სიახლეები
ინტერვიუ

რა გზა განვლო ქართველმა მოსწავლემ საქართველოში დასაბრუნებლად - ექსკლუზიური ინტერვიუ ბათუმის საკარნტინე ზონიდან
01-04-2020
-
+


ანასტასია გოგლიძე მეორე კვირაა, გერმანიიდან საქართველოში დაბრუნდა და ახლა ბათუმში, კარანტინში იმყოფება. თავის დროზე გოგონა უცხოეთში გაცვლითი პროგრამით გაემგზავრა, რადგან სამომავლოდ, იქ აპირებს სწავლის გაგრძელებას... თუმცა, ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც გეგმავდა - ახალი კორონავირუსის მსოფლიო პანდემიამ ანასტასიას, ისევე, როგორც ბევრი ადამიანის, გეგმა ჩაშალა და მასაც საქართველოში დაბრუნება მოუწია.

დაბრუნდა მაშინ, როდესაც საქართველო, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად,  უკვე აქტიურად ებრძოდა უხილავ მტერს და Etaloni.ge-ს მკითხველისთვის საინტერესო იქნება, შეიტყოს, რა გადაიტანა მოზარდმა  სამშობლოში დაბრუნებამდე?!  მანამდე კი ანასტასიას იმაზე ვესაუბრეთ, როგორ აღმოჩნდა გერმანიაში და საერთოდ,  როგორ გრძნობენ თავს გაცვლითი პროგრამით საზღვარგარეთ წასული ბავშვები, სადაც, როგორც გავარკვიეთ, უცხო ოჯახები დიდად სიყვარულით არ პასუხობენ.

- გერმანიაში ვგეგმავ სწავლის გაგრძელებას და ვფიქრობდი, გაცვლითი პროგრამით გამგზავრება კარგი შესაძლებლობა იყო, ენა უკეთ მესწავლა. მართალია, მშობლები წინააღმდეგები იყვნენ, განსაკუთრებით დედა, მაგრამ ბოლოს მაინც დავიყოლიე.

- რატომ იყო დედა წინააღმდეგი?

- ვერ წარმოედგინა, სხვაგან როგორ უნდა მეცხოვრა, ძალიან მიჯაჭვულები ვართ.

- თავად არ გეშინოდა მარტო გამგზავრების?

- რა თქმა უნდა, სულ ვფიქრობდი, როგორ მომენატრებოდა ოჯახის წევრები, მაგრამ ასე იყო საჭირო... გამგზავრებამდე, სამდღიანი ტრენინგი გავიარეთ ბაკურიანში, სადაც სხვა მოსწავლეებსაც შევხვდი, დიდხანს ვისაუბრეთ, იქ ბევრი მეგობარი გავიჩინე და ორ თვეში გავემგზავრეთ კიდეც;  მოგვიანებით, კიდევ ერთი სემინარი გვქონდა გერმანიაში, სადაც განვიხილეთ, ასეთ პროგრამაში რა იყო მისაღები, რა – არა. გვითხრეს, რომ ყველას გვეყოლებოდა ბეთროიერები, რომლებიც მუდმივ კონტაქტზე იქნებოდნენ და  თუ ოჯახი არ მოგვეწონებოდა, შეგვიცვლიდნენ... პირველ ოჯახში მყავდა „ძმა“ და „მშობლები“, რომლებიც თავიდან ძალიან თბილად დამხვდნენ, თუმცა ეს მხოლოდ ორი დღე გაგრძელდა. ხასიათით ერთმანეთს ვერ შევეწყვეთ, მამაც ძალიან მკაცრი იყო - შეეძლო, იმის გამო ეჩხუბა, მაკარონი არასწორად რომ იყო მოხარშული.

- ჩათვალეს, რომ იქ მათ მოსამსახურედ ჩახვედი?

- ასე მიიჩნევენ, დიახ... იქ ბევრ ბავშვს დავუმეგობრდი და თამამად ვიტყვი – არის ასეთი შემთხვევებიც, თუმცა ზოგჯერ ოჯახში უმართლებთ კიდეც.

- როგორც ვხვდები, ოჯახი შეიცვალე...

- ბეთროიერს დავუკავშირდი და შემიცვალეს ოჯახი, სადაც  მხოლოდ „დედა“ მყავდა. ვერ ვიტყვი, რომ ისეთი საშინელება იყო, როგორც წინა ოჯახი, მასაც ჰქონდა თავისი მინუსები, თუმცა გასაძლები. სახლში ძირითადად მარტო ვიყავი, მხოლოდ საღამოს ვვახშმობდით ერთად და ფაქტობრივად, გერმანულად ვერ ვსაუბრობდი. ოჯახის გამოცვლას აღარ ვაპირებდი, რადგან პირველ შემთხვევაში იმხელა სტრესი გადავიტანე, აღარ მინდოდა მსგავსი გამომეცადა.

- მართლა ცივია გერმანელი ხალხი?

- ყველაზე ერთნაირად ვერ ვისაუბრებ... ასეთებიც არიან და ისეთებიც, თუმცა უდავოა - თავისებური ლოგიკა აქვთ; მაგალითად, სიცხე როცა მქონდა, „დედამ“ მითხრა - ეს საგანგაშო არაა და ექიმთან არ წამოგყვები, აი, 40 გრადუსის ზევით, უკვე ექიმი გჭირდებაო, მაშინ, როცა საქართველოში 36,9-ზე უკვე სკოლას ვაცდენთ.

- მარტოსულად გრძნობდი თავს?

- არც ერთი წუთით თავი ოჯახში არ მიგრძვნია, თუმცა იქ ბევრი მეგობარი მყავდა... შვიდი თვე ვიყავი გერმანიაში და ახლა დავბრუნდი, თუმცა ზოგი ვერ წამოვიდა ბილეთების გამო, ვინც მოახერხა, საკუთარი რესურსებით დაბრუნდა საქართველოში. მე მაგალითად, დედამ მიყიდა ბილეთი. პირველ ჯერზე რეისი გაუქმდა  და მეორე მცდელობაზე ჩამოვედი.

- კი, მაგრამ, კომპანია, რომელმაც გაცვლითი პროგრამით წაგიყვანათ, არაა პასუხისმგებელი, ასეთ ფორსმაჟორში უზრუნველყოს თქვენი უსაფრთხოება?

- ეს საკითხები გერმანულ მხარეს უნდა მოეგვარებინა, მაგრამ ასე არ მოიქცნენ. თვითმფრინავის ბილეთი არ გვიყიდეს, მატარებლის ბილეთს შეგიძენთ შვერინიდან ბერლინამდეო, არც ეს შეასრულეს და ბოლოს ისევ დედამ მოახერხა ბილეთის ყიდვა. ამიტომ ახლა, თუ ვინმე მკითხავს აზრს გაცვლითი პროგრამის შესახებ, არავის ვურჩევ ასე გამგზავრებას. ისევ სჯობს, სახლში იჯდე, რადგან იქ უმეტესად დიდი სტრესია, დეპრესია და სიმარტოვე. ოჯახში უნდა გაგიმართლოს, რაც იშვიათად ხდება.

- დაახლოებით ერთი კვირაა ჩამოხვედი, რა მდგომარეობა დატოვე გერმანიაში?

- იქ დიდად არ იგრძნობოდა დაძაბულობა, ხალხიც ჩვეულებრივად გადაადგილდებოდა ქუჩებში, პირბადეებიც არავის ეკეთა, არც ნერვიულობდნენ და არც აინტერესებდათ - განსაკუთრებულ სიფრთხილეს არ იჩენდნენ.

- როგორ ჩამოხვედი და ახლა როგორ გრძნობ თავს?

- ბერლინამდე ჩასვლა გამიჭირდა, თუმცა ბერლინში უკვე საიმედო ადამიანების ხელში ვიყავი. ჩვენი ოჯახის მეგობრები – გერმანიაში საქართველოს ატაშე შავლეგო ტაბატაძე და მისი მეუღლე ეკა დამხვდნენ და შვილივით მიპატრონეს, დიდი მადლობა მათ ამისთვის. არც საქართველოში გადმოფრენაზე შემქმნია რაიმე პრობლემა. როდესაც ჩამოვედით, ხელთათმანები, პირბადეები დაგვირიგეს, სიცხე გაგვიზომეს და გვითხრეს, რომ ბათუმის სხვადასხვა სასტუმროში გადაგვანაწილებდნენ, არადა მანამდე მეგონა, თბილისში მოვფრინავდი. სასტუმროში ყველას მოგვცეს ცალ-ცალკე ოთახები, დღეში ორჯერ ვიზომავთ სიცხეს, გვეკრძალება ნომრიდან გასვლა და საკვებსაც კართან გვიტოვებენ; კარზე სიგნალიზაცია აყენია და ყველგან ვიდეოკამერებია, არაფერი გვაკლია. ვიცი, რატომაც კეთდება ეს  ყველაფერი და გაგებით ვეკიდები. ვინც უკმაყოფილებას გამოხატავს, ვუხსნი, რომ ახლა ყველას გვიჭირს, ამხელა საქმე კეთდება ჩვენივე უსაფრთხოებისთვის და მადლიერები უნდა ვიყოთ; იმდენად პროფესიონალურად უმკლავდებიან სიტუაციას, სიტყვები არ მყოფნის, მაშინ, როდესაც სხვა, ბევრად განვითარებულ ქვეყნებში, თუმდაც კარანტინში სამ-სამი ადამიანი ჰყავთ ერთ ოთახში, ჩვენ კი ცალ-ცალკე ოთახებში განგვათავსეს.

- სასეირნოდ აივანზე გადიხარ?

- აივანი არ მაქვს, თუმცა ოთახი დიდია და ვსეირნობ ხოლმე. იმედია, ეს ყველაფერი მალე დასრულდება, მეც კარანტინიდან თვითიზოლაციაში გადავინაცვლებ  და ოჯახის წევრებსაც ვნახავ.

 


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ 1422 პირს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭება
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
სკოლები
მოსწავლეები სახალისო აქტივობებშიც ჩაერთნენ და გააფერადეს და დახატეს თემატური ნამუშევრები
მასწავლებელმა ისაუბრა ქართული ჯარის სიძლიერეზე, მოქალაქეობრივ ვალზე
ბავშვებმა კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ
მოსწავლეებმა, წარმატებით დაძლიეს სასკოლო რაუნდის ბარიერი და ეროვნული რაუნდში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს, რომელიც 16 ივნისს, თბილისში, თავისუფალ უნივერსიტეტში ჩატარდება
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება