სიახლეები
პიროვნება

„უპრეტენზიო ხალხი ვართ მასწავლებლები, და პატივს ვცემთ გონებას“ - შორენა ბადაგაძე, ხევსურთსოფლის საჯარო სკოლის პედაგოგი
16-12-2020
-
+


ამ დრომდე საკლასო ოთახებში სწავლობდნენ, თუმცა რამდენიმე დღეა, თიანეთის მუნიციპალიტეტის, ხევსურთსოფლის საჯარო სკოლაც ონლაინ-სწავლებაზე გადავიდა და მოსწავლე მასწავლებლებიც იმ რთულ რეალობას დაუბრუნდნენ, რომელიც კორონაპანდემიამ მსოფლიოში შექმნა. როგორ უმკლავდება დისტანციური სწავლების თავისებურებებს პედაგოგი შორენა ბადაგაძე, რომელიც წელს პირველკლასელებს შეუძღვა ცოდნის ტაძარში? - ამ და სხვა კითხვებს თავად შორენა მასწავლებელი პასუხობს, რომელსაც უზომოდ უყვარს თავისი პატარები; იმდენად, რომ ხშირად ვერც უბრაზდება და ყოფილა შემთხვევა, საყვედურის თქმის დროსაც გაღიმებია - მაშინ პირველად გამიხარდა, პირბადე რომ მეკეთაო, - გაგვიმხილა შორენა ბადაგაძემ და Etaloni.ge- ბევრ საინტერესო თემაზეც ესაუბრა. 

- ამ დრომდე სწავლა ჩვენს სკოლაში ჩვეულ რეჟიმში, საკლასო ოთახებში მიმდინარეობდა, თუმცა ახლა, გარკვეული მიზეზების გამო, დისტანციურზე გადავედით 14 დღით.

- ალბათ, ადვილი არ არის, საკლასო გარემოს შეჩვეულებისთვის, კვლავ ონლაინ-რეჟიმზე გადასვლა, ქალბატონო შორენა.

- წინა სასწავლო წელს, მასწავლებლებმაც და მოსწავლეებმაც გარკვეული გამოცდილება მივიღეთ, თუმცა მაშინაც, ძირითადად, მესენჯერ-ჯგუფებში ვმუშაობდით, ხოლო იმ მოსწავლეებს, რომელთაც ინტერნეტთან წვდომა არ ჰქონდათ, ტელეფონის საშუალებით ვუკავშირდებოდით. ახლაც მუდმივად გვიტარდება ტრენინგები კომპლექსურ დავალებებსა თუ თანამედროვე მიდგომებთან დაკავშირებით და ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ, ფეხი ავუწყოთ შექმნილ რეალობას. მუდმივად მაქვს უკუკავშირი მოსწავლეებთან და არასოდეს შემოვიფარგლები მხოლოდ დავალების შემოწმებით; მითენდება და მიღამდება კომპიუტერთან, მშობლებიც მაქსიმალურად ცდილობენ პირობების შექმნას, მაგრამ ხანდახან არ გამოდის... ყველაფერს ვაკეთებ, ბავშვები ეროვნულ სასწავლო გეგმას არ ჩამორჩნენ, ყველამ ვიცით - ეს დროებითია, თუმცა, თავი არ უნდა დავზოგოთ. ბავშვებს ხომ ვერ ვუღალატებთ?!

- გარკვეულ საკითხებში ჩამორჩენა მაინც არის?

- რაღაც ეტაპზე, ალბათ ასეა... ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია და სხვათა შორის, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ზოგი მოსწავლე დისტანციურმა სწავლებამ უფრო წაახალისა, კარგი შედეგებიც დადეს, თუმცა პროგრამული ჩამორჩენა მაინც არის - რაც უნდა იყოს, პირდაპირი ურთიერთობები, საკლასო ოთახის გარემო, გარკვეულ სტიმულს წარმოშობს, რასაც ამჟამად ჩვენი ბავშვები მოკლებულები არიან.

- და როგორ აანაზღაურებთ „გაცდენილ დროს“?

- ეს არ იქნება ადვილი, რაც მეტად რთულდება პირველი კლასის შემთვევაში, რადგან ასოს მოხაზულობასა და უამრავ რამეს სწავლობენ სწორედ ამ დროს... მეც მიჭირს პირველკლასელებთან სათანადო შედეგებზე გასვლა. თუმცა ამ ყველაფერს პრეზენტაციებით ვანაზღაურებ - ვცდილობ, თვალსაჩინო იყოს გარკვეული საკითხები, მთავარი სათქმელი ლაკონურად და მათთვის გასაგებად ვუთხრა, რათა საფუძვლიანი ცოდნა მიიღონ. იმასაც ვითვალისწინებ, რომ შეიძლება ვერ ნახონ სრულად, დაეზაროთ ან ტექნიკურად ვერ მოახერხონ მასალის გაცნობა... მაგრამ მთავარი სათქმელი უნდა გაიგონ. ფაქტია - ათასი რესურსი იქმნება, ჩვენს ქვეყანას ჰყავს ბევრი წარმატებული მასწავლებელი,  ვქმნით ამ რესურსებს და სხვებისასაც, პირადად, ვიყენებ - მარტივად რომ ვთქვა, ყველა ღონეს ვხმარობ, რათა ჩემს მოსწავლეებს არაფერი გამორჩეთ; მუდმივად ვართ კითხვა-პასუხის რეჟიმში, ვეუბნები, რომ ახლა თავად იყვნენ მასწავლებლები და ამიხსნან, ამა თუ იმ კითხვას, ასე რატომ უპასუხეს... ასეთ მიდგომებს შედეგი ნამდვილად აქვს; გარდა ამისა, ვცდილობ, შემოქმედებითი დავალებები მივცე, წავახალისო... ხომ გაგიგიათ, მასწავლებელი ხანდახან მსახიობიც უნდა იყოს.

- საკმაოდ რთული პროფესია გაქვთ. რატომ გადაწყვიტეთ მასწავლებლობა?

- მესამე კლასიდან გადაწყვეტილი მქონდა, რომ მასწავლებელი ვიქნებოდი... ჩემს ოჯახში ძალიან დიდი პატივს სცემდნენ მასწავლებელს და მეც სხვაგვარად ვერ წარმომედგინა ჩემი მოღვაწეობა. მშობლიურ სკოლაში დაწყებითების მასწავლებელი ვარ.

- რთული არ იყო, საკუთარ მასწავლებლებთან უკვე კოლეგად დაბრუნება?

- არა! ჩემი მასწავლებლები ჩემთვის ყველაფერია, ჩვენ ერთად გავიარეთ ბევრი რამ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სკოლა ჩემი ოჯახია.

- ის პერიოდიც ერთად გაიარეთ, როდესაც მასწავლებლები შიშველი ენთუზიაზმით ემსახურებოდნენ საკუთარ პროფესიას? - ამბობენ, რომ მაშინ მასწავლებელი დაუფასებელი იყო...

- იმ პერიოდში ვინც მოწოდებით იყო მასწავლებელი და ვისთანაც ოჯახურმა პრობლემებმა არ გადაძალა ყველაფერი, დარჩა სკოლაში... იცით, თავიდან, დისტანციურ სწავლებაზე რომ გადავედით, მშობლებმა გვითხრეს - ახლა ვხვდებით, რამხელა შრომას სწევდით, გმირები ყოფილხართ, თურმე რამდენი რამ გიკეთებიათო... რაც შეეხება პროფესიის გაუფასურებას, ვერ დაგეთანხმებით... შეიძლება, იყო ყოფითი პრობლემები, თვეები უხელფასოდ ვმუშაობდით, მაგრამ არ მახსენდება, ჩვენთან რომელიმე პედაგოგი მხოლოდ ხელფასზე ყოფილიყო ორიენტირებული და საკუთარ საქმეზე, რომელიც უყვარს, ხელი ჩაექნია. ზოგადად, უპრეტენზიო ხალხი ვართ მასწავლებლები, პატივს ვცემთ გონებას და არ გვაქვს პრეტენზია მატერიალურზე.

- რა არის მასწავლებლისთვის ყველაზე დიდი ჯილდო, ქალბატონო შორენა?

- ყველაზე ბედნიერი მაშინ ვარ, როცა ბავშვების სახეებს ვხედავ, კლასში ვართ ერთი შეკრული გუნდი, ერთ საქმეს ვაკეთებთ, ვგრძნობთ, როგორ ვავსებთ ერთმანეთს, და შედეგი - როცა ბავშვთან გარკვეულ შედეგებზე გავდივართ...  ჩემი პროფესიონალიზმის განმსაზღვრელი ესაა - სკოლა ხომ ბავშვებით იწყება.

- ბავშვებით, რომლებიც არიან მომთხოვნები, ცელქები, ზოგჯერ თავგასულები და თავისებურებიც... როგორ უგებთ ახლანდელ თაობას?

- ვცდილობ, სხვადასხვა კუთხით შევაფასო, განვსაზღვრო... ხელის ჩაქნევაზეც მიფიქრია, მაგრამ მაინც ვაგრძელებ ბრძოლას! უნდა მოერგო და ოქროს შუალედი აირჩიო - სხვაგვარად არ გამოდის... ძალიან მიყვარს ჩემი ბავშვები და როდესაც მეოთხე კლასს ასრულებენ, ღამეები არ მძინავს - ვტირი... იცით, როგორი ტკივილია? ცოტა ეგოისტი და სუბიქტური ვხდები, რადგან ვერასოდეს გაიგებენ, როგორ მიყვარს... რა გაეწყობა, მთავარია ვეცადოთ, თითო ნაბიჯით წავიდეთ წინ, მზად ვიყოთ შემხვედრი წინააღმდეგობებისთვის, გვახსოვდეს, რომ აღმართს დაღმართი მოსდევს და ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება