სიახლეები
სიახლეები

პრაქტიკოსს ვუშვებთ სკოლიდან და გამოუცდელი მაძიებელი შემოგვყავს - რას აპროტესტებს საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაცია?
16-07-2020
-
+


საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის შესახებ ვრცელ სტატუს აქვეყნებს. ჩვენ ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: 

სადამდე მიიყვანა სკოლები „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემამ“ - როგორც მოგეხსენებათ, ადრეულ წლებში, სკოლაში მასწავლებლად მუშაობის დაწყებისას საჭირო იყო მხოლოდ სურვილი თუ დიპლომით გიდასტურდებოდა ამა თუ იმ საგნის მასწავლებლის კვალიფიკაცია. ამისათვის კი საკმარისი იყო უმაღლეს სასწავლებელში გესწავლა 5 (ხუთი) წელი.

რა მოხდა მას შემდეგ, რაც 2015 წლიდან სქემა შემოვიდა? უკლებლივ ყველა მასწავლებელი გამოაცხადეს პრაქტიკოს მასწავლებლად, განურჩევლად მათი სტაჟისა და გამოცდილებისა (გაგახსენებთ, რომ მასწავლებლები ადრე კატეგორიებად იყვნენ დაყოფილნი: პირველი,მეორე და ა.შ.). წინა ხელისუფლების დროს დაიწყო საგნობრივი და პროფესიული გამოცდების ჩატარება, რათა მასწავლებელს სტატუსი აემაღლებინა და ხელფასიც მომატებოდა. აქ უნდა ითქვას, რომ მასწავლებელს უნდა დაედასტურებინა კომპეტენცია იმ საგანში, რომელსაც ასწავლიდა. ბევრჯერ გადაიწია ვადებმაც, რადგან ყველა ვერ აბარებდა ამ გამოცდებს, ვერ ლახავდა ზღვარს. ამიტომ უკვე ამ ხელისუფლების დროს- საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას განსაზღვრეს ახალი წესი, რაც გულისხმობდა გამოცდაზე სრულად 10 კრედიტის მიღებასაც და ნაწილობრივ 1, 4, 7 კრედიტქულების მოპოვებასაც. აქედან წამოვიდა მასწავლებლების დაყოფაც: 1 და 10 კრედიტიანებად.

პარალელურად სკოლაში დირექტორის ბრძანებით იქმნება მასწავლებლებისგან დაკომპლექტებული „მასწავლებლის შეფასების ჯგუფი.“ მათი ვალდებულებაა შეაფასონ მასწავლებლის მუშაობა, მის მიერ განხორციელებული საგნობრივი თუ სოციალური პროექტები, ჩატარებული გაკვეთილები და ა.შ. შესაბამისად, მიანიჭონ კრედიტქულები. რა თქმა უნდა, კოლეგებს უსამსახუროდ ვერავინ დატოვებდა და სკოლა მობილიზებული იყო მაქსიმალურად მიენიჭებიათ ეს ქულები, რომ როგორმე 19 კრედიტქულა დაეგროვებინა მასწავლებელს. აღსანიშნავია პედაგოგების ის ნაწილიც, რომლებმაც თავიდანვე 10-10 ქულაზე ჩააბარეს გამოცდები და უპრობლემოდ გახდნენ უფროსი მასწავლებლები და დაიწყეს შემდეგ საფეხურზე, წამყვან მასწავლებლად გადასვლისათვის ზრუნვა, თუმცა ჩვენ ვსაუბრობთ მასწავლებლების დიდ ნაწილზე, უმრავლესობაზე...
ახლა დავუბრუნდეთ საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებას.

(ეროვნულ სასწავლო გეგმა მუხლი 45) ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნები ერთიანდება რვა საგნობრივ ჯგუფში:

ა) სახელმწიფო ენა;
ბ) მათემატიკა;
გ) უცხოური ენები;
დ) საზოგადოებრივი მეცნიერებები;
ე) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
ვ) ტექნოლოგიები;
ზ) ესთეტიკური აღზრდა;
თ) სპორტი.
-სახელმწიფო ენის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:
ა) ქართული ენა და ლიტერატურა (ისწავლება I-XII კლასებში);
ბ) აფხაზური ენა და ლიტერატურა, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში (ისწავლება I-XII კლასებში);
გ) ქართული, როგორც მეორე ენა, არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის (ისწავლება I-XII კლასებში).

- თუ მასწავლებელი ამ სამი საგნიდან ერთ-ერთში დაადასტურებს კომპეტენციას, შეუძლია ასწავლოს დანარჩენი ორი საგანი. ე.ი. თუ მასწავლებელმა 1 კრედიტზე ჩააბარა ქართული, როგორც მეორე ენა, არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის, დანარჩენი კრედიტები შეივსო ტრენინგებით და პროექტებით, შეუძლია ასწავლოს ქართული ენა და ლიტერატურა I-XII კლასებში;
საუკეთესო შემთხვევაში თუ ჩააბარა ქართული ენა და ლიტერატურა I-VI კლასებში- ასევე ვთქვათ 1 კრედიტზე, შეუძლია შეუფერხებლად ასწავლოს VII-XII კლასებში.

-მათემატიკის საგნობრივ ჯგუფს განეკუთვნება სავალდებულო საგანი მათემატიკა (ისწავლება I-XII კლასებში).
ამ საგანშიც გვაქვს ორი შესაძლებლობა. მასწავლებელს შეუძლია ჩააბაროს:
-მათემატიკა I- VI კლასები;
-მათემატიკა VII-XII კლასები;
- ნებისმიერ შემთხვევაში, შეუძლია ასწავლოს სამივე საფეხურზე, ანუ დაწყებითი საფეხურის მათემატიკის მასწავლებელს შეუძლია ასწავლოს მე-12 კლასშიც.

-საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:

ა) ბუნებისმეტყველება (ისწავლება I-VI კლასებში);
ბ) ბიოლოგია (ისწავლება VIII-XI კლასებში 2019-2020 სასწავლო წლამდე და 2019-2020 სასწავლო წლიდან - VII-XI კლასებში);
გ) ფიზიკა (ისწავლება VIII-XI კლასებში 2019-2020 სასწავლო წლამდე და 2019-2020 სასწავლო წლიდან - VII-XI კლასებში);
დ) ქიმია (ისწავლებაVIII-XI კლასებში).

აქაც იგივეა, თუ მასწავლებელმა ფიზიკაში დაადასტურა კომპეტენცია, შეუძლია ასწავლოს ქიმია, ბიოლოგია და პირიქით.
აღარ შეგაწყენთ სხვა საგნობრივი ჯგუფების განხილვით, უბრალოდ დავამატებ, რომ მათემატიკის მასწავლებელს, დღეს, შეუძლია ასწავლოს ფიზიკა და ისტ-ი და ისტ-ის მასწავლებელსაც შეუძლია ასწავლოს ფიზიკა და მათემატიკა და პირიქით.

ცალკე უნდა გამოიყოს საგანი - ფიზიკური აღზრდა და სპორტი. თეორიულად სახელმწიფო ზრუნავს მოსწავლეთა ფიზიკურ განვითარებაზე, რაც აისახება ხოლმე საათობრივ ბადეში. პრაქტიკულად კი სკოლების ძირითად ნაწილში არ არსებობს სპორტული ინფრასტრუქტურა და ასევე არ გვყავს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პედაგოგები. სქემის ავტორებმა აქაც იპოვეს მარტივი გამოსავალი და ფიზიკური აღზრდის გაკვეთილის ჩატარების უფლება მისცეს დაწყებითი კლასების მასწავლებლებს, რომელთაც ოდესღაც მაინც უსწავლებიათ ფიზკულტურა. (გაგახსენებთ რომ საბჭოთა კავშირიდან გვყავდა „უნივერსალური“ დაწყებითი კლასების მასწავლებელი, რომელიც ყველა საგანს ასწავლიდა, ახლაც გვყავს სკოლები სადაც შემორჩენილია ეს პრაქტიკა). ამ პრაქტიკის გაგრძელებაა ისიც რომ მე-3, მე-4 კლასებში შემოიტანეს საგანი „მე და საზოგადოება“ (ბრწყინვალე სტანდარტია) და პირდაპირ სამოქალაქო განათლების მასწავლებლის კომპეტენციაა მისი სწავლება, მაგრამ - უნდა ასწავლონ დაწყებითის მასწავლებლებმა.

რაც შეეხება პრაქტიკოს მასწავლებლებს:

- პრაქტიკოსი პენსიონერი მასწავლებლები 2 წლის ხელფასით დაჯილდოებული გაუშვეს სისტემიდან, ისე რომ არ ჩატარებულა კვლევა მათი გაშვებით შეიქმნებოდა თუ არა მასწავლებელთა დეფიციტი.

- პრაქტიკოს მასწავლებლებს 2019 წლის 06 აგვისტოს N371 მთავრობის დადგენილებით განუსაზღვრეს ვადა, თუ 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით ვერ მოიპოვებს უფროსი მასწავლებლის სტატუსს მისი პოზიცია ცხადდება ვაკანტურად.
2020 წლის 26 ივნისის N390 მთავრობის დადგენილებით კი:

- პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა, რომლებმაც 30 აპრილამდე გაიარეს რეგისტრაცია საგნის გამოცდაზე, მათ შემოდგომაზე უნდა აიმაღლონ სტატუსი.

- მასწავლებელი, რომელიც არ დარეგისტრირდა გამოცდაზე 2020-2021 ს/წლის დაწყებამდე, ერთი თვით ადრე ა.წ. 15 აგვისტოდან სკოლის ადმინისტრაციამ მათ ჩასანაცვლებლად უნდა გამოაცხადოს კონკურსი.

- ის მასწავლებელი, რომელიც გამოცდაზე გასვლის შემდეგაც ვერ დაადასტურებს კომპეტენციას და შესაბამისად, ვერ შეაგროვებს 19 კრედიტქულას, სკოლის ადმინისტრაცია 2020-2021 ს/წლის ბოლოს გამოაცხადებს კონკურსს.

რა თქმა უნდა, სკოლებში იქმნება მასწავლებელთა დეფიციტი, განსაკუთრებით ტექნიკურ საგნებში.

რა მოიგონეს სქემის შემქმნელებმა დეფიციტის აღმოსაფხვრელად?

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში 2018 წლის 20 ივლისს შეიტანეს ცვლილება და გაჩნდა - „მასწავლებლობის მაძიებელი“, „მოწვეული მასწავლებელი“, „შემცვლელი მასწავლებელი“.

- „მასწავლებლობის მაძიებელი“ - პირი ბაკალავრის აკადემიური ხარისხით, 2 (ორი) წელი ვუშვებთ სკოლაში (ისე, რომ საერთოდ არანაირი წარმოდგენა არ აქვს გაკვეთილების ჩატარებასა და მეთოდებზე), შემდეგ ასეთ მაძიებელს უფლება ეძლევა გამოცდაზე გავიდეს, ე.ი. პრაქტიკოსს ვუშვებთ სკოლიდან და გამოუცდელი მაძიებელი 2 წლით შემოგვყავს სკოლაში მანამ, სანამ კომპეტენციას დაადასტურებს;

- „მოწვეული მასწავლებელი“ - პირი, რომელსაც აქვს მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება, შეიძლება დაიტვირთოს კვირაში 9 საათით. არა აქვს საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების ვალდებულება.

- პირი, რომელსაც დიპლომით უდასტურდება მასწავლებლის კვალიფიკაცია, არასოდეს უმუშავია სკოლაში, აბარებს მხოლოდ საგნის გამოცდას და აძლევენ „უფროსი მასწავლებლის“ სტატუსს. მაშინ როდესაც პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელიც წლებია მუშაობს და რომელმაც მხოლოდ პროფესიული გამოცდა ვერ ჩააბარა და ვერ დააგროვა 19 კრედიტი, უშვებენ სკოლიდან! - რა არის ეს თუ არა დისკრიმინაცია.

ასევე დისკრიმინაციაა, როდესაც პრაქტიკოსის სტატუსის პენსიონერ მასწავლებელს აძლევ ჯილდოდ 2 წლის ხელფასს და უშვებ დამსახურებულ პანსიაზე და უფროსი/წამყვანი სტატუსის მქონე პენსიონერ პედაგოგებს - არა!

აი, ესაა სქემის საბოლოო შედეგი, რომლის ამოცანა იყო საუკეთესო კადრების შენარჩუნება, არსებული მასწავლებლების მოტივაციისა და სტატუსის ამაღლება.

- მთავარია სისტემაში არ დაგვრჩეს სტატუსი - პრაქტიკოსი მასწავლებელი!

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
უფასო ტრანსპორტირება, სტანდარტის დაცვა... კიდევ რა ევალებათ ბაღებს ახალი დოკუმენტის თანახმად
150-300-ლარიანი დახმარება მრავალშვილიანი ოჯახებისთვის - რა შემთხვევაში გაიცემა თითო არასრულწლოვანზე 20-ლარიანი სუბსიდია
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ასევე, მის ფარგლებში, მოსწავლეებმა ნახეს, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია ბუნების ნარჩენებით დაბინძურებას.
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება