სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

„ორმაგი პასუხისმგებლობაა, ვიყო მათი დირექტორი, ვინც ჩემი მასწავლებელი გახლდათ“- სალომე სარალიძე, ქუთაისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი
20-02-2023
-
+


სალომე სარალიძე ერთ-ერთი ყველაზე მრავალკონტინგენტიანი - აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის N1 საჯარო სკოლის ხელმძღვანელი გახლავთ და თავისი საქმე ძალიან უყვარს; დირექტორობა კი, ქალბატონი სალომესთვის ორმაგი პასუხისმგებლობაა, რადგან თავადაც ამავე სკოლის  კურსდამთავრებულია.

სკოლის დამთავრების შემდგომ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა, ბიოლოგიისა და მედიცინის ფაკულტეტზე; პროფესიით ბიოლოგი მშობლიურ ქალაქში - ქუთაისში დაბრუნდა და ქიმიის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, პარალელურად კი განათლების განყოფილებაში მუშაობდა. მალევე ქუთაისის მასწავლებელთა საზოგადოებამ, ადგილობრივი პროფკავშირების თავმჯდომარედ აირჩია; 2008-2014 წლებში N2 საჯარო სკოლის ხელმძღვანელი იყო, 2014 წლიდან კი ქუთაისის N1 საჯარო სკოლის დირექტორია და etaloni.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ დედობა უპირველესი მოვალეობაა.

ქალბატონი სალომე ქიმიას ასწავლის და მიაჩნია, რომ ახალგაზრდებთან ხშირი კონტაქტი აუცილებელია, რათა თავადაც ტონუსში იყოს და მუდმივად განვითარდეს. სკოლაში საინტერესო პროექტებს ნერგავს, რომლებშიც მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან და მიუხედავად იმისა, ამჟამად, 2400-მდე ბავშვი ჰყავთ, მუდმივად ცდილობს თითოეული მათგანის საჭიროება მოისმინოს და დაემხაროს.

საინტერესოა, რა განაპირობებს სკოლის პრესტიჟს? რატომ ირჩევენ ბავშები და მშობლები ქუთაისის N1 საჯარო სკოლა? არის თუ არა მნიშვნელოვანი მასწავლებლებისა და დირექტორების გამოცდები? Etaloni.ge-ს კითხვებს სკოლის დირექტორი, სალომე სარალიძე პასუხობს.  

- ქალბატონო სალომე, თქვენი სკოლა საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული და პრესტიჟულია... რა განაპირობებს ამას?

- მოსწავლეთა მაღალი შედეგები, მაღალკვალიფიციური მასწავლებლები და ისტორიული წარსულიც მეტწილად მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ ჩვენი სკოლა, თავისი შედეგებით, ქვეყნის მასშტაბით ათეულშია; კლასიკური გიმნაზიის მემკვიდრეა, დიდებული წარსულით გამოირჩევა და გარდა ამისა, თანამედროვეობა ამ წარსულთან სინქრონშია. კონკრეტულად უცხო ენების სწავლებაა ჩვენთან პრიორიტეტი... გერმანულს მე-3 კლასიდან ვასწავლით, რაც სასკოლო სასწავლო გეგმის ერთ-ერთი ინდივიდუალიზმის ნიშანია; ასევე მრავალი პროექტი ხორციელდება. ეროვნულ ოლიმპიადების მე-3 ტურში გადასულ მოსწავლეთა საკმაოდ დიდი რაოდენობაა. მაგალითად, ქართულ ენის გამოცდაში ჩვენს მოსწავლეს ყველაზე მაღალი შედეგი ჰქონდა, გერმანულის ტესტირებაზეც მოწინავე ადგილი დაიკავეს... ფაქტობრივად, სკოლის წარმატებას ეს შედეგები განაპირობებს.

- უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა პროექტები ხორციელდება სკოლაში?

- როგორც უკვე გითხარით, სკოლაში გერმანული ენა გაძლიერებულად ისწავლება. 2012 წლიდან დღემდე ხორციელდებოდა გოეთეს ინსტიტუტის პარტნიორ სკოლათა პროგრამა, რომლის პარტნიორიც ვიყავით. ახლა, მიმდინარე და მომავალი სასწავლო წლიდან DSD-პროგრამაში ჩართული სკოლების რიგში ვართ (DSD სტატუსში გავიდა სკოლა). ბუნებრივია, სასკოლო სასწავლო გეგმა მუშავედება სკოლაში და გარკვეული ფორმით მასში ცვლილებებს შევიტანთ.

საინტერესოა ისიც, რომ ჩვენი სკოლა იმ 100-ეულშია, რომელმაც სასკოლო სასწავლო გეგმაში გენდერის მიმართულებით შეიტანა ცვლილება... მიმდინარეობს ესტონური და ასევე ევროკავშირის პროექტები. 
                                                                                                        
- ასეთ დროს, მასწავლებლების როლი მნიშვნელოვანია... 

- რა თქმა უნდა! ეს შედეგი ვერ იქნება, თუ სკოლაში არ არიან მაღალკვალიფიციური და სერტიფიცირებული მასწავლებლები. ჩვენს სკოლას საკმაოდ ძლიერი გუნდი ემსახურება, რომელიც  თანამშრომლობითი კულტურით გამოირჩევა. ისინი ერთმანეთს აქტიურად უზიარებენ გამოცდილებას, ერთად გეგმავენ გაკვეთილებს, ერთმანეთის გაკვეთილებს ესწრებიან...

- როგორც ფიქრობთ სასკოლო განათლება არ არის საკმარისი თუ რატომ ხდება რომ მოსწავლეები, განსაკუთრებით მაღალ კლასებში, მაინც რეპეტიტორებთან ემზადებიან დამატებით ?

- ზოგადად რეპეტიტორის ინსტიტუტი არაერთი წელია არსებობს. თუმცა მოსწავლეს, რომელიც სკოლაში ყველაფერს სწავლობს და ბეჯითად მეცადინეობს რეპეტიტორის გარეშეც შეუძლია წარმატებით ჩააბაროს გამოცდები და მიიღოს მაღალი ქულები.

- თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია სკოლის დირექტორი მოსწავლეებს ასწავლიდეს?

- ახალგაზრდებთან, მათ გარემოცვასთან  ხშირი კონტაქტი აუცილებელია, რადგან შენც მუდმივად ტონუსში ხარ და ვითარდები. ამაში კი მასწავლებლობა გვეხმარება. როდესაც დირექტორი, პარალელურად, მასწავლებელიცაა მოსწავლეებთან კომუნიკაცია მარტივდება. ისინი გიყურებენ არა მხოლოდ როგორც დირექტორს, არამედ მასწავლებელს. უფრო ახლოს გიცნობენ და ნდობას გიცხადებენ. მასწავლებლის ყველაზე კარგი შემფასებელი ხომ მოსწავლეა?! მიყვარს მოსწავლეები, მასწავლებელი რომ ვარ, ეს ჩემთვის ერთ-ერთი საამაყო და მნიშვნელოვანია. 

- თქვენი პირველი დირექტორი გაიხსენეთ... შეცვლილი მოსწავლეებთან მიდგომები და ურთიერთობა?

- ჩემი პირველი დირექტორი პატივსაცემი ადამიანი, ყოველთვის მოსწავლეების მხარეს იყო და ძალიან ვუყვარდით. მისი კაბინეტის კარი ჩვენთვის მუდამ ღია იყო... კომუნისტური, ახლანდელი სიტუაციისგან განსხვავებული პერიოდის მიუხედავად, მაქსიმალურად გვისმენდა, ცდილობდა ჩვენი ინიციატივები, პროექტები, ღონისძიებები, არაფორმალური თუ ფორმალური განათლების კუთხით, წაეხალისებინა. ის ჩემთვის მაგალითი იყო.

- და თქვენთვის რას ნიშნავს დირექტორობა... როგორი ურთიერთობა გაქვთ მოსწავლეებთან?

- ქუთაისის N1 სკოლა მაქვს დამთავრებული, ამიტომ ჩემთვის ორმაგი პასუხისმგებლობაა, ვიყო მათი დირექტორი, ვინც ჩემი მასწავლებელი გახლდათ. სულ ვეძებ სიახლეებს, პროფესიულად ვიზრდები. ახლაც შიდა სასკოლო დიაგნოსტიკური წერებისთვის ვემზადებით და ტესტებს ერთობლივად ვამზადებთ. რაც შეეხება მოსწავლეებთან ჩემს ურთიერთობას ვფიქრობ, რომ მეგობრული ურთიერთობა მაქვს, იმიტომ, რომ მსგავსად ჩემი დირექტორისა, ჩემი ოთახის კარი მუდმივად ღიაა მოსწავლეებისთვის. მათ შეუძლიათ, მომმართონ არა მარტო ზოგად საკითხებზე, არამედ მესაუბრონ თავიანთ პრობლემებზეც. მაგრამ მაინც მგონია, რომ ეს შეკითხვა მათ უნდა დაუსვათ...

- პროფესიული ზრდა ახსენეთ... რას ფიქრობთ მასწავლებლებისა და დირექტორების გამოცდაზე?

- სერტიფიცირებული დირექტორი გახლავართ. ვფიქრობ, ადამიანს, რომელიც ამ სფეროშია და უნდა დირექტორობა აუცილებლად უნდა ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაცია და იცნობდეს იმ კანონმდებლობას, რომელთანაც სისტემატურად აქვს შეხება. გაკვეთილს უნდა დაესწრო, შეაფასო, როცა შესაბამისი ცოდნა არ გაქვს, ეს შეუძლებელია. სკოლის ეფექტური ხელმძღვანელი კი ყოველთვის საქმის კურსში უნდა იყოს. ასე ვფიქრობ მასწავლებლების გამოცდებზეც... სერტიფიცირებული მასწავლებელი გახლავართ, აუცილებელია მასწავლებელმა გამოცდა ჩააბაროს და იმ სიახლეების საქმის კურსში იყოს, რაც ხორციელდება. სკოლა ახლა ემზადება ახლა აკრედიტაციისთვის და ეს დიდი პასუხისმგებლობაა.

- განათლების რეფორმასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ, მოგწონთ?

- მისაღებია, წარმატებით ინერგება მე-3 თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა; სწავლის პროცესიც მეტად გამარტივდა. შემაჯამებელმა თუ კომპლექსურმა დავალებებმა უფრო პროდუქტიული გახდა სასწავლო პროცესი... ქიმია, ფიზიკა არაა მარტივი საგნები, თუმცა სახალისო კომპლექსური გაკვეთილებით ისინი უფრო საინტერესო გახდა. სახელმძღვანელოებიც მისაღებია, როცა სკოლაში გამოკითხვა ჩატარდა, იმასთან დაკავშირებით, რას შეცვლიდნენ მოსწავლეები, აღმოჩნდა, რომ სახელძღვანელოები ყველას მოსწონს.                                                                                                                                      

- განსაკუთრებული მიდგომები თუ გაქვთ მოსწავლეებთან?                                  

- ინდივიდუალური მიდგომა აქვს ყველა მასწავლებელს. თუ ვხედავთ, რომ მოსწავლე ვერ ესწრება გაკვეთილს, ინდივიდუალურად ვმუშაობთ და ვცდილობთ, გაცდენების გამოჩამორჩენა აანაზღაუროს.

- მოსწავლეთა ჩართულობა რამდენად მაღალია სასწავლო პროცესში?   
   
- მოსწავლეების ჩართულობისა და მშობლების გამოკითხვის გარეშე ერთი წუთით არ არსებობს სკოლა. აღსანიშნავია, რომ არაერთი პროექტია მათგან წარმოდგენილი და ჩემგან წახალისებული. ძალიან ბევრ  პროექტს ახორციელებს მოსწავლეთა თვითმმართველობა სკოლაში; მაგალითად, მათი ინიციატივით, შეჭირვებულ და მრავალშვილიან ოჯახის დახმარების მიზნით, საქველმოქმედო ღონისძიება ჩავატარეთ. ასევე, სკოლაში არაერთი საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
               

- მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების თვალსაზრისით, როგორი იყო 2022 წელი?

- 2022 წელი საკმაოდ წარმატებული იყო. გასულ წელს 192-მა მე-12 კლასელმა დაამთავრა სკოლა. მათგან ძალიან ბევრმა 100%-იანი გრანტით ჩააბარა სხვადასხვა უნივერსიტეტში. ასევე ოლიმპიადებში მაღალი ქულები აიღეს ჩვენმა მოსწავლეებმა. აქედან გამომდინარე, საკმაოდ დატვირთული და შედეგიანი სასწავლო წელი იყო. ასევე მინდა აღვნიშნო, პანდემიის რთული პერიოდი. მიუხედავად მრავალი სირთულისა და 2400 მოსწავლისა, უმოკლეს დროში შევძელით 3 - ცვლიან ეტაპზე გადაგვეყვანა სწავლების პროცესი... ჰიბრიდული სწავლების მეთოდი გამოვიყენეთ და მაქსიმალურად ვეცადეთ სასწავლო პროცესი ყოფილიყო დატვირთული.

- მთავარი მიზანი, რაც სკოლამ 2022-2023 წელს უნდა შეასრულოს?

- როგორც აღვნიშნე, სკოლა გოეთეს პარტნიორი იყო. ახლა DSD სტატუსზე გავედით, ამიტომ, სასკოლო სასწავლო გეგმა მთლიანად უნდა მოვარგოთ მას. ასევე ვგეგმავთ მნიშვნელოვან სიახლეებს - პროფესიული სწავლების დაგეგმვა გვინდა ქუთაისში და ესეც უნდა განვახორციელოთ.

- რა არის თქვენი პროფესიული გეგმა სამომავლოდ?

- მთავარი გეგმა არის ის, რომ მაქსიმალურად ვცდილობ, სასკოლო სასწავლო გეგმაში სიახლეები შევიტანო და დავგეგმო. პროფესიული კუთხით არაერთ ტრენინგს ვესწრები, როგორც მასწავლებელი დარეგისტრირებული ვარ რამდენიმეზე, რომელსაც აუცილებლად გავივლი.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო
შეხვედრამ ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა, მოსწავლეებმა თემატური პოსტერიც მოამზადეს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება