სიახლეები
სიახლეები

გათავისუფლდებიან თუ არა სტუდენტები საშემოსავლო გადასახადისგან - „უმრავლესობა სწავლის საფასურის გადახდისთვის მუშაობს“
12-10-2018
-
+


საქართველოში დასაქმებული სტუდენტები შესაძლოა საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდნენ. პარლამენტი ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ საკანონმდებლო წინადადებას განიხილავს, რომლის მიხედვითაც, ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში უნდა განხორციელდეს.

კერძოდ კი ცვლილების მიხედვით, აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, რომლის ასაკიც 25 წელს არ აღემატება და მისი ყოველწლიური შემოსავალი არაუმეტეს 6 000 ლარს შეადგენს, საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრება.

როგორც Etaloni.ge-ს „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტმა, გიორგი ზოიძემ განუცხადა, აღნიშნულ წინადადებას პარლამენტის განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა მხარი დაუჭირა, შემდეგი განხილვა კი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში უნდა გაიმართოს. თუ აღნიშნული კომიტეტიც მხარს დაუჭერს საკანონმდებლო წინადადებას, საკითხს კენჭს პლენარულ სხდომაზე უყრიან.

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში კი სტუდენტები ამ ცვლილებით 2019 წლიდან ისარგებლებენ.

„საკანონმდებლო წინადადება გულისხმობს სტუდენტების საშემოსავლო გადასახადებისგან გათავისუფლებას. ჩვენი ინიციატივით, ცვლილება საგადასახადო კოდექსში უნდა განხორციელდეს.საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებულ პირთა სახეების ჩამონათვალს უნდა დაემატოს აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი. ყველა ის სტუდენტი, რომელსაც აქვს აქტიური სტუდენტის სტატუსი და მისი ასაკი არ აღემატება 25 წელს, უნდა გათავისუფლდეს საშემოსავლო გადასახადისგან.

საკანონმდებლო წინადადებას განათლების კომიტეტმა სრულად დაუჭირა მხარი. ახლა კი საფინანსო კომიტეტშია გადაგზავნილი განხილვისთვის. ველოდებით მათ გადაწყვეტილებას. თუ ეს კომიტეტიც გაიზიარებს, პლენარულ სხდომაზე კენჭისყრისთვის გავა მთავარ დარბაზში და გადაწყდება გათავისუფლდებიან თუ არა სტუდენტები საშემოსავლო გადასახადისგან“,-განაცხადა გიორგი ზოიძემ.

მისი თქმით, 2013 წლიდან 2018 წლამდე რეკორდულად გაიზარდა სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა, მათ უმრავლესობას კი დავალიანება აქვს.

„ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ 2013 წლიდან იკვლევს სტუდენტებთან დაკავშირებულ გარკვეულ საკითხებს. აგრეთვე, ყურადღებას ვამახვილებთ იმ საკითხებზეც, რითაც შესაძლებელია ნაწილობრივ მაინც აღმოიფხვრას მათ წინაშე მდგარი პრობლემები. ორგანიზაცია სტატუსშეჩერებულ სტუდენტებზე მთავარ აქცენტს იმიტომ აკეთებს, რომ 2013 წლიდან 2018 წლამდე რეკორდულად გაიზარდა მათი რაოდენობა. თუ 2013 წელს 20 ათასამდე სტატუსშეჩერებული სტუდენტი იყო საქართველოში, დღეს 48 ათასზე მეტი გვყავს.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტების უმრავლესობას სტატუსის შეჩერების მიზეზად მითითებული აქვს დავალიანება. ეს არის სახელმწიფოს პრობლემა, როდესაც ქვეყანაში 48 ათასზე მეტ სტუდენტს სტატუსი აქვს შეჩერებული და აქედან ნახევარს იმიტომ აქვს, რომ არ აქვს სწავლისთვის საჭირო ფინანსები. ჩვენი მიზანი იყო შეგვესწავლა პრობლემა და ასევე გვემუშავა იმ მიმართულებით თუ როგორ შეიძლებოდა ეს პრობლემა აღმოფხვრილიყო. 

აღნიშნული მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილებასაც ვიკვლევთ. გვქონდა გარკვეული რეკომენდაციები, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ, ასევე,  განათლების სამინისტროსა და მთავრობის შესაბამისი სამსახურების მიმართ. ერთ-ერთი რეკომენდაცია გვქონდა - სტუდენტებს, რომლებსაც ექნებოდათ ფინანსური პრობლემა, უნდა დასაქმებულიყო უნივერისტეტში. უნივერისტეტში არსებობს კაფეტერია, ბიბლიოთეკა, ადმინისტრაცია, რომლებსაც კადრები სჭირდება. უნივერსიტეტებს მივეცით რეკომენდაცია, რომ აქცენტი გაეკეთებინათ ამ კუთხით“,-აღნიშნა მან.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი ამბობს, რომ იმ სტუდენტების უმეტესობას, რომლებსაც სტატუსის შეჩერების მიზეზად „სხვა მიზეზი“ აქვს დაფიქსირებული, რეალურად არ აქვთ სწავლის ფულის გადახდის შესაძლებლობა.

„გარკევული უხერხულობის გამო, სტუდენტები „სხვა მიზეზს“ უთითებენ და არ ასახელებენ რეალურ მიზეზს. რეალურად დავალიანება აქვთ. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ მათი უმრავლესობა სტატუსს დავალიანების გამო იჩერებს“,-აღნიშნა მან.

გიორგი ზოიძის ცნობით, კანონპროექტის მიღების მიზანია ქვეყანაში სტუდენტებისათვის შეღავათიანი ფინანსური გარემოს შექმნა და დაუსაქმებელი სტუდენტების წახალისება დაუბეგრავი ხელფასის მიღების სახით.

„წლის განმავლობაში სტუდენტს დამატებით დარჩება თანხა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტში მიდიოდა და მას კიდე უფრო მეტად ექნება საშუალება დაიფინანსოს სწავლის გადასახადი. სტუდენტების უმრავლესობა მუშაობას სწავლის საფასურის გადახდისთვის. ვინც არ მუშაობს კი იმისთვის ეს იქნება დამატებითი წახალისება, რომ თუ მოიძიებს სამსახურს, საშემოსავლო არ ჩამოეჭრება“,-განაცხადა ორგანიზაციის იურისტმა.

გიორგი ზოიძის თქმითვე, ორგანიზაცია ეცადა გამოეთხოვა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისგან ინფორმაცია დასაქმებული სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობის შესახებ, თუმცა  უშედეგოდ, რადგან მსგავსი მონაცემები არ არის დამუშავებული.

„ინფორმაციის დაზუსტება გვინდოდა თუ რამდენი ადამიანია დასაქმებული სტატუსშეჩერებული სტუდენტებიდან. წელიწადნახევრის განმავლობაში ვმუშაობდით ამ საკითხზე. ფინანსთა სამინისტროს ვეთანამშრომლეთ ამ კუთხით, შევხვდით პარლამენტში შესაბამის წარმომადგენელს, თუმცა, საბოლოო ჯამში შემოსავლების სამსახურისგან უარი მივიღეთ. ინფორმაცია არ არსებობდა და ეს მოითხოვდა დამატებითი მუშაობის გაწევას, რომ ინფორმაცია დამუშავებულიყო“,-განაცხადა „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტმა.

კითხვაზე თუ რამდენად შესაძლებელია დღეს საქართველოში დასაქმებასთან ერთად  სწავლა, გიორგი ზოიძე ამბობს, რომ შესაძლებელია, თუმცა, სტუდენტების უმეტესობა სხვა პროფილით მუშაობს.

„შესაძლებელია დასაქმება და სწავლა, თუ სტუდენტები ისეთ სფეროში დასაქმდებიან, რომელიც მათ საქმიანობასთან ახლოს იქნება. სამწუხაროდ, დღეს სტუდენტები ძირითადად  დასაქმებულები არიან სხვა პროფილით - სასურსათო მაღაზიებში, კვების ობიექტებში, ტანსაცმლის მაღაზიებში. თუმცა, არსებობს ბაზარზე ისეთი ადგილები სადაც ხელშეწყობაა სტუდენტებისთვის.

სამწუხაროდ, დღეს დიდი პრობლემაა განათლების მიღების პარალელურად მუშაობა იმისთვის რომ სწავლის გადასახადი გადაიხადო. თუმცა, ბევრი სტუდენტი გვყავს, დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, პარალელურად დასაქმებული და იხდის სწავლის გადასახადს“,-განაცხადა ზოიძემ.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ცნობით, 2018 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 67 აკრედიტირებულ უმაღლეს დაწესებულებაში სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა რეკორდულად მაღალია და 48 651-ს შეადგენს. 2013 წლის მდგომარეობით, ქვეყანაში სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა 28 055 შეადგენდა, 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 33 575-მდე გაიზარდა, 2016 წელს 35 841 შეადგინა, 2017 წლის მონაცემებით კი - 38 104. დასახელებულ პერიოდში შეინიშნებოდა რაოდენობის საშუალოდ 2000-დან 5000-მდე ზრდის ტენდენცია, ხოლო 2018 წლის მონაცემთან მიმართებით, ფიქსირდება რაოდენობის 10 547-ით ზრდა, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს.

ორგანიზაციის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ სტუდენტის მხრიდან სტატუსის შეჩერების საფუძველს ძირითად შემთხვევაში წარმოადგენს: ჯანმრთელობის მდგომარეობა, საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, ორსულობა და ფინანსური დავალიანება. ამასთან, ბოლო პერიოდში, მიზეზთა ჩამონათვალში გაჩნდა სხვა საფუძველიც, კერძოდ, ტერმინი: „სხვა მიზეზი“. შესწავლილი მასალის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ სწორედ „სხვა მიზეზის“ მითითებით, სტატუსი შეჩერებული აქვს 30 808 სტუდენტს, რაც სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 64%-ს შეადგენს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ არსებული ფინანსური დავალიანების გამო სტატუსი შეჩერებული აქვს 16 294 სტუდენტს, რაც მათი საერთო რაოდენობის, დაახლოებით 33%-ია, ხოლო ავადმყოფობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლის ან საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მიზეზით, სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვს 1 549 სტუდენტს.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
მასწავლებელთა საგამოცდი ტესტის შეფასების კრიტერიუმები ცნობილია
შეუძლიათ თუ არა კანდიდატებს გასაუბრების ეტაპის ვიდეო ან აუდიო ჩაწერა - ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანსიით დაინტერესებულთათვის
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
აქტივობებს სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ
მათ ლამაზი სიმღერა შეასრულეს, სიტყვა წარმოთქვეს, ლექსები წაიკითხეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს
წლევანდელ გამოფენას განსაკუთრებული ხიბლი პედაგოგ ლალი ქშუტაშვილის კალიგრაფიულმა ნიმუშებმა შესძინა
აღსანიშნავია, რომ დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მასწავლებელ მარიამი გიორგაძის სადამრიგებლო IV კლასში დიდი წარმატებით დასრულდა
სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, 9 აპრილის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება