სიახლეები
სიახლეები

სასულიერო პირის მიმართვა აბიტურიენტებს: „დაფიქრება და კარგად გაანალიზება ყველას გვმართებს“
09-06-2023
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდების მოახლოებასთან ერთად, აბიტურიენტებისა და მათი მშობლების მღელვარებაც იმატებს. 

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის რექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე, მათ ურჩევს, გამოცდებამდე პატრიარქის ტრადიციად ქცეულ დალოცვას დაესწრონ ან საკუთარ სულიერ მოძღვარს სთხოვონ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის გზა დაულოცოს. სასულიერო პირი თვლის, რომ ეკლესიიდან წაღებული მადლით გამოცდაზე გასულს შებოჭილობა და სტრესიც მოეხსნება და გონებაც გაეხსნება.

- მამა მირიან, გამოცდები მოახლოვდა და აბიტურიენტებისა და მათი მშობლების მღელვარება პიკს აღწევს. რა რჩევა გექნებოდათ, როგორც სასულიერო პირს, რა უნდა გაითვალისწინონ, რომ სიმშვიდე შეინარჩუნონ?

- ზოგადი განათლების მიღების შემდეგ, ამ ახალგაზრდებისთვის, ახალი, უმაღლესი განათლების ეტაპი იწყება. ამ ახალ ეტაპზე გადასასვლელად, პირველ რიგში, ტაძარში უნდა მივიდნენ და მოძღვარს დაალოცვინონ თავი. ასევე, ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი, ყველა ეროვნული გამოცდების წინ, აბიტურიენტებს სამების საკათედრო ტაძარში ლოცავს და ეს უკვე ტრადიციად იქცა. ყველას ვურჩევ, მოიცალონ და ამ დალოცვას დაესწრონ. 

არ ვიცი, პატრიარქი წელს თუ შეძლებს თავად დალოცოს და შეხვდეს აბიტურიენტებს, თუმცა თუ მოახერხებს, მერწმუნეთ, მის დალოცვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ის ერის მამაა და მისგან დალოცვის მიღება დიდი მადლია. ეს მადლი, რასაკვირველია, გადმოდის აბიტურიენტზე და გონება უკეთესად უმუშავებთ.

ქრისტეს მოციქულებზე რომ გადმოვიდა ღვთის მადლი ქრისტეს აღდგომიდან 50-ე დღეს, ისინი ისეთი შეუპოვრები და შემართებულები გახდნენ, აღარაფრის ეშინოდათ, სხვადასხვა ენაზე ალაპარაკდნენ და ისე ავრცელებდნენ ქრისტეს მოძღვრებას. ქრისტეს აღდგომამდე და სულიწმიდის გადმოსვლამდე კი ადამიანური სისუსტეებით გამოირჩეოდნენ - პეტრემ სამჯერ უარყო უფალი, წყალზე უნდა გაიაროს ფეხით, მაგრამ როგორც კი შეეშინდება ჩაძირვას დაიწყებს; თომა მოციქულმა არ დაიჯერა, რომ სხვა მოციქულებმა უფალი იხილეს... ასეთი ბევრი შემთხვევაა აღწერილი სახარებაში და იგივე მოციქულები, სულიწმიდის გადმოსვლის შემდეგ შეუძლებელს აკეთებდნენ, თავსაც სწირავდნენ ქრისტიანობის გავრცელებისათვის. 

ამით იმის თქმა მინდა, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს სასულიერო პირის, ეკლესიის დალოცვას, მადლის გადმოსვლას. ის ღელვა, განცდა, სტრესი, რომელიც აბიტურიენტს აქვს, დალოცვის შემდეგ მოეხსნება, გათავისუფლდება შებოჭილობისა და სტრესისაგან, თავისუფლების ხარისხიც მეტი იქნება, მადლი გონებასაც გაუხსნის, გაიხსენებს, რაც უსწავლია და უფრო ადვილად ჩააბარებს გამოცდებს. დალოცვით ადამიანს აზროვნების უნარი, გონება უფრო მეტად ეხსნება. ასე რომ, აბიტურიენტი თუ დაესწრება პატრიარქის, მისი მოსაყდრის თუ რომელიმე ეპისკოპოსის მიერ სპეციალურად მათთვის განკუთვნილ დალოცვას, ამაზე კარგს ვერაფერს გააკეთებს.

- ამ ასაკში ხშირად არასწორ არჩევანს აკეთებენ ახალგაზრდები ან მშობლები იჟინებენ, რომ მაინცდამაინც იმ პროგრამაზე უნდა ისწავლონ რომელსაც თავად შეურჩევენ. ესეც გარკვეულწილად ამძაფრებს გამოცდაზე გამსვლელების სტრესს...

- პირველ რიგში, ღმერთს უნდა მივენდოთ ყველა. თუ ღვთის ნებაა, ყველაფერი კარგად იქნება. ნახეთ, როგორ ვლოცულობთ - როგორც შენ გინდა უფალო, ისე წარიმართოს ჩემი ცხოვრება, იყოს ნება შენიო. შეიძლება ახალგაზრდას ახლა უნდოდეს ამა თუ იმ სპეციალობის შესწავლა, მაგრამ უფალმა უკეთესად იცის, რა არის ჩვენთვის უკეთესი და ბოლოს მაინც ყველა იქ მოხვდება, სადაც მისი ნება იქნება. შეიძლება გარკვეული გადაწყვეტილება ნაჩქარევად მივიღოთ, ფეხის ხმას აჰყვეს ადამიანი, ან იმ პერიოდში რაღაც სპეციალობა იყოს უფრო მნიშვნელოვანი და იმიტომაც მიიღოს გარკვეული გადაწყვეტილება, მაგრამ დროთა განმავლობაში შეიძლება მიხვდეს, რომ ეს გზა მისთვის მნიშვნელოვანი არ ყოფილა და უკეთესი გზა დაინახოს.

ჩემი შვილის, ქეთევანის მაგალითს მოგიყვებით - ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა და მერე გვსაყვედურობდა, მე არ მინდოდა ფილოლოგობა, თქვენ მიბიძგეთ, ეს სპეციალობა ამერჩიაო. არადა, მაშინ წინააღმდეგობა არ გაუწევია. რომ დაამთავრა სწავლა, მაგისტრატურაში აღარ გააგრძელა სწავლა და თეატრალურ უნივერსიტეტში, დრამის რეჟისურაზე ჩააბარა, ამბობდა, ჩემი საქმე ახლა ვიპოვეო. ამიტომაც, დაფიქრება გვმართებს. რჩევა კარგია, მაგრამ თუ ადამიანს ეს საქმე არ იზიდავს, გამოდის, რომ ეს არჩევანი არ ყოფილა სწორი. იმ წლებს მთლად დაკარგულად არ ვთვლი, რადგან გარკვეულ განათლებას მაინც იღებს ადამიანი, მაგრამ დაფიქრება და კარგად გაანალიზება მაინც ყველას გვმართებს. 

რაც ახალგაზრდას უნდა, ის უნდა აირჩიოს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება აიძულო ადამიანი, გინდა თუ არა, ექიმი, იურისტი უნდა გამოხვიდეო. თვითონ უნდა აარჩიოს ბავშვმა თავისი თავისუფალი ნებიდან გამომდინარე ის, რაც მას იზიდავს. აბსოლუტური თავისუფლება უნდა მივცეთ ამ შემთხვევაში, რომ იქით წავიდეს, საითაც სული, გონი სთხოვს წასვლას. მის ინტერესებს უნდა შევუწყოთ ხელი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვაიძულოთ, ჩვენ არ უნდა მოვუნიშნოთ პროგრამების ჩამონათვალი, თუ სად უნდა ისწავლოს. როგორ შეიძლება ადამიანი იყოს ექიმი, თუ მას ეს სპეციალობა არ აინტერესებს და ეშინია სისხლის, არ შეუძლია, რომ ადამიანი გაკვეთოს თუ დახმარება აღმოუჩინოს?!

- გამოცდების დროს მშობლები შვილებზე არანაკლებად ღელავენ...

- ხშირად იმდენად არ ღელავს აბიტურიენტი, რამდენადაც მშობელი. მშობელს რომ აღელვებულს ხედავს ბავშვი, ეს ღელვა მასზეც გადადის. რა თქმა უნდა, მშობელი ნერვიულობს, რადგან მისი შვილის ბედი წყდება, ახალ ეტაპზე გადადის, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაანახოს ბავშვს, რომ ღელავს. პირიქით, უნდა დაამშვიდოს და უთხრას, რომ ყველაფერი კარგად იქნება და რაც ღმერთის ნებაა, ის აღსრულდება მხოლოდ. მშობელს უნდა ესმოდეს და შვილსაც უთხრას, რომ თუ ჩააბარებს, ხომ კარგი და თუ ვერა, არც ეს იქნება ტრაგედია, რადგან მომავალშიც ექნება დრო ამისთვის. მაგალითები უნდა მოვუყვანოთ - ადამიანები, ვინც სკოლაში ვერ სწავლობდნენ, პირველ წელს ვერ ირიცხებოდნენ უნივერსიტეტებში, ახლა გამოჩენილი და ნასწავლი პიროვნებები არიან. იყო შემთხვევები, რომ ვინც თავის დროზე ვერ ჩაირიცხნენ უნივერსიტეტებში, ისინი დიდი მეცნიერები გახდნენ მერე. 

- ჩვენთან ისეა აწყობილი სისტემა, თითქმის ყველა სკოლადამთავრებული სტუდენტი ხდება. მშობლებს ძირითადად ის ანერვიულებთ, სად მოხვდებიან მათი შვილები და რა თანხა ექნებათ გადასახდელი... 

- სამწუხაროდ, ასეა. თუმცა მოსწავლის აღზრდასა და განათლებაში ჩადებული ინვესტიცია არასოდეს არის დაკარგული. ჩათვალეთ, რომ ეს მომავალში ერთი ასად გამოიღებს შედეგს. ამიტომ, მშობლები უნდა ეცადონ, სწავლისთვის თანხა რაიმე საშუალებით მოიძიონ და დარწმუნებულები იყვნენ, რომ განათლებაში ჩადებული თანხა გადაყრილი არ არის და არც უნდა დაენანოთ.

ჩემმა თამარმა თავდაპირველად ერთ-ერთ კერძო უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც ძალიან დიდი იყო გადასახადი, მაგრამ ისე გაანულა ეს თანხა თავისი შრომით, რომ ორი წელი, სანამ მობილობით სხვაგან გადავიდოდა, თითქმის არაფერს იხდიდა. პირველ ნომრად ჩაწერა ეს უნივერსიტეტი, ოქროს მედალზე ჰქონდა სკოლა დამთავრებული და 100%-იანი გრანტიც მიიღო. რადგან პირველ ადგილას ჩაწერა, გარკვეული პროცენტი უნივერსიტეტმა აუნაზღაურა, ოქროს მედალსაც ჰქონდა გავლენა და ისე მოხდა, რომ სულ არაფერს იხდიდა. აბიტურიენტმაც უნდა განსაზღვროს, სად შეიძლება უფრო ხელსაყრელი იყოს მისთვის მოხვედრა. პირველ ნომრად რასაც ჩაწერს, იქ თუ ვერ მოხვდებიან, მეორე და მესამე ადგილას ისეთი პროგრამა უნდა ეწეროთ, რომელიც გარკვეულწილად ახლოს იქნება მათ სპეციალობასთან. 

ახლა ვინც აბარებს, მათთვის მოწოდება ცოტა დაგვიანებულია, მაგრამ ვინც მომავალში ჩააბარებს, მათ მინდა მოვუწოდო და ვუთხრა, რომ რაც შეიძლება, მეტი ცოდნა მიიღონ სკოლაში, ყურადღებით იყვნენ და უსმინონ მასწავლებლებს. მათი სკოლაში კარგად სწავლა ოჯახსაც გაუკეთებს შეღავათს.

- მშობლები გარეთ, ხშირად პაპანაქება სიცხეში ელოდებიან შვილების გამოცდიდან გამოსვლას. ბევრ ახალგაზრდას სულაც არ მოსწონს ეს ამბავი.

- ბავშვები განიცდიან, რომ ჩვენ, მშობლები განვიცდით და თან ასაკი აქვთ ასეთი -  ამპარტავნული. თვლიან, რომ სკოლა დაამთავრეს და უკვე დამოუკიდებლები არიან. ამ დროს კი მშობელი მაინც ცდილობს, მისი მეთვალყურეობის ქვეშ იყოს. ეს ამბავი კი მათ დისკომფორტს უქმნით.

ჩემმა სამივე შვილმა გაგვაფრთხილეს მე და ჩემი მეუღლე, რომ არ მივსულიყავით გამოცდის ადგილას, მაგრამ ჩუმად მაინც წავედით მე და ფოფოდია ისე, რომ მათ არ დავენახეთ. მშობელს ვერ დაადანაშაულებ ამ დროს, რადგან ნერვიულობს და განიცდის... მშობლებს ვურჩევ, თუ შვილებს არ უნდათ, იქ იყოს მისი მშობელი, მივიდეს და იქვე მდებარე ტაძარში დაელოდოს ისე, რომ სულაც არ დაენახოს. უმჯობესია, ღმერთს ელაპარაკო შენს შვილზე, ვიდრე შვილს ელაპარაკო ღმერთზე. მოწყალეა უფალი და შეისმენს შენს თხოვნას.

მუხიანში ერთ-ერთ სკოლაში ჰქონდათ ჩემს შვილებს გამოცდები. იქვე, ახლოს შენდებოდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარი. დამთავრებულიც არ იყო მშენებლობა, მაგრამ შევედით და იქ ვილოცეთ მე და ფოფოდიამ. რომ გამოვიდა ჩემი შვილი, გვისაყვედურა, რატომ დარჩითო. ვუთხარით, ტაძარი ვნახეთ და იქ შევედით სალოცავად თქო.  

ადამიანი მარტო, ღვთის გარეშე ვერაფერს მიაღწევს. რა წარმატებასაც არ უნდა მიაღწიოთ ცხოვრებაში, არასოდეს უნდა თქვათ, მე მივაღწიე და მე ვარ ამის შემოქმედიო. ადამიანის ძალისხმევას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ თუ ამას ღვთის წყალობა არ ახლავს თან, წარმატებული ვერაფრით იქნები. ეს არავის უნდა დაავიწყდეს!


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება