სიახლეები
ინტერვიუ

„მშობლებმა დაინახეს მასწავლებლების შრომა და სულ სხვა თვალით შეხედეს ამ პროფესიას“ - თბილისის N178 საჯარო სკოლის დირექტორი, ნანა ლაბაძე
06-09-2021
-
+


ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის თბილისის N178 საჯარო სკოლის დირექტორს, ნანა ლაბაძეს პედაგოგობის 35 წლიანი გამოცდილება აქვს. წლების წინ მან, უნივერსიტეტის დამთავრების მერე, ქიმიის მასწავლებლობით დაიწყო და შემდეგ სკოლის მართვის სადაავეები აიღო ხელში...ნანა ლაბაძემ Etaloni.ge-ს ახალ სასწავლო წელზე, რეფორმებზე, მასწავლებელთა გამოცდებაზე და სხვა საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

- როგორც ცნობილია, სწავლა დისტანციურად იწყება. რამდენად არის სკოლა მზად ამ ფორმატისთვის?

- დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებული გამოწვევები უკვე დიდი ხანია დავძლიეთ და გამოცდილებიდან გამომდინარე, სრული მზაობა გვქვს. სისტემა უკვე გამართულია, ბავშვები და მასწავლებელი შეჩვეულები არიან და ვფიქრობ, ამ პროცესს გართულებები არ მოჰყვება. თუმცა, ჯერ კიდევ არის გარკვეული პრობლემები, ტექნიკასთან და ინტერნეტთან დაკავშირებით. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ მათ მოგვარებას.

- ანუ, ტექნიკის პრობლემა წელსაც გადაუჭრელია?

- ვფიქრობ, გარკვეულწილად ისევ იქნება, თუმცა ჩვენ ამ მხრივ არ გვქონია დიდი სირთულე. მაქსიმალურად ვეცადეთ, მოსწავლეებს გამართული ტექნიკა ჰქონოდათ და სკოლის სახსრებით ვეხმარებოდით თითოეულ მათგანს. იყო  შემთხვევა, როცა რამდენიმე ბავშვს ერთად უწევდა ჩართვა, მაგრამ საბოლო ჯამში მივაღწიეთ იმას, რომ ყველა მოსწავლე ისმენდა გაკვეთილს.

- კიდევ, რა ხარვეზი შეიძლება იყოს საგაკვეთილო პროცესის ონლაინ წარმართვისას?

- ჩვენ ბევრი ვიშრომეთ იმ კუთხით, რომ მასწავლებლები გადაგვემზადებინა. სკოლაში ჩავატარეთ ტრენინგები, პირველი წელი თუ უშუალოდ ტექნიკასთან მუშაობის სპეციფიკას ეხებოდა, უკვე გასულ წელი მთლიანად დავუთემთ საგაკვეთილო პროცესის ხარისხიანად წარმართვას. ხშირი კომუნიკაცია გვქონდა მასწავლებლებთან, ვთანამშრომლობდით და გამოცდილებას ვუზიარებდით ერთმანეთს. სასწავლო გეგმის მიხედვით, დირექციაც ვესწრებოდით გაკვეთილებს. ნახევარ წელზე მეტი დისტანციურად მიმდინარეობდა სწავლება და ძალიან საინტერესო იყო თუ, როგორ ახერხედბა თითოეული პედაგოგი მუშაობას. ბუნებრივია, იყო ხარვეზები, ზოგს დახმარებაც სჭირდებოდა, მაგრამ შევეცადეთ მინიმუმამდე დასულიყო ეს ყოველივე და წელს, არ მგონია, ამ მხრივ კიდევ იყოს პრობლემა.

- ახალი სასწავლო წლისთვის, როგორ ემზადებით?

-  მზაობის მხრივ ჩვენთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა სწავლა სკოლის კელდებში განახლდებოდა თუ დისტანციურად. მზადება  დავიწყეთ და ეს პერიოდი მოიცავს ყველა  საჭირო პროცედურას. აქტიურად არიან პედაგოგებიც  ჩართული. ჩვენი კომუნიკაცია ძირითადად დისტანციურად ხდება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ფოკუს-ჯგუფები მოგვყავს სკოლაში. ყველანაირად ვცდილობთ, მომზადებულები შევხვდეთ 15 სექტემბერს.  

- პირველი კლასის დისტანციურად სწავლება, როგორ მოხდება?

- ეს გამოცდილებაც გვაქვს, შარშანაც ასე მოგვიწია სწავლის დაწყება, რადგან სკოლაში რემონტი იყო. საკმაოდ კარგად გაართვეს მასწავლებლებმა ამ გამოწვევას თავი დაწყებით საფეხურზე, თუმცა ისიც უნდა ითქვას, დისტანციურ სწავლებმადე საჭიროა მშობლებთან კომუნიკაცია. რეგულაციის დაცვით მოგვყავს მშობლები და გარკვეულ საკითხებზე მსჯელობენ მასწავლებლებთან ერთად. წელს 5 პირველი კლასი უნდა მივიღოთ, პედაგოგები მათ ცალ-ცალკე დაუკავშირდებიან, ისაუბრებენ „თიმსზე“, ცხრილზე, გადასცემენ „ბუკებს“ და ასე შემდეგ. ჩვენი პირველი მიზანია, ჯერ მშობლებთან დავამყაროთ კომუნიკაცია, რადგან მოგვეხმარონ დისტანციურად ბავშვთან ურთიერთობისას.

- როგორი იყო გასული წლის გამოცდილება პირველ კლასთან? ხომ არ ჰქონდათ გაუცხოება მასწავლებელთან, როცა უკვე პირისპირ სწავლება დაიწყეთ?

- არა, არ იგრძნობოდა გაუცხოება. იმდენად ელოდებოდნენ  პატარები სკოლის შენობაში მოსვლას და ისეთი სიხარული იყო მათთვის, მართლა არ შეგვინიშნავს მსგავსი რამ. სასწავლო პროცესზე მათ უკვე ჰქოდნათ წარმოდგენა, კარგადაც შეუდგნენ სწავლას, თუმცა ის, რასაც მოსწავლის უნარ-ჩვევების შესწავლა ჰქვია -  ოდნავ მოგვიანებით მოხდა. ყველაფრის მიუხედავად, წელმა კარგად ჩაიარა. ეს გამოცდილება წელს ნამდვილად დაგვეხმარება პირველკლასელებთან ურთიერთობაში. მასწავლებლები არც დისტანციურად დააკლებენ კლასის საათებს,  ღონისძიებებს და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობებს - ასე იყო გასულ წელსაც. ისიც უნდა ითქვას, რომ ახლა სულ სხვაგვარი თაობაა, თამამი - ყველა სიტუაცუას მარტივად უღებენ ალღოს.

- ახსენეთ, პირველი კლასის 5 პარალელს ხსნით, რეგისტრაციამ როგორ ჩაიარა?

- როგორც ყოველთვის, 5 წუთში დასრულდა რეგისტრაცია. ვადების გარეშე ჩაირიცა 4 მოსწავლე. ბევრი სხვა სკოლაში დარეგისტრირდა იმის გამო, რომ ჩვენთან ვერ მოხვდა და ელოდებიან მობილობის გახსნას.

- მობილობა, როდის იქნება შესაძლებელი?

- მობილობა დაიწყება 1 ოქტომბერს. 1 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე არის შეზღუდული და შემდეგ შესაძლებელი იქნება.

- თქვით, რომ მშობლებთან კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, განმსაკუთრებით პირველი კლასის შემთხვევაში. რამდენად გაიზარდა მათი ჩართულობა ონლაინ-სწავლების დროს?

- ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, მშობელთა ჩართულობა გაიზარდა და დადებითად აისახა საგაკვეთილო პროცესზე. დაწყებითი კლასის მოსწავლე ნაკლებად ახერხებს დამოუკიდებლად გაკვეთილზე დასწრებას. ამ ფორმატის წყალობით, მშობელი შვილის გვერდით იჯდა და ბოლომდე იყო ჩართული. ეს კარგია იმ კუთხითაც, რომ მათ დაინახეს მასწავლებლების შრომა და სულ სხვა თვალით შეხედეს ამ პროფესიას.

- მესამე თაობის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში ჩართულები ხართ?

- გასული სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან ჩავერთეთ, გავაკეთეთ კომპლექსური დავალებები და კურიკულუმები. მასწავლებლები ზაფხულშიც კი მუშოაბდნენ და განვსაზღვრეთ ახალ სასწავლო წელთან დაკაშირებით კონკრეტული გეგმები. ახლა ვმუშოაბთ უშუალოდ 2021-2022 სასწავლო წლის გეგმაზე. სწავლის განახლებისთანავე თანმიმდევრობით მივყვებით დასახულ მიზნებს.

- ონლაინ რამდენად იქნება შესაძლებელი ამ მოდელით გაკვეთილის ჩატარება?

- ფორმატს არ აქვს მნიშვნელობა. „ახალი სკოლის მოდელს“ განსაკუთრებული სპეციფიკა არ სჭირდება, ჩვეულებრივად მუშაობ, რაზეც გეგმავს მასწავლებელი კომპლექსურ დავალებას, იმ მიმართულებით წაიყვანს საგაკვეთილო პროცესსაც. მასწავლებელმა ისე უნდა წარმართოს ეს ყოველვიე, რომ ბავშვს არ გაუჭირდეს დავალების შესრულება. როგორც გითხარით, უკვე ვმუშოაბთ ახალ სასწავლო გეგმაზე და მოსწავლეებს, მშობლებს წინასწარ ეცოდინებათ რა თემის გარშემო მოუწევთ მუშაობა.

- მასწავლებლებს ზაფხულშიც უწევდათ მუშაობაო აღნიშნეთ და რამდენად რთული იყო ეს მათთვის?

- ჩვენი სკოლა ვიდრე ოფიციალურად ჩაერთვებოდა ამ მოდელში, პედაგოგები მანამდეც დადიოდნენ ტრენინგებზე და მუშაობდნენ ამ საკითხებზე. ის ინფორმაცია, რასაც ტრენინგებზე ისმენდნენ, სრულად ახალი არ იყო, უბრალოდ სულ სხვა კუთხით იყო გადმოცემული. ძალიან დაგვეხმარნენ კოორდინატორები. ნამდვილად შრომატევადი საქმე იყო, მაგრამ არა დაუძლეველი.

- ის, რასაც აღნიშნული რეფორმა მოითხოვს, ხომ არ აღემატება მასწავლებლების შესაძლებლობებს?

- შეუძლებელი არაფერია, ამას კარგი გააზრება სჭირდება. ეს მოდელი კარგია იმ თვალსაზრისით, რომ მასწავლებელი წინასწარ საზღვრავს მთელი წლის გეგმას. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადრე გეგმა არ გვქონდა -  ახლა უფრო მეტს ვმუშოაბთ ამ საკითხზე. „ახალი სკოლის მოდელი“ ხელს უწყობს ურთიერთთანამშრომლობას, კათედრების დაახლოებას, პედაგოგების დამეგობრებას. თითო კომპლექსური დავალება ყველა პედაგოგმა გააკეთა, ვნახოთ წელს როგორი შედეგი იქნება და როგორი უკუკავშირი გვექნება ბავშვებისგან.

- თავად მასწავლებლებს, როგორი დამოკიდებულება აქვთ?

- მინდა ავღნიშნო, რომ ძალიან ძლიერი  და მოტივირებულ გუნდთან მიწევს მუშაობა, რაც ძალინ მიადვილებს საქმეს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მოადგილეებს, მასწავლებლებს და სკოლის ყველა თანამშრომელს, გვერდში დგომისთვის და იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, რასაც ისინი  იმ საპასუხისმგებლო საქმისათვის აკეთებენ, რაც მომავალი თაობის აღზრდა ჰქვია. დამოკიდებულება პოზიტიურია,  ინტერესით და მონდომებით მუშაობენ, მოსწონთ ნამდვილად. არის პედაგოგების ნაწილი, რომელიც ცოტა სკეპტიკურად უყურებს ამ საკითხს, მაგრამ მუშაობის პროცესში მათი მხრიდანაც იგრძნობა დადებითი დინამიკა. პრაქტიკა გვიჩვენებს, რა მოსაწონია და რა არა, დრო დაგვანახებს ამ ყოველივეს. ყველა სიახლე დროსთან ერთად ცვლილებებს გადის და ალბათ, ეს მოდელიც ასე დაიხვეწება.

- და, მასწავლებელთა გამოცდებზე, რას ფიქრობენ პედაგოგები?

- ჩვენი სკოლიდან ყველას სტატუსი აქვს, ერთი გვყადვა პრაქტიკოსი, ერთი - მაძიებელი და ორივე მათგანმა წარმატებით ჩააბარა გამოცდა. 71 პედაგოგიდან 24 მასწავლებელი წამყვანია, დანარჩენი - უფროსი. შესაბამისად, გამოცდებთან დაკავშირებითაც პოზიტიური დამოკდიებულება აქვთ.

- გამოცდებს რადგან შევეხეთ, აბიტურიენტების შედეგებით რამდენად კმაყოფილები ხართ?

- ძალიან გახარებული ვარ. ნაყოფიერი წელი გვქონდა - 19 მედალოსანი გაუშვა სკოლამ, 13 ოქრო და 6 ვერცხლი. ყველა აბიტურიენტმა წარმატებით ჩააბარა მისაღები გამოცდები - 60 ბავშვი ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებლებში. აქედან უმრავლესობამ სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა, ზოგიც უფასო ფაკულტეტზე მოხვდა. გარდა ამისა, „ჩემი პირველი კომპიუტერის“ 18 კანდიდატი გვყავს. მინდა ყველა ჩემს კურსდამთავრებულს მივულოცო სტუდენტობა და მომავალშიც წარმატებები ვუსურვო.  მჯერა, რომ ჩვენი სკოლა კიდევ ბევრჯერ გაიხარებს მათი წინსვლით

- ელექტრონული ჟურნალი წელს სავალდებულო ხდება. გასულ წელს ხარვეზებზეც იყო საუბარი...

- ჩვენ ელექტრონულ ჟურნალზე ვმუშაობდით წინა წელსაც. დიახ, იყო ხარვეზები, რაც ძირითადად, ბავშვების დისტანციური და პირისპირ სწავლების რეჟიმის ცვლილებების გამო ხდებოდა -  ამან ცოტა შეაფერხა ჟურნალის მუშაობა, სხვა მხრივ ძალიან მოქნილი სისტემაა, მითუმეტეს დისტანციურ რეჟიმში სწავლისას კარგია, როგორც მშობლისთვის, ასევე მასწავლებლისთვის. იმედია, წელს ეს პრობლემა აღარ იქნება.

- სოციალური სამსახური თუ შემოვიდა თქვენს სკოლაში?

- ზოგადად სოცმუშოაკების შემოსვლას ვემხრობი. რამდენიმე წელია მათთან ვთანამშრომლობ კიდეც. ჩვენს სკოლაში ბევრი სოციალურად დაუცველი სწავლობს და ხშირად მოდიან, ამოწმებენ ბავშვებს. საჭიროა ეს სამსახური სკოლაში. ისინი ნამდვილად დაგვეხმარებიან იმაში, რომ ბავშვები არ დარჩნენ განათლების მიღმა.

- რა გზა განვლეთ დირექტორობამდე, ქალბატონო ნანა?

- 35 წელია პედაგოგი ვარ - ქიმიას ვასწავლი.  უნივერისტეტის დამთავრების შემდეგ სკოლაში დავიწყე მუშაობა მასწავლებლად. 2007 წლიდან დირექტორის მოადგილე ვიყავი, ხოლო 2012 წლიდან - დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ხოლო 2014 წელს უკვე დირექტორის პოზიციაზე დავინიშე. მე-10 წელია, რაც N178 სკოლის დირექტორი ვარ. პედაგოგობით დავიწყე, თუმცა მიუხედვად ჩემი ადმინისტრაციული საქმიანობისა, მასწავლებლობა ერთი წუთითაც არ შემიწყვეტია.  

- როგორც დირექტორს, რაში გეხმარებათ პედაგოგობა?

- ძალიან ბევრ რამეში. უფრო კარგად მესმის მასწავლებლების, მოსწავლეების, მშობლების, ვიცი რა უჭირთ და რა უხარიათ, რაში არიან სუსტები და ძლიერები, როგორ მივუდგე თითოეულ მათგანს და როგორ გავუწოდო დახმარების ხელი.

- და მაინც, რატომ გადაწყვიტეთ დირექტორობა?

- რომ გითხრათ დაგეგმილი მქონდა-მეთქი, მოგატყუებთ. მიყვარს სიახლეები და სკოლის კოლექტივმაც ძალიან შემიწყო ხელი. ნაბიჯ-ნაბიჯ მოვედი აქამდე.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება