სიახლეები
რჩევები, ინტერვიუ

ქურდობა, აზარტული თამაშები, ნარკოტიკები - რა უნდა გააკეთოს მშობელმა, როცა შვილს სახიფათო ჩვევებს ამჩნევს?
10-12-2018
-
+


შვილების აღზრდა სიხარულთან ერთად გამოწვევებთანაა დაკავშირებული. ყველაფერი ყოველთვის ისე არ მიმდინარეობს, როგორც მშობელს სურს. ხანდახან, უფროსი სამწუხარო რეალობის წინაშე დგება - მისი მცირეწლოვანი შვილი მავნე და სახიფათო ჩვევისკენ მიდრეკილებას ამჟღავნებს. რა ხდება ამ დროს? როგორ უნდა მოიქცეს მშობელი? ამ თემაზე Etaloni.ge-ს ფსიქოლოგი ქეთი მესხიშვილი ესაუბრა.

- შესაძლოა მშობელი მძიმე რეალობის წინაშე დადგეს, რაც შვილის მიერ  რომელიმე მავნე ჩვევის ფლობას გულისხმობს. ცალ-ცალკე განვიხილოთ მაგალითები:  თუ მშობელი ხედავს, რომ მოზარდი ფულს (ან სხვა რამეს) იპარავს, რა უნდა გააკეთოს ამ დროს და როგორ ებრძოლოს ამ მავნე ჩვევას?

- დავიწყებ იმით, რომ რასაც ადამიანი ბრძოლას უცხადებს, მათ შორის შვილის მავნე ჩვევებსაც, უარესი გართულებებით სრულდება, ანუ შედეგი არ მოაქვს. აქ მთავარი არის ის, რომ ყველა ქცევას აქვს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი და თუ გვინდა არასასურველი ქცევა აღმოვფხვრათ (რომელიც  შედეგია), პირველ რიგში აუცილებლად უნდა გავარკვიოთ ამ ქცევის მიზეზი. თუ მშობელი აღმოაჩენს, რომ მისი შვილი რაიმეს იპარავს, პირველ რიგში, სანამ რეაქცია ექნება, უმჯობესია  საკუთარ თავში გაიაზროს რასთან აქვს საქმე. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბავშვისათვის ქურდის იარლიყის მიწებება. მშობლებმა უნდა გადახედონ მათი და შვილის ურთიერთობის სტილს, რამდენად ძლიერი ემოციური კავშირი აქვთ შვილთან, ხომ არ არიან ძალიან მკაცრები და ბევრ რამეს ხომ არ უკრძალავენ. ასევე, საინტერესოა სოციალური გარემო, რომელშიც ბავშვს ოჯახის გარეთ ყოფნა უწევს. იქ რა ხდება და როგორი ქცევის მქონე თანატოლებთან აქვს ურთიერთობა? ხომ არ ამცირებენ  ბავშვს გარეთ ან თუნდაც ოჯახში? ამ ფაქტების დაკვირვების შემდეგ უშუალოდ ბავშვთან უნდა დამყარდეს ჯანსაღი კომუნიკაცია და არ უნდა მოვიწყოთ სასამართლო, სადაც ის დამნაშავედ იქნება აღიარებული. მსგავსი ქცევა, ანუ ქურდობა ბავშვობის ასაკში, მიუთითებს იმას, რომ ბავშვს  ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს, რომელსაც, სავარაუდოდ, ის დამოუკიდებლად ვერ უმკლავდება.  თანამშრომლური გარემო, მიმღებლობა და დახმარება - ის პირობებია, რომლითაც მშობელი  შვილის დახმარებას შეძლებს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვმა პასუხისმგებლობა არ უნდა აიღოს მის ქცევაზე. შესაბამისად, გულწრფელი საუბრები, მეგობრული დამოკიდებულება, თანასწორი მიდგომა და იარლიყების გარეშე ურთიერთობაა პრობლემის გადაჭრის გზა.

- ასაკს თუ აქვს მნიშვნელობა? ბაღის, სკოლის და გარდატეხის ასაკში მყოფ მოზარდს ერთნაირად უნდა  მიუდგეს მშობელი თუ განსხვავებულად?

- სამივე ასაკის შემთხვევაში საერთო არის ის, რომ ბავშვებმა პასუხისმგებლობა საკუთარ ქცევაზე უნდა აიღოს. მიდგომა და თუნდაც საუბრის სტილი განსხვავებულია, რა თქმა უნდა. ბაღის ასაკის ბავშვთან ბევრი საუბარი და რაციონალურად ამ ყველაფრის ახსნა უშედეგოა, რადგან სკოლამდელი ასაკის ბავშვს მისი განვითარებიდან გამომდინარე მსგავსი წინადადებების გაგება და აზრის გამოტანა უჭირს. ისიც კი არ იციან რა არის მოპარვა და ქურდობა. მათთან უფრო ქცევაზე უნდა მოხდეს დაკვირვება. მაგალითად, ხშირია შემთხვევა, როცა ბავშვებს ბაღიდან მოაქვთ ნივთები, რადგან თავად არ აქვთ მსგავსი სახლში. ბაღის ასაკში ბავშვი, განსაკუთრებით 4 წლამდე, ეგოცენტრულია და მას ჯერ კიდევ ყველაფერი თავისი შეიძლება ეგონოს. ამ დროს ბავშვს ჯერ კიდევ უჭირს იმის გარჩევა, თუ სად გადის ზღვარი „მასსა და სხვას“  შორის.
თუკი სასკოლო ასაკის ბავშვი გამოხატავს მსგავს ქცევას, ანუ ნივთებს იპარავს, მაინც ჯობს ამ ქცევას  მოპარვა არ დავარქვათ. უნდა გაირკვეს მიზეზი, სხვის ნივთს ბავშვი რატომ იღებს. საინტერესოა ასევე ის, რომ თუკი წინა სასკოლო ასაკში ბავშვმა ვერ გააცნობიერა სად მთავრდება მისი სივრცე და იწყება სხვა, ამის გამო მას შემდგომ ასაკშიც შეექმნება  პრობლემები.
სასკოლო და გარდატეხის ასაკის შემთხვევაში ზრდასრულების მხრიდან კიდევ უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო. მათ აქვთ უნარი უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ ქცევაზე და ისინი დასაწყისშივე ხვდებიან ხოლმე, რომ რაღაცას არასწორად აკეთებენ, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, რა ასაკზეც არ უნდა ვისაუბროთ, ქურდის იარლიყის მიწებება არ შეიძლება. ზრდასრულები უნდა დავეხმაროთ ბავშვებს მიზეზის გაცნობიერებაში, იმაში, თუ რა ემოციური სარგებლის მომტანია მათთვის მსგავსი ქცევა.

- რა ხდება მაშინ, როცა მშობელი გარდატეხის ასაკში მყოფ შვილში ისეთ სახიფათო ჩვევებს ხედავს, როგორიც ნარკოტიკები, ალკოჰოლი, ან თუნდაც თამბაქოა? როგორ ეკონტაქტოს მოზარდს?

- პირველ რიგში, სულ მცირე, რაც მშობელმა უნდა გააკეთოს, არის ის, რომ თავად იყოს მაგალითი. გარდატეხის ასაკში ბუნებრივია  მოზარდის ოჯახიდან „გარეთ გასვლა”, ანუ ავტორიტეტის  ოჯახის გარეთ, სხვა წრეში და სხვა ადამიანებს შორის ძიება. ამ ეტაპზე მათთვის მშობლები ნაკლებად ავტორიტეტები არიან და სხვა ადამიანებს ბაძავენ. თუ ეს ადამიანები  იმ წრეს განეკუთვნებიან, სადაც სიგარეტი და ნარკოტიკი მიღებულია,  ალბათობა, რომ მოზარდი იმავეს გაიმეორებს, იზრდება. მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად, თუკი ადრეული ბავშვობის პერიოდიდან შვილთან მშობელი  ჯანსაღი და თანამშრომლური ურთიერთობის სტილის ჩამოყალიბებას ახერხებს, თუ ის შვილს უკიდურესად ბევრ აკრძალვას არ უყენებს და მისთვის ავტორიტეტი ფიგურაა, შანსი იმისა, რომ ოჯახის გარეთ ავტორიტეტის ძიების შემდეგ მოზარდი უკან დაბრუნდება, თანაც ყოველგვარი თვითდამაზიანებელი ქცევის გარეშე, დიდია.
თუ მაინც მოხდა და მოზარდმა  სიგარეტის ან ნარკოტიკული საშუალებების გამოყენება დაიწყო, პრობლემა არამხოლოდ ბავშვში, არამედ ოჯახშია. იგივე შეიძლება ითქვას აზარტული თამაშების შემთხვევაში. ე.ი. ზრდასრული ადამიანები,  უფრო ზუსტად კი, მშობლები  შვილებს არასწორად უდგებიან. ამას ისინი როგორც წესი ვერ აცნობიერებენ და ბავშვის ცუდ ქცევას გარემოს გავლენას მიაწერენ ხოლმე.

- რაც შეეხება  აზარტულ ან თუნდაც კომპიუტერულ თამაშებს, რა დროსაც მოზარდი  ხშირად  სახლში იკეტება, რა უნდა მოიმოქმედოს მშობელმა?

- კომპიუტერული და აზარტული თამაშები  ადამიანს იზოლაციაში აქცევს და სოციალურ გარემოსთან კონტაქტს აკარგვინებს.  ორივე შემთხვევაში მოიაზრება, რომ ბავშვს ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს,  რომელიც სპეციალისტის ჩართულობის გარეშე შესაძლოა  არ გადაიჭრას. მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ასეთ დროს ბავშვი კონკრეტული ემოციების კომპენსაციას ახდენს, საკუთარ თავს გაურბის  და კომპიუტერული ფანტაზიების სამყაროში იმალება. მკაცრი მიდგომითა და ჩხუბი  მდგომარეობა გაუარესდება. როგორც სხვა შემთხვევაში, აქაც  მოზარდს მხარდაჭერა სჭირდება. მან უნდა იგრძნოს მიმღებლობა და ამით ის იპოვის ძალას, ამ მდგომარეობას თავი დააღწიოს. ასევე აუცილებელია იმის გამორკვევა, თუ რა არის მათი ამ ქცევის მიზეზი, რომ მასზე  ზრუნვა დაიწყოს, ანუ მოზარდმა  რეალური სურვილებითა და აქტივობებით თამაშების ჩანაცვლება შეძლოს. თუკი დროულად მოხდა ამ ფაქტის აღმოჩენა და სწორი რეაგირება, შედეგი აუცილებლად იქნება.

- ბუნებრივია, თემა ძალიან ვრცელია და  ერთ კითხვაში მისი ამოწურვა ძნელია, თუმცა როგორც შესაძლებელია ისე  შევაჯამოთ - რატომ შეიძლება ერთი ბავშვი კარგი, დადებითი ჩვევების უმრავლესობას ფლობდეს, ხოლო მეორე - უარყოფითი ჩვევებით იყოს დაინტერესებული?

- ოქროს წესი ალბათ არ არსებობს, მაგრამ  აუცილებლად გასათვალისწინებელია ის, რომ  მშობლებისა და შვილების ურთიერთობის სტილი ძალიან დიდ გავლენას ახდენს. მნიშვნელოვანია  ბავშვებთან  გულწრფელი და სწორი კომუნიკაცია დამყარდეს, ეს კი   მათში პიროვნებების დანახვას გულისხმობს.  ბავშვების გრძნობები და ემოციები არ უნდა გავაუფასუროთ.  ფრაზა- „შენ ბავშვი ხარ, რა გესმის” - ძალიან არასწორია. ცუდია ხშირი და მუდმივი აკრძალვები. თუმცა, რა თქმა უნდა, ბავშვს უნდა ჰქონდეს წესები, რუტინა და უნდა იცოდეს რა არის ნებადართული და რა - არა. მშობლები ხშირად შვილებისგან  საკუთარი სურვილების რეალიზებას მოითხოვენ და ჰგონიათ, რომ სწორად  შვილის საჭიროებას ხედავენ. ეს კი არასწორია.  თუკი მშობელი ამ ყველაფერს ითვალისწინებს,  შვილს უარყოფით იარლიყებს არ აწებებს, მისი შესაძლებლობების სჯერა და მხარს უჭერს, ალბათობა იმის, რომ ბავშვი თვითდამაზიანებელ ქცევაზე დამოკიდებული გახდება, ნაკლებია. ამას გარდა, მშობელი მუდმივად უნდა ინტერესდებოდეს ასაკობრივი განვითარების თავისებურებებით. თავად უნდა ზრუნავდეს საკუთარ თავზე, როგორც პიროვნებაზე, თვითონ უნდა აძლევდეს ბედნიერი ადამიანის ცხოვრების მაგალითს. ბავშვები ყველაფერს ყურებით, მოქმედებების დასწავლით ითვისებენ და იმავეს იმეორებენ. ასევე, მნიშვნელოვანია მათ ემოციების გამოხატვა ვასწავლოთ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ არ ავუკრძალოთ გაბრაზების გამოხატვა,  მივცეთ უფლება მოწყენილები იყვნენ, არ  მოვთხოვთ გაიღიმონ თუ არ ეღიმებათ, წავახალსოთ და შევაქოთ, როცა საჭიროა.
ბოლოს, ყველა ბავშვი კარგია და მასში უარყოფითი თვისებების აღმოჩენას შეკავებული ემოციები და უსამართლობის განცდა განაპირობებს. ზემოთ ჩამოთვლილი მაგალითებით და რეკომენდაციების გათვალისწინებით შევძლებთ ბავშვები ნაკლებ სტრესში იყვნენ  და  უარყოფითი ქცევა არ გამოავლინონ.

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
მოსწავლეებმა აუდიტორიის წინაშე ხმამაღლა წაიკითხეს რევაზ ინანიშვილის - „სახატეები“
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება