სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ყველა ბავშვმა იცის - მათი უფროსი მეგობარი ვარ!“ - ფატიმა სიორიძე, ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
15-06-2023
-
+


წლებია ნოდარ დუმბაძის სახელობის, ოზურგეთის N2 საჯარო სკოლას ხელმძღვანელობს და ამბობს, რომ ამ სახელის ტარება უდიდესი პასუხისმგებლობაა. Etaloni.ge-სთან საუბრისას, ქალბატონი ფატიმა სიორიძე ამაყობს, რომ წამყვან-მენტორობის 4 მსურველის პორტფოლიო წარადგინა და იმ მიღწევებზეც დაწვრილებით საუბრობს, რომლებიც 2022-2023 სასწავლო წელსზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ჰქონდა.

- ქალბატონო ფატიმა, როგორი წელი ჰქონდა თქვენს სკოლას, რა მიღწევები აქვთ მოსწავლეებს და როგორც ხელმძღვანელი, რამდენად კმაყოფილი ხართ?

- მიმდინარე სასწავლო წელი, განსხვავებით პანდემიის მძიმე ორწლიანი პერიოდისგან, განსაკუთრებით წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს; პირველ კლასში 100-ზე მეტი მოსწავლე დავარეგისტრირეთ, სკოლა 89 მოსწავლემ დაამთავრა და მათგან 26 ოქროს, 2 კი ვერცხლის მედალოსნობის კანდიდატია; ასევე განსაკუთრებული აქცენტი გვქონდა გაკეთებული სასწავლო პროცესის სწორად დაგეგმვასა და წარმართვაზე; დაიგეგმა გაკვეთილები სხვა გარემოსა და სივრცეში, სსსმ მოსწავლეთა ჩართულობით; განხორციელდა ინტელექტუალური ვიქტორინები, პარალელური კლასების გაერთიანებით... ვამაყობ, რომ  ინტელექტუალური შეჯიბრების ფინალისტი გახდა ჩემი სკოლის გუნდი; სტატუსის ამაღლებაზე წარდგენილი გვყავს 4 მასწავლებელი; ჩვენთან დიდი ყურადღება ეთმობა არაფორმალურ განათლებას და მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ; ჩატარდა ბოლო ზარის ულამაზესი ღონისძიება და ასევე მივიღეთ მონაწილეობა მუნიციპალურ ღონისძიებაში, რომელშიც, მოსწავლეებთან ერთად, უკვე მშობლებიც ჩაერთნენ და რომელსაც ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრი ხელმძღვანელობდა. აქვე აღსანიშნავია, რომ გვაქვს კლუბური მუშაობის კარგი პრაქტიკა, სამინისტროს ეგიდით გამოცხადებულ კონკურსებშიც ვმონაწილეობთ და თამამად ვიტყვი -  ჩვენს სკოლაში ფორმალური თუ არაფორმალური განათლების მიმართულებით მრავალფეროვანი აქტივობები ხორციელდება. მე, როგორც დირექტორი, ძალიან კმაყოფილი ვარ მიმდინარე სასწავლო წლით, აქვე მინდა ხაზი გავუსვა მასშტაბურ პროექტს, რომელშიც მუნიციპალური მასშტაბით ერთადერთი, ჩვენი სკოლა მონაწილეობს, ჩართულია სრულად სასკოლო თემი და ვამაყობ, რომ ვმონაწილეობთ პროექტში - „დემოკრატია იწყება სკოლიდან!“

 - პირველკლასელთა შთამბეჭდავი რაოდენობა დაასახელეთ... აქვს სკოლას საჭირო რესურსი, რომ 100-ზე მეტი პირველკლასელი მიიღოს?

- 4  პარალელურ კლასს ველით მომავალ სასწავლო წელს და დიახ, რესურსი ნამდვილად გვაქვს, გვყავს პედაგოგებიც... იცით, ახლა კლასიდან კლასში გადასაყვანი გამოცდები ტარდება ჩვენს სკოლაში, რომლის შედეგების საფუძველზე, კვლევის ანალიზს გავაკეთებთ პედაგოგიური საბჭოს სხდომისთვის, რაც აისახება მასწავლებელთა შორის საათობრივ გადანაწილებაზეც...

- რას გულისხმობთ?

- გამოცდების საფუძველზე კვლევის ანალიზს გავაკეთებთ, პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე წარსადგენად და განსაკუთრებით მესამე საფეხურის საათობრივი განაწილების დროს გავითვალისწინებთ პედაგოგთა მზაობას - ვინ შეიძლება შევიდეს მესამე საფეხურის მოსწავლეებთან. შეიძლება, ძალიან გამოცდილი, კვალიფიციური პედაგოგი იყო, მაგრამ მესამე საფეხურის მოსწავლეებთან გაკვეთილზე შესვლას ცოტა სხვა უნარები სჭირდება...

- მასწავლებლები არ აპროტესტებენ ასეთ მიდგომას?

- მასწავლებლებმა ეს იციან! მათთვის სიურპრიზი ნამდვილად არ არის და პრეტენზიაც არ ექნებათ, უფრო სწორად ვერ ექნებათ იმის გამო, რომ მესამე საფეხურზე მაქსიმალურ აქცენტს ვაკეთებთ მოსწავლეთა სკოლაში გამოცხადებაზე, განსაკუთრებით მეთორმეტე კლასელების შემთხვევაში; ასეთ დროს მოსწავლე გაკვეთილზე რომ იჯდეს, კი გესმით, როგორი მომზადებული უნდა შევიდეს მასწავლებელი გაკვეთილზე და როგორი რესურსები უნდა შესთავაზოს.

- ბავშვებიც ემხრობიან კლასიდან კლასში გადასასვლელ გამოცდებს, ქალბატონო ფატიმა?

- სკოლის შინაგანაწესს ვალდებულია დაემორჩილოს სკოლის ყველა მოსწავლე! არც ერთ მოსწავლეს არ აკლია ჩვენგან ხელშეწყობა, თუმცა უნდა იცოდნენ, რომ ბევრი გაცდენის შემთხვევაში ექსტერნატის გამოცდის ჩაბარება მოუწევთ... ასე რომ, სკოლაში ყველამ უნდა იაროს, ჩვენ კი ვიზრუნებთ,  რომ მათ დახვდეთ საჭირო რესურსებით და საინტერესო აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი...

- რეალურად, რამდენად შედეგიანია შიდასასკოლო გამოცდები?

- ჩვენ გამოცდებსა და მათ შედეგებზე არ ვართ ორიენტირებულნი და არც ასეთი მიდგომა მიმაჩნია სწორად, მაგრამ ამ გამოცდებით, მე, როგორც სკოლის ხელმძღვანელად, ვხედავ რეალურ სურათს, რა ვითარებაა სკოლაში განათლების ხარისხის კუთხით.

- საატესტატო გამოცდების დაბრუნებაზე უკვე ალაპარაკდნენ... თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით და ზოგადად, როგორი დირექტორი ჰყავს თქვენს სკოლას?

- გააჩნია რა ფორმატით აღდგება ეს გამოცდები... რაც შეეხება ჩემს დირექტორობას, მკაცრი ნამდვილად არ ვარ, თანამშრომლობით მიდგომებს ვანიჭებ უპირატესობას და რაც მთავარია, ყველა ბავშვმა იცის - მათი უფროსი მეგობარი ვარ! აქტიურად ვარ ჩართული სასკოლო ცხოვრებაში, ვატარებთ გამოკითხვებს მშობლებთან, ბავშვებთან და ვითვალისწინებთ მათ ძლიერ და სუსტ მხარეებს. ისე კი სკოლის დირექტორი უნდა იყოს კარგი საგანმანათლებლო ლიდერი, რომელიც ყოველთვის დაიცავს თავისი უსაყვარლესი მოსწავლეების ინტერესებს, ვფიქრობ, ჩვენი მოღვაწეობის მთავარი მიზანი სწორედ ესაა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება