სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„თუ არ ვივარჯიშე, ბურთს არ შევეხე, ცუდ ხასიათზე ვდგები. ფრენბურთი ჩემი ნაწილია!“
21-12-2020
-
+


სპორტს მაშინ ეზიარა, როდესაც ჯერ კიდევ ბავშვი იყო - ლეჩხუმში ყველა თამაშობს ფრენბურთს და ამიტომ მეც ძალიან მომწონდაო, - გვითხრა; სპორტსმენობა კი იმ პერიოდში გადაწყვიტა, როცა ქვეყანას რთული პერიოდი ედგა, ბნელი 90-იანები და ახალგაზრდობა, ძირითადად, ქუჩაში იყო გამოფენილი. მაშინ სწავლასაც დიდად არ ექცეოდა ყურადღება, დათო ლიპარტელიანმა კი ქუჩას სპორტი არჩია და საქართველოს ჩემპიონის ტიტულიც არაერთხელ მოიპოვა. დღეს გულისწყვეტით იხსენებს იმ ბიჭებს, რომლებმაც მაშინ „სხვა გზა“ აირჩიეს, თავად კი ბედნიერია, რადგან ახლაც, წლების შემდეგაც, იმ საქმეს აკეთებს, რაც უზომოდ უყვარს და ამბობს, რომ ფრენბურთი მისი ნაწილია.

- ბატონო დათო, სპორტსმენისთვის უმოქმედოდ ყოფნა ალბათ რთულია, არადა ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, შეზღუდვებია დაწესებული.

- მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გაჩერებულია, მაინც ვვარჯიშობ - ვცდილობ, ფორმიდან არ ამოვვარდე. ხომ იცით, მწვრთნელს ტონუსი სჭირდება; გარდა ამისა, ფიზიკური ვარჯიში, ცხოვრების ჯანსაღი წესი ვირუსების დაძლევაში გვეხმარება და მეც, რის შესაძლებლობასაც გარემო მაძლევს, ვაკეთებ, რათა ჯანსაღად ვიცხოვრო.

- ცაგერის გუნდს წვრთნით. აქტიურ სპორტში აღარ ხართ?

- დიახ, ცაგერის გუნდს ვწვრთნი, ბავშვებსაც ვასწავლი და ვთამაშობ კიდეც, თუმცა ნაკრებში აღარ ვარ - მწვრთნელობა დიდ დროს მოითხოვს. ცაგერის გუნდთან ერთად კი სულ ვთამაშობ.

- მკაცრი მწვრთნელი ხართ?

- მომთხოვნი ვარ... მინდა, მომავალმა თაობებმა უკეთ ითამაშონ, უფრო მეტი შეძლონ და ყველა მინუსი, რაც ჩვენ თამაშს ახლდა, ვთხოვ, რომ გაითვალისწინონ. დისციპლინაც აუცილებელია...

- და ცხოვრების ჯანსაღი წესიც. როგორ აკონტროლებთ თქვენს სპორტსმენებს?

- უბრალოდ ვუხსნი, რომ ზედმეტი არაფერი შეძლება; ძალით ვერავის გააჩერებ, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ სპორტსმენებს სხვაგვარი რეჟიმი აქვთ, ისინი უნდა იყვნენ მაგალითი სხვებისთვის და რაც მთავარია, სამართლიან, კარგად ადამიანებად ჩამოყალიბდნენ. მიმაჩნია, რომ სპორტსმენი ჰუმანური უნდა იყოს.

- ჰუმანური რატომ?

- მოგეხსენებათ, საზოგადოება სპორტსმენებს სხვაგვარად უყურებს, თუმცა სამწუხაროდ, ჰგონიათ, რომ მხოლოდ ძალა აქვთ და მის შინაგან ბუნებას ყურადღებას არ აქცევენ. არადა სპორტი მხოლოდ ძალა არ არის, მას განათლება და ინტელექტი სჭირდება. მაგალითად მე - ტანდაბალი ვარ და უფრო მოჭიდავეს ვგავარ, ვიდრე ფრენბურთელს, მაგრამ გონიერებით, ტექნიკითა და ხერხით, ბევრად მაღლებს ვჯობნი.

- რატომ აირჩიეთ სპორტის ეს სახეობა?

- ცაგერიდან ვარ, ლეჩხუმში კი ფრენბურთს მრავალწლიანი ტრადიცია აქვს. ჩემი მოსწავლეობის პერიოდი 90-იან წლებს დაემთხვა და ყველამ ვიცით, მაშინ რა სიტუაცია იყო. სპორტი კი საშუალება გახლდათ, ბავშვები ქუჩას მოვწყვეტოდით - ამიტომ ძირითად დროს დარბაზში ვატარებდი, ვუყურებდი, როგორ თამაშობდნენ უფროსები, ბევრ რამეს ვსწავლობდი და შემდეგ მეც დავიწყე თამაში. გული მწყდება, მაშინ ჩემი კლასელები სხვა გზას დაადგნენ... არადა, იცით, რა კარგი ბიჭები იყვნენ... ჩვენ კი ფრენბურთმა შეგვცვალა, დარბაზი იყო გართობის საშუალება, ჩვენი ინტერნეტიც, ჩვენი ტელევიზიაც... მერე, როდესაც წარმატებებს აღწევ თავდაჯერებული ხდები და მეც უფრო დიდი მონდომებით ვვარჯიშობდი; მოგვიანებით, თბილისში ჩამოვედი, მალევე ვიღაცებს ვაჯობე... მუდმივად ვმუშაობდი საკუთარ თავზე და სიმართლე გითხრათ, თამაშის დროს თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი - წყალში. ახლაც, თუ არ ვივარჯიშე, არ ვითამაშე, ბურთს არ შევეხე ცუდ ხასიათზე ვდგები. ფრენბურთი ჩემი ნაწილია!

- გარდა ვარჯიშისა, რა უნდა გააკეთოს სპორტსმენმა, წარმატებას რომ მიაღწიოს?

- პირველ რიგში, სიყვარულია - მხოლოდ ნიჭითა და ვარჯიშით დიდ მწვერვალებს ვერ დაიპყრობ. ადამიანი რომ გიყვარს, ხომ გინდა, მის გვერდით იყო - ასეა სპორტიც. თუ არ გიყვარს, წარმატებული ვერ იქნები; თუმცა გარემოც უნდა გიწყობდეს ხელს.

- და აქვს ფრენბურთს ეს ხელშეწყობა?

- სამწუხაროდ, ნაკლებად... გარკვეული მიზეზებია, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს, მაგრამ შეუძლებელია არ აღვნიშნო, რომ წინა წლებთან შედარებით, მაინც ბევრი რამ შეიცვალა. ბავშვობაში ბურთს ვკერავდით... ჩვენმა მწვრთნელმა ბურთი რომ ვერ იშოვა, ქუთაისიდან ხელბურთის ბურთები ჩამოიტანა და იმით ვვარჯიშობდით. პირველად რომ ვნახე კარგი ბურთი, ვერ წარმომედგინა, ხელი როგორ უნდა დამერტყა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დირექტორებმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
შეხვედრაზე მოსწავლეებმა იმსჯელეს ახალი სასწავლო წლის პრიორიტეტებზე, ერთმანეთს გაუზიარეს იდეები და წარმოადგინეს ინიციატივები
 

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება