სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ინტერვიუ

„სკოლის დახასიათებას მოსწავლეზე გავლენა არ უნდა ჰქონდეს, რადგან შესაძლოა მიკერძოებული იყოს“-ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის დირექტორი ლია შატაკიშვილი
16-03-2022
-
+


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის დირექტორმა, ლია შატაკიშვილმა კარიერული და ცხოვრებისეული გზა რადიკალურად რამდენიმე წლის წინ შეიცვალა. სკოლის ხელმძღვანელობამდე იგი აქტიური მოქალაქე გახლდათ. ქალთა სათემო ორგანიზაციის „ნიქოზის“ ჩამოყალიბებით ქალთა უფლებების შესახებ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტიც განახორციელა. მშობლიური სკოლის კარი კი 4 წლის წინ კვლავ შეაღო, როდესაც დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე ყველა ეტაპი წარმატებით გადალახა. 

გამოთქმას, „სწავლა სიკვდილამდე“ ლია შატაკიშვილი ნამდვილად ამართლებს; მიუხედავად იმისა, რომ დირექტორი და ქიმიის მასწავლებელია, სწავლას მაინც განაგრძობს - იგი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 60 კრედიტქულიან პროგრამაზე სწავლობს, რომლის დასრულების შემდგომ უფროსი მასწავლებლის სტატუსიც მიენიჭება. საკუთარი ენთუზიაზმითა და ენერგიით კი პედაგოგებისა თუ მოსწავლეებისთვის მართლაც რომ სამაგალითოა.

რას ფიქრობს დიფერენცირებული სწავლების შესახებ, ფიქრობს თუ არა, რომ 5 წლის ბავშვს სკოლაში შესვლა უნდა შეეძლოს და კიდევ მრავალ საინტერესო თუ საჭირბოროტო საკითხებზე პასუხებს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის დირექტორ, ლია შატაკიშვილთან ძალიან საინტერესო ინტერვიუში ამოიკითხავთ. საგანმანათლებლო საკითხებზე საუბრამდე, დირექტორმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე გააკეთა კომენტარი:

- არამხოლოდ ბავშვებისთვის, ჩვენთვის, უფროსებისთვისაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა ჩვენს თავზე გადამხდარი ომის საშინელება კვლავ გაგვხსენა... 2008 წლის ომი, ჩვენს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა... ახლაც დგას ის დამწვარი და დანგრეული სახლები... უკრაინის ამბები ჩვენთვის ძალიან ახლოსაა და ყველა ისე განვიცდით მიმდინარე მოვლენებს, თითქოს ახლაც ჩვენს თავზე მეორდება ყველაფერი.

- ქალბატონო ლია, მიმდინარე მოვლენების ფონზე გააქტიურდა საკითხი, უნდა აღდგეს, თუ არა თავდაცვის გაკვეთილები სკოლებში...

- ვფიქრობ და ამაზე ბევრიც მიფიქრია, განათლების სისტემაში რაღაცები უნდა შეიცვალოს. რა თქმა უნდა, თავდაცვა უნდა ისწავლებოდეს, იმიტომ კი არა, რომ ბავშვებს იარაღის ჭერა ვასწავლოთ, არამედ იმიტომ რომ იცოდნენ მსგავს სიტუაციაში როგორ მოიქცნენ, ევაკუაცია როგორ უნდა მოხდეს, რა არის ბიოლოგიური იარაღი და სხვა. აბსოლუტურად ყველაფერში უნდა იყვნენ ბავშვები მომზადებულები. და კიდევ, მიმაჩნია, რომ მე-12 კლასი ისე უნდა იყოს დაკომპლექტებული, რომ გარკვეული ხელობის სწავლა შეეძლოთ და სკოლაშივე დაეუფლონ რაიმეს. ყველა ხომ არ სწავლობს?! არც არის საჭირო, ყველა უმაღლესში აბარებდეს. განათლების ზოგად კანონში წერია, რომ სკოლამ დამოუკიდებლად მოაზროვნე, სრულფასოვანი ადამიანის ჩამოყალიბება უნდა მოახდინოს.

- II სემესტრი როგორ განახლდა თქვენს სკოლაში და აქვე გკითხავთ, ორი წელია პანდემიის პირობებში გვიწევს ცხოვრება. რა გამოწვევების წინაშე დგანან ბავშვები?

- სკოლაში ამჟამად კარგი სიტუაცია გვაქვს და II სემესტრი დასწრებით ფორმატში განახლდა. რაც შეეხება გამოწვევებს... ჩვენ, ესეგ-ში გვიწერია რომ ბავშვს 7 ძირითადი უნარ-ჩვევა უნდა ჩამოვუყალიბოთ რომელთაგან ერთი არის კომუნიკაცია და მეორე - ეთიკა. როდესაც, ონლაინ ფორმატზე გადასვლა მოგვიწია გამოჩნდა შემდეგი პრობლემები - მოსწავლეებმა ვერ გაითავისეს რომ ეს იყო ჩვეულებრივი სასწავლო პროცესი იგონებდნენ მიზეზებს, რომ ინტერნეტი არ ჰქონდათ, ან შეფერხება იყო... პანდემიის პირველი წელი ძალიან რთული იყო არამხოლოდ მოსწავლეებისთვის, არამედ პედაგოგებისთვისაც, რადგან მსგავსი გამოცდილება პრაქტიკაში არ გვქონდა. მეორე წელი კი უკეთესი იყო გამომდინარე იქიდან, რომ მასწავლებელიც მიეჩვია და ბავშვიც მიხვდა, რომ ჩვეულებრივი სასწავლო პროცესი იყო და მეტი პასუხისგმებლობა უნდა გამოეჩინა.

- სკოლის წარმატებას რა განაპირობებს - მოსწავლეების მიღწევები თუ სტატუსიანი მასწავლებლების რაოდენობა?

- ვფიქრობ, სკოლის წარმატება მოსწავლეების მიღწევებით განისაზღვრება. სტატუსიანი მასწავლებლები არაფერ შუაში არიან... გულახდილად გეტყვით, სტატუსმა მასწავლებლების მუშაობა არ შეცვალა. ისინი მოსწავლეების სწავლა - განათლების საკითხს ისევე ერთგულად ემსახურებიან, როგორც სტატუსის მიღებამდე. რაც იყვნენ მასწავლებლები იგივენი დარჩნენ, სტატუსები მხოლოდ ხელფასებზე აისახა.

- ქალბატონო ლია, რას ფიქრობთ სკოლის დახასიათებას და ნიშნებს უნდა ჰქონდეს თუ არა გავლენა?

-  ჩემი აზრით, სკოლის დახასიათებას გავლენა არ უნდა ჰქონდეს, რადგან შესაძლოა მიკერძოებული იყოს. მით უმეტეს სოფლის სკოლაში, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს. ყველა ობიექტური ვერ იქნება. ჩემს თავზე ვიტყვი, ქიმიას ვასწავლი და ყველა ბავშვეს საგანი არ უყვარს ან არ უნდა... როგორც ქიმიის მასწავლებელმა მას რომ ცუდი დახასიათება დავუწერო რატომ უნდა შეეშალოს ჩემს გამო ხელი? ის ბავშვი შესაძლოა ფილოლოგიაში ან სხვა საგანში იყოს ბრწყინვალე!

- როგორ ფიქრობთ, სკოლები დიფერენცირებული სწავლებისთვის არიან მზად?

- მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე სკოლები დიფერენცირებული სწავლებისთვის მზად არ არიან. ვთქვათ აირჩიეს ფიზიკა, ქიმია ან სხვა... ამ ყველაფერს შესაბამისად აღჭურვილი ლაბორატორიები ესაჭიროება. ჯერ ლაბორატორიები უნდა აღიჭურვოს და შემდეგ იყოს დიფერენცირებული სწავლება. თუ მატერიალური ბაზა არ იქნება, მასწავლებელი ცარიელი ხელებით ვერაფერს შეძლებს. ელემენტარულად, ნატრიუმი რომ არ გაქვს ბავშვებს შესაბამისი ცდები ჩაუტარო და აჩვენო, რომელ გაძლიერებულ სწავლაზეა ამ დროს საუბარი?

- ძალიან აქტუალურია პირველკლასელების საკითხი. როგორც დირექტორი, რას ფიქრობთ, 5 წლის ასაკში ბავშვს სკოლაში შესვლა უნდა შეეძლოს თუ არა?

- არიან ბავშვები, რომლებიც 5 წლის ასაკში ისე არიან განვითარებულები, რომ 7 წლის ბავშვებსაც კი სჯობნიან. პირად მაგალითს ვიტყვი - ჩემს შვილიშვილს 26 სექტემბერს შეუსრულდა 6 წელი, შესაბამისად სკოლაში ვერ შევიდა. იმდენად განვითარებულია ახლა გინდ გონებრივად გინდ ფიზიკურად რომ დიდი ასაკის ბავშვს ჰგავს. ამას მხოლოდ ჩემი გადმოსახედიდან არ ვამბობ, ბევრია ასეთი შემთხვევა. ამიტომ, სექტემბერში დაბადებული ბავშვები ერთი და ორი კვირის გამო არ უნდა იჩაგრებოდნენ.

- სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკის, ფსიქოლოგის ჩართულობა რამდენად საჭირო და შედეგიანია?

- დღეისათვის, სკოლებში ფსიქოლოგის ყოფნა აუცილებელია. არიან ბავშვები, რომლებიც სოციალური თუ ოჯახური მიზეზების გამო ძალიან რთულები არიან და ასეთ მოსწავლეებთან აუცილებელია ფსიქოლოგმა იმუშაოს. მასწავლებელმა 40 წუთში, მით უმეტეს ონლაინ რეჟიმის დროს  ბავშვების გასაჭირზე გაამახვილოს ყურადღება, თუ საგანზე მოახდინოს მობილიზება, ესაუბროს მოსწავლეებს, რომ ცოდნა გადასცეს?!

- და ბოლოს, ქალბატონო ლია, რას ფიქრობთ, დღევანდელ ბავშვებს ყველაზე მეტად რა აწუხებთ?

- ძალიან რთული კითხვაა... ვფიქრობ დღევანდელ ბავშვებს მშობლების სითბო, ყურადღება, მზრუნველობა და ურთიერთობა სჭირდებათ. ამ ყველაფრის ნაკლებობა კი მათ მომავალზე კარგად არ აისახება. დღევანდელ ბავშვებს ოჯახური სიყვარული სჭირდებათ და შემდეგ სხვა რამეები. ერთ პრობლემასაც დავამატებ, ძველმოდურად ნურავინ ჩამთვლის, მაგრამ ვფიქრობ სკოლებში თუ ფორმები იქნება შემოღებული და ყველა ბავშვს ერთნაირად ეცმევა, არ იქნება გარჩევა: მდიდრის, ღარიბისა თუ საშუალოსი და ეს ბევრ პრობლემას მოაგვარებს. როდესაც სკოლაში ყველა ერთი ფორმით, ერთნაირი ჩანთით მოვა ბავშვებს ბევრი პრობლემა აღარ ექნებათ. ყველა ბავშვი ერთნაირ მდგომარეობაში უნდა იყოს, მით უმეტეს სკოლაში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მთავარი აკრძალვა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით - მინისტრის ბრძანება

„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების“ ჩასატარებლად განაცხადების მიღება დაიწყო

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ბაღების სია, რომელთა მონიტორინგიც ერთი წლით გადავადდა

მასწავლებელთა გამოცდები გრძელდება - დღეს, ექვსმა აპლიკანტმა დაიგვიანა

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

მე-10 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს საინტერესო და ინფორმაციული პრეზენტაციები ალკოჰოლის, თამბაქოსა და ნარკოტიკული ნივთიერებების მავნე ზემოქმედების შესახებ

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება