სიახლეები
სამასწავლებლო

რა უნდა გააკეთოს სკოლამ განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად? - დირექტორები საკუთარ აზრს გვიზიარებენ
11-09-2019
-
+


ქვეყნის წინსვლისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ადამიანური კაპიტალია. ერის პროგრესი და განვითარება კი თითოეული ჩვენგანის განათლებაზეა დამოკიდებული. აკი დიდი ილია ჭავჭავაძეც ამბობს: „განათლება არის უპირველესი საშუალება ყოველი ერის კეთილდღეობისა და წარმატებისთვის“.

დღევანდელი განათლების სისტემა უამრავი გამოწვევის წინაშე რომ დგას, ეს ახალი არავისთვისაა: დაბალი აკადემიური მოსწრება სკოლებში, წიგნიერების დაბალი მაჩვენებელი, არაპროფესიონალიზმი - ეს იმ მცირე საკითხების ჩამონათვალია, რომლებიც ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის წინაშე დგას.

რა მიზეზებითაა განპირობებული განათლების დაბალი მაჩვენებელი ქვეყანაში? და რა უნდა გააკეთოს სკოლამ განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად? - ამ საკითხებზე სასაუბროდ ETALONI.GE იმ ადამიანებს დაუკავშირდა, ვისაც  აღნიშნულ კითხვებზე პასუხის გაცემა ყველაზე მეტად შეუძლიათ:

თბილისის N35 საჯარო სკოლის დირექტორი მიხელ ჩიკვილაძე:

„სასკოლო სისტემაში ხარვეზები ნამდვილად არსებობს. მოსწავლეებს შეუძლიათ გააცდინონ სკოლა, შემდეგ კი ექსტერნის გამოცდები ჩააბარონ. რაც შეეხება გამოსავალს, ჩემი აზრით, პირველ რიგში, სკოლებში ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელებაა საჭირო, მოსწავლეები სკოლებში უნდა მოვიზიდოთ, საჭიროა პედაგოგების კომპეტენციის განმსაზღვრელი კრიტერიუმების ცვლილებაც, რადგან მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებით მათი ცოდნა არც თუ ისე ეფექტურად მოწმდება, მათი შეფასება კვალიფიკაციითა და გამოცდილებით უნდა მოხდეს“.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქვედა ბახვის საჯარო სკოლის დირექტორი დოდო გოთუა:

„მოსწავლეების განათლების დაბალი მაჩვენებელი პირველ რიგში, მშობლების ბრალია. ჩვენს სკოლაში სწავლობენ მოსწავლეები, რომელთა მშობლები საზღვარგარეთ მუშაობენ და ბავშვები ბებიებთან, ბიძებთან და ბიცოლებთან არიან, რის გამოც მშობლების ყურადღების დეფიციტს განიცდიან. გარდა ამისა, მოსწავლეებმა თავიანთი უფლება-მოვალეობები არ იციან. საჭიროა მშობლებმა ჩვენთან ერთად იზრუნონ თავიანთი შვილების განვითარებაზე, რადგან მხოლოდ სკოლა ვერაფერს გახდება. კიდევ ერთი დიდი პრობლემა სკოლებში სხვადასხვა ავტორების სახელმძღვანელოების სწავლებაა. თუ მოსწავლე ჩვენი სკოლიდან სხვა სკოლაში გადადის, სხვა ავტორის სახელმძღვანელოს შეძენა უწევს, რაც ძალიან ცუდია“.

ქუთაისის N35 საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან თავიდაშვილი:

„განათლების დაბალი მაჩვენებელი სკოლებში რამდენიმე მიზეზითაა გამოწვეული. მოსწავლეებს სწავლის მოტივაცია არ გააჩნია, რადგან სკოლებს არ აქვთ ლაბორატორიები და  თვალსაჩინოებების სიმცირე მათ მოტივაციას უკარგავთ. გარდა ამისა, საბუნებისმეტყველო საგნებში საათების სიმწირის პრობლემაა, რადგან პროგრამა რთულდება, სწავლების საათები კი საკმარისი არ არის. ყველა მოსწავლე ინდივიდია და თითოეული მათგანი ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს. ჩვენი პედაგოგები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოსწავლეებს საუკეთესო განათლება მისცენ. ჩემი აზრით, განათლების დონის გასაუმჯობესებლად გამოსავალი სწორად დაგეგმილ გაკვეთილსა და რესურსების მართებულად შერჩევაშია. კათედრებმა გამოასწორეს მუშაობა, რაც ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია. იმედია, მომავალში სხვა ხარვეზებიც გამოსწორდება და განათლების სისტემაში უკეთესი შედეგები გვექნება“.

ქედის მუნიციპალიტეტის წონიარისის საჯარო სკოლის დირექტორი ზეინაბ წულუკიძე:

„ჩემი აზრით, მოსწავლეების განათლების დაბალი მაჩვენებელი ქვეყანაში შექმნილი სოციალური ფონითაა განპირობებული.  მოსწავლეთა მშობლები საზღვარგარეთ მუშაობენ  და ბავშვები ბებია-ბაბუებთან იზრდებიან. აქედან გამომდინარე, მათ ვერავინ აკონტროლებს, მხოლოდ სკოლაში ნასწავლი გაკვეთილებით კი კარგ შედეგებს ვერ მივიღებთ. მიმაჩნია,  თუ ქვეყანაში სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება და მშობლები თავიანთ შვილებთან დაბრუნდებიან, გაუნათლებლობის პრობლემაც მოგვარდება. ქვეყნის სოციალური ფონის გაუმჯობესებით ყველა პრობლემა გადაიჭრება“.

გორის მუნიციპალიტეტის ქვეშის საჯარო სკოლის დირექტორი ლელა ბიბილური:

„განათლების დაბალ მაჩვენებელს ბევრი ფაქტორი განაპირობებს. ხშირად ბავშვები მშობლების გარეშე იზრდებიან, რასაც პედაგოგების არაპროფესიონალიზმიც ემატება. მოსწავლეებს სწავლის მოტივაცია არ გააჩნიათ. მათ განათლების დონეზე ზრუნვა პირველ რიგში, სკოლის ვალია. პედაგოგებმა მშობლების თანადგომით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავაინტერესოთ მოსწავლეები და სწავლის მოტივაცია გავუზარდოთ“.

სოფიკო ჭიაურელის სახელობის თბილისის N54 საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან ჩოქური:

„ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ ჩვენს ქვეყანაში წიგნიერების მაჩვენებელი ნამდვილად არასახარბიელოა, რაც მრავალი ფაქტორით არის განპირობებული. თუმცა  როგორც ბოლო წლებში ჩატარებული საერთაშორისო და შიდა კვლევები ადასტურებს, საბუნებისმეტყველო საგნებში ნამდვილად ვითარდებით. მთავარია პროექტი „ახალ სკოლის მოდელის“ მიდგომები სწორად იყო იმპლემენტირებული და განხორციელებული სკოლებში. განათლების სამინისტროს მცდელობა გამოასწოროს ხარვეზები განათლების სისტემაში, კარგად გააზრებული მცდელობაა“.

ვასილ განჯელაშვილის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სვენეთის საჯარო სკოლის დირექტორი ელენე საათაშვილი:

„განათლების პრობლემა მრავალი მიზეზით, პირველ რიგში, კი სოციალური ფონითაა  განპირობებული. ზოგჯერ სკოლაში თითო ოჯახიდან 4 ბავშვი დადის, ყოფილა შემთხვევა, როდესაც გაცდენის დროს მოსწავლეს გულახდილად უთქვამს ჩვენთვის: „მასწავლებელო, ფეხსაცმელი მაღლა ავისროლეთ და ვინც დაიჭირა, ის წამოვიდა სკოლაშიო“. გარდა ამისა, მშობლები მუშაობენ და ბავშვებს სახლში მხოლოდ მოხუცებული ბებია-ბაბუა ან არავინ ხვდებათ. ყველაფერთან ერთად, ყველა სკოლაში არსებობს პედაგოგების დაბალი კომპეტენციის პრობლემა. განათლების სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. აქედან გამომდინარე, მათ მიერ ჩატარებული რეფორმა მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოებისა და სამუშაო რვეულების დარიგება, მშობლებისთვის დიდი შეღავათია. მიმაჩნია, რომ განათლების დონის გასაუმჯობესებლად მთავარი გამოსავალი ცხოვრებისეული პირობების გაუმჯობესება და სწავლების ხარისხზე ზრუნვაა“.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის აკაურთის საჯარო სკოლის დირექტორი ნოფალ ალიევი:

„ხშირია მშობლების გულგრილი დამოკიდებულება შვილების მიმართ, რაც ძალიან ცუდია. ისინი დაკავებულები არიან სამსახურებით და სათანადო ყურადღებას ვერ აქცევენ ბავშვებს. გარდა ამისა, პენსიონერ პედაგოგებს თანამედროვე მეთოდების დანერგვა ძალიან უჭირდათ. სკოლაში ახალგაზრდა მასწავლებლების მოსვლით, ჩემი აზრით, სასწავლო პროცესი გაუმჯობესდება. საჭიროა სკოლის ადმინისტრაციის, კათედრისა და პედაგოგების მხრიდან მოსწავლეების მკაცრი კონტროლი, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა განხორციელდეს“.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამარჯვების საჯარო სკოლის დირექტორი გურამ ნათენაძე:

„თუ განათლების რომელიმე დარგში უკან ვართ,  სხვა დარგში შესაძლოა წინსვლა გვქონდეს. თანამედროვე ოჯახებში სხვადასხვა საშუალებები შეიჭრა: ტელევიზია, ინტერნეტი, კომპიუტერი, თუმცა მიმაჩნია, რომ საერთო ჯამში გაუნათლებელი ახალგაზრდები არ მოდიან. დღეს, სკოლა ცოდნის მიღების ერთადერთი წყარო აღარ არის, ცოდნის მისაღებად სხვადასხვა წყაროები არსებობს და ბავშვები ცოდნას სწორედ ამ წყაროებიდან იღებენ. გარდა ამისა, სასწავლო პროგრამებიც შეიცვალა და გამარტივდა. შესაძლოა, თანხვედრა არ არის სასკოლო პროგრამასა და მისაღებ პროგრამებს შორის და როდესაც ბავშვი სკოლას ამთავრებს, გაცილებით რთულ პროგრამას აბარებს. ჩვენი სკოლის მოსწავლეებიდან  2-3 ბავშვის გარდა ყველა მათგანი ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში“.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
დირექტორობის 210 კანდიდატი გასაუბრებაზე დღეს გავა - კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყო
მასწავლებლებისთვის დამხმარე სახელმძღვანელოს ახალი ვარიანტი შეიქმნა
ბაღების საყურადღებოდ - სამინისტრო ვადებს ასახელებს
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა პედაგოგმა თეა ყიფიანმა, ქორეოგრაფი კი მალხაზ კოხრეიძე გახლდათ
აღსანიშნავია, რომ „კინგსის“ ოლიმპიადის აქტიური მონაწილეა მე-3 კლასის მოსწავლე გოჩა ნონიაშვილი
მოსწავლეებმა შეასრულეს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილი შინაარსიანი, საინტერესო და სხვადასხვა აქტივობით დატვირთული იყო
აქტივობას დაწყებითი სკოლის მასწავლებელი - საიდა კიარიმოვა ხელმძღვანელობდა
საინტერესო
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
სიახლეები
საზოგადოება