დავარწმუნეთ... და სხვათა შორის, მეც დაწყებით საფეხურზე დავნერგე სასკოლო ფორმა.

- არადა, რეალურად, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებში უფრო აქტუალურია ე.წ. ბრენდომანია

- დაწყებით კლასებში სრული თანხმობა გვქონდა, მერე, ნელ-ნელა დავამკვიდრეთ საბაზო და საშუალო საფეხურებზე. იცით როგორაა - მე-6 კლასამდე ბავშვს რომ აცვია ფორმა, მიჩვეულია ამ აზრს და იცის - მე-7 თუ შემდეგ კლასებში ფორმა სავალდებულოა. ამიტომ მესმის, რატომ გადაწყვიტა სამინისტრომ საწყის ეტაპზე მხოლოდ დაწყებით საფეხურზე სიახლის დანერგვა.

- ბულინგის შემცირება დასახელდა სასკოლო ფორმების დანერგვის ერთ-ერთ მიზეზად. პირადი გამოცდილებით რომ გვითხრათ - ეფექტურია ეს მიდგომა?

- ვაღიაროთ - ბულინგის თემა უამრავი შეიძლება იყოს, თუმცა „ვის რა და როგორ აცვია“ ბულინგის მიზეზი უკვე აღარ არის.

- რას ურჩევდით თქვენს კოლეგებს - როგორ დაამკვიდრონ სასკოლო ფორმები უმტკივნეულოდ?

- დიდი ენერგიის დახარჯვა მოუწევთ... ახლა, როდესაც სახელმწიფომ განსაზღვრა ეს ვალდებულება, ვფიქრობ, კონტროლის მექანიზმიც იარსებებს. 

- ბევრჯერ გაიჟღერა, რომ სკოლაში ფორმების დაწესება არის ნაბიჯი უკან, კომუნიზმში... ბავშვებს დაშტამპულ აზროვნებას შეაჩვევენო

- მსოფლიოს წამყვან სკოლებში, მოსწავლეებს ფორმები აცვიათ, თუნდაც ამერიკაში, თუნდაც ევროპაში... სკოლის ფორმები ყოველთვის იყო და არის... 

- წამყვან სკოლებში ფორმებია, ჩვენთან კი განათლების დაბალი ხარისხი და ამ საკითხთან დაკავშირებით დაანონსებული რეფორმებიც ძალზე აქტუალურია. გულწრფელად მითხარით, სასკოლო ფორმა, მობილურების აკრძალვა სწავლის ხარისხზე დადებითად იმოქმედებს? ან ურჩ მოსწავლეებს როგორ უმკლავდებით, ვისაც ფორმის ჩაცმა არ უნდა?

- ყველაფერს რეფორმებს ვერ დავაბრალებთ… მოკლედ და მარტივად განსამარტი ეს საკითხი არ გახლავთ. ბევრი რამ მოქმედებს ხარისხზე, მათ შორის გამოვყოფდი ზოგადად მშობლების მიდგომას შვილების სწავლის მიმართ.

- გულგრილები გახდნენ მშობლები ამ საკითხისადმი?

- ასე ვერ ვიტყოდი, თუმცა ხშირად ვერ იცლიან... ალბათ უფრო სოციალურმა მდგომარეობამ განაპირობა. ვიბარებთ მშობელს და ვერ მოდის, არ მოდის... ასეთ დროს, როგორი სახელმძღვანელოც არ უნდა დავუდოთ, როგორი ფორმაც არ უნდა ჩავაცვათ, როგორი რეფორმებიც არ უნდა გავატაროთ, სკოლა-მშობელი ერთად თუ არ დადგება, შედეგზე გასვლა გაგვიჭირდება. მჭიდრო კავშირია საჭირო სკოლასა და მშობელს შორის. გარდა ამისა, ძირითადი ყურადღება გადატანილი გვაქვს ბავშვთა უფლებებზე. მუდმივად გვესმის: „უფლებები“, უფლებები“, „უფლებები“, მაგრამ სადაა ვალდებულებები? ამ უფლებების სწორად გაგება უნდა ვასწავლოთ ბავშვებს.

ურჩ მოსწავლეებს რაც შეეხება - ასეთებიც გვყავს... ამბობს ბავშვი, რომ არ უნდა ფორმის ჩაცმა, არ მოსწონს მაგალითად ფერი, მაგრამ ვუხსნით, რომ ეს კანონმორჩილების გამოხატულებაა. როდესაც ითვალისწინებ შინაგანწესს, ეს გახლავთ პატივისცემა სკოლისადმი... არანაირი დაძალება! არ არსებობს, ბავშვმა არ გაიგოს ის, რასაც სწორად უხსნი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

„დასაქმებულებიდან მხოლოდ 60 პროცენტს სჭირდება დიპლომი...“ - შრომის ბაზრის კვლევის სრული დოკუმენტი და პრემიერის განმარტება

მინისტრის ბრძანებით საჯარო სკოლის წესდებაში ცვლილებები შევიდა

იდეები მასწავლებლებისთვის - 6 მარტივი და შემოქმედებითი საკლასო აქტივობა დედის დღის აღსანიშნავად

სწავლის შედეგების შეჯამება - პედაგოგებთან შეხვედრა ჩატარდება

პიროვნება

„სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ აზროვნების თავისუფლებას“  

სკოლები

მოსწავლე-მასწავლებლების ერთობლივი გადაწყვეტილებით დაიწყო მუშაობა პროექტზე - „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია“

საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შესვენების დროს მთავარი წესი ტექნოლოგიებისგან სრული გამოთიშვაა

სიახლეები
საზოგადოება