სიახლეები
სიახლეები

„არ შეიძლება 1000 და 5 მოსწავლიან სკოლებს ერთი და იგივე რეგულაციებს უწესებდეს სახელმწიფო“
18-11-2021
-
+


პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა „COVID 19-ით გამოწვეული პანდემიის გავლენა ზოგადი განათლების სისტემაზე საქართველოში“ საკითხის თემატური მოკვლევის ფარგლებში ზეპირი მოსმენა გამართა; სკოლის ლიდერთა ასოციაციამ წარმოადგინა დეტალური ანგარიში, რომელსაც Etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

„პანდემიამ გავლენა იქონია  განათლებაზე და  ქვეყნებს შორის გაცდენილი სასწავლო დღეების რაოდენობის მიხედვით დიდი სხვაობაა - თუ - დაბალ შემოსავლიან ქვეყნებში სკოლები დაიკეტა 62/68 სასწავლო დღით, მაღალი შემოსავლის ქვეყნებში - მხოლოდ 27-ით.

საქართველოში 2020 წლის 2 მარტიდან დაიკეტა: პირველი კლასები 48 დღით,  მე-2-მე-11 კლასები - 65 დღით, მე-12 კლასები - 52 დღით და სრულიად მოუმზადებლად, სპონტანურად მოხდა სასკოლო სისტემის დისტანციურ სწავლებაზე გადაყვანა. განათლების სამინისტროს ანგარიშიდან:  „ემისის“ კვლევით 2020 წლის მარტში, სულ ზოგადი განათლების სისტემაში იყო 528 426 მოსწავლე, აქედან ინტერნეტზე წვდომა არ ჰქონდა - 63.272 მოსწავლეს (12%); კომპიუტერული მოწყობილობები არ ჰქონდა - 71.791 მოსწავლეს (14%). ამავე პერიოდის „ნაეკის“ კვლევით ინტერნეტში ჩართული კომპიუტერით- გამოკითხულთა 79,2% სარგებლობდა“.

მოსწავლეთა მინიმუმ 20%, ერთი მეხუთედი ვერ ჩაერთვებოდა დისტანციურ სწავლებაში. ასევე მასწავლებლებს არ ჰქონდათ წვდომა დისტანციური სწავლებისათვის საჭირო რესურსზე; სამინისტრომ ჩაატარა კვლევა და  ქალაქშიც კი აღმოჩნდნენ მასწავლებლები, რომლებსაც არ ქონდათ დისტანციური გაკვეთილების ჩასატარებელი ტექნიკა. ინტერნეტში ჩართული მობილური ტელეფონი ჰქონდა 76,9%-ს. ძირითადად პედაგოგები გაკვეთილების ჩასატარებლად მობილურ ტელეფონს იყენებდნენ და ისიც 23% -ს მასწავლებლებისა არ ჰქონდა. ასეთი გაკვეთილები რა ხარისხის იქნებოდა, ადვილი წარმოსადგენია. მასწავლებლებზე მოხდა შეღავათიანი ინტერნეტ პაკეტების შეთავაზება, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი, არ მოხდა კომპიუტერული ტექნიკით დახმარება და ა.შ.

2020-2021 ს.წელს სკოლები ისევ დაიკეტა: VII-XII კლასები - 82 სასწავლო დღით; I-VI კლასები - 49 სასწავლო დღით. სამინისტრომ საჯარო სკოლებისათვის სწავლების მთავარ პლატფორმად დაასახელა TEAMS, რაც დისტანციური სწავლების ორგანიზებისთვის კარგი ნაბიჯი იყო, მაგრამ 2020 წლის მარტის ბოლოს TEAMS -ს მოიხმარდა დარეგისტრირებულ მოსწავლეთა 30% - 156 000 მოსწავლე, აპრილ-მაისში კი 52%-56%-მდე - მოსწავლეთა ნახევარი თიმსში საერთოდ არ ერთვებოდა… სამინისტრომ შექმნა სერვისი, მაგრამ რამდენმა პროცენტმა გამოიყენა ან რა შედებზე გავიდნენ, არავინ იცის.

ბევრი მოსწავლე იყო დარჩენილი დისტანციური სწავლების მიღმაც - როდესაც სამინისტრო ამბობს რომ „კომპიუტერული მოწყობილობები არ ჰქონდა - 71.791 მოსწავლეს (14%)“, ვერ ვხედავთ, რა გააკეთა სამინისტრომ ამ მიმართულებით კონკრეტულად?! იტყვიან, რომ სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა ტელე სკოლის პლატფორმა, მაგრამ არ არსებობს კვლევა, რამდენი მოსწავლე ესწრებოდა ტელესკოლის გაკვეთილებს, ასევე მასწავლებლების უმცირესობა იყენებდა მას როგორც რესურსს - ტელესკოლის დრო ემთხვევა ონლაინ გაკვეთილების დროს. შესაბამისად, რა კრიტერიუმებით ვაფასებთ, რომ ტელესკოლა წარმატებული პროექტია?.

პრობლემა შეიქმნა ასევე სასწავლო წლის ბოლოს მოსწავლეთა შეფასებისას  - როგორ შეგვეფასებინა ბავშვები, რომლებიც 3,5 თვე არ ჩართულან პროცესში, მშობელი კი გვეუბნებოდა, უყურებდა ტელესკოლას? ასევე ის მოსწავლეები, რომლებიც ინტერნეტის არქონის გამო იშვიათად ერთვებოდნენ პროცესში? ასევე ვერ განხორციელდებოდა ზოგადი განათლების ხარისხის მონიტორინგი დისტანციური სწავლებისას.

2020 წლის მარტში სკოლების ჩაკეტვას ვერ შევაფასებ უარყოფითად, ვინაიდან მსოფლიოში არ არსებობდა გამოცდილება და თავის დაზღვევის მიზნით ეს გადაწყვეტილება გამართლებული იყო. მაგრამ აპრილიდან უკვე შესაძლებელი იყო წერტილოვან დახურვებზე გადასულიყო სისტემა, არ ჩაეკეტათ ყველაფერი, გაეთვალისწინებინათ მოსწავლეთა რაოდენობა სკოლაში, გეოგრაფიული მდებარეობა და ა.შ. ასევე დიდი დაგვიანებით გებულობდნენ სკოლები როგორ უნდა ემოქმედათ ამ პირობებში; მინისტრის ბრძანებაში განმარტებულია, როგორ მოქცეულიყვნენ სკოლები 2020 წლის 30 მარტიდან:

„2020 წლის 30 მარტიდან დისტანციური სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლა თავად განსაზღვრავს დროებით საათობრივ ბადეს ისე, რომ დროებითი საათობრივი ბადე ითვალისწინებდეს სასწავლო წლის დასაწყისისთვის დამტკიცებულ ყველა საგანს“. დაიდო ონლაინგაკვეთილების რეკომენდებული ხანგრძლივობა - დღეში არაუმეტეს 3 გაკვეთილისა.

2020 წლის სექტემბრიდან განათლების სამინისტრომ სკოლებს შესთავაზა სწავლების სამი მეთოდი - პირისპირ, ონლაინ, შერეული სწავლება და თუ გაზაფხულის სემესტრში ონლაინ სწავლებაში ცოტა მაინც დახელოვნდნენ მასწავლებლები, შერეული ე.წ. ჰიბრიდული სწავლება მათთვის კიდევ ერთი, რთული მოთხოვნა იყო. ჰიბრიდულ სწავლებას სჭირდება შესაბამისად ტექნიკურად აღჭურვილი საკლასო ოთახი და ამისათვის მომზადებული მასწავლებელი.

უკმაყოფილებას იწვევს ასევე ის ფაქტი, რომ სისტემაში გადაწყვეტილებების მიღება ხდება სპონტანურად, ისე რომ ვერც სკოლა და ვერც მშობელი ვერ ასწრებს ამისათვის მომზადებას. ასევე ხელმიუწვდომელია რა კვლევების საფუძველზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს სკოლების გახსნა-ჩაკეტვასთან დაკავშირებით. როდესაც სკოლებისთვის ცნობილი იყო რომ საქართველოში ყველა სკოლა სწავლას 2020 წლის 15 სექტემბერს იწყებდა, მათ გამოიყენეს მთელი რესურსი სწავლების დასაწყებად, მაგრამ 14 სექტემბერს განუცხადეს, რომ სწავლა გადაიდო ოქტომბრამდე, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე .

სკოლების ასე დიდი დროით დახურვამ გამოიწვია დიდი ჩამორჩენა. სამინისტროსგან არ არის რეკომენდაციები, როგორ მოახერხონ მასწავლებლებმა საფეხურის შედეგებზე გასვლა. იმის მიუხედავად, რომ პანდემიის დროს მასწავლებლები ჩავარდნენ მათთვის სრულიად უცხო გარემოში, პირდაპირ მოუწიათ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა , ასევე ციფრული ტექნოლოგიების ათვისება, თიმსის პროგრამის გაცნობა და ა.შ. ერთი წუთით არ შეჩერებულა „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვა. რომელიც დამატებით ტვირთად ექცათ მასწავლებლებს პანდემიის დროს. იგივე ითქმის ელექტრონული ჟურნალის დანერგვაზე. არის ბევრი ხარვეზი, ხშირად ირევა და ითიშება, იკარგება მონაცემები, ამიტომ მასწავლებლები ამ პანდემიის დროს იძულებული გახდნენ მატერიალური ჟურნალიც შეევსოთ. რა თქმა უნდა დაერღვიათ რეკომენდაციები, მისულიყვნენ სკოლაში და ემუშავათ.

2021 წლის 15 თებერვლიდან ყველა სკოლის მასწავლებლის/დირექციის/ადმინისტრაციის თანამშრომლის COVID ტესტირება ხდება, როგორც PCR ისე ანტიგენის ტესტირებით ყოველ 2 კვირაში . ეს არის ყველაზე სასიკეთო ნაბიჯი რაც სახელმწიფომ გადადგა.  ამიტომ როდესაც საუბარია პანდემიისას მიღებული გამოცდილების სამომავლოდ გამოყენებაზე, ალბათ სამინისტრო ასე ერთი ხელის მოსმით არ დაკეტავს ყველა სკოლას, არამედ გაითვალისწინებს სტატისტიკას.

გასათვალისწინებელია სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობაც - რატომ უნდა დაიკეტოს დაბალკონტინგენტიანი სკოლები? სკოლის ადმინისტრაციული პერსონალი COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების მიმართულებით არ გადამზადებულა. ასევე არ გადამზადებულა სწავლა-სწავლების პროცესის უსაფრთხოდ წარმართვის მიზნით. მოდიოდა მხოლოდ მზა გაიდლაინები, რომელთა შესრულება იყო სავალდებულო.

იმდენად ახალი და უჩვეულო იყო ჰიბრიდული და დისტანციური სწავლების პროცესი, რა თქმა უნდა ბევრი ხარვეზებით წარიმართა. არ იყო შემუშავებული სკოლის ბაზაზე ხარისხის მონიტორინგის პროცედურები და არც სამინისტროს მხრიდან განხორციელებულა რაიმე რეკომენდაციის მოწოდება ამ მიმართულებით.

დისტანციური სწავლების დროს ექიმის და სკოლის მანდატურის გამოყენება არ მომხდარა. კონკრეტული ანგარიში თუ რა აქტივობები ჩაატარეს სკოლის მანდატურებმა ამ პერიოდში ვერსად მოვიძიე.

რეკომენდაციები: აუცილებელია პანდემიის პირობებში მიღებული გადაწყვეტილებებისას, სკოლების ინდივიდუალური საჭიროებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინება. არ შეიძლება 1000 მოსწავლიან, დედაქალაქში მდებარე სკოლას და 5 მოსწავლიან, სოფელში მდებარე სკოლას ერთიდაიგივე რეგულაციებს უწესებდეს სახელმწიფო. ცუდი შედეგი გამოიღო მოთხოვნამ -რომ არ შეიძლებოდა ბავშვის იძულება დისტანციური გაკვეთილის დროს ჩაერთო კამერა, ასეთ შემთხვევებში ძირითადად ბავშვები არ უსმენდნენ და არ იყვნენ ჩართული სასწავლო პროცესში. აუცილებელია სახელმწიფომ იზრუნოს მოსწავლე/მასწავლებლის ინტერნეტის ხელმისაწვდომობაზე, შესაძლებელია სხვადასხვა სოციალური პროექტების განხორციელება. პირველი პრიორიტეტი უნდა იყოს სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, მუდმივი სასმელი წყლის მიწოდება და ტუალეტების შენობაში განთავსება. კარგი იქნებოდა სკოლებისთვის მიეცათ უფლება რათა მასწავლებლებს და მოსწავლეებს შეძლებოდათ სკოლებში არსებული კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება, დროებით სახლში წაღება.

აუცილებელია გაზომვადი კრიტერიუმების შემუშავება, რომელიც იქნება გამჭვირვალე, რა შემთხვევებში შეიძლება სკოლების დახურვა/გახსნა. აუცილებელია სამინისტროს მხრიდან სწრაფი რეაგირება და სამოქმედო დოკუმენტების თუ ბრძანებების დროული გამოცემა.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება