სიახლეები
პიროვნება

„ავიცერი... უსაფრთხოება ჯერ თავად უნდა დაიცვა და მერე სხვას მოსთხოვო“ - რუსუდან ქედლიშვილი თბილისის N217 სკოლის დირექტორი
20-07-2021
-
+


რუსუდან ქედლიშვილმა თბილისის N217 საჯარო სკოლაში ჯერ დაწყებითი კლასის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, ხოლო წლების შემდეგ ამავე სკოლის დირექტორი გახდა. უკვე 10 წელია, რაც სკოლის მართვის სადავეები უჭირავს ხელში და მაქსიმალურად ცდილობს მცირეკონტიგენტიანი სკოლა წარმატებული და ლიდერი იყო ქვეყნის მასშტაბით. ეს გამოსდის კიდეც, რადგან ყოველწლიურად მისი კურსდამთავრებულების უმეტესობა წარმატებით ირიცხება უმაღლეს სასწავლებლებში. რუსუდან ქედლიშვილმა etaloni.ge–ს კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებზე, პედაგოგთა დამსახურებაზე და სასკოლო რეფორმებზე ესაუბრა.

რუსუდან ქელდიშვილი: პანდემიამ ყველაფერი შეცვალა, მაგრამ  ყოველთვის ვამბობ ნებისმიერ გამოწვევას თუ ცოტა მომზადებული შეხვდები - თავს გაართმევ. რთულმა პერიოდმა ჩვენი შესაძლებლობები დაგვანახვა და ვფიქრობ, კარგად გავართვით თავი. თან ლოქდაუნამდე, უკვე დაწყებული იყო ახალი სკოლის მოდელი და ამ მიმართულებითაც გვიწევდა მუშაობა, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ, როგორც მოხალისე სკოლა ისე ვიყავით ჩართული - ჩვენი ერთ-ერთი პედაგოგი გახლდათ ექსპერტი და ის გვაწვდიდა ყველანაირ ინფორმაციას არსებულ რეფორმასთან დაკავშირებით.  ამ მიდგომამ წინ წაგვწია - მომავალ წელს მომზადებულები დავნერგავთ სკოლაში ახალ სასწავლო ეროვნულ გეგმას. იმავდროულად, ბავშვები იღებდნენ სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობას და წარმატებებიც ჰქონდათ. საერთო ჯამში, კარგად გავუმკლავდით გამოწვევებს.

- ონლაინ სწავლებას ხარვეზები არ ჰქონია?
- რასაკვირველია იყო ხარვეზები, თუმცა პირველ ეტაპზე, ისიც ტექნიკური - კომპიუტერის გაუმართაობა, ინტერნეტის პრობლემები... მაგრამ ეს ყველაფერი მოგვარდა. შემიძლია ვთქვა, რომ სასწავლო პროცესში ბავშვების 95 პროცენტი იყო ჩართული. სასწავლო წლის ბოლოს, როცა უკვე შეფასებები დაიწერა, საკმაოდ კარგ შედეგებზე გავედით, განსაკუთრებით, დაწყებით საფეხურზე. დაწყებითებში დასწრება გვქონდა 100 პროცენტიანი. სასწავლო პროცესში მშობლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები, რამაც განაპირობა კარგი შედეგი. თითზე ჩამოსათვლელად გვყავდა ბავშვები, რომლებსაც ინტერნეტთან წვდომის პრობლემა ჰქონდა და კომუნიკაციის სხვა გზები გვჭირდებოდა, მაგალითად ტელეფონი და ა.შ.

- არადა, პირიქით ამბობენ ხოლმე, რომ დაწყებით საფეხურს უფრო უჭირს დისტანციური სწავლება...
- არა, ჩვენთან ასე არ ყოფილა, სრული დასწრება გვქონდა და ბავშვების გვერდით ისხდნენ მშობლები, რამაც განაპირობა ის, რომ მაქსიმალურად ხერხდებოდა მიწოდებული ინფორმაციის ათვისება. სწორედ ამიტომ, მადლობა მინდა  გადავუხადო თითოეულ მშობელს. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ ბევრი პირადად მოვიდა სკოლაში და მადლობა გადაგვიხადა. მაღალ კლასებში უფრო ცდილობდნენ ხოლმე საგაკვეთილო პროცესისთვის თავის არიდებას, მაგრამ სისტემატური სახე არ მისცემია ამ ყოველივეს.

- ჰიბრიდულ მოდელში იყავით ჩართულები? რამდენად რთული იყო?
- თავიდან არა, მაგრამ შემდეგ ერთი მასწავლებელი დაინფიცირდა და  კლასი გადავიდა აღნიშნულ მოდელზე. ჯამში ორი კლასი იყო ჰიბრიდულ მოდელზე გადასული, დანარჩენ ბავშვებს საკლასო ოთახებში უტარდებოდათ გაკვეთილები. გარდა ამისა, 1-2 ბავშვი იყო ხოლმე დისტანციურზე, რომლებსაც ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები ჰქონდათ. მეორე სემესტრში ყველა საკლასო ოთახში დაბრუნდა. ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია, სულ 400 ბავშვამდე სწავლობს და ამიტომაც არ გვქონია გართულებები.

- როგორც მოხალისე სკოლა, როგორ ფიქრობთ, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა პრაქტიკაში რამდენადაა რეალურად შესაძლებელი?
- საერთოდ ყველა სიახლის მიმართ ჩნდება მსგავსი კითხვები, მაგრამ მე პირადად, ძალიან მომწონს აღნიშნული რეფორმა - თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზეა მორგებული. ჩემი სკოლის მაგალითით ვიტყვი, მოხალისეები ვართ, თუმცა იმდენად დიდია ინტერესი, პედაგოგები აქტიურად ესწრებიან ტრენინგებს და სრული მზაობა აქვთ სამომავლოდ. შესაბამისად, ყველანი დარწმუნებული ვართ, რომ გაამართლებს ეს მიდგომა. არაერთ მასწავლებელთან მისაუბრია ამ თემაზე და მათი დამოკიდებულება ყოველთვის პოზიტიურია.

- რამდენად რთული რეჟიმი აქვთ მასწავლებლებს ტრენინგების ფონზე?
- როცა სისიტემაში არ ხარ და გარედან უყურებ ამ საკითხს, მარტივად გეჩვენება ყველაფერი. ზოგადად რთული რეჟიმი აქვთ მასწავლებლებს, ბოლო პერიოდში - მით უმეტეს. მარტივი ნამდვილად არაა ჯერ საკლასო ოთახში გაკვეთილის ჩატარება და მერე კიდევ ონლაინ საგაკვეთილო პროცესის წარმართვა. სახლში მისულებიც მომდევნო დღეზე ფიქრობენ, თან დისტანციური სწავლება უფრო მეტ მომზადებას მოითხოვს მასწავლებლის მხრიდან. ამ ყველაფრის ფონზე ტრენინგები დატვირთვას ზრდის, მაგრამ იმისთვის, რომ განვვითარდეთ და წინ წავიდეთ, აუცილებელია.

- მასწავლებლის დატვირთული რეჟიმის გამო, ხომ არ ზარალდებიან ბავშვები?
- ვერ ვიტყვი ამას, მასწავლებლები ამ ყოველივეს იმიტომ აკეთებენ, რომ სწორედ ბავშვი არ დაზარალდეს. თუ მოსწავლეებზე არ იფიქრებ, მაშინ თავსაც არ დაიტვირთავ. აქვე აღვნიშნავ, რომ სკოლაში 24 პედაგოგი გვყავს, აქედან ერთი მენტორია, ხუთი წამყვანი, ხოლო დანარჩენი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონეა.


- 2020-2021 სასწავლო წელს სოცმუშაკები შევიდნენ სკოლებში. რამდენად ხედავთ ამის საჭიროებას?
- ჩვენს სკოლაში ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეობა სწავლობს და შესაბამისად, ყველამ ვიცით ერთმანეთის პრობლემები. ამ პრობლემების მოგვარებას კი საერთო ძალებით ვცდილობთ. რაც შეეხებათ უშუალოდ სოცმუშაკებს, მათი სკოლებში ყოფნა აუცილებელია. ვიდრე მათი სკოლებში შემოსვლა დაიგეგმებოდა, მანამდე რამოდენიმეჯერ მივმართე სოციალურ სამსახურს დასახმარებლად, უფრო ფსიქოლოგის დახმარება დაგვჭირდა და რამდენიმე ბავშვი მშობლების თანხმობით გავგზავნე მათთან.

- ვიცით, რომ ახლახანს აიცერით... როგორია თქვენი დამოკიდებულება საყოველთაო ვაქცინაციასთან დაკავშირებით მაშინ, როცა პედაგოგების უმეტესობა უარს ამბობს აცრაზე?
- დიახ, ავიცერი პირველი დოზით და 5 აგვისტოს ვიკეთებ მეორეს. ზოგადად, როცა ხელმძღვანელი ხარ, შენი ვალდებულებაა მაგალითი იყო სხვისთვის. ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჩემი დამოკიდებულება ძალიან პოზიტიურია, თან მაშინ როცა თავად ხარ უსაფრთხოების გარანტი სკოლაში, ეს უსაფრთხოება ჯერ თავად უნდა დაიცვა და მერე სხვას მოსთხოვო. დარწმუნებული ვარ ჩემი სკოლის არაერთი თანამშრომელი დარეგისტრირდება, ზოგიც კი უკვე დარეგისტრირებულია. ასევე, მყავს პედაგოგები, რომლებიც ჩემამდე აიცრნენ.

- მასწავლებლების გამოცდები დაიწყო, თქვენი სკოლიდან გადიან გამოცდაზე?
- მყავს სპეცმასწავლებელი, რომელიც გადის გამოცდაზე და დარწმუნებული ვარ, ჩააბარებს. უნდა აღვნიშნო, რომ ვიდრე სკოლებში სპეცმასწავლებლები შევიდოდნენ, მანამდე სკოლის შემოსავალით ავიყვანე ფსიქოლოგი, რადგან ამის საჭიროება იყო - სსსმ მოსწავლე გვყავდა. ახლაც გვყავს 4 მსგავსი საჭიროების მქონე, მათ შორის ერთი ეტლით მოსარგებლეა.

- არც თუ ისე შორეულ წარსულში სტიგმა იყო სსსმ მოსწავლეების მიმართ. როგორ ფიქრობთ, შეიცვალა დამოკიდებულება?
- ეს სტიგმა ძალიან  ადრე იყო. ახლა, საბედნიეროდ, აღარ არის მსგავსი დამოკდებულება, არც ჩემთან და იმედია, არც სხვასთან. თანაკლასელებშია იმდენად თბილი დამოკიდებულება ამ ბავშვების მიმართ, ესეც საკმარისია ამის დასადასტურებლად. ამ ბავშვების ინტეგრირება ერთ საკლასო ოთახში აუცილებელია, რადგან საოცარი წარმატებები აქვთ. ზოგი მათგანი ვერ საუბრობდა და დღეს ეს პრობლემა აღარ აქვს. ერთ წელში იმხელა პროგრესი აქვთ ხოლმე, რომ ყველასთვის შესამჩნევია, ეს კი იმ გარემოს დამსახურებაა, რომელიც საკლასო ოთახში ხვდებათ. შარშანწინ ჩემმა სსსმ მოსწავლემ ე.წ. „კატის გამოცდა“ ჩააბარა და ახლა დასაქმებულია. ჩენ ორი წლის წინ მოვიგეთ მერიის პროექტი, რომელიც ამ მიმართულებით ჩატარდა, და იმ ფინანსებით რესურს ოთახი მოვაწყეთ, ყველანაირი ინვენტარი შევიძინეთ, რაც გვჭირდებოდა - ამით ძალიან ვამაყობ.  

- წლევანდელი აბიტურიენტებისგან რა მოლოდინი გაქვთ?
- ჩვენი აბიტურიენეტების უმეტესობას 100 პროცენტიანი შედეგი აქვს. წელს 20-მა ბავშვმა დაამთავრა წელი და დარწმუნებული ვარ ყველანი თუ ვერა, მინიმუმ 18 მაინც ჩააბარებს. შარშან ჩვენი მოსწავლე „თავისუფალ უნივერსიტეტში“ მოეწყო და  მათემატიკაში ბევრ „კომაროველს“ აჯობა - 59 ქულიდან 58 ქულა აიღო. წარმატებას ვუსურვებ თითოეულ აბიტურიენტს, მე მჯერა მათი.

- ქალბატონო რუსუდან, თქვენზეც გვიამბეთ, რა იყო დირექტორობამდე?
- თავიდან დაწყებითი კლასების მასწავლებელი ვიყავი და ვასწავლიდი იმ სკოლაში, სადაც ახლა დირექტორი ვარ. სრულად შემთხვევით ჩვენმა მოქმედმა დირექტორმა დაწერა განცხადება და წავიდა. როგორც მერე გავიგე, მას ჩემი კანდიდატურა განუხილია დირექტორის პოზიციაზე. თავიდან მოვალეობის შემსრულებლად დავინიშნე, მერე გამოცდების და გასაუბრების საფუძველზე გავხდი დირექტორი  და უკვე 10 წელია, რაც ამ პოზიციაზე ვარ.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
სტუდენტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს აპროტესტებდა, რის გამოც იგი სცემეს
ბაღის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნება - დეტალები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება