სიახლეები
სამასწავლებლო

„პედაგოგმა მხოლოდ საგანი არ უნდა ასწავლოს, მისი ქცევაც განაპირობებს პიროვნების ფორმირებას“ - ინტერვიუ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ჟიურის წევრთან
25-04-2018
-
+


მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსმა სტარტი მარტის დასაწყისში აიღო. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 20 აპრილს დასრულდა. ახლა განაცხადების ტექნიკური გადარჩევის პროცესი მიმდინარეობს, შემდეგ კი 18 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური საუკეთესო ათეულს გამოავლენს, 1-ლ სექტემბერს - 5 ფინალისტს, 5 ოქტომბერს კი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება ცნობილი.

როგორი უნდა იყოს მასწავლებელი, რომელიც 21-ე საუკუნის მოთხოვნების შესაბამის განათლებას მისცემს მოსწავლეს და რა არის დღევანდელი განათლების სისტემის მთავარი გამოწვევა, ამ და სხვა საკითხებზე Etaloni.ge მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის ჟიურის ერთ-ერთ წევრს, ზრდასრულთა განათლების სპეციალისტს, ტრენერს, პავლე თვალიაშვილს ესაუბრა.

საერთაშორისო კომისიებში მონაწილეობა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის სხვადასხვა პროექტში შეფასების ჯგუფის წევრობა, პედაგოგებთა გადამზადების პროცესში ტრენერად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება - სწორედ ამან განაპირობა პავლე თვალიაშვილის შერჩევა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ჟიურის წევრად:

- მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ჟიურის წევრობა დიდი პასუხისმგებლობაა, ამასთან დიდი პატივისცემაა ადამიანის მიმართ, რომელსაც აფასებენ და ეუბნებიან, რომ მიიღოს გადაწყვეტილება - ხმის მიცემით ან არმიცემით გადაწყვიტოს, ვინ იქნება ათეულის, ხუთეულის წევრი თუ გამარჯვებული.

- ბატონო პავლე, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელის გამოსავლენად ზოგადი კრიტერიუმები შემუშავებულია. თქვენ რას მიაქცევთ განსაკუთრებულ ყურადღებას? რა მახასიათებელი იქნება თქვენთვის გადამწყვეტი? თქვენი ხედვა რომ გაგვაცნოთ...

- ჟიურის წევრები სათითაოდ არ ვაფასებთ. საერთო კრიტერიუმები გვაქვს. გამოვყოფდი სწავლის შედეგების დინამიკას, რაც ხშირად ერევათ სტატიკაში. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, არაფორმალური განათლება. მაგალითად, რამდენად შეძლო მასწავლებელმა, რომ მოსწავლეები ჩაერთო არა მარტო სასკოლო აქტივობებში, არამედ სკოლის გარეშე პროექტებში. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგი კრიტერიუმი - ინოვაციური და ეფექტური მიდგომების გამოყენება. შეიძლება კონკრეტული სკოლისთვის ესა თუ ის მიდგომა იყოს ინოვაციური, მაგრამ პირობითად ფინეთში ან ნორვეგიაში დიდი ხანია, ამას იყენებენ. ამიტომ ეს საკითხი ხშირად საკამათოა, რა შეიძლება ჩაითვალოს ინოვაციურ მიდგომად. მაგრამ რადგან ინოვაციური და ეფექტური მიდგომების გამოყენებაზეა საუბარი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმარისია, თუკი პედაგოგი ეფექტურად იყენებს და მისთვის ეს არის ინოვაცია, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, პედაგოგს შეფასებისას მაღალი ქულები უნდა მიენიჭოს. 

ინოვაციური და ეფექტური მიდგომების გამოყენების განმარტებაში სტანდარტული და არასტანდარტული სწავლის ტექნიკებზეა საუბარი. არასტანდარტული და სტანდარტული სწავლის ტექნიკების გამიჯვნაც ძალიან ძნელია. ვიღაცისთვის რაღაც არის სტანდარტული და ვიღაცისთვის - არასტანდარტული. თუკი პედაგოგი ჩვეულებრივ გაკვეთილებს ატარებს და შემდეგ შემოიტანა რაღაც ახალი, მაგალითად, კლასგარეშე  მუშაობა, სკოლის გარეთ გაიყვანა ბავშვები და ტყეს, რომელიც ემიჯნება სკოლას, იყენებს, როგორც სასწავლო რესურსს. თუ მსგავსი რამ მანამდე არავის არ გაუკეთებია, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს არის მისთვის არასტანდარტული ან ინოვაციური სწავლების ტექნიკა. ისევე როგორც, ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო აქტივობა პედაგოგის მხრიდან. შეიძლება პედაგოგი კლასში იყოს ჩაკეტილი და სათემო აქტივობებს დროს არ უთმობდეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარება. შეიძლება დამწყები იყოს პედაგოგი და ძალიან კარგი მიგნებები ჰქონდეს. ისეთი მიგნებები, რომლებიც ღვაწლმოსილი, დიდი სტაჟის მქონე პედაგოგისთვის არ იყოს ცნობილი. ისევე როგორც პირიქით შეიძლება მოხდეს, გამოცდილმა ასწავლოს ძალიან ბევრი რამ დამწყებს. ასე, რომ ძალიან ძნელია, გამოვყოთ და ვთქვათ, მაინცდამაინც ერთი კრიტერიუმი კარგია და დანარჩენი - ნაკლებად.

- თქვენი აზრით, რა თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს მასწავლებელი, რომელიც 21-ე საუკუნის მოთხოვნების შესაბამის  განათლებას მისცემს მოსწავლეს?

- ორი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი: პროცესი და შედეგი. შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს. პედაგოგმა უნდა იცოდეს, ვის ზრდის. ეს პრობლემური საკითხია განათლების სისტემაში. თუ არ იცის პედაგოგმა, როგორ ადამიანს ზრდის, შესაბამისად, პროცესსაც ვერ დაგეგმავს. ამიტომ როდესაც პედაგოგს ეცოდინება, რა შედეგზე უნდა გაიყვანოს მოსწავლე, მისთვის ადვილი იქნება პროცესის დაგეგმვა. განათლებით მე ფიზიკოსი ვარ. როდესაც ფიზიკას ვასწავლიდი, თავიდან მიჭირდა, არ ვიცოდი, როგორ მესწავლებინა. ძალიან კარგი მასწავლებელი მყავდა გვერდით (გეოგრაფიის მასწავლებელი), რომელმაც თავისი გამოცდილება გამიზიარა. ეს ძალიან დამეხმარა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მნიშვნელოვანია, პედაგოგს შეეძლოს თავისი წარმატების სხვისთვის გაზიარება. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ პედაგოგი თუ თვითონ რაღაცას ვერ აკეთებს, თქვას, რომ არსებობენ ადამიანები, ვისაც შეუძლია მისი დახმარება. პედაგოგი უნდა იყოს ამბიციური, რომ ბევრი რამის მიღწევა შეძლოს და ამავდროულად თავმდაბალი, რომ არ აუვარდეს თავში, რასაც მიაღწია, არამედ თქვას, რომ მე მუდმივად უნდა ვისწავლო. 21-ე საუკუნე არის ის საუკუნე, რომელიც განსხვავდება სხვა საუკუნეებისგან, ერთხელ ნასწავლი არ გყოფნის 50 წლის განმავლობაში, შეიძლება არ გეყოს, თუნდაც, 5 წლის განმავლობაში. პედაგოგი მუდმივად დინამიკური უნდა იყოს, განვითარებაზე ორიენტირებული. უნდა შეეძლოს სწორი დიაგნოზის დასმა, უნდა ხედავდეს, რა აკლია თავის მოსწავლეს და რა აკლია თვითონ. თავადაც მიიღოს ის, რაც სჭირდება და მოსწავლეებს დაეხმაროს, რომ ან მისგან მიიღოს, ან გზა აჩვენოს, რომ დამოუკიდებლად მიიღონ ესა თუ ის ინფორმაცია.

- თუ გამოარჩევთ მასწავლებელს, რომელმაც თქვენს ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა? რომლის სწავლის მეთოდიც დღემდე განსაკუთრებულად გახსოვთ?

- ორი მასწავლებელი მახსოვს, ქართულისა და ფიზიკის მასწავლებლები. მათ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ჩემს ცხოვრებაში. ასევე მახსოვს ერთერთი მასწავლებელი, არ დავასახელებ რომელ საგანს ასწავლიდა, მან დამანახა, თუ როგორი არ უნდა იყოს მასწავლებელი. შესაბამისად, თუკი კარგი ანალიზი მოხდება, ცუდი მასწავლებელი არ არსებობს. „ცუდი მასწავლებელიც“ გასწავლის, როგორი არ უნდა იყო, ასევე კარგი მასწავლებელი გასწავლის, როგორი უნდა იყო. მასწავლებლობა ის პროფესიაა, რომელიც ყოველთვის კარგია, მიუხედავად იმისა, როგორია მასწავლებელი. ოღონდ ერთი პირობით, თუ მასწავლებელი მოსწავლეს ანალიზის გაკეთებას ასწავლის, ეს არის სერიოზული ქვაკუთხედი. თუ ტაქსონიმიის მიხედვით, აზროვნების დონეებს შევეხებით, მოსწავლემ არა მარტო დამახსოვრება და გაგება უნდა შეძლოს, არამედ ნასწავლის გამოყენება, ანალიზის გაკეთება და შექმნა უნდა შეძლოს. მე მყავდა ასეთი მასწავლებელი. არ გამოვყოფ, რადგან ერთი და ორი არ იყო. დღესაც ვაგრძელებ მათთან ურთიერთობას. დიდ პატივს მივაგებ მათ. იმდენი რამ მივიღე მათგან, ზოგისგან აკადემიური კუთხით, ზოგისგან - ქცევის. პედაგოგმა მხოლოდ საგანი არ უნდა ასწავლოს, მისი ქცევაც განაპირობებს პიროვნების ფორმირებას. ამიტომ არის, რომ შეფასების კრიტერიუმებში გვხვდება - ზოგადსაკაცობრიო სამოქალაქო ღირებულებები და პრინციპები. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი მასწავლებელი მაინც ოჯახში გვყავს - მშობლები. ისინი თავიანთი ქცევით გასწავლიან, როგორი უნდა ვიყოთ.

- განათლების სისტემის მთავარ გამოწვევად რას დაასახელებთ?

- ჩვენი ქვეყანა უნდა შეთანხმდეს, როგორ თაობას ვზრდით. ვინ იქნებიან სკოლაში შესული ბავშვები 12 წლის შემდეგ ან, თუნდაც, 9 წლის შემდეგ? საზოგადოების მთავარი გამოწვევაა -  გვინდა, რაც შეიძლება მეტი უმაღლესი განათლების მქონე სპეციალისტი გვყავდეს, ამ დროს შეიძლება, მე, როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს, მჭირდება პროფესიონალი ხელოსანი და სულაც არ მჭირდება 2 დიპლომის მქონე სპეციალისტი. ამიტომ კარგად უნდა გამიჯნოს ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენც, უმაღლესი განათლება არის საფეხური მეცნიერებისკენ და პროფესიული განათლება -  საფეხური ყოფიერებისკენ. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რა უნდათ ცხოვრებაში.

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
5 მიზეზი, რის გამოც ეროვნულებზე თქვენი სარეგისტრაციო განაცხადი გაუქმდება - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის
რეგიონული სასწავლო ტური სპეცპედაგოგებისთვის - ინფორმაციას მასწავლებლის სახლი ავრცელებს
NAEC ერთთვიან ვადას ასახელებს - დეტალები
პიროვნება

აბიტურიენტი რომ ვიყო პედაგოგობაზე ვიფიქრებდი და პედაგოგიურ უნივერსიტეტში ჩავაბარებდი

 

ის მომავალი თაობის პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებასა და წარმატებულ მომავალზე აქტიურად ზრუნავს
სკოლები
„თეატრი ბავშვის სულიერ აღზრდას ემსახურება და ესთეტიკური გემოვნების ფორმირებას უწყობს ხელს“
მოსწავლეებმა მხატვრულად წაკითხული პოეზიით დამსწრე საზოგადოება მოხიბლეს
სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო, ნაყოფიერი, შედეგზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, კლუბის წევრი მოსწავლეები, პედაგოგებთან ერთად, იმყოფებოდნენ მასწავლებლის სახლში
საინტერესო
სწავლობენ სხვისი აზრის გათვალისწინებას და იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთი ადამიანის წვლილი საერთო და მასშტაბურ საქმეში
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
სიახლეები
საზოგადოება