სიახლეები
ინტერვიუ

„მასწავლებლის საგამოცდო ტესტები არ არის შესაბამისობაში სახელმძღვანელოებთან“ - პედაგოგთა პროფკავშირები პრობლემებსა და გამოსავალზე
22-01-2020
-
+


რატომ ვერ დაადასტურა ათასობით მასწავლებელმა კომპეტენცია? უნდა შეიცვალოს თუ არა საგამოცდო ტესტები? რამდენად რეალურია სკოლების მიერ გამოცხადებული ვაკანსიები? - ეს იმ კითხვების არასრული ჩამონათვალია, რომლითაც Etaloni.ge-ს მასწავლებლები მოგვმართავენ და ბუნებრივია, ჩვენც ვეცადეთ პასუხები იმ ორგანიზაციაში გვეპოვა, რომლესაც თავად ყველაზე ხშირად მიმართავენ. მაშ ასე, Etaloni.ge-ს კითხვებს პედაგოგთა და მეცნიერთა გაერთიანებული პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე პასუხობს, რომელიც საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს და არაერთ ექსკლუზიურ ინფორმაციასაც გვიმხელს:

- პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირში გაწევრიანებულია ზოგადსაგანმანთლებლო სკოლების მასწავლებელთა  40%-ზე მეტი და  მუშაობას წარვმართავთ ორი მიმართულებით: 1. სუფთა პროფკავშირული - პედაგოგთა და დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი უფლებების დაცვა; 2. ზრუნვა მათი პროფესიული განვითარებისთვის.

შესაბამისად, დაფუძნებული გვაქვს ა(ა)იპ-ი „საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრი“, სადაც მოღვაწეობენ ავტორიტეტული, კვალიფიციური ექსპერტები, საუკეთესო ტრენერები და ინტენსიურად ვახორციელებთ პედაგოგთა საჭიროებებზე მორგებულ ტრენინგ-სემინარებს, მათი კვალიფიკაციის ამაღლებისათვის.

- პედაგოგები რამდენად ხშირად და ძირითადად, რა პრობლემებით მოგმართავენ?

- საკითხები მკვეთრად განსხვავებულია... გვხვდება  ტექნიკური პრობლემები, კომპიუტერთან ურთიერთობისას დაშვებული შეცდომები, როდესაც ელექტრონულ ბაზაში, eschool-ში უნდა აეტვირთათ აქტივობები და  გამოექვეყნებინათ, რეალურად კი ან არ ატვირთეს ან არ გამოუქვეყნებიათ...სხვადასხვა ტიპის ხარვეზი იყო უფროსი მასწავლებლების კვლევების ატვირთვის დროს. ასეთი ტიპის ტექნიკურ პრობლემებსა და სხვა საკითხებზე, სამართლიანი იქნება, აღვნიშნო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მუშაობა და თანადგომა მასწავლებლებისადმი.  ჩვენი ორგანიზაცია ინტენსიურად ვთანამშრომლობთ მასწავლებლის სახლთან და თითოეული პედაგოგის ინდივიდუალურ პრობლემაზე მოხდა ობიექტური, მყისიერი რეაგირება;

არის პრობლემები მოქმედი კანონმდებლობიდან, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებიდან გამომდინარე. მოგვმართავენ პრაქტიკოსი მასწავლებლები, ვინც სავალდებულო აქტივობები ვერ განახორციელეს, კერძოდ, ვერ დაადასტურეს საგნობრივი კომპეტენციები, ან სავალდებულო აქტივობები განახორციელეს, მაგრამ ვერ დააგროვეს სავალდებულო 19 კრედიტქულა; უფროსი მასწავლებლები, ვისაც კვლევა დაუხარვეზდა... გასული წლის ზაფხულიდან მოყოლებული, ყველა ინდივიდუალურ პრობლემაზე იმუშავა მასწავლებლის სახლმა და ობიექტურობის პრინციპის დაცვით,  მასწავლებლების სასარგებლოდ გადაწყვიტა საკითხი, არაერთ მასწავლებელს მისცა ტექნიკური ხარვეზის გამოსწორების შესაძლებლობა და შეიმუშავა ნორმატიული აქტების პროექტები, რაც პრაქტიკულად გადაჭრის პედაგოგთა პრობლემებს.

- ამას გარდა, პრაქტიკოს მასწავლებლებს არ შეუწყდათ შრომითი ხელშეკრულებები, რამაც უფროს და წამყვან პედაგოგებში ერთგვარი უსამართლობის განცდა გააჩინა...

- ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ვერავის ავუკრძალავთ, ჰქონდეს საკუთარი აზრი. თუმცა პროფკავშირი ვასწავლით სოლიდარობას, კოლეგიალობას, ურთიერთთანადგომას...  სხვაგვარად საზოგადოებრივი გაერთიანება ვერც ჩამოყალიბდება, ვერც განვითარდება. არ მიმაჩნია სამართლიანად საკითხის ასე დაყენება, თუმცა შეიძლება ითქვას, რეფორმის ბოლო ეტაპი სავალალო შედეგებით დასრულდა, ვინაიდან ათასობით მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტურა.

- თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?

- ჩემი ღრმა რწმენით, ეს გამოწვეულია არა პედაგოგთა დაბალი პროფესიონალიზმით, რაც, სამწუხაროდ, ვრცელდება საზოგადოებაში, არამედ ბოლომდე გაუაზრებელი და რიგ შემთხვევაში, რეალობას აცდენილი პედაგოგთა შეფასების კრიტერიუმებით.

ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის რეფორმის პერიოდში გამოვლინდა უამრავი ხარვეზი,  ყველა მინისტრს შეჰქონდა სხვადასხვა ცვლილება, რამაც ერთგვარი დაბნეულობა გამოიწვია მასწავლებლებში; წლების განმავლობაში მიმდინარეობდა პედაგოგთა დისკრედიტაცია. ფსიქოლოგიურმა სტრესმა და პროფესიული ღირსების შელახვამ ბევრ ასაკოვან პედაგოგს დაუკარგა მოტივაცია და ნდობა გამოცდების მიმართ.

ცალკე განსახილველია საგამოცდო ტესტები, რომლებიც, ჩვენი ანალიზით, არ არის შესაბამისობაში სახელმძღვანელოებთან, სასკოლო პროგრამებსა და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან. კარგი იქნებოდა, სამეცნიერო წრეებიდან ექსპერტებს, განათლების სპეციალისტებს შეესწავლათ ეს ტესტები და საზოგადოებისთვის გაეცნოთ საკუთარი დასკვნები თუ მოსაზრება.

ბუნებრივია კითხვა - რატომ ვერ შეძლეს საგამოცდო ბარიერის გადალახვა ისეთმა პრაქტიკოსმა პედაგოგებმა, რომლებსაც წლების განმავლობაში გააჩნდათ საუკეთესო შედეგები მოსწავლეთა განვითარების მხრივ და სარგებლობდნენ მაღალი ავტორიტეტით სკოლებში, პედაგოგთა ფართო წრეებში? სამწუხაროდ, ამაზე არავინ მსჯელობს და არავის აქვს სიღრმისეულად შესწავლილი, კითხვა რჩება პასუხგაუცემელი. მასწავლებლის სახლმა დაიწყო  ამ მიმართულებით მუშაობა და დიდი იმედი გვაქვს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი ყველა კითხვას უპასუხებს.

როგორ ჩააბარეს გამოცდები დანარჩენმა მასწავლებლებმა? უნდა გავითვალისწინოთ ადამიანური ფაქტორი. ჩვენ ვაფასებთ და მივესალმებით უფროსი, წამყვანი, მენტორი მასწავლებლების ძალისხმევას, რომელთაც საკუთარ თავში მოძებნეს ძალა და უპასუხეს ყველა ამ გამოწვევას, თუმცა უმრავლესობა პირად საუბარში აღნიშნავს, რომ გამოცდაზე მიღებულ ცოდნას ისინი არ იყენებენ ყოველდღიურ საქმიანობაში, არ არის ამის საჭიროება გაკვეთილის წარმართვის დროს და ეს კიდევ უფრო ამყარებს ჩვენ მოსაზრებას ტესტებთან დაკავშირებით.

შორს ვართ აზრისგან, რომ დღეს მოქმედი ყველა პედაგოგი აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს. ჩვენს მიზანია, რეფორმა არ გადაქცეულიყო მასწავლებელთა დევნის, სადამსჯელო ღონისძიებად და მაქსიმალურად ობიექტურად უნდა შეფასებულიყო თითოეული პედაგოგის რეალური შესაძლებლობები.

რაც შეეხება პრაქტიკოს მასწავლებლებს, ვინც კომპეტენცია ვერ დაადასტურეს, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ  შრომითი ხელშეკრულება გაუგრძელდებათ სასწავლო წლის ბოლომდე და მივესალმებით განათლების მინისტრის დროულ, ობიექტურ გადაწყვეტილებას.

- თუმცა, ეს დროებითი ღონისძიებაა, ქალბატონო მაია.

- სასწავლო წლის შუა პერიოდში რადიკალური ზომების მიღება, პირველ რიგში, დააზარალებდა მოსწავლეებს და ასევე, სერიოზული საფრთხის წინაშე დადგებოდა რეგიონების სკოლები, რადგან შეიქმნებოდა მასწავლებლის დეფიციტი.

ახლა მთავარია, მოიძებნოს გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან, ობიექტურად შეფასდეს პრაქტიკოს მასწავლებელთა კვალიფიკაცია და ისე იქნას მიღებული გადაწყვეტილება, მათი ზედა საფეხურზე გადასვლის თაობაზე. განათლების სამინისტრო და მასწავლებლის სახლი აქტიურად მუშაობენ ამ პრობლემის გადასაწყვეტად.

-  მაძიებელი მასწავლებლებიც ხომ გვყავს, მუდმივად რატომ ვსაუბრობთ დეფიციტზე?

- სისტემაში იყვნენ უსტატუსო მოქმედი მასწავლებლებიც და მათ კომპლექსური რეფორმის დასაწყისშივე, ავტომატურად მიენიჭათ მაძიებლის სტატუსი... არიან მაძიებლები, რომელთაც არ უმუშავიათ სკოლაში. მასწავლებლების მაძიებლებისთვის სპეციალური რეგულაციებია განსაზღვრული. რეფორმის ერთ-ერთი მიზანი თაობათა ცვლა იყო, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს პროცესი უნდა განხორციელდეს თანმიმდევრულად, ეტაპობრივად და არა ისე, მოქმედი 20000 მასწავლებელი ჩაანაცვლოს ახალმა კადრებმა, რომლებიც, არ ვიცით, როგორ წარმართავენ  საგაკვეთილო პროცესს. ბევრი მაგალითი გვაქვს, ახალგაზრდა მაძიებელი კონკურსის მეშვეობით შევიდა სკოლაში და ორ კვირაში-ერთ თვეში, თავისივე სურვილით დატოვა სკოლა.

- ასეთი ფაქტების შესახებ პირადად იცით?

- დიახ, გვაქვს ასეთი ფაქტები და თან ბევრი... გამომდინარე აქედან, აუცილებელია ახალგაზრდა პროფესიონალი კადრების მომზადება-სისტემაში შემოყვანა, მაგრამ ამავე დროს, პროფესიონალი კადრების დამაგრება და ინტენსიური ხელშეწყობა, მათი პროფესიული განვითარებისათვის. ესაა ერთმანეთზე გადაჯაჭვული ორი მიმართულება.

- ქალბატონო მაია, მასწავლებლები ხშირად მოგვმართავენ პრეტენზიით, რომ გამოცხადებული ვაკანსიები რეალურად არ არსებობს და სკოლაში დასაქმების შანსი პროფესიაში შესვლის მსურველებს, ფაქტობრივად, არ აქვთ.

- შეიძლება, ასეთი  შემთხვევა ჰქონდა მაძიებელს, მაგრამ ამას არ აქვს სისტემატური ხასიათი. მოქმედი კანონმდებლობით, სკოლა ვალდებულია, ჯერ შიდა კონკურსი  გამოაცხადოს, რათა მოქმედმა მასწავლებლებმა შეივსონ საათები სრულ დატვირთვამდე; შემდეგ ღია კონკურსი ცხადდება და ასეთ დროს, გამორიცხულია, მაძიებელი არ შეუშვან სკოლაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სხვა კონკურსანტი არის უფროსის, წამყვანის ან მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებელი. არის შემთხვევები, როდესაც მეზობელი სკოლის მაღალი სტატუსის მასწავლებელი მონაწილეობს კონკურსში - ასეთ დროს, სკოლა პრიორიტეტს ანიჭებს მოქმედ და გამოცდილ  პედაგოგს.

მაძიებელი მასწავლებლების უმრავლესობას, ძირითადად, სურთ დიდ ქალაქებში დასაქმება, სოფელში მუშაობა არ უნდათ. რეალობა ერთია, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ბევრმა სკოლამ გამოაცხადა ვაკანსია და აიყვანეს მაძიებლები. თუ მაძიებლებისთვის რეალური ვაკანსიები არ არსებობს, მაშინ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა რატომ შექმნა მასწავლებლის მომზადების ეროვნული სკოლა, რაც ნათელი დადასტურებაა სკოლებში შექმნილი  დეფიციტის და მისი აღმოფხვრის ერთ-ერთი მექანიზმია.

მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მინისტრს, რომელმაც პედაგოგზე, მოსწავლესა და მთლიანად ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის განვითარებაზე მორგებული გადაწყვეტილებები მიიღო და დახვეწა პროფესიული განვითარების სქემა, მაგრამ ამასთანავე უნდა განვმარტო - პრაქტიკოს მასწავლებლებს შეუწყდეთ შრომითი ხელშეკრულება და მათი პრაქტიკული საქმიანობის შედეგები არ იქნას სიღრმისეულად გაანალიზებული, ასეთი მიდგომა დააზარალებს სისტემას, უპირველეს ყოვლისა - მოსწავლეს; პრაქტიკოს მასწავლებლებში გვყავს საუკეთესო პრაქტიკული შედეგების მქონეები  მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მხრივ და ვერ გავიზიარებ აზრს, რომ ესაა რეპეტიტორების დამსახურება. მაღალმთიან სოფლებში, მცირეკონტინგენტიან სკოლებში ბავშვი მხოლოდ სკოლის ბაზაზე განაგრძობს წარმატებულ სწავლა-განათლებას უმაღლეს სასწავლებელში, გვაქვს შემთხვევები, მსოფლიოს პრესტიჟულ უნივერსტეტებში სწავლა გააგრძელეს სწორედ რეგიონების მოსწავლეებმა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვფიქრობ, უნდა მოხდეს პრაქტიკოსი მასწავლებლის კვალიფიკაციის და შედეგების შეფასება და შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება, მათი პროფესიაში დარჩენის შესახებ.

- ვინ უნდა შეისწავლოს ეს ყველაფერი და როდის?

- ჩვენი მოთხოვნაა, არსებობდეს მასწავლებლის შეფასების კომპლექსური დამატებითი კრიტერიუმები - ანუ მოხდეს მათი შედეგების შეფასებაც. კარგია მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების კომპონენტი რომ შემოვიდა, 2015 წელს, თუმცა მანდაც ბევრი პრობლემა აღმოვაჩინეთ. გამომდინარე იქედან, რომ შიდაშემფასებელთა ჯგუფის ხელმძღვანელი არის სკოლის დირექტორი, გვაქვს კონკრეტული დარღვევები მასწავლებლის გაკვეთილის შეფასების დროს, დირექტორის სუბიექტური მიდომებიდან გამომდინარე. გაგვაჩნია ჩვენი მოსაზრებები და მოთხოვნები. მაგალითად, მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შემოწმების პროცესში, უმჯობესია ჩაერთონ მეზობელი სკოლების მასწავლებლები, რათა უფრო ობიექტურად შეფასდეს პედაგოგის საქმიანობა.

- განათლების სამინისტრო აპირებს, გაითვალისწინოს თქვენი რეკომენდაციები?

- ჩვენ ინტენსიურად ვთანამშრომლობთ განათლების სამინისტროსთან, გაფორმებული გვაქვს ურთიერთთანამშრომლობის დამარეგულირებელი ძირითადი დოკუმენტი- დარგობრივი შეთანხმება, შესაბამისად,  ჩართულები ვართ კომისიებში, ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება-განხილვის პროცესში, სადაც წარვადგენთ ჩვენს წინადადებებს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა გადაწყვეტილია მსჯელობის და კონსენსუსის შედეგად, ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის,  მასწავლებლის, მოსწავლის სასარგებლოდ, ისე რომ,  არ დაზარალდეს სწავლა-სწავლების ხარისხი.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პედაგოგი განმარტავდა, რომ მან საკუთარი სიმართლისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით გაამჟღავნა აღნიშნული ინფორმაცია...
ბაღის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნება - დეტალები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება