სიახლეები
სკოლები

„იქ, სადაც იხურება ერთი კარი, იღება მეორე“- ბათუმის N18 სკოლის პედაგოგი გუგული კუკულაძე დისტანციური სწავლა-სწავლების სირთულეებსა და მიღწევებზე
09-06-2020
-
+


ბათუმის N18 საჯარო სკოლის პედაგოგი, ისტორიის აკადემიური დოქტორი გუგული კუკულაძე დისტანციური სწავლა-სწავლების, სირთულეებსა და მიღწევებზე წერს.

დისტანციური სწავლა-სწავლება, სირთულეები და მიღწევები

  ცოდნა ძალაა, რომლის გარეშეც ადამიანის ჰარმონიული განვითარება შეუძლებელია. როგორც სოკრატე ამბობდა: „ყველაზე დიდი სიკეთე ცოდნაა“. სწორედ სიკეთის გამცემთა ანუ პედაგოგთა წინაშე თითქოსდა გადაულახავ ბარიერად იქცა დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებული სირთულეები. ობიექტური აუცილებლობიდან გამომდინარე პედაგოგები აღმოჩნდნენ რეალობის წინაშე - აკეთონ ჩვეული საქმე იმ ფორმით, რომელიც მათთვის უცხოა და ადრე არასოდეს გამოუყენებიათ, ყოველ შემთხვევაში ამ ინტენსივობით მაინც.

  დღეს მთელი მსოფლიოს სასწავლო დაწესებულებები დისტანციური სწავლების აუცილებლობის წინაშე დადგნენ, გამონაკლისი არც საქართველოა. თუ ისტორიას გადავხედავთ, დისტანციური სწავლების მცდელობის პირველი პრეცედენტი საფოსტო სისტემის დახვეწას უკავშირდება. მაგალითად, მე-19 საუკუნის 40-ია წლებში დიდ ბრიტანეთში ისააკ პიტმანი ფოსტით უგზავნიდა სტუდენტებს სასწავლო მასალებს და ამის საშუალებით ასწავლიდა. ხოლო უნივერსიტეტებიდან დისტანციურ სწავლებაში პირველობა ლონდონის უნივერსიტეტს ეკუთვნის. იქ ის 1858 წელს დაიწყო, მაგრამ რეალურად დისტანციურმა სწავლებამ მხოლოდ ინტერნეტის ფართოდ გავრცელების შემდეგ მოიკიდა ფეხი.

  აღსანიშნავია, რომ საქართველოში დისტანციური სწავლების თემით სერიოზული დაინტერესება ჯერ კიდევ 2016 წელს, პანდემიამდე ოთხი წლით ადრე, გაჩნდა, როდესაც განათლების კომიტეტმა პარლამენტის ბიუროს წარუდგინა კანონპროექტი, რითიც ზოგადი განათლების შესახებ კანონს ემატებოდა მუხლი დისტანციური სწავლების შესახებ. განმარტებითი ბარათის მიხედვით, ასეთი სწავლება ხელს შეუწყობს საქართველოში მიღებული განათლების პოპულარიზაციას და საქართველოს სკოლების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები ხელმისაწვდომი გახდება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

  ონლაინ სწავლება დისტანციური სწავლების ერთ-ერთი ფორმაა, რომელსაც დისტანციური სწავლების „მეხუთე თაობას“ უწოდებენ. დღეისათვის საქართველოში სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმების გამოყენებით სწორედ ეს ფორმა ხორციელდება. არსებობს ონლაინ სწავლების ასინქრონული, სინქრონული და შერეული მოდელები. ასინქრონული ონლაინ სწავლება არ მოითხოვს მასწავლებლისა და მოსწავლის ერთდროულად ონლაინ ყოფნას და არ არის მკაცრად დროში გაწერილი. სწავლების პროცესს აერთიანებს იმეილები, ბლოგები და სოციალური ქსელები. სინქრონული სწავლების დროს მასწავლებელი და მოსწავლე ერთდროულად უნდა იყვნენ ონლაინ აქტიურები, სასწავლო პროცესი არის დროში გაწერილი, გამოიყენება ვიდეო და აუდიო კონფერენცია, ელექტრონული დაფა, ვებინარი. შერეული მოდელი აერთიანებს სინქრონულისა და ასინქრონულის მახასიათებლებს. პირადი დაკვირვებით, ყველაზე მეტად სწორედ ეს შერეული მოდელი გამოიყენება ქართულ ონლაინ სასკოლო რეალობაში.

  მიუხედავად იმისა, რომ დისტანციური სწავლება ბევრი სიკეთის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს (მაგ. ბავშვს გამოუმუშავოს შეცვლილ გარემოში მოქმედებისა და ადაბტაციის, თვითდისციპლინისა და პასუხისმგებლობის უნარები), არ უნდა დავივიწყოთ ის სირთულეები, რომელიც თან ახლავს ამგვარ სწავლებას. თავს იჩენს როგორც ფსიქოლოგიური, ასევე მატერიალური ხასიათის სირთულეები.

1. შეცვლილია სასწავლო გარემო. მოსწავლის უფლებათა ხელშეუხებლობის აუცილებლობიდან გამომდინარე, ხშირად მასწავლებელი ონლაინ გაკვეთილის ჩატარებისას ვერ ხედავს მოსწავლეს მონიტორზე. შესაბამისად ვერ ხერხდება ემოციებისა და გრძნობების ურთიერთგაცვლა. ჩვეულებრივ მოსწავლეების ჭეშმარიტი გრძნობები მიმიკისა და სხეულის ენის საშუალებით მჟღავნდება და მასწავლებელი სწორედ მასზე დაკვირვებით ცვლის სიტუაციასა და ცდილობს გართულებების პრევენციას. ამ შემთხვევაში ეს ვერ ხერხდება.

2. მშობელთა ჩართულობა ონლაინ გაკვეთილის პროცესში. თუ ერთის მხრივ დადებითად ვაფასებთ მშობლების გააქტიურებას და გვახარებს სამკუთხედის - „მოსწავლე-მასწავლებელი-მშობელი“ - დაახლოვება, მეორეს მხრივ, მათი მოჭარბებული აქტიურობა უკუშედეგს იძლევა. მშობლის თანდასწრებით მოსწავლეები იძაბებიან და შეცდომის დაშვების შიშით პასიურები ხდებიან.

3. გართულებულია საგაკვეთილო პროცესში ცელქი და მოხერხებული ბავშვების ჩართვა. მათ თავის დაძვრენის უამრავი საშუალება აქვთ (მაგ. ელექტროენერგიის გათიშვა, ინტერნეტის არქონა, მიკროფონისა და კომპიუტერის დაზიანება და ა.შ.).

4. მოსწავლეთა სოციალური განვითარებისთვის ონლაინ სწავლება არ არის საკმარისი. ამ შემთხვევაში მშობლების მხრიდან გამოჩენილ ყურადღებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ცოცხალ ურთიერთობებს ალტერნატივა არა აქვს.

5. ონლაინ სწავლებისას მოსწავლეები საკმაოდ დიდ დროს ატარებენ კომპიუტერებთან. ხშირად მასწავლებლები დავალებების მიცემისას მოსწავლეებს სთხოვენ ინტერნეტ რესურსების გამოყენებას, რაც დამატებითი დროით კომპიუტერებთან დაყოვნებას ნიშნავს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მოზარდების ძირითადი გასართობი ისევ კომპიუტერული მოწყობილობებია, გავაცნობიერებთ, რომ დროის დიდ ნაწილს ვირტუალურ რეალობაში ატარებენ, ეს კი მათ ჯანმრთელობაზე ცალსახად უარყოფითად მოქმედებს.

6. რთულდება მოსწავლეების ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით გაკვეთილის წარმართვა, არადა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება სწორედ ამას გულისხმობს.

7. მოსწავლეთა ნაწილს ზოგჯერ მართლაც აქვს ინტერნეტისა და კომპიუტერულ მოწყობილობებზე წვდომის პრობლემა, რასთან ნაწილობრივ გამკლავებაც მობილურით დავალებების გაგზავნით ხერხდება.

  რაც შეეხება მოსწავლის აკადემიური მოსწრების შეფასებას, ჩემი აზრით, ონლაინ სწავლების დროს მიღებული ცოდნა განმავითარებელი შეფასებით უნდა განისაზღვროს. მოსწავლეებისთვის დიდი სტრესი იყო არასტანდარტულ სიტუაციაში სწავლის გაგრძელება და ეს წლიური შეფასების გამოანგარიშებისას აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული. შემაჯამებელი გაკვეთილი კი სასურველია ზეპირი ფორმით ჩატარდეს.

  ეხლა კი შევეცდები დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული პირადი გამოცდილება და მიღწევები გაგიზიაროთ. სწავლების არაორდინალური ფორმა თავდაპირველად მეც მაშინებდა და ეჭვებს მიჩენდა. ბუნდოვანი პერსპექტივების პირობებში ჩემთვის დამამშვიდებლად ჟღერდა დიდი ინგლისელი ფილოსოფოსის ფრენსის ბეკონის სიტყვები: „თუ ადამაინი მსჯელობას დაიწყებს უტყუარი ფაქტებით, მაშინ ის ეჭვებით დაამთავრებს; მაგრამ თუ ის საწყის ეტაპზე ეჭვებით დაიწყებს, საბოლოოდ ის მიაღწევს უტყუარ ფაქტებამდე“. მეც დაეჭვებით დავიწყე.

  პირველი, რისი მიღწევაც მინდოდა, ეს იყო უშუალო და მეგობრული გარემოს შექმნა. შევეცადე ღიმილი თბილ სიტყვებად მექცია (როგორც ზემოთ აღვნიშნე, სხეულის ენა დისტანციური სწავლებისას არც ისე ეფექტურია). მიმართვისას აქტიურად დავიწყე სახელის მოფერებითი ფორმის გამოყენება, რამაც პოზიტიური ატმოსფერო შექმნა.

  ჩემ მიერ დასახული გეგმის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო სასწავლო აქტივობებისა და მეთოდების მრავალფეროვნების შენარჩუნება. ცხადი გახდა, რომ საკლასო აქტივობების ონლაინ სივრცეში კალკირება მიუღწეველი იქნებოდა. საჭირო იყო ახალი, ადაბტირებული სწავლების გზების ძიება. როგორც იტყვიან, იქ, სადაც იხურება ერთი კარი, იღება მეორე, რომელიც ახალ შესაძლებლობებს გთავაზობს, უბრალოდ უნდა შესძლო მათი დანახვა და მიზნის შესაბამისად გამოყენება. „თუკი ცხოვრება ლიმონს გაძლევს, გააკეთე მისგან ლიმონათი“- ვირწმუნე დეილ კარნეგის ეს გენიალური და ოპტიმიზმით აღსავსე სიტყვების და
შევუდექი ჩემეული „ლიმონათის“ დამზადებას.

  მეთოდური მრავალფეროვნების ძიებაში შეუმცდარი მეგზურის ფუნქცია იტვირთა ტელესკოლამ, განვთავისუფლდი უხილავი ჩარჩოებისგან და სწავლების პროცესი უფრო სახალისო, ლაღი და შემოქმედებითი გავხადე. სწორედ ტელესკოლის ინსპირაციით მოსწავლეებმა მოამზადეს მეტად სახალისო და ამავე დროს შემეცნებითი ხასიათის პრეზენტაცია - „სამდღიანი ტური თბილისში“. მოსწავლეები გადაიქცნენ კომპეტენტურ გიდებად, ისინი უნდა დახმარებოდნენ წარმოსახვით მეგობარს, რათა თბილისში ყოფნის სამი დღე რაციონალურად გამოეყენებინა. უნდა შეედგინათ მოსანახულებელი ადილების სია და ამავე დროს დაესაბუთებინათ, თუ რატომ იყო აუცილებელი იქ სტუმრობა, გაეხსენებინათ ამ ადგილებთან დაკავშირებული ისტორიები. აქვე უნდა დავსძინო, რომ ეს პრეზენტაცია აჯამებდა სახემძღვანელოს - „ჩვენი საქართველოს“ მე-7 კარს - „თბილისი“, თუმცა, გაკვეთილის ფორმატიდან გამომდინარე, არანაირი დაძაბულობა არ იგრძნობოდა.

  არასტანდარტული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა გაკვეთილები, სადაც მოსწავლეებს საშუალება მიეცათ გამოეაშკარავებინათ პიროვნული თვისებები და განსხვავებული მისწრაფებები. ამის საშუალება მოგვცა პარაგრაფმა „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები“. მოსწავლეებს დაევალათ პირადი გერბის შედგენა, სადაც შეძლებდნენ ინდივიდუალური მახასიათებლების ჩვენებას. პირადმა გერბმა ჩემი მოსწავლეები სხვა კუთხითაც დამანახა, აღმომაჩენინა ჩემთვის აქამდე უცნობი მათი სურვილები და ოცნებები. ჩვენს მიზნებზე ხომ მხოლოდ ახლობელ ადამიანებს ვუყვებთ, ამ გაკვეთილმა კი მათთვის სწორედ ასეთ ადამიანად მაქცია.

  საოცარი ენთუზიაზმით შეასრულეს დავალება, რომელიც დამწერლობის წარმოშობას ეხებოდა. აქაც ვცადე ორიგინალური ვყოფილიყავი და მოსწავლეებს ვთხოვე მათი სახელისა და გვარის დაწერა, მათივე შექმნილი დამწერლობით. გარდა ამისა, სვეტისებურად უნდა ჩამოეწერათ სახელი და გვარი ასომთავრულად და ნუსხურად, ასევე მათთვის ცნობილ დამწერლობებზე. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, როდესაც მათ მიერ გამოყენებულ იქნა ისეთი დამწერლობები, როგორებიცაა: იაპონური, ჩინური, კორეული, არაბული და ა.შ.

  ყველაზე ემოციური გაკვეთილი ეხებოდა აფხაზეთის თემას. მოსწავლეებს დავავალე წაეკითხათ ნუგზარ შატაიძის მოთხრობა „მოგზაურობა აფრიკაში“,  ასევე ენახათ გიორგი ოვაშვილის ფილმი „გაღმა ნაპირი“. ონლაინ გაკვეთილზე ვისაუბრეთ ფილმისა და ნაწარმოების სიუჟეტზე, მთავარ გმირზე, მსგავსებასა და განსხვავებებზე, იმაზე, თუ რამდენად ასახავს რეალობას მხატრული ნაწარმოები და ფილმი. გავიხსენეთ აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებული ისტორიული ფაქტები. გამოვხატეთ დიდი მადლიერება და პატივისცემა აფხაზეთის ომის გმირების მიმართ.

  ვფიქრობ, ისტორიის მასწავლებლებისთვის ნამდვილ სამაგიდო მეთოდურ სახელმძღვანელოს წარმოადგენს ჯულია მერფის მონოგრაფია „ისტორიის სწავლების 100+იდეა“. ეს მონოგრაფია გამოირჩევა არა მხოლოდ იდეათა სიმრავლით (რაც სათაურიდანაც იკითხება), არამედ იმითაც, რომ გაძლევს ინსპირაციის, მის იდეებზე დაყრდნობით ახალი ჰორიზონტების დანახვის შესაძლებლობას. სწორედ მერფის შეხედულებებზე დაყრდნობით ჩავატარე ორი არასტანდარტული გაკვეთილი. ერთი ეხებოდა ქართლის მეფის ფარსმან ქველისა და რომის იმპერატორების ურთიერთობის საკითხს. მოსწავლეებმა ეს ურთიერთობები კომიქსების საშუალებით გადმოსცეს, რაც ისტორიულ თემაზე მულტიპლიკაციური ფილმების ჩვენებას ჰგავდა. კომიქსების საშუალებით მოსწავლეებში განვითარდა წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარი, ამავე დროს ის ფაქტობრივ ინფორმაციასაც შეიცავდა და საკითხის უკეთ დამახსოვრებასაც უზრუნველყოფდა.

  ბოლოს მინდა ვისაუბრო ჯულია მერფის იდეათა გათვალისწინებით, თუმცა ჩემეული ინტერპრეტაციით ჩატარებულ შემაჯამებელ გაკვეთილზე. მას ვუწოდე „ონლაინ ბრიფინგი“. ბრიფინგი ჩატარდა ისტორიულ პირებთან და საკითხთან დაკავშირებულ ექსპერტებთან, რომელთა როლიც, რაღა თქმა უნდა, მოსწავლეებმა მოირგეს. მოსწავლეები ასრულებდნენ ჟურნალისტის ფუნქციასაც. მათ წინასწარ შეადგინეს შეკითხვები, რომელიც გაკვეთილის ჩატარებამდე სამი დღით ადრე საერთო ჯგუფში ატვირთეს. თუ ვისი როლის შესრულება მოუწევდათ, უშუალოდ ონლაინ გაკვეთილის დაწყებამდე შემთხვევითობის პრინციპით გადანაწილდა. გაკვეთილი გამოვიდა შრომატევადი, ინფორმაციული, მაგრამ არაჩვეულებრივად აზარტული და კრეატიული. ერთი გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა შეძლეს ესაუბრათ თითქმის ყველა მნიშვნელოვან თემაზე, გამოეხატათ ემოცია და საკუთარი დამოკიდებულება დაეფიქსირებიათ. ზეპირი შემაჯამებელი გაკვეთილი წარმატებით განხორციელდა.

  რაც შეეხება მოსწავლეთა ცოდნის შეფასებას, ონლაინ სწავლების დროს სწორ ალტერნატივად მიმაჩნია განმავითარებელი შეფასების გამოყენება. სწორედ მისი გამოყენებით ხდება შესაძლებელი სწავლის პროცესის გაუმჯობესება, რისკენაც ასე გამალებით მივილტვით. როდესაც მისვამენ კითხვას: როგორ გავზარდოთ მოტივაცია? პასუხი მაქვს ცალსახა და არაბუნდოვანი. იქ, სადაც მოსწავლე თავს გრძნობს პიროვნებად, არ ეშინია განსხვავებული აზრის თქმის, სადაც შექმნილია სიყვარულით გამთბარი შემოქმედებითი გარემო, სადაც ითვალისწინებენ მათ ინდივიდუალურ თავისებურებებს და გარდა ამისა, სწავლება მიმდინარეობს მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენებით და საგაკვეთილო პროცესები არ ემსგავსება რუტინას, უდიდესი ალბათობით მოსწავლეთა მოტივაცია მაღალია.

  მუდმივად ცვალებად და მოულოდნელობებით სავსე მსოფლიოში მცხოვრებთ გვიწევს რა ბრძოლა უკეთესი, უსაფრთხო მომავლისთვის, გვმართებს გვახსოვდეს აკაკი წერეთლის სიტყვები: „მხოლოდ განათლება იყო და არის წყარო ყოველგვარი ბედნიერებისა და კეთილდღეობისა“. სამყარო ახალი გამოწვევების წინაშე დადგა, რამაც კიდევ მეტად ცხადყო პედაგოგის საქმიანობის შეუფასებელი მნიშვნელობა, მომავალი ხომ განათლებული ახალგაზრდობის ხელშია. იმედს ვიტოვებ, ახალი სასწავლო წლიდან სწავლას რეალურ საკლასო ოთახებში გავაგრძელებთ, ყოველგვარი შიშის გარეშე შევძლებთ ცოდნისა და სიყვარულს გაცემას.

06.06.2020

ბათუმის N18 საჯარო სკოლის პედაგოგი, ისტორიის აკადემიური დოქტორი გუგული კუკულაძე.

წერილი გამოგზავნილია Etaloni.ge-ს სააზროვნო თემის - „დისტანციური სწავლება - გარდაუვალი მომავალი" ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სამინისტრომ მასწავლებელთა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა - დეტალები 

განათლების 13 მინისტრიდან უმრავლესობა იურისტია, ნაწილი ფილოსოფოსი  და გვყავს ნამინისტრალი ინჟინერ-ჰიდრომშენებელიც

კონკურსს საუკეთესო ათეულიც ჰყავს, სადაც უკვე 80 ნიჭიერი, გამორჩეული და საქმეზე შეყვარებული პედაგოგია გაერთიანებული

თბილისის რამდენიმე სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა - დეტალები

მშობლებს სკოლიდან შეტყობინებები დაეგზავნებათ - რა ინფორმაციის მიიღებთ მოსწავლეების შესახებ და როგორ უნდა ისარგებლოთ ახალი აპლიკაცით 

პიროვნება

„მასწავლებელი ანაზღაურებას გაწეული შრომის მიხედვით უნდა იღებდეს, საათობრივი დატვირთვიდან გამომდინარე“ 



სკოლები

პირველკლასელებმა მათთვის საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაციები მიიღეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს


 

ეს დღე თითოეული მოსწავლისთვის ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

დღეს შემოგთავაზებთ 3 სასკოლო თამაშს, რომლებითაც მოსწავლეები უკეთ გაიცნობენ ერთმანეთს...

როდესაც გაკვეთილს ვიწყებ და ვუყურებ ბავშვების მომღიმარ სახეებს სულიერ სიმშვიდეს ვპოულობ


დღეს გაგიზიარებთ 5 რჩევას, როგორ მიიღოთ ეფექტური უკუკავშირი მოსწავლეებისგან 

მოსწავლეებს სწავლის დაწყება ახარებთ, მაგრამ, ამავდროულად, არიან ისეთებიც, ვინც ამბობს, რომ სკოლაში სიარული არ მონატრებია


სიახლეები
საზოგადოება