სიახლეები
პიროვნება

თერეზა ჩივჩიანი: „ნებისმიერი პედაგოგი და განათლების სფეროში მომუშავე ადამიანი ასე უნდა მიუდგეს ბავშვებს - ჩემი-შენი კი არა, ყველა ბავშვი ყველასია!“
03-07-2019
-
+


ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, თერეზა ჩივჩიანი 24 წლის იყო, ეს საპასუხისმგებლო პოსტი რომ ჩაიბარა. ეროვნებით სომეხი  გოგონა შესანიშნავად ფლობს ქართულ ენას და თავის რეგიონში ყველაფერს აკეთებს, რომ მოსწავლეებს ის პრობლემები აღარ შეექმნათ, რისი გადატანაც თავად მოუწია. თერეზა  დასაოჯახებელია და ამბობს, რომ რეგიონში, სადაც ქართველები და სომხები ერთად ცხოვრობენ, 7 700 შვილი ჰყავს.

 თერეზა  ჩივჩიანი
„ეტალონს“ საკუთარი წარმატების ფორმულაზე, ახალქალაქის ცხოვრებაზე და  სხვა საინტერესო ამბებზე მოუყვა.

- მენეჯმენტის და აუდიტის პროფესია მაქვს შესწავლილი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი ვარ. საბანკო სექტორში ვმუშაობდი - ჯერ ექსპერტი ვიყავი, მერე გავხდი მრჩეველი და ბევრი კადრი გადავამზადე. ჩემი გადამზადებული კადრები დღეს ახალქალაქში წარმატებული თანამშრომლები არიან საბანკო სფეროში, რითაც ძალიან ვამაყობ.

- განათლების სფეროში როგორ მოხვდით?

- განათლების სფერო ბავშვობიდან მიყვარს და მინდოდა, ჩემი წვლილი შემეტანა ამ მხრივ ჩემს რეგიონში. შესაბამისად, გავიარე ყველა ეტაპი - გამოცდა, ტესტირება, გასაუბრება და როცა დავინიშნე, ყველაზე ახალგაზრდა ვიყავი ჩემს კოლეგებს შორის მთელი საქართველოს მასშტაბით. ამის გამო მხიარული ისტორიებიც მქონია - არ მიჯერებდნენ, რომ რესურსცენტრის უფროსი ვიყავი, სანამ საბუთს არ ვაჩვენებდი, სადაც ეს ეწერა. ვერ იჯერებდნენ, რომ ასეთი ახალგაზრდა თანამდებობაზე ვმუშაობდი. არადა, მანამდეც ვმუშაობდი განათლების სფეროში - არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით,  ტრენერი ვიყავი, ქართულ ენას ვასწავლიდი სომხურენოვან მოსახლეობას.

განათლებას ჩემი ცხოვრება იმიტომაც დავუკავშირე, რომ მე საკმაოდ რთული გზა გავიარე სკოლის პერიოდში, როგორც წარმატებულმა მოსწავლემ. ბევრ ნიუანსს ვხედავდი, რაც არ მომწონდა და სულ ვფიქრობდი, რომ დადგებოდა დრო და სხვაგვარი მიდგომა იქნებოდა მოსწავლეების მიმართ.

- რა არ მოგწონდათ, რისი შეცვლა გინდოდათ?

- მთავარი მოსწავლე კი არა, პედაგოგი იყო. დღეს სხვა გარემოა - ცენტრში მოსწავლეა და მის გარშემო ტრიალებს მასწავლებელი და ყველა დანარჩენი. სკოლაში სწავლის დროს  შეზღუდვას ვგრძნობდი მასწავლებლების მხრიდან. მაგალითად, 1 წლით უფროსი ძმა მყავდა და ის რომ სწავლობდა, მეც ვიმახსოვრებდი და მომავალი წლისთვის უკვე ვიცოდი გაკვეთილი. მასწავლებელი რომ ხსნიდა, სხვებისთვის ეს იყო სიახლე და მე რომ რამეს ვიტყოდი, მზღუდავდა, გასაგებია, რომ შენ იცი და სხვებს დააცადეო. ისეთი უხეში ტონით მზღუდავდა, როგორც მოსწავლეს და არ მაძლევდა თავისუფლებას... ახლა შეხვედრების, თათბირების თუ მონიტორინგის დროს ყოველთვის ვუსვამ ხაზს, რომ ბავშვებს მივცეთ  თავისუფლება აზრის გამოხატვის დროს და არაფერში იყვნენ შეზღუდულები.

მეორე თემა, რაც მაწუხებდა, ის იყო, რომ მედალოსანი ვიყავი და ეს თემა ბევრს აწუხებდა.

- მასწავლებლებს გულისხმობთ?

- დიახ, მასწავლებლებს. მეუბნებოდნენ, რომ მედალი არ მეკუთვნოდა. მეუბნებოდნენ, რომ ამისთვის სპეციალური გამოცდები უნდა ჩამებარებინა, რაც, სინამდვილეში ასე არ იყო. მე კი ვეუბნებოდი, რომ მზად ვიყავი ნებისმიერი გამოცდისთვის.  არ ვიცი, რისი შიში ჰქონდათ , ალბათ იმის, რომ ხშირი მონიტორინგი ტარდებოდა.

- აიღეთ მედალი?

- რა თქმა უნდა!

- მისაბაძი ადამიანი ვინ გყავდათ?

- ჩემი ლექტორები. ჩემი ერის წარმომადგენლები მაშინ იშვიათად აბარებდნენ ქართულ უნივერსიტეტებში, რადგან ენის ბარიერი ჰქონდათ. განსაკუთრებით, სოფლის სკოლის კურსდამთავრებულებს დიდი შიში ჰქონდათ. ბათუმის უნივერსიტეტში ჩავაბარე და მთელ კურსზე ერთადერთი ეროვნებით სომეხი ვიყავი. არაჩვეულებრივი ლექტორები მყავდა, რომლებიც,  პირველ რიგში, ადამიანები იყვნენ და ამბობდნენ კიდეც, თუ კარგი ადამიანი არ ხარ, კარგი სპეციალისტი ვერ იქნებიო. ყველასგან დიდი მხარდაჭერა მქონდა და სულ იმას ვამბობდი, ვინმეზე ნაკლები არ ვიყო-მეთქი.წარმატებულად დავამთავრე უნივერსიტეტი მიუხედავად ენის ბარიერისა. სომხური სკოლა დავამთავრე და სპეციფიკურ ტერმინებთან დაკავშირებით პრობლემები მქონდა. რთულად გავიარე ყველაფერი, მაგრამ მივაღწიე მიზანს.

- რეგიონში ბევრი პრობლემა დაგხვდათ, როცა რესურსცენტრის უფროსი გახდით?

- ახალქალაქში 65 სკოლაა და აქედან 55 სომხურენოვანია. 4 თანამშრომელი მყავდა მხოლოდ, 65 სკოლასთან პირადად ვურთიერთობდი და სიახლეების შეტანას ვცდილობდი, რაც ჩემი მთავარი მიზანი იყო. დავსახე ყველაფერი, რისი მიღწევაც მინდოდა და სამინისტროს მხარდაჭერით ეს რთული პერიოდი ადვილად გადავლახე. საბედნიეროდ, ჩვენს რეგიონში ქართველებსა და სომხებს შორის პრობლემა არასოდეს გვქონია. მამაჩემის მეგობრების 80% ქართველი იყო. თბილი და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და თუ ვინმე რამეს ამბობს ამ თემაზე, პროვოკაციაა. ქართული ეკლესიის მამაომაც თქვა ამას წინათ, ალბათ არცერთ რეგიონში არ აქვთ სხვადასხვა ერებს ისეთი მეგობრული ურთიერთობა, როგორიც ჩვენ, ამ რეგიონშიო.

პირადადაც ძალიან ტოლერანტი ვარ. არ ვიცი, მე გამიმართლა, თუ ზოგადად ასეა, მაგრამ არც მე მქონია ამ მხრივ რაიმე პრობლემა. ვფიქრობ, განსხვავებული კულტურების თანაარსებობა უფრო საინტერესოა. ხარვეზები იყო ჩვენს სფეროში,  მაგრამ -  მოგვარებადი და ვმუშაობთ ამ მიმართულებით.

უზომოდ მიყვარს ბავშვები. ოჯახი არ მაქვს, დაქორწინებული არ ვარ, მაგრამ როცა რაიმე ღონისძიებაა და ამბობენ ხოლმე, ჩვენი ბავშვებიო,  სულ ვეუბნები, თქვენ ერთი და ორი გყავთ, მაგრამ მე 7 700-მეთქი. ნებისმიერი პედაგოგი და ამ სფეროში მომუშავე ადამიანი ასე უნდა მიუდგეს ბავშვებს  - ჩემი-შენი კი არა, ყველა ბავშვი ყველასია! მე რომ ვსწავლობდი უნივერსიტეტში, მიჭირდა, რადგან ლექსიკის პრობლემა მქონდა. აბიტურიენტებს ვხვდები და ვეუბნები, ეს და ეს გაგიჭირდებათ და ამას მიაქციეთ ყურადღება-მეთქი.

- მაგალითად, როგორ რჩევებს აძლევთ?

- მხოლოდ სალაპარაკო ქართულ ენას კი არა, ტერმინოლოგიას  უნდა მიაქციონ ყურადღება. ჩემი მიზანი იყო იმ ადამიანთა რიცხვის გაორმაგება, ვინც საქართველოს უნივერსიტეტებში ჩააბარებდა და მივაღწიე - ახლა სამჯერ მეტი აბარებს და ეს ჩემი გამარჯვებაა, რომელზეც ყველასთან ვლაპარაკობ. მანამდე, ბევრი სომეხი ბავშვი საზღვარგარეთ მიდიოდა სასწავლებლად, რადგან ჰქონდათ შიში, რომ აქ ენის გამო პრობლემა შეექმნებოდათ. ახლა სასკოლო ასაკიდან ეთმობა დიდი ყურადღება სახელმწიფო ენას, გადამზადებას ვახდენთ, რომ აღარ ჰქონდეთ ასეთი პრობლემა. მე პირადად, ლაპარაკის კომპლექსი მქონდა.

პირადად ვხვდები მოსწავლეებს, მშობლებს, მასწავლებლებს და რჩევებს ვაძლევ. სულ ღია მაქვს კარი და ყვველას შეუძლია ჩემთან მოსვლა. ვურჩევ, სად ჯობია, როგორ ჯობია... ღია კომუნიკაცია გვაქვს და ამან დაძლია შიში და კომპლექსი. ორი წლის თავზე, რაც რესურსცენტრის უფროსი გავხდი, სამჯერ გაიზარდა იმ ბავშვების რიცხვი, ვინც საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში აბარებს ჩვენი რეგიონიდან.იმ უნივერსიტეტებთანაც მაქვს კავშირი, სადაც ისინი სწავლობენ და მუდამ ვკითხულობ, ხომ არაფერი უჭირთ. თავიდან უცხო ქალაქში უჭირთ, მაგრამ მერე უნდათ, თბილისში დარჩნენ, იქ იმუშაონ... მე კი მინდა, კარგი კადრები ახალქალაქში დავაბრუნო, დედაქალაქს ისედაც ჰყავს საკმარისი კადრები.

- ახალქალაქში ახალგაზრდებისთვის არის ის გარემო, სადაც, მაგალითად, გართობას შეძლებენ?

- სამწუხაროდ, არ არის და ამიტომაც ურჩევნიათ დიდ ქალაქებში ცხოვრება. თუ რამე არ მოგვწონს, მხოლოდ ლაპარაკით არ გამოსწორდება. როცა რამის ნაკლებობას ვხედავთ, თავად უნდა ვცადოთ გამოსწორება. ინფრასტრუქტურა უნდა გაიმართოს, რომ ახალგაზრდებს გასართობი ჰქონდეთ. სამწუხაროდ, არც თეატრი გვაქვს, არც კინო... ეს კი აწუხებს ახალგაზრდობას. ჩვენი მხრივ, ვაწუხებთ შესაბამის ორგანოებს, რომ რაიმე იღონონ და ველოდებით კონკრეტულ ნაბიჯებს. გვეთანხმებიან, მაგრამ...

- მშვენიერმა ქალბატონმა ოჯახის შესაქმნელად ვერ მოიცალეთ?

- სულ სამსახურში ვარ და ეს იმის დასტურია, რომ ჩემი საქმის ერთგული ვარ. მანამდე სულ ვსწავლობდი. მაქსიმალისტი ვარ და თუ რამეს ხელს მოვკიდებ, მაქსიმუმი უნდა გავაკეთო. ამ მაქსიმუმს კი დრო და ენერგია სჭირდება. დასაოჯახებლად დრო ვერ გამოვნახე, მაგრამ სამომავლოდ ალბათ გამოვნახავ და 7 700 ბავშვს ჩემი შვილებიც დაემატება.

- რა უნდა გაითვალისწინოს წარმატებულმა ქალმა მეორე ნახევრის შერჩევისას?

- ერთადერთი, რასაც ვერ ვიტან და ცხოვრებაში არავის ვაპატიებ, ტყუილია. მე ძალიან პირდაპირი ადამიანი ვარ და ეს ყველამ იცის. შეიძლება ეს ჩემი მინუსიც არის, მაგრამ რას ვიზამ, ასეთი ვარ. მირჩევნია სიმართლე, როგორი მწარეც უნდა იყოს, ოღონდ ტყუილი ნუ იქნება. ესაა მთავარი და ასევე ის, რომ უნდა მიმიღოს ისეთი, როგორიც ვარ - აქტიური, საქმიანი... შემიძლია ჩემს საქმეს დიდი დრო დავუთმო და არ უნდა მისაყვედუროს. არანორმალური გრაფიკი მაქვს. ერთგული და მაქსიმალისტი ვარ და სხვებისგანაც მაქსიმუმს და ერთგულებას ვითხოვ. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ეროვნების იქნება, მთავარია, მიმიღოს ისეთი, როგორიც ვარ.

- რა ჰობი გაქვთ, თქვენი საქმის გარდა სხვა რა გიყვართ და გიტაცებთ?

- ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა მოგზაურობა. მენეჯმენტის სპეციალისტი ვარ ტურიზმის განხრით. ბევრს ვმოგზაურობ როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. საქართველოს ყველა კუთხე მოვლილი მაქვს, ევროპის რამდენიმე ქვეყანაშიც ვარ ნამყოფი. ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეში მყავს მეგობრები და ხშირად ვხვდები. ყოველ შაბათ-კვირას რომელიმე კუთხეში ჩავდივარ მეგობართან და ეს ჩემი სიმდიდრეა. ერთი ძმა მყავს და კარგი მეგობრები იგივე და-ძმები არიან.

ასევე მიყვარს სპორტი, ახალქალაქში აუზი და ფიტნესკლუბი გვაქვს და იქაც დავდივარ. სხვა ქალაქში რომ ჩავდივარ, ჩოგბურთს ვთამაშობ.  ბავშვობაში მუსიკაზეც დავდიოდი, ცეკვაზეც... ბევრი ჯილდო მაქვს ცეკვიდან მიღებული. ახალქალაქში სომხურ ცეკვაზე დავდიოდი დ ბათუმში ქართულ ცეკვაზე დავიწყე სიარული. ბევრი სერთიფიკატი მაქვს მენეჯმენტის, კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის განხრით.



სტუდენტი ვიყავი, როცა ახალქალაქში ქართულ ენას ვასწავლიდი არასამთავრობო ორგანიზაციის ორგანიზებით.  ბათუმში ვსწავლობდი ქართულს 4+1 პროგრამით და ახალქალაქში ჩასული, სხვებს ვასწავლიდი. 1 წელში გრამატიკა მაღალ დონეზე ვისწავლე. ახალქალაქში კადრს ეძებდნენ და ჩემი დახმარება სჭირდებოდათ. ხელფასი არც მაინტერესებდა. მეორე წელს მერიაში დავიწყე მუშაობა, მერე ბანკში... სტუდენტობის ბოლო წლებში ბათუმში ჩავდიოდი და ერთდროულად ვაბარებდი ყველაფერს. ყველასთვის შოკი იყო ჩემი  ახალქალაქში მუშაობა და ამავე დროს ბათუმში სწავლა. რესურსცენტრის უფროსობის გარდა, ვარ ტრენერი სკოლის დირექტორებისა მილენიუმის პროგრამით. ასევე, არაქართველი აბიტურიენტების მრჩეველი გახლავართ... კომუნიკაბელური და მეგობრული ვარ. ბავშვებთან ურთიერთობაში ვცდილობ, ჩემში კონკრეტული უწყების უფროსი კი არა, ის ადამიანი დაინახონ, რომელსაც დაელაპარაკებიან, რჩევას ჰკითხავენ...


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
NAEC იმიტირებულ რეგისტრაციას გაგატარებთ - შეხვედრის ვადა და დეტალები
„ინგლისურენოვანი შეტყობინება მივიღეთ , რომ სკოლაში ასაფეთქებელი ნივთიერება იყო“ -სკოლის დამფუძნებელი etaloni.ge-სთან დეტალებზე საუბრობს
განათლებაში ყველაზე დაბალი ხელფასებია - საქსტატი 4 მაღალანაზღაურებად დარგს ასახელებს
„სსსმ მოსწავლეებს  განსაკუთრებული ნიჭი აქვთ სხვადასხვა განხრით, ამიტომ სპეცმასწავლებლის მოვალეობაა ამ უნარების აღმოჩენა შეძლოს და შემდგომ განავითაროს“
პიროვნება
„მასწავლებლებს იმ ტრენინგებში, რაც მათ საჭიროებებზე არაა მორგებული, დროს არ დავაკარგვინებდი“
„დღეს რომ ასეთი წარმატებული ვარ, დირექტორისა და არაჩვეულებრივი პედაგოგიური გუნდის დამსახურებაა“
ღვთის წყალობით,  მეუფე მექლისედეკის ლოცვა კურთხევითა და ჩვენი პედაგოგების მუხლჩაუხრელი შრომით კვლავაც გავაგრძელებთ ერისა და ეკლესიის სასიქაუდლო და საამაყო მამულიშვილების აღზრდას
სკოლები
მოსწავლეებმა სიყვარულით, სითბოთი და ემოციით სავსე დღე მიუძღვნეს ქალბატონებსა და საყვარელ დედიკოებს
„ვულოცავთ მათ, მასწავლებელთან ერთად, ამ წარმატებას და მომავალში მეტ მიღწევებს ვუსურვებთ“
სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი კვირეული სხვადასხვა აქტივობებით გამოირჩეოდა
კომპიუტერული ტექნიკა მოსწავლეებს პრეზენტაციებისა და ღონისძიებების ჩატარებისას დაეხმარება
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
ინგლისში, თანხის დაზოგვის მიზნით, სკოლებმა, შესაძლოა, მასწავლებლები შეამცირონ - რამ გამოიწვია კრიზისი?
„ეს არის პედაგოგების ძარცვა - მთავრობა სკოლებში უფასო შრომას ეყრდნობა“
სიახლეები
საზოგადოება