სიახლეები
პიროვნება

„როგორ შეიძლება 15 წუთში გაკვეთილი ჩაატარო დისტანციურად და შედეგად, რამე წაიღოს ბავშვმა?!“ - ბოჭორმის სკოლის პედაგოგი მერცია წიკლაური
03-07-2020
-
+


პედაგოგობა ბავშვების სიყვარულმა გადააწყვეტინა, პიონერმუშაკთა სკოლის დასრულების შემდეგ, მაშინდელ პუშკინის სახელობის ინსტიტუტში განაგრძო სწავლა, შემდეგ მასწავლებლად დაბრუნდა სკოლაში, სასწავლო ნაწილის გამგეც გახლდათ, დირექტორიც და ასევე, იყო ემიგრაციაში გატარებული მძიმე წლებიც... მერცია წიკლაურს მარტივი ცხოვრება არ ჰქონია და სამშობლოში დაბრუნებული, როდესაც კვლავ სკოლაში მიიწვიეს, ბევრი იფიქრა - დაბრუნებოდა თუ არა პროფესიას. მიმაჩნია, ბავშვებს ჩემი ასაკის კი, არა, ახალგაზრდა მასწავლებელი უნდა ეჯდეს წინო, - გაგვიმხილა... მაგრამ მოსწავლეებსა და პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული მერცია მასწავლებელი დღესაც ერთგულად ემსახურება საკუთარ საქმეს. Etaloni.ge-სთან საუბარს კი იმით იწყებს, როგორ დაძლია თიანეთის მუნიციპალიტეტის, ბოჭორმის საჯარო სკოლამ დისტანციური სწავლების გამოწვევები.

- სწავლების ტრადიციულ ფორმას ვერც შევადარებ დისტანციურს... ყველაფერი ძალიან მოულოდნელად მოხდა და ამიტომ, გაგვიჭირდა ჩართვა; მით უმეტეს, მცირეკონტინგენტიანი სკოლა ვართ, ზედმეტი სიახლოვე გვაქვს ბავშვებთან და როდესაც ვატარებდით დისტანციურ გაკვეთილებს, ჩიოდნენ, რომ მონატრება ჰქონდათ და ელოდნენ, როდის შევხვდებოდით კიდევ. რამდენჯერმე ისეც მოხდა, ვიფიქრე, წავსულიყავი მათთან და მომენახულებინა, როდესაც პირადი პრობლემები ჰქონდათ... მოგეხსენებათ, საგნის სწავლების გარდა, სხვა ადამიანური ურთიერთობებია, მით უმეტეს, სოფლის სკოლაში, მაგრამ ვფრთხილობდით, არაფერი მოჰყოლოდა ჩვენ ამ ნაბიჯს.

70 წელს გადაცილებული მასწავლებელი ვარ, თანამედროვე ტექნოლოგიებში ჩართული არ ვიყავი აქტიურად, გარდა ამისა, ბავშვებსაც უჭირთ ფინანსურად, არც რესურსი ჰქონდათ, რომ სრულფასოვნად ჩართულიყვნენ ონლაინ-გაკვეთილებში... საბედნიეროდ, გვყავს ძალიან კარგი, ყოჩაღი დირექტორი, რომელმაც ყველა ხერხს მიმართა, რათა დისტანციური სწავლება აწყობილიყო...

- გასაგებია, რომ ასე თუ ისე, დაძლიეთ სირთულეები, მაგრამ ხარისხზე რას გვეტყვით, როგორც პედაგოგი, რამდენად კმაყოფილი ბრძანდებით?

- არაფრით შემიძლია თქმა, რომ ჩვეულებრივ გაკვეთილებს დისტანციური სწავლება გვერდით დაუდგება ან შედეგს მივიღებთ თუნდაც იმის ნახევარს. არ არის ჩვენი ბავშვებისთვის დისტანციური სწავლება იმის მიმცემი, რითაც შევძლებთ მივიჩნიოთ, რომ კლასი დაამთავრა, მასალა დაძლია და რაც უნდა წაეღო სკოლიდან, წაიღო. მაშინებს და მედარდება ის, რომ მომდევნო წელს ბავშვებს ამ მასალის ნაკლებობა ძალიან ბევრს დააკარგვინებს; თუკი იქნება ჩვეულებრივი სწავლება, კიდევ შეეცდება მასწავლებელიც, მოსწავლეც, მშობელიც, რომ ამოიქაჩოს, რაც დავკარგეთ ამ ერთ სემესტრში, მაგრამ თუ დისტანციური სწავლება გაგრძელდება, არ მგონია, რომ ბავშვები იმას წაიღებენ, რაც სჭირდებათ სწავლის გასაგრძელებლად შემდგომ საფეხურებზე; მით უმეტეს, ჩვენი სკოლა საბაზოა და თუ არ მიიღეს საჭირო განათლება, მერე რა მოხდება, არავინ იცის. საერთოდ, დისტანციურ სწავლებაზე ადრეც იყო საუბარი, გვიბიძგებდნენ აქეთ, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ძველი ყაიდის მასწავლებელი ვარ და ჩემთვის ეს სიახლეები გაუგებარია, მაინც ვფიქრობ, თუ არა უშუალო კონტაქტი მოსწავლეებთან, მასწავლებლის ყოველ წუთს დაკვირვება, შედეგამდე ვერ მივალთ. შეიძლება, მოსწავლე გაკვეთილზე მომზადებული მოვიდეს და ვერ გიპასუხოს პირდაპირ, მაგრამ კითხვებით მაინც ამოვწურავთ საკითხს - მივხვდებით, გაიგო თუ არა რამე, რაც ონლაინ-გაკვეთილზე ვერ ხერხდება. 15-წუთიანი გაკვეთილი დანაშაულია! როგორ შეიძლება 15 წუთში გაკვეთილი ჩაატარო დისტანციურად და შედეგად, რამე წაიღოს ბავშვმა მაშინ, როცა 45 წუთი შენს წინ ზის და შესაძლოა, იქ იყოს რამე გაუგებარი.

- ასეთ ვითარებაში, ადგილობრივი ხელისუფლების, რესურსცენტრის თანადგომას თუ გრძნობდით?

- თუ რამე პრობლემა იყო, აგვარებდნენ და გვეხმარებოდნენ, თუმცა ეს ყველაფერი შესაძლებლობების ფარგლებში ხდებოდა... მაინც მგონია, რომ ყველა ერთნაირად დაბნეული და გაურკვეველ სიტუაციაში იყო. რეგიონებში, ოჯახები ფინანსურად უზრუნველყოფილი არ არის, კომპიუტერის შეძენის საშუალება არ აქვთ, მაგალითად, ჩვენთან, მეზობლების დახმარებით სარგებლობდნენ... ყველაფერი თანხებთანაა დაკავშირებული და სადაც საჭმლის ფული არ აქვთ, ვერ მოსთხოვ, კომპიუტერი შეიძინონ. მით უმეტეს, მშობლები ძალიან მონდომებულები იყვნენ და ამიტომ, თუკი მსგავსი განმეორდება მომდევნო წლიდან, მაშინ თანხები უნდა გამოიყოს, რათა რამდენიმე ბავშვს ერთი კომპიუტერი მაინც ჰქონდეს... ამიტომ მეეჭვება, ონლაინ-სწავლება მოსწავლეებზე დადებითად აისახოს.

- თქვენზეც გვიამბეთ, ქალბატონო მერცია...

- ბავშვების დიდმა სიყვარულმა განაპირობა პროფესიის არჩევანი, ვერ აგიხსნით, რამხელა ბედნიერებაა, როცა შვილიშვილების პატრონი ჩემი მოსწავლეები მხვდებიან ქუჩაში და დიდი სიყვარულით მომიკითხავენ ხოლმე. პიონერმუშაკთა სკოლის დამთავრების შემდეგ, მაშინდელ, პუშკინის სახელობის ინსტიტუტში ჩავაბარე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ვიყავი, მოგვიანებით, სასწავლო ნაწილი, დირექტორი, მერე კი იყო დასვენება კარგა ხნით.

- იძულებითი დასვენება?

- რა თქმა უნდა... როდესაც სკოლა დავტოვე, ხელფასს ვერ ვიღებდით, ფეხსაცმელს ვერ ვყიდულობდი, სკოლაში რომ მევლო... ადამიანს გრცხვენოდა საკუთარი გარეგნობის, ამიტომ დავტოვე იქაურობა და წავედი ემიგრაციაში. სამშობლოში დაბრუნებული კვლავ მიმიწვიეს სკოლაში, მაგრამ უარს ვამბობდი - მიმაჩნია, რომ ჩემი ასაკის ადამიანი არ უნდა იყოს ბავშვებთან, მათ წინ ახალგაზრდა მასწავლებელი უნდა ეჯდეს, რადგან სხვა ხალისი, სხვა გაგებაა მათ შორის, მაგრამ ბოჭორმის სკოლას დაემატა კლასები და ამიტომ დავთანხმდი.

- მარტივი გზა არ გაგივლიათ, როგორ შეინარჩუნეთ ბავშვებთან მუშაობის ენთუზიაზმი?

- შეცვლილი დამხვდა ყველაფერი და მეშინოდა, რომ შეიძლება, გან-გან დავრჩით მე, ჩემი ცოდნითა თუ პროგრამით და ახალი სკოლა, თავისი თანამედროვე მოთხოვნებით... რაღაცებს ვუწუნებ თანამედროვე სწავლებას, არც სახელმძღვანელოები მომწონს, ბევრჯერ რაღაც მასალა არ მიმიცია ბავშვებისთვის, რადგან მიმაჩნია, რომ ადრეული ასაკის ბავშვებს, მათ სულს, გონებას მოფრთხილება სჭირდება. არ ვამბობ, რომ თანამედროვე პოეტები არ იმსახურებენ სახელმძღვანელოში შეტანას, მაგრამ ამავე დროს, არც ისეთი უღირსი ძველი პოეტები გვყავს, რომ სახელმძღვანელოებიდან ამოვრიცხოთ და თანამედროვე, ხშირად, გაუგებარი ლექსები ჩავამატოთ. ბავშვებს სულს ნაადრევად ვუბინძურებთ! ხშირად მაჩუმებენ ხოლმე - ძველმოდური ხარო, მაგრამ ბავშვების გონებაზე ექსპერიმენტების ჩატარება კარგს არაფერს მოგვიტანს... ამიტომაც გვყავს დაბნეული ახალგაზრდები, რომლებმაც არ იციან, საით გადაიხარონ.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება