სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ტერმინოლოგიური ლექსიკონი მასწავლებლებისთვის 
13-11-2022
-
+


ერონულ სასწავლო გეგმაში მასწავლებლებისთვის არსებობს სპეციალური ტერმინოლოგიური ლექსიკონი, რომლის ფარგლებში პედაგოგებისთვის თითქმის ყველა პროფესიული ტერმინის მნიშვნელობა არის განმარტებული.

ა) ცოდნა – ცოდნის სამი კატეგორიის (დეკლარატიულის, პროცედურულის, პირობისეულის)  ერთიანობა, რომელიც სამი ტიპის შეკითხვას პასუხობს: რა ვიცი? როგორ შევასრულო? როდის, რატომ, რა შემთხვევაში გამოვიყენო?

დეკლარატიული ცოდნა – გულისხმობს თეორიების, ფაქტების, წესების, კანონებისა და პრინციპების თეორიულ ცოდნას. იგი სტატიკური ხასიათისაა და უპასუხებს  შეკითხვას:რა ვიცი?

პროცედურული ცოდნა – გულისხმობს ქმედების/ქმედებათა თანამიმდევრობის ცოდნას და იძლევა ცოდნის რეალიზების საშუალებას ოპერაციების/პროცედურების დონეზე. იგი დინამიკური ხასიათისაა, აღიწერება, როგორც უნარი და უპასუხებს შეკითხვას: როგორ გავაკეთო?/როგორ შევასრულო?

პირობისეული ცოდნა – გულისხმობს დეკლარატიული და პროცედურული ცოდნის გამოყენების პირობების გააზრებას. საგანთა, მოვლენათა, სიტუაციათა არსებითი ასპექტების გააზრების, კატეგორიზაციის უნარს, რომელიც ცოდნის სხვადასხვა კონტექსტში გადატანის (ტრანსფერის) შესაძლებლობას იძლევა. იგი დინამიკური ხასიათისაა და უპასუხებს შეკითხვებს: როდის, რა შემთხვევაში?  რატომ?

ბ) ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები – გამომდინარეობს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან. ისინი განსაზღვრავს იმ ზოგად უნარებსა და ღირებულებებს, რომელთა განვითარება-ჩამოყალიბებასაც ყველა საგანში შეძენილი ცოდნა უნდა ემსახურებოდეს;

გ) საგნობრივი ჯგუფის მიზნები – აზუსტებს და აკონკრეტებს ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებს საგნობრივი ჯგუფის სფეროს ფარგლებში. საგნობრივი ჯგუფის მიზნების განხორციელებას ემსახურება  საგნობრივი სტანდარტები და წლიური პროგრამები;

დ) საგნობრივი სტანდარტი – განსაზღვრავს ცოდნის სავალდებულო მინიმუმს, რომელსაც უნდა ფლობდეს მოსწავლე საფეხურის ბოლოს. იგი პასუხობს შეკითხვებს: რა უნდა იცოდეს  მოსწავლემ, რა უნდა შეეძლოს მას, რა ღირებულებებით უნდა აღიზარდოს იგი კონკრეტული საგნის ფარგლებში.  სტანდარტი შედგება შემდეგი ნაწილებისგან:

  • საგნის სწავლების მიზნები;
  • სტანდარტის შედეგები და შინაარსი;
  • მეთოდიკური ორიენტირები;
  • შეფასება.

ე) წლიური პროგრამა – გვიჩვენებს სასწავლო პროცესში საგნობრივი სტანდარტის მოთხოვნების რეალიზების გზებს. სტანდარტისგან განსხვავებით, წლიური პროგრამა სარეკომენდაციო ხასიათისაა;

ვ) საგნის სწავლა-სწავლების მიზნები – აკონკრეტებს ეროვნული სასწავლო გეგმისა და საგნობრივი ჯგუფის მიზნებს კერძო საგნის კონტექსტში;

ზ) სტანდარტის შედეგები – საგნის ცნებებზე დაფუძნებით განსაზღვრავს მიზნობრივ ორიენტირებს და უპასუხებს შეკითხვას: რა უნდა შეეძლოს საბაზო საფეხურის მოსწავლეს?შედეგები აღიწერება პროცედურული და პირობისეული ცოდნის სახით. სწავლა-სწავლება, ისევე როგორც შეფასება, უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს შედეგებზე დაყრდნობით;

თ) სტანდარტის შინაარსი – განსაზღვრავს, რა უნდა იცოდეს მოსწავლემ. შინაარსი აღიწერება  სავალდებულო ცნებების, სასწავლო თემების/ თემატური ბლოკების/ ჩარჩოების, საგნობრივი საკითხების სახით;

ი) ცნებები – საგნის სისტემური და გააზრებული ცოდნის საფუძველი ამ საგნის ძირითად ცნებათა სისტემაა. აქედან გამომდინარე, ცნებები შედეგის განუყოფელი ნაწილი და სასწავლო პროცესის მიზნობრივი ორიენტირია.  ცნების  სწავლა-სწავლება მოიცავს მის სამ სტრუქტურულ ელემენტს:  ტერმინს (ცნების აღმნიშვნელი სიტყვა), ცნების შინაარსს (ცნების განმსაზღვრელი, არსებითი ნიშან-თვისებები) და ცნების მოცულობას (მაგალითების/შემთხვევების სიმრავლე, რომლებსაც ეს ნიშან-თვისებები მიესადაგება);

კ) სასწავლო თემები – წარმოადგენს სასწავლო ერთეულს, რომლის ფარგლებშიც მუშავდება შედეგები და ცნებები. თითოეული თემის ფარგლებში შეძლებისდაგვარად სტანდარტის ყველა შედეგი უნდა დამუშავდეს. საგნობრივი პროგრამები თემების სახით მოსწავლეებს სთავაზობს ნაცნობ, მისი ასაკობრივი ინტერესების შესაბამის კონტექსტებს, რომლებიც საგნობრივი კომპონენტების (შედეგების, ცნებების, კონკრეტული საკითხების) ინტეგრირებულად და ურთიერთდაკავშირებულად სწავლების საშუალებას იძლევა; 

ლ) თემატური ბლოკი/ჩარჩო – იმ საგნებში, რომლებშიც სასწავლო თემები მჭიდროდ არ უკავშირდება სტანდარტის შედეგებს (ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული, როგორც მეორე ენა, უცხოური ენები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა, მათემატიკა, ფიზიკური აღზრდა და სპორტი), სავალდებულო თემების ნაცვლად თემატური ბლოკები/ჩარჩოებია წარმოდგენილი. ისინი ქმნის საერთო საფუძველს წლიურ პროგრამაში კონკრეტული სასწავლო  თემების განსაზღვრისათვის;

მ) საგნობრივი საკითხები – განისაზღვრება სტანდარტის შინაარსის ფარგლებში. ისინი შერჩეული უნდა იქნეს იმგვარად, რომ ცნებების გააზრებას, საკვანძო კითხვებსა და კომპლექსურ დავალებებზე მუშაობას, მკვიდრი წარმოდგენების ჩამოყალიბებას ემსახურებოდეს;

ნ) თემატური საკვანძო შეკითხვები – აკავშირებს სასწავლო თემას/თემატურ ბლოკს, საკითხებს სტანდარტის შედეგებთან. მათი ფუნქციაა მოსწავლის წინარე ცოდნის გააქტიურება, ცნობისმოყვარეობის გაღვივება, პროვოცირება ახალი ცოდნის შესაძენად;
სასწავლო თემის შედეგზე ორიენტირებულად სწავლა-სწავლების უზრუნველყოფა; 

თემის სწავლა-სწავლების პროცესში შუალედური ბიჯების/ეტაპების განსაზღვრა. საკვანძო შეკითხვა წარმოადგენს მაორგანიზებელ ელემენტს, რომელიც სასწავლო თემის ფარგლებში ასრულებს გაკვეთილ(ებ)ის მიზნის როლს.
თემატურ საკვანძო შეკითხვებს სარეკომენდაციო ხასიათი აქვს.

ო) საფეხურებრივი საკვანძო შეკითხვები – ისინი თემატური საკვანძო შეკითხვებისგან განსხვავებით სავალდებულო ხასიათისაა. საფეხურებრივი შეკითხვები განზოგადებულად განსაზღვრავენ ვექტორებს, რომლებიც სწავლა-სწავლების პროცესს შედეგებისკენ მიმართავს;

პ) შეფასების ინდიკატორები – გამომდინარეობს შედეგებიდან და აჩვენებს, თუ რა უნდა შეძლოს მოსწავლემ კონკრეტული თემის ფარგლებში. სხვა სიტყვებით, ინდიკატორი არის თემაში რეალიზებული შედეგი, რომელიც სავალდებულო ხასიათს ატარებს. ინდიკატორებში დაკონკრეტებულია ცოდნის ის სავალდებულო მინიმუმი, რომელსაც მოსწავლე თემის ფარგლებში უნდა დაეუფლოს. შეფასების ინდიკატორებზე დაყრდნობით ყალიბდება კრიტერიუმები შეფასების რუბრიკებისთვის;

ჟ) შემაჯამებელი კომპლექსური დავალება – განისაზღვრება თემების მიხედვით და წარმოადგენს შინაარსიან, ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირებულ დავალებას, რომლის შესრულება მოითხოვს ფუნქციურ კონტექსტებში სხვადასხვა ცოდნათა ინტეგრირებულად გამოყენებას;

რ) მკვიდრი წარმოდგენები – განისაზღვრება თემების მიხედვით. ეს არის ზოგადი  წარმოდგენები, რომლებიც თემის შესწავლისას უნდა ჩამოყალიბდეს მოსწავლის  ხანგრძლივ მეხსიერებაში მის (მოსწავლის) წინარე წარმოდგენებზე დაყრდნობით, რათა მან თემის ფარგლებში დასახული მიზნების მიღწევა შეძლოს. მკვიდრი წარმოდგენები აზროვნების საყრდენია გაგების აქტების განსახორციელებლად.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

2027 წლის აბიტურიენტებს ახალი გამოცდა ემატებათ - NAEC დეტალებზე 

 სად ჩატარდება „თბილისობა“ 2026 - ლოკაციების ჩამონათვალი და სხვა დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება