სიახლეები
სიახლეები

ანკეტირება, რეპრეზენტატულობა, ფოკუს-ჯგუფი, გენერალური ერთობლიობა, ტრანსკრიპტი - კვლევის მეთოდების განმარტებითი ლექსიკონი
01-07-2022
-
+


წამყვანობისა და მენტორობის სტატუსის მსურველი მასწავლებლებისთვის გამოცდა 14 და 15 ივლისს ჩატარდება. საგამოცდო პროგრამაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სკოლის, თემის, ასევე მასწავლებელთა პროფესიული საჭიროებებისა და პრობლემების შესაბამისი კვლევის დაგეგმვაა.

აპლიკანტებს კვლევის შესახებ ღია დავალებებე მუშაობა მოუწევთ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ტერმინოლოგიათა ცოდნა, რომელიც პედაგოგს აღნიშნულ საკითხზე დასჭირდება. 

გთავაზობთ თვისებრივი კვლევის მეთოდიკის ტერმინოლოგიის განმარტებით ლექსიკონს მასწავლებელთა საგამოცდო ლიტერატურიდან:

ანალიტიკური გამოკვლევა — სოციალური გამოკვლევის ყველაზე რთული სახეობა, რომელიც მიზნად ისახავს არა მარტო სოციალური პრობლემის აღწერას, არამედ, აგრეთვე მისი მამოძრავებელი ძალების, მიზეზების გამოაშკარავებას.

ანკეტირება — მასობრივი გამოკითხვის სახეობა, რომელიც კითხვარის გამოყენებით წარიმართება. ანკეტირების დროს რესპონდენტი თვითონ კითხულობს კითხვარის კითხვებს და თავადვე აღნიშნავს პასუხებს, რომლებიც მის აზრს შეესაბამება.

აქტორი (თვისებრივ კვლევაში) — პიროვნება, რომლის მოქმედებაც მკვლევრის დაკვირვების და შესწავლის საგანია. ტერმინი გამოიყენება ძირითადად ჩართული დაკვირვების შესახებ საუბრისას.

ბიოგრაფიული ინტერვიუ — სიღრმისეული ინტერვიუს ნაირსახეობა, რომელიც მიზნად ისახავს რესპონდენტის ცხოვრების (ბიოგრაფიის) ქრონოლოგიურ რეკონსტრუქციას, რათა შესწავლილ იქნეს ამა თუ იმ სოციალური პრობლემის გავლენა ინდივიდის ცხოვრებაზე, მის მიერ ამა თუ იმ მოვლენების გააზრება და შეფასება, და სხვ. ბიოგრაფიულ ინტერვიუსა და „ცხოვრების ისტორიას“ შორის ბევრია საერთო.

აღწერითი გამოკვლევა — სოციალური გამოკვლევა, რომელიც ტარდება ამა თუ იმ სოციალური პრობლემის შეძლებისდაგვარად სრული აღწერის მიზნით, ხშირად — რათა გამოვლენილი იქნეს, არსებობს თუ არა კავშირი ამ პრობლემის შემადგენელ ელემენტებს შორის.

გამოკვლევის პროგრამა — საბუთი, რომელიც აუცილებელია ემპირიული სოციალური გამოკვლევის ჩასატარებლად. გამოკვლევის პროგრამა კვლევის დაწყებამდე უნდა შემუშავდეს. აქ ჩამოყალიბებულია გამოკვლევის სტრატეგია, დასაბუთებულია გამოკვლევის პრობლემის მნიშვნელობა და აქტუალურობა და მის შესასწავლად შერჩეული გზების (მეთოდების) გამოყენების მართებულობა. გამოკვლევის პროგრამის საფუძვლიანი დამუშავება ხელს უწყობს ხარისხიანი გამოკვლევის ჩატარებას და სანდო შედეგების მიღებას, თუმცა წმინდა გამოყენებითი გამოკვლევების შემთხვევაში მისი შემუშავება შეიძლება არ მოხდეს.

გენერალური ერთობლიობა — ყველა იმ ადამიანთა ერთობლიობა, ვისაც ახასიათებს ის სოციალურ-დემოგრაფიული თვისებები, რომელთა შესწავლაც მკვლევრის მიზანს წარმოადგენს. გამოკვლევის ობიექტიდან გამომდინარე, გენერალური ერთობლიობა შეიძლება სხვადასხვა იყოს. მაგალითად, თუ ჩვენი მიზანია საქართველოს მოსახლეობის აზრის შესწავლა, გენერალურ ერთობლიობას წარმოადგენს საქართველოს ყველა სრულწლოვანი მოქალაქე; თუ შევისწავლით ქართველი ქალების დამოკიდებულებას ამა თუ იმ პრობლემისადმი, გენერალური ერთობლიობაა საქართველოში მცხოვრები ქალები; თუ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების აზრის შესწავლას ვისახავთ მიზნად, ჩვენი გენერალური ერთობლიობა ამ უნივერსიტეტის სტუდენტები იქნებიან. გენერალური ერთობლიობის განსაზღვრა შერჩევის შედგენის საფუძველია.

დაზვერვითი გამოკვლევა — სოციალური გამოკვლევის ყველაზე უბრალო ტიპი, რომლის მიზანიცაა ამა თუ იმ პრობლემის წინასწარი შესწავლა, მისი მდგომარეობის „დაზვერვა“.

დაკვირვება — ინფორმაციის შეგროვების მეთოდი, რომლის დროსაც მკვლევარი აკვირდება აქტორ(ებ)ის მოქმედებას. ერთმანეთისაგან განასხვავებენ ე.წ. „უბრალო“ და „ჩართულ“ („მონაწილე“) დაკვირვებას. პირველ შემთხვევაში, მკვლევარი არანაირად არ ერევა იმ მოვლენებში, რომლებსაც აკვირდება, ხოლო მეორე შემთხვევაში ის ხშირად სრულად იზიარებს დაკვირვების ობიექტთა ყოფას, მონაწილეობას იღებს მათ საქმიანობაში, ესაუბრება მათ, რათა უკეთ შეისწავლოს მათი ცხოვრება.

დახურული კითხვები — კითხვების სახეობა სოციოლოგიურ კითხვარში, რომლებსაც თან ახლავს პასუხის შესაძლო ვარიანტების სია.

დემოგრაფია — მოსახლეობის სტრუქტურის მეცნიერული შესწავლა, რომელიც აწარმოებს მოსახლეობის რაოდენობის ზრდისა და შემცირების, შობადობის, სიკვდილიანობის, სიცოცხლის ხანგრძლივობის, მიგრაციის ანალიზს; აგრეთვე, განიხილავს მის ასაკობრივ, სქესობრივ თანაფარდობას და ამ მაჩვენებლების ცვლილებებს. დემოგრაფიული ინფორმაციის შეგროვების უმთავრესი წყაროა რეგულარული აღწერა, რომელიც ყველა სახელმწიფოში საშუალოდ 10 წელიწადში ერთხელ ტარდება.

ეთნოგრაფია — განსხვავებული კულტურის შესწავლა და აღწერა, რომელიც ძირითადად თვისებრივი მეთოდების გამოყენებით ხდება. ეთნოგრაფიის ძირითადი მიზანია ცხოვრების განსხვავებული წესების გაგება ისე, როგორც ეს წესები ამ კულტურის წარმომადგენლებს ესმით.

ეთიკა — პროფესიული საქმიანობის განმსაზღვრელი პრინციპების და ნორმების ერთობლიობა, რომელიც ამა თუ იმ პროფესიის ზნეობრივ ღირებულებებს გამოხატავს. ეთიკური ნორმები თავმოყრილია ეთიკის კოდექსებში.

თვისებრივი მეთოდები — სოციალური კვლევის მეთოდების ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ისეთ მეთოდებს, როგორებიცაა სიღრმისეული ინტერვიუ, „ცხოვრების ისტორია“, ფოკუს-ჯგუფი, დაკვირვება, მონოგრაფიული გამოკვლევა, და სხვ. ეს მეთოდები ცნობილია როგორც „მოქნილი“ მეთოდები და რაოდენობრივი მეთოდებისაგან განსხვავებით მიზნად ისახავს არა შესასწავლი ფენომენის რაოდენობრივი გავრცელების სურათის დადგენას, არამედ მის სიღრმისეულ შესწავლას.

ინტერვიუ — რესპონდენტის გამოკითხვის, მისგან ინფორმაციის მიღების პროცესი. ინტერვიუ ვერბალური ინფორმაციის მიღების ყველაზე უფრო გავრცელებული საშუალებაა სოციალურ კვლევებში. მისი რამდენიმე ძირითადი ტიპი გამოირჩევა, გამომდინარე იქიდან, რამდენად სტრუქტურირებულია ინტერვიუ: სტრუქტურირებული, ნაწილობრივ სტრუქტურირებული და არასტრუქტურირებული.

ინტერვიუერი — კვლევითი ჯგუფის წევრი, რომელიც უშუალოდ ესაუბრება რესპონდენტს, მიმართავს მას კითხვარის კითხვებით და ინიშნავს მიღებულ პასუხებს. ინტერვიუერი ძირითადად მასობრივი გამოკითხვის პროცესში გამოიყენება.

ინფორმანტი — ჩართული დაკვირვების დროს მკვლევარის ინფორმაციის ერთ-ერთი ძირითადი წყარო; შესასწავლი კულტურის წარმომადგენელი, რომელიც ეხმარება მკვლევარს ამ კულტურის შესწავლაში.

კითხვარი — სპეციალური წესების თანახმად შედგენილი კითხვების ერთობლიობა, რომელთაც რესპონდენტები პასუხობენ მასობრივი გამოკითხვის დროს. გამოკითხვის ტიპიდან გამომდინარე, კითხვარი შეიძლება მიძღვნილი იყოს მხოლოდ ერთი თემისადმი ან სხვადასხვა თემატური ბლოკისაგან შედგებოდეს.

კონტენტ-ანალიზი — სოციოლოგიური კვლევის მეთოდი, რომლის მეშვეობითაც შეისწავლება სხვადასხვა ტიპის დოკუმენტები მათში ამა თუ იმ მაჩვენებლების გამოვლენის სიხშირის დაფიქსირების მიზნით. ტერმინი ითარგმნება ქართულ ენაზე როგორც „შინაარსის ანალიზი“; ის შეიძლება იყოს როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი.

მასობრივი გამოკითხვა — სოციოლოგიური კვლევის ყველაზე ფართოდ გავრცელებული რაოდენობრივი მეთოდი, მოსახლეობის აზრის შესწავლა ამა თუ იმ პრობლემასთან დაკავშირებით მისი რეპრეზენტატული ნაწილის (შერჩევის) გამოკითხვის საფუძველზე. გამოკითხვა ხდება ფორმალიზებული კითხვარის საფუძველზე, სპეციალური წესების თანახმად შერჩეულ რესპონდენტებთან.

მეთოდი — ამა თუ იმ საქმიანობის პრაქტიკული განხორციელების კონკრეტული ხერხი. სოციალურ კვლევაში — პირველადი ინფორმაციის შეგროვების საშუალება.

სოციალური კვლევის მეთოდიკა — პირველადი ინფორმაციის შეგროვების, დამუშავების და გამოყენების მეთოდების ერთობლიობა.

სოციალური კვლევის მეთოდოლოგია — სამეცნიერო კვლევის ლოგიკა, რომელიც ერთიან სისტემაში აერთიანებს მის პრინციპებს, წესებსა და მეთოდებს. სოციალურ კვლევაში მეთოდოლოგია განიხილება როგორც კვლევის თეორიული საფუძველი, უკავშირდება მის პრობლემურ მონახაზს და თავის გამოხატულებას პოულობს გამოკვლევის პროგრამაში.

მოდერატორი — ფოკუს-ჯგუფის წამყვანი, რომელიც შეიძლება იყოს როგორც თავად მკვლევარი, ასევე მოწვეული პირი.

მონოგრაფიული გამოკვლევა — კვლევითი მიდგომა სოციალურ მეცნიერებებში, რომელიც რამდენიმე მეთოდს აერთიანებს; ცნობილია, აგრეთვე „შემთხვევის შესწავლის“ სახელით. ეს მიდგომა უპირველეს ყოვლისა გამოირჩევა იმით, რომ მის ფარგლებში მრავალი მეთოდი გამოიყენება (უპირველეს ყოვლისა — ჩართული დაკვირვება), საველე სამუშაოები კი ძალიან დიდი ხნის მანძილზე გრძელდება. თუმცა ყველაზე ხშირად მონოგრაფიული გამოკვლევა თვისებრივ მეთოდებთან ასოცირდება, მის ფარგლებში რაოდენობრივი მეთოდებიც გამოიყენება.

ნახევრად დახურული კითხვები — კითხვების სახეობა სოციოლოგიურ კითხვარში, რომლებსაც თან ერთვის პასუხის შესაძლო ვარიანტების სია, მაგრამ, აგრეთვე მოცემულია დამატებითი ვარიანტი „სხვა“, სადაც რესპონდენტებს საშუალება ეძლევათ, დააფიქსირონ განსხვავებული აზრი, რომელიც არ იქნა (ან ვერ იქნა) გათვალისწინებული გამოკითხვის ორგანიზატორების მიერ.

პირისპირ ინტერვიუ — ინტერვიუს ყველაზე გავრცელებული სახეობა, რომლის დროსაც ინტერვიუერი პირისპირ ესაუბრება რესპონდენტს და კითხვარში ინიშნავს მის მიერ გაცემულ პასუხებს. პირისპირ ინტერვიუ, როგორც წესი, რესპონდენტის ბინაზე ტარდება; მისი ხანგრძლივობა შეიძლება მერყეობდეს 20 წუთიდან 60 წუთამდე. ინტერვიუს სხვა სახეობებია სატელეფონო და საფოსტო ინტერვიუ.

რაოდენობრივი მეთოდები — სოციალური კვლევის ფორმალიზებული მეთოდები, რომელთა გამოყენებაც სტატისტიკურ კანონზომიერებებს ემყარება და რომლებიც მიზნად ისახავს გამოავლინოს ამა თუ იმ სოციალური ფენომენის გავრცელება, მისი გამოვლენის სიხშირე. ეს ისეთი მეთოდებია, როგორც მასობრივი გამოკითხვა, კონტენტ-ანალიზი.

რეაქტიულობა — მკვლევრის ან კვლევითი სიტუაციის გავლენა აქტორების საქციელსა და ნათქვამზე, კვლევის ობიექტების რეაქცია იმ გარემოებაზე, რომ მკვლევარი შეისწავლის მათ; განსაკუთრებით ვლინდება ჩართული დაკვირვების წარმოების პროცესში. იციან რა, რომ მათ მოქმედებას აკვირდებიან, ადამიანები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ იმას, თუ როგორ იქცევიან, როგორ ეპყრობიან სხვა ადამიანებს, რას და როგორ ამბობენ, და საბოლოო ჯამში მათი საქციელი ბუნებრივი აღარ არის, მკვლევრის არსებობა რომ არა, ისინი ასე არ მოიქცეოდნენ. რეაქტიულობა ადამიანების ბუნებრივი რეაქციაა, მაგრამ დაკვირვების წარმოებისას ეს ძალზე სერიოზული პრობლემაა, ვინაიდან ამახინჯებს მიღებულ შედეგებს.

რეპრეზენტატულობა — მთავარი მოთხოვნა რესპონდენტთა შერჩევისადმი მასობრივი გამოკითხვის ჩატარების დროს. რეპრეზენტატულობა გულისხმობს, რომ შერჩევა პროპორციულად ასახავს გენერალური ერთობლიობის ძირითად მაჩვენებლებს, წარმოადგენს რა მის „მიკრომოდელს“.

რესპონდენტი — ადამიანი, რომელიც კვლევის ჩატარების დროს ინფორმაციის უშუალო წყაროა, რომლისგანაც მკვლევრები იღებენ მათთვის საჭირო ინფორმაციას; გამოკითხული.

სადისკუსიო გეგმა — კვლევის ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება სიღრმისეული ინტერვიუს და ფოკუს-ჯგუფების სტრუქტურირების მიზნით. ესაა ინტერვიუს სავარაუდო კითხვების სია. სადისკუსიო გეგმა ძირითადად „ღია“ კითხვებისგან შედგება.

საველე სამუშაოები — ტერმინი, რომლითაც მოიხსენიება კვლევის ჩატრებისას პირველადი ინფორმაციის შეგროვების პროცესი.

სატელეფონო გამოკითხვა — მასობრივი გამოკითხვის სახეობა, რომელიც ტელეფონის მეშვეობით ტარდება. სატელეფონო ინტერვიუები, როგორც წესი, 10-15 წუთზე მეტ ხანს არ გრძელდება. სატელეფონო გამოკითხვის ჩატარებისას განსაკუთრებით ძნელია რეპრეზენტატულობის დაცვა.

სიღრმისეული ინტერვიუ — ინტერვიუს სახეობა, რომელიც ფართოდ გამოიყენება თვისებრივ მეთოდებში. ესაა ნაწილობრივ სტრუქტურირებული ინტერვიუ, რომელიც სადისკუსიო გეგმის საფუძველზე წარიმართება და მიზნად ისახავს, შეიტყოს რესპონდენტის არა მხოლოდ დამოკიდებულება და პოზიცია, არამედ მოტივაციები.

ტრანსკრიპტი — ინტერვიუს ან ფოკუს-ჯგუფის აუდიო-ჩანაწერის ქაღალდზე გადატანის („გაშიფვრის“) შედეგად მიღებული ტექსტი. თვისებრივ კვლევაში ხშირად სწორედ ტრანსკრიპტის სახით ვიღებთ პირველად („ნედლ“) მონაცემებს, რომელთა დამუშავებაც ხდება კვლევის შედეგების ანალიზის მიზნით.

ფოკუს-ჯგუფი — თვისებრივი კვლევის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდი, რომელიც ასევე ცნობილია „ჯგუფური დისკუსიის“ სახელით. როგორც წესი, ფოკუს-ჯგუფში 6-დან 12-მდე რესპონდენტი იღებს მონაწილეობას; ის წარიმართება სადისკუსიო გეგმის საფუძველზე სპეციალური კვალიფიკაციის მქონე წამყვანის, მოდერატორის მიერ.

„ღია“ კითხვა — კითხვის სახეობა, რომელიც არ სთავაზობს რესპონდენტებს პასუხის შესაძლო ვარიანტებს. ამ ტიპის კითხვები ძალიან მიზანშეწონილია იმდენად, რამდენადაც ისინი მინიმალურ გავლენას ახდენს რესპონდნეტთა პასუხებზე, მაგრამ მათი სტატისტიკური დამუშავება ძალიან შრომატევადია, ამიტომ ღია კითხვები უფრო ფართოდაა გავრცელებული და უფრო დამახასიათებელია თვისებრივი კვლევისთვის.

შერჩევა — წესები, რომელთა თანახმადაც უნდა მოხდეს რესპონდენტთა შერჩევა გენერალური ერთობლიობის წევრებისაგან. ამ პროცესს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მასობრივი გამოკითხვის ჩატარების დროს, სადაც შერჩევა რეპრეზენტატული უნდა იყოს; თვისებრივ კვლევაში შერჩევის შედგენასთან დაკავშირებით ნაკლები მოთხოვნა არსებობს.

შერჩევითი ერთობლიობა — რესპონდენტთა ჯგუფი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ შერჩევის შედეგად და რომლებსაც უშუალოდ გამოვკითხავთ. თუ შერჩევა სწორად განხორციელდა, შერჩევითი ერთობლიობა გენერალური ერთობლიობის რეპრეზენტატული იქნება.

„ცხოვრების ისტორია“ - სიღრმისეული ინტერვიუს ნაირსახეობა, რომელიც მიზნად ისახავს ამა თუ იმ პრობლემის შესწავლას რესპონდენტის ცხოვრებაში ამ პრობლემის ადგილის, მისი გავლენის დადგენის მეშვეობით. იხ. აგრეთვე: ბიოგრაფიული ინტერვიუ.

ჰიპოთეზა — მეცნიერულად დასაბუთებული ვარაუდი იმის შესახებ, თუ როგორი პასუხია მოსალოდნელი მკვლევრის მიერ დასახულ კვლევით კითხვებზე. ჰიპოთეზა გამოკვლევის პროგრამის აუცილებელი ნაწილია.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება