სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

წერილი, რომელიც სკოლებმა განათლების სამინისტროსგან მიიღეს - მასწავლებელს აქვს უფლება, აირჩიოს გასავლელი საკითხები და ფორმატი
25-04-2021
-
+


განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, დამატებითი უქმე დღეების გამო, სკოლებს რეკომენდაციები გაუგზავნა. დოკუმენტში საუბარია, როგორ უნდა მიაღწიონ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს, 6 სასწავლო დღის დროს გაცდენილი საათების მიუხედავად. 

სკოლებისთვის გაწერილ რეკომენდაციებს, რომელიც უწყებამ წერილის სახით გადაგზავნა, ჩვენ უცვლელად გთავაზობთ: 

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მიმდინარე წლის 4-11 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა. ეს კი ნიშნავს, რომ სასწავლო დღეების ჯამური რაოდენობა 6 დღით მცირდება.

იმისთვის, რომ სასწავლო დღეების შემცირება უარყოფითად არ აისახოს მოსწავლეთა შედეგებზე, მნიშვნელოვანია, სკოლამ შეიტანოს საორგანიზაციო და შინაარსობრივი ხასიათის ცვლილებები თავისი კონკრეტული სკოლისა და კლასის/კლასების საჭიროებიდან გამომდინარე.

პირველ რიგში, კი დღის წესრიგში დგება სკოლის მიერ დაგეგმილი წლიური პროგრამის გადასინჯვის საკითხი იმგვარად, რომ ორიენტირებული დარჩეს ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მოთხოვნებზე. აქ მნიშვნელოვანია, სკოლებს ახსოვდეთ, სად მთავრდება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნები და სად იწყება სკოლების თავისუფლება:



-         მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა განსაზღვრავს საფეხურეობრივ მიზნებს და არა ყოველწლიურ პროგრამებს. ყოველწლიურ პროგრამას განსაზღვრავს თავად სკოლა თავისი მოსწავლეების საჭიროებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე;

-         მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა არ არის შინაარსის ამოწურვაზე ორიენტირებული, არამედ ფოკუსირებულია განვითარებად პროცესებზე და მთავარია კონკრეტულ მოსწავლეზე/კლასზე ორიენტირებულად სწავლა-სწავლების დაგეგმვა კონკრეტულ სკოლაში;

-         შესაბამისად, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა არ მიუთითებს სკოლას და კონკრეტული კლასის მასწავლებელს, თუ რომელი საკითხი გაიაროს სახელმძღვანელოდან საგნის საფეხურებრივი მიზნების მისაღწევად და რომელი - გამოტოვოს. ამდენად, სკოლას/მასწავლებელს ევალება არა სახელმძღვანელოს ყველა პარაგრაფის და საკითხის გავლა, არამედ ყველაზე მნიშვნელოვანი და საკვანძო საკითხების შერჩევა და ამ საკითხზე დაყრდნობით მოსწავლის მიერ საგნის ფუნდამენტური ცნებების გააზრება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სკოლა/კონკრეტული მასწავლებელი თავად იღებს გადაწყვეტილებას, შემცირებული სასწავლო დღეების პირობებში და სასწავლო წლის ბოლომდე დარჩენილი დღეების გათვალისწინებით, რომელი საკითხები ამოარჩიოს და როგორი ფორმატით გაიაროს მოსწავლეებთან.

საკვანძო შეკითხვები საგნის კურიკულუმის მოდიფიცირებისას:

·         როგორ შევარჩიო საკითხები ჩემი მოსწავლეებისთვის განკუთვნილი წლიური პროგრამისთვის?

·         როგორ განვსაზღვრო, სახელმძღვანელოს რომელი ნაწილი გავატარო მოსწავლეებს და რომელი - არა?

·         როგორ მივხვდე, ჩემს მოსწავლეებზე ადაპტირებული პროგრამა შესაბამისობაშია თუ არა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან?

ამ კითხვებზე მარტივად შეიძლება პასუხის გაცემა. ეროვნულ სასწავლო გეგმაში თითოეული საგნისთვის განსაზღვრულია სამიზნე ცნებები. სხვადასხვა საგანში მათი რაოდენობა 4-დან 10-მდე მერყეობს. ამ ცნებებზე მუშაობა უდრის ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგებზე მუშაობას (მიუხედავად იმისა, რომ საშუალო საფეხური ჯერ არ არის რევიზირებული, თითოეულმა საგანმა სამიზნედ შეიძლება გამოიყენოს საბაზო საფეხურის ცნებები და მათზე ორიენტირებულად წარმართოს საგაკვეთილო პროცესი). თითოეულ სამიზნე ცნებაზე გასვლა კონკრეტული საგნობრივი საკითხების საშუალებით შეიძლება.

მაგალითად, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, საბაზო საფეხურის სტანდარტის მიხედვით, განსაზღვრულია სულ 10 სამიზნე ცნება: კომპოზიცია, ჟანრი, ტექსტის სტრუქტურა-ორგანიზება, ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები, კონტექსტი, ინტერტექსტუალობა, საკომუნიკაციო სიტუაცია, ინტერპრეტირება, გრამატიკა, სტრატეგიები. მაგალითისთვის რომ ავიღოთ სამიზნე ცნება „კომპოზიცია“, მისი არსობრივი სიღრმეების დაუფლება შესწავლილი ტექსტების რაოდენობაზე კი არა, კონკრეტული ნაწარმოების თვისებრივ დამუშავებაზეა დამოკიდებული. და, თუკი მოსწავლე კონკრეტულ ნაწარმოებზე მუშაობის პროცესში ჩასწვდება, როგორ უკავშირდება ცალკეული კომპოზიციური ელემენტები ერთმანეთს და როგორ  ქმნიან ისინი ნაწარმოების მთლიანობას, იგი შეიძენს ღრმა ცოდნას, რომელსაც ნებისმიერი სხვა ნაწარმოების დამუშავებისას გამოიყენებს. ამდენად, სამიზნე ცნებებზე ორიენტირებული სწავლა-სწავლება საშუალებას გვაძლევს, რომ არ ვიყოთ ტექსტებისა თუ საკითხების რაოდენობაზე დამოკიდებული და განახევრებული რაოდენობის ტექსტების გავლის პირობებშიც შევძლოთ დასახული მიზნების მიღწევა.

მაგალითად, ბიოლოგიაში, საბაზო საფეხურზე გასააზრებელი ცნებებია: კვლევა, სტრუქტურა და ფუნქცია, სასიცოცხლო თვისება, ბიომრავალფეროვნება, ჯანმრთელობა და დაავადება.

კონკრეტულად VII კლასის ბიოლოგიის შინაარსი რამდენიმე მსხვილ თემას ფარავს, როგორებიცაა: მიკროორგანიზმები, მცენარეები, ცხოველები და ა.შ. რა თქმა უნდა, სასურველია, მოსწავლემ და მასწავლებელმა ყველა თემაში შეძლონ ზემოხსენებულ სამიზნე ცნებებზე მუშაობა და გააზრება. თუმცა, ეს რამდენიმე თემის ფარგლებში მაინც თუ მოხერხდა, ეროვნული სასწავლო გეგმის და საგნის მიზნები მიღწეული იქნება საფეხურის ბოლოსთვის.

მაგალითად, თუკი ისტორიის სამიზნე ცნებებია - წყარო, დრო, სივრცე, საზოგადოება, ძალაუფლება, ისტორიული მოვლენა, პროცესი - და VII კლასი თემატურად ეხება ძველი მსოფლიოს ისტორიას, მასწავლებელმა ამ ეპოქიდან უნდა შეარჩიოს საკითხები, რომლებიც ზემოჩამოთვლილი ცნებების დაფარვას შეუწყობს ხელს: მაგალითად, მეორე სემესტრში ეს შეიძლება იყოს:

1.      ფარნავაზი და იბერია - ქართლის სამეფოს დაარსება (სამიზნე ცნება: „წყარო“, „ძალაუფლება“)

2.      რომის მიერ ხმელთაშუაზღვისპირეთისა და ქართლის სამეფოს დაპყრობა (სამიზნე ცნებები: „დრო, „სივრცე“, „ისტორიული მოვლენა, პროცესი“)

3.      წმინდა ნინო და ქართლის გაქრისტიანება (სამიზნე ცნება „საზოგადოება“).

რა თქმა უნდა, უმჯობესია მეტი საკითხის გამოყენება ცნებების მრავალჯერადი დამუშავებისთვის, თუმცა, ობიექტური გარემოებიდან გამომდინარე, ამგვარი მინიმალისტური პროგრამითაც შესაძლებელია ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების დაკმაყოფილება.

იმისთვის, რომ მასწავლებელი დარწმუნდეს, მოსწავლემ ნამდვილად გაიაზრა თუ არა ესა თუ ის საკითხი, მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის წარმართვა კომპლექსური დავალებების მეშვეობით მოხდეს. შემცირებული საგაკვეთილო საათების პირობებში კი რეკომენდაციაა, მასწავლებელმა ისეთი კომპლექსური დავალება შეარჩიოს, რომლითაც 2-3 საკითხს დაფარავს. კომპლექსურ დავალებებს, მასწავლებლის გადაწყვეტილებით შეიძლება მიენიჭოს შემაჯამებელი დავალების სტატუსი.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მომზადებულია კომპლექსური დავალებების ბანკი ყველა საგნისთვის, რაც საშუალებას აძლევს პედაგოგებს, შეარჩიონ მათთვის საინტერესო ნიმუშები და კონკრეტულ კლასს მოარგონ, ან თავად შექმნან თავიანთი დავალებები კლასის საჭიროებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე. 

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობის N175 დადგენილებით განსაზღვრულ უქმე დღეებს (4-8 მაისი, 10-11 მაისი) დაემთხვა სკოლის მიერ დაგეგმილი შემაჯამებელი დავალებების ჩატარების თარიღი, სკოლა (სასკოლო სასწავლო გეგმაში ცვლილების შეტანის გარეშე) უფლებამოსილია გადაგეგმოს/შეცვალოს შემაჯამებელი დავალებების ჩატარების თარიღი/დრო.  

ამასთანავე, სკოლამ სასწავლო წლის დასრულებამდე მოსწავლეებს უნდა შესთავაზოს სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული შემაჯამებელი დავალებების მინიმალური რაოდენობა. ის სკოლები, სადაც სემესტრის 1/3-ზე მეტი დისტანციური სწავლების ფორმით მიმდინარეობდა, კვლავ იხელმძღვანელებენ ეროვნული სასწავლო გეგმის 32-ე მუხლის 91      პუნქტით, რომლის მიხედვითაც სკოლას უფლება აქვს შეამციროს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შემაჯამებელი დავალებების რაოდენობა, რაც უნდა აისახოს სასკოლო სასწავლო გეგმაში. ამ შემთხვევაში, შემაჯამებელი დავალებების მინიმალური რაოდენობა დაემთხვევა სემესტრის განმავლობაში ნასწავლი თემების რაოდენობას.

კომენტარები


სკოლები
„იმიტირებული არჩევნები“ სკოლის მე-11 და მე-12 კლასის მოსწალეებისთვის ჩატარდა
მოსწავლეები პროექტში აქტიური მონაწილეობისთვის სიგელებითა და სასაჩუქრე ნივთებით დაჯილდოვდნენ
წარმატების დამადასტურებელი სერტიფიკატებით izrune.ge-მ 30 მოსწავლე დააჯილდოვა
მოსწავლეებმა ჩიტის სახლები სკოლის ეზოში მდებარე ხეებზე განათავსეს
წინარეხის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე აღნიშნეს
სიახლეები
კერძო სკოლის პედაგოგები დისკრიმინაციულ მიდგომებზე საუბრობენ
სკოლა უფლებამოსილია, გამოაცხადოს კონკურსი იმ პოზიციაზეც, რომელიც არ არის ვაკანტური, მაგრამ არსებობს საფუძველი, რომ პოზიცია კონკურსის დასრულებამდე გახდება ვაკანტური
ეს იქნება მთავარი პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც განათლების სისტემის ყველა მიმართულებას მოიცავს:
2020-2021 სასწავლო წელიც ასე, სეკვესტრირებულად ჩამთავრდება, კომპლექსური დავალებების ხარჯზე
პედაგოგებს გეგმური ტესტირება რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში ჩაუტარდათ
საინტერესო
მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ბოლო ზარს სიმბოლური დატვირთვა აქვს
„იმისთვის რომ მთელი თაობის კატასტროფა ავიცილოთ თავიდან, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ განათლების უფლების რეალიზებისთვის“
თუ ჯერ კიდევ ვერ მოახერხეთ დასვენება და ძალების აღდგენა ეს რჩევები დაგეხმარებათ
განათლებაში მუშაობა მუდმივ ცვლილებებს გულისხმობს
პიროვნება
ჩემი ცხოვრება, izrune.ge-ში მოსვლის დღიდან, რადიკალურად შეიცვალა; უზომოდ ბედნიერი ვარ აქ მუშაობით, იმ გარემოთი, რაც დამხვდა და რაც მთავარია, ჩემი გუნდით
„პანდემიამ გადაგვიყვანა არანორმირებულ რეჟიმში და ამიტომ, განვიხილეთ, სასწავლო წლის ბოლომდე რა ღონისძიებები უნდა გავატაროთ, რათა არსებული ვითარება ნაკლებშესამჩნევი იყოს ბავშვებისთვის.“
ეტალონი
რომ  წარმატება არის კეთილგანწყობა და სიყვარულით განხორციელებული ნებისმიერი აქტივობა
„ეტალონი“ და izrune.ge აძლევს ბავშვებს მოტივაციას, რათა მაქსიმალურად მეტი დრო დაუთმონ განათლებას“
დირექტორებს გენერლის პასუხისმგებლობა გვაქვს, თორემ ჩვენც, თქვენთან ერთად, რიგითი ჯარისკაცები ვართ ამ დიდ საქმეში
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება