სიახლეები
პიროვნება

„ვისურვებდი, ერთხელ მოპოვებული სტატუსი არ იყოს მასწავლებლის დარჩენილი ცხოვრების განმსაზღვრელი“- თინათინ საბაური, თბილისის N202 სკოლის დირექტორი
13-05-2021
-
+


რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკის ინტეგრირება, რას ფიქრობს სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და პროფესიის რეგულირების წესზე - ამ საკითხებზე etaloni.ge  თბილისის N202 საჯარო სკოლის დირექტორის, თინათინ საბაურის მოსაზრებებს გთავაზობთ:

- თქვენი აზრით რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება ?

- სოციალური მუშაკის სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობა მნიშვნელოვანწილად შეცვლის მოწყვლადი ჯგუფის მოსწავლეთა ცხოვრებისა და სწავლის ხარისხს. რამდენადაც სოციალური მუშაკების პირდაპირ მოვალეობას ბენეფიციარების სოციალურ უსაფრთხოებაზე, მათ საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციასა და კეთილდღეობაზე ზრუნვა წარმოადგენს. სოციალური მუშაკები თავიანთი ფუნქციების ფარგლებში, ასევე ახდენენ ბენეფიციარების უფლებების დაცვასა და მათ ადვოკატირებას. ამდენად, მათი რესურსი სასკოლო ცხოვრებში ხელს შეუწყობს მოსწავლეთა აკადემიური, კოგნიტური, ემოციური და სოციალური უნარების განვითარებას.

- რას ფიქრობთ სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და რამდენად მზად არის თქვენი სკოლა შექმნას სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობები ?

- ჩვენი სკოლა პანსიონია, სადაც სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ბავშვები ცხოვრობენ და იღებენ განათლებას. სასიხარულოა, რომ ჩვენს სკოლაში უკვე წლებია, ფუნქციონირებს შესაბამისი აღჭურვილობით მოწყობილი ექიმის კაბინეტი.

- რას ფიქრობთ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც სკოლა ვალდებულია მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს, თუ ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ გამოცხადდება სკოლაში ან არ მონაწილეობს დისტანციურ სწავლებაში და არ იღებს შეფასებას ? თქვენი აზრით რას შეცვლის ეს სასკოლო ცხოვრებაში ?

- მე ვფიქრობ, ასეთ შემთხვევებში უფრო მნიშვნელოვანი მიზეზების მოკვლევაა, რატომ არ ცხადდება მოსწავლე სკოლაში, რატომ ვერ ახერხებს სასწავლო პროცესში ჩართვას. სწორედ ამ მიმართულებით არის სოციალური მუშაკის ინსტიტუტის გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. რადგან, ხშირ შემთხვევაში, სკოლას მხოლოდ საკუთარი რესურსით არ ხელეწიფება ამ მიმართულებით ზუსტი ინფორმაციის მოძიება.

- თქვენი აზრით როგორ უნდა დაძლიონ განათლების სისტემამ და სკოლებმა აკადემიური ჩამორჩენა, რომელიც გააჩინა ონლაინსწავლებამ და მასში მოსწავლეთა არათანაბარმა ჩართულობამ ?

- ეს ერთ-ერთი მტკივნეული თემაა დღევანდელ განათლების სისტემაში. ონლაინ სწავლებამ ნამდვილად გააჩინა არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩენილი მოსწავლეები. ამ მოცემულობის ერთ-ერთი არგუმენტი გახლავთ შემდეგი: მოსწავლეებს, რომლებიც მხოლოდ ონლაინ სწავლებაზე რეგისტრირდებიან, რეკომენდაციის თანახმად, გაკვეთილების შემცირებული რაოდენობა უტარდებათ. ის მოსწავლეები კი, რომლებიც პირისპირ სწავლების ფორმატში არიან ჩართულნი, საგაკვეთილო ბადით განსაზღვრული გაკვეთილების სრული ოდენობით სარგებლობენ. სწორედ აქ ვღებულობთ სწავლების არათანაბარ სეგმენტს, რაც თავისთავად გვაძლევს აკადემიურ ჩამორჩენას ონლაინ სწავლებაში ჩართულ მოსწავლეებში. ვფიქრობ, გამოსავალი შემდეგშია: თუ კვლავ გახანგრძლივდა ჰიბრიდული სწავლების მოდელი და მოსწავლეთა მხრიდან დისტანციური სწავლის ფორმატის არჩევანის თავისუფლება, მათაც იგივე როდენობის გაკვეთილები ჩაუტარდეთ (თუნდაც შემცირებული საგაკვეთილო დროის ლიმიტით). ეს მოგვცემს საშუალებას, თავიდან ავიცილოთ  არათანაბარი მდგომარეობა და აკადემიური ჩამორჩენა მოსწავლეებში.

- ცნობილია, რომ მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი ძალაში წელს შევა, რომელშიც  მასწავლებელთა სახლის მიხედვით,  გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა დირექტორის, მასწავლებლის და ექსპერტის აზრი. თქვენ რა ხარვეზს ხედავდით წინა სქემებში და რა მოსაზრებ(ებ)ის ასახვას ისურვებდით ახალში ?

- მე ვფიქრობ, რომ მასწავლებლის მიერ ერთხელ მოპოვებული სტატუსი რომ ხელშეუხებელია და მთელი ცხოვრების მანძილზე ძალაშია, არ არის ვალიდური. ამ შემთხვევაში, დავესესხები მე-20 საუკუნის ამერიკელ განათლების სპეციალისტს, ჯონ დიუის, რომელიც გახლდათ ინსტრუმენტალიზმის ფილოსოფიური სკოლის დამაარსებელი და თვლიდა, რომ ცოდნა ინსტრუმენტულია და ის პრობლემების გადაჭრას უნდა ემსახურებოდეს. რადგან პრობლემები ყოველდღიურად იცვლება, უნდა იცვლებოდეს ის ინსტრუმენტებიც და მიდგომებიც, რომლებსაც მასწავლებლები მოსწავლეებს გადასცემენ. ერთხელ მოპოვებული სტატუსით, თუ მასწავლებელი თავის პროფესიულ წინსვალზე აღარ ზრუნავს, თუ არ ცდილობს საკუთარი განათლების დონის ამაღლებას, ის ვერ შეძლებს, მოერგოს თანამედროვე გამოწვევებს და შესაბამისი ცოდნა გადასცეს ახალ თაობებს, რომელთა მოთხოვნებიც გამოწვევების კვალდაკვალ იზრდება და იცვლება.

მე ვისურვებდი, რომ მასწავლებელი პერმანენტულ რეჟიმში იყოს მოწოდების სიმაღლეზე, ერთხელ მოპოვებული სტატუსი არ იყოს მისი მთელი დარჩენილი ცხოვრების განმსაზღვრელი. მას სულ უნდა უწევდეს ცოდნის განახლება, ტრენინგების გავლა, კომპეტენციის ამაღლება, თუმცა არა მხოლოდ კრედიტქულების დაგროვების მიზნით, არამედ ის უნდა ცდილობდეს ამ ტრენინგებიდან მიღებული ცოდნის რეფლექტირებასა და თავის საგაკვეთილო პროცესში პრაქტიცირებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ახალი სქემაც მხოლოდ სქემად დარჩება, რომელიც უბრალოდ ვერ უზრუნველყოფს იმ ხარისხის მიღებას, რომელიც საქართველოს განათლების სისტემისა და ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

აქვე ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია, სკოლის დირექტორისათვის მეტი თავისუფლების მინიჭება, თუ სკოლის დირექტორი ხედავს, რომ სტატუსმინიჭებული მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილის ხარისხი არ შეესაბამება სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მას უნდა ჰქონდეს უფლება, იმოქმედოს მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა მცდელობა დარჩება ვითარცა „ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“ და შეუძლებელი გახდება ზოგადსაგანმანათლებო დაწესებულებებში თანამედროვე, შედეგზე და გამოწვევებზე ორიენტირებული განათლების ხარისხის უზრუნველყოფა.

კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

„მასწავლებელთა პრემიები სამინისტროდან არ მოდის... მიმართეთ რესურსცენტრს“ - ოფიციალური განმარტება ფულად ჯილდოსთან დაკავშირებით

„ელჟურნალის სტატისტიკის მონაცემებში დაფიქსირებულია ტექნიკური ხარვეზი“ - როდიდან განახლდება სტატისტიკა

მოთოვს თუ არა ახალი წლის ღამეს -  ამინდის შესახებ სააგენტო გვაფრთხილებს

მინისტრის გადაწყვეტილება ყველა საჯარო სკოლას ეხება - სამეურვეო საბჭოს შემდეგ, ინიციატივას პირდაპირ სამინისტრო განიხილავს

ვინც 2026 წელს სკოლაში მიდის - პირველკლასელებს მანდატურის სამსახური სტანდარტიზებული ინსტრუმენტის გამოყენებით შეაფასებს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი თოვლის ბაბუის გამოჩენა გახდა

მოსწავლეებმა წელიწადის ოთხი დრო - გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი - სპექტაკლის სახით წარმოადგინეს

საახალწლო ზეიმი იქცა შესაძლებლობად, ერთად გაგვეზიარებინა წლის განმავლობაში დაგროვილი შრომის შედეგები

17 დეკემბერს, სკოლაში ჩატარდა ლიტერატურულ-შემეცნებითი საღამო სახელოწოდებით - „ფიროსმანი“

მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედება მაყურებლების წინაშე ქართულ და სომხურ ენებზე

საინტერესო

მთავარია, წერილების გახსნის პროცესი იყოს ემოციურად დადებითი და ინსპირაციული, რაც ბავშვებს უკეთ გაახსენებს საკუთარი მიზნების მნიშვნელობას 

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება