სიახლეები
სიახლეები

მამა პავლე: „მასწავლებლებმა მაგალითი უნდა აჩვენონ თავის მოსწავლეებს, ამ დღეს ტაძარში აუცილებლად უნდა მივიდნენ, აღსარება ჩააბარონ, ეზიარონ“
09-04-2023
-
+


აღდგომის დღესასწაული და მასთან ერთად, განსაკუთრებული დატვირთვის მქონე დღეები მოახლოვდა. ქრისტიანული სამყაროსთვის აღდგომა ერთადერთი საუფლო დღესასწაულია, რომელსაც „ბრწყინვალე“ ეწოდება.

ქრისტიანებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა მარხვის ბოლო, ვნების კვირას აქვს. ამ კვირის ყველა დღეს „დიდი“ ჰქვია - დიდი ორშაბათი, დიდი სამშაბათი და ა.შ. თითოეული დღე განსაკუთრებულ მზაობას მოითხოვს. 

Etaloni.ge ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის დირექტორს, მამა პავლე ცერცვაძეს, ესაუბრა, რომელიც ყველა მასწავლებელსა და მოსწავლეს მოუწოდებს, ვნების კვირაში აუცილებლად მივიდნენ ტაძარში, აღსარება ჩააბარონ, ეზიარონ...

მამა პავლე: აღდგომის მარხვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რომელიც 7 კვირისაგან შედგება. ამ პერიოდის განმავლობაში თითოეულ დღეს თავისი განმარტება აქვს. მარხვის ბოლო კვირას კი ვნების შვიდეული ჰქვია და განსაკუთრებული პერიოდია.

დიდ ორშაბათს ეკლესია იხსენებს უნაყოფო ლეღვის ხის გახმობას. უნაყოფო ლეღვი იმ სულის სიმბოლოა, რომელიც სინანულის ნაყოფს არ ისხამს.

დიდი სამშაბათის მსახურებაზე იკითხება იგავი 10 ქალწულის შესახებ, რომელიც შინაარსობრივად ადამიანებს მოუწოდებს სიფხიზლისკენ, გონიერებისკენ და მზადყოფნისკენ, რომ ადამიანმა მუდამ სულიერი სიფხიზლე გამოიჩინოს.

დიდი ოთხშაბათი, ეს არის დღე, როდესაც ერთ-ერთმა თორმეტთაგანმა მოციქულმა, იუდა ისკარიოტელმა, მაცხოვარი გასცა და 30 ვერცხლად გაყიდა.

დიდი ხუთშაბათი საიდუმლო სერობის ანუ ზიარების დაწესების დღეა.

დიდი პარასკევს მაცხოვარი ჯვარს აცვეს. ეს განსაკუთრებული სინანულის დღეა.

დიდ შაბათი ის დღეა, როდესაც მაცხოვარი ხორცით იმყოფებოდა საფლავში სულით კი ჯოჯოხეთში ჩავიდა და მართალთა სულები ამოიყვანა იქიდან.

- როგორ უნდა მოიქცნენ და რა უნდა გაითვალისწინონ ადამიანებმა დიდ ხუთშაბათს, დიდ პარასკევს, შაბათს, კვირას...

- დიდი ხუთშაბათი უმნიშვნელოვანესია ყველა ქრისტიანი ადამიანის და განსაკუთრებით მასწავლებლების ცხოვრებაში, რომლებმაც მაგალითი უნდა აჩვენონ თავის მოსწავლეებს, რაც იმაში გამოიხატება, რომ ამ დღეს აუცილებლად ტაძარში უნდა იყვნენ, აღსარება ჩააბარონ, ეზიარონ და იმ დიდ სიხარულს შეუერთდნენ, როგორიც არის ზიარების საიდუმლოს დაწესება.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი გიმნაზია არის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის და მისი რექტორი გახლავთ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) მეუფის კურთხევით ჩვენს გიმნაზიაში ისწავლება საღვთო სჯული, გალობა.

ჩვენს გიმნაზიაში ყველა ბავშვს ვუხსნით, რას ნიშნავს ეს დღე და რატომ უნდა მივიდეს ტაძარში, რა უნდა მიიღოს ამ დღისგან. ამ დღეს ეკლესია იხსენებს ზიარების დაწესებას, რაც არის გარანტი სულის ცხონებისა და გადარჩენისა და სწორედ ამას ემსახურება რელიგია - ადამიანი ამ გზით უნდა გადარჩეს, ცხონდეს. ზოგადად, დედამიწაზე მაცხოვრის ხორციელად მოვლინებაც ემსახურება ადამიანთა გამოხსნასა და გადარჩენას.

- თქვენი სკოლა ისვენებს დიდ ხუთშაბათს?

- დიახ, ჩვენთან დასვენების დღეა დიდი ხუთშაბათი, რადგან ამ დღეს ტაძარში მისვლას დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველა რელიგიურ დღესასწაულზე ესწრებიან ჩვენი მოსწავლეები წირვა-ლოცვას. შვიდგზის ზეთისცხებაც ჩავატარეთ და მასაც ყველა დაესწრო. გიმნაზიის ყველა მოსწავლემ და მასწავლებელმა წინასწარ იცის დღესასწაულების შინაარსი. რელიგიის გაკვეთილები გვაქვს, რაც სწორედ ამას ემსახურება. ხარაგაულის საკათედრო ტაძარი ჩვენი სკოლიდან ახლოს მდებარეობს. ჩვენი ბავშვები აბარებენ აღსარებას, ეზიარებიან... ჩვენი თითოეული მოსწავლე და მასწავლებელი განსაკუთრებული სიყვარულით ექცევა ერთმანეთს და ჩვენი სკოლის მთავარი დანიშნულებაც ეს არის - მოსწავლეების ადამიანებად ჩამოყალიბება, ეკლესიურად აღზრდა და ეკლესიურ ცხოვრებაზე განათლების მიცემა.

დიდ პარასკევს განსაკუთრებული სინანულით უნდა ხვდებოდეს ნებისმიერი ადამიანი. ჩვენი ცხოვრებისთვის, ჩვენი გადარჩენისთვის ქრისტემ დაანთხია თავისი ყოვლადპატიოსანი სისხლი და თითოეული ადამიანი გამოიხსნა ჯოჯოხეთისგან. როდესაც ადამი და ევა სამოთხიდან გამოიდევნა, ამის შემდეგ სასუფეველი დაიკეტა. ქრისტემ კი თავისი სისხლის გაღებით სასუფევლის კარი გახსნა და ყველა ადამიანს შანსი მისცა ცხონებისა და გადარჩენისა. ამ დღეს ტაძარში ტარდება გარდამოხსნის მსახურება, რომელსაც უნდა დაესწროს ყველა და გაიაზროს, რა განიცადა ღმერთმა, როდესაც ჩვენთვის ეს გააკეთა.

ოთხშაბათს და პარასკევს რომ მარხვაა დაწესებული, ეს სწორედ ამ დღეებს - დიდ ოთხშაბათს და დიდ პარასკევს უკავშირდება. ოთხშაბათს იუდა ისკარიოტელმა მაცხოვარი გასცა, პარასკევს - ჯვარს აცვეს.

აღდგომის დღესასწაული ზოგადად ყველასა და ყველაფერზე აღმატებულია. მას დღესასწაულთა დღესასწაული ეწოდება.

მიცვალებულთა მოხსენიების დღედ დაწესებულია ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათი.

- პასკა, ჯეჯილი და წითელი კვერცხია აღდგომის სიმბოლო...

- გადმოცემის მიხედვით, პასკა განასახიერებს იმ გოლგოთის მთას, რომელზეც მაცხოვარი ჯვარს აცვეს. 

წითელ კვერცხზე ასეთი გადმოცემა არსებობს, როდესაც მაცხოვარი მკვდრეთით აღდგა, ამაღლებამდე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და სხვადასხვა ადგილებში აგზავნიდა, რათა ადამიანებისთვის აღდგომის დღესასწაული ეხარებინათ. მარიამ მაგდალინელი, რომლისგანაც 7 ეშმაკი განდევნა უფალმა, საქადაგებლად გაეშურა იმპერატორ ტიბერიუსთან. კვერცხი მიაწოდა და მიულოცა აღდგომის დღესასწაული. იმპერატორმა წამოიძახა, როგორ შეეძლო მკვდარს აღდგომა, ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ამ კვერცხის წითლად შეღებვაო. სასწაულებრივად გაწითლდა კვერცხი და აქედან დაწესდა აღდგომის პერიოდში კვერცხის წითლად შეღებვა და კვერცხი დიდ პარასკევს უნდა შეიღებოს.

მწვანე ჯეჯილი კი სიმბოლოა ახალი ცხოვრებისა, რომელიც იესო ქრისტემ მოგვანიჭა თავისი აღდგომით.

ქვეყნის თითოეულ პედაგოგს, მოსწავლეს და ყველა ქრისტიანს ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
თუ ნაკვერჩხალზე დადებული ბზა აბრიალდებოდა, ეს ნიშნავდა, რომ პატრონი დიდხანს იცოცხლებდა...
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
ეს შეიძლება სხვადასხვა გზით გამოვლინდეს. მაგალითად, მოსწავლე გაკვეთილზე დაინტერესებას არ გამოხატავს, მოუსვენარია და მოტივაციის ნაკლებობაც შესამჩნევია
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება