სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პედაგოგების დაბალი ხელფასები, უსისტემო საკადრო პოლიტიკა... სისტემური გამოწვევები და ახალი კონცეფცია
17-10-2025
-
+


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედმა უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისიამ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია შეიმუშავა.

დოკუმენტში საუბარია, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას სისტემა:

1. უმაღლესი განათლების სისტემის ჭარბი გეოგრაფიული კონცენტრაცია. საქართველოში სტუდენტების 85 პროცენტზე მეტი უმაღლეს განათლებას დედაქალაქში იღებს. აღნიშნული გარემოება იწვევს დედაქალაქის ჭარბ დატვირთვას და ახალგაზრდების აქტიურ მიგრაციას რეგიონებიდან თბილისში, რაც რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინტერესების ჭრილში, სერიოზულ გამოწვევად უნდა შეფასდეს. საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურით არასათანადოდ არის დატვირთული ქვეყნის სხვა უმსხვილესი ქალაქები. სათანადოდ არ არის განვითარებული რეგიონებში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურა და საგანმანათლებლო შესაძლებლობები. გაძლიერებულ მხარდაჭერას საჭიროებს სახელოვნებო და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და საქართველოს საპატრიარქოს სასულიერო სემინარიები;

2. რესურსების ირაციონალური გამოყენება და უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხის უთანაბრობა. საქართველოში მოქმედებს 19 სახელმწიფო და 45 კერძო უნივერსიტეტი. მიუხედავად იმისა, რომ ყველა უნივერსიტეტი გასცემს თანაბარი რანგის დიპლომს საქართველოს სახელმწიფოს სახელით, გაცემული განათლების და კვალიფიკაციის ხარისხი, შინაარსობრივი თვალსაზრისით, თვისებრივად არათანაბარია, რაც უმაღლესი განათლების სისტემის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად უნდა შეფასდეს. უმაღლესი განათლების სისტემაში არ არის უზრუნველყოფილი ინფრასტრუქტურული და საკადრო რესურსის ოპტიმალური გამოყენება. კერძოდ, ერთ ქალაქში მოქმედ რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტში დუბლირებულია ფაკულტეტები, რაც პრაქტიკაში იწვევს არა მხოლოდ რესურსების არაოპტიმალურ და არათანაბარ განაწილებას, არამედ ქმნის იმ პრობლემასაც, რომ თანამედროვე სტანდარტების კვალიფიკაციის მქონე აკადემიური პერსონალით სრულად არცერთი სახელმწიფო უნივერსიტეტი არ არის უზრუნველყოფილი. ზოგიერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში ჭარბი ყურადღება ეთმობა უცხოელი სტუდენტების მოზიდვას, რაც ამცირებს საუნივერსიტეტო რესურსს, რომელიც შესაბამისი მიმართულებით ქართველი სტუდენტების მოსამზადებლად უნდა იყოს განკუთვნილი. სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებს შორის ქართველი და უცხოელი სტუდენტების რაოდენობის განაწილებისას, სათანადოდ არ არის დაცული პრინციპი, რომლის მიხედვით ბიზნესი არსებითად კერძო სექტორმა უნდა აკეთოს, ხოლო სახელმწიფო ამოცანების შესრულება არსებითად სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უნდა უზრუნველყონ. უნივერსიტეტში სწავლების ხანგრძლივობა არ არის განსაზღვრული უმაღლესი განათლების მიზნების შესაბამისად. თვისებრივ დახვეწას საჭიროებს უმაღლესი განათლების ხარისხის მართვის სისტემა;

3. უსისტემო საკადრო პოლიტიკა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სხვადასხვა სექტორში დაგროვილია არცთუ მცირე რესურსი უნივერსიტეტების მაღალი კვალიფიკაციის აკადემიური პერსონალით უზრუნველსაყოფად, უსისტემო საკადრო პოლიტიკის პირობებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ეს რესურსი სათანადოდ არ არის გამოყენებული. ლექტორებს შორის ფუნქციების განაწილება არ ეფუძნება რაიმე მწყობრ ლოგიკას და სისტემას. უმეტეს შემთხვევაში, ლექტორები, ფაქტობრივად, არასრულ განაკვეთზე არიან დასაქმებული. დაბალია აკადემიური პერსონალის საშუალო ანაზღაურება. არ არის შექმნილი მწყობრი სისტემა ქართულ უნივერსიტეტებში დეფიციტურ მიმართულებებზე უცხოელი პროფესორების მოსაზიდად;

4. სუსტი კავშირი სწავლებასა და კვლევას შორის, თანამედროვე სტანდარტების საგანმანათლებლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების ნაკლებობა. ქართულ უნივერსიტეტებში აკადემიური კვლევის დონე და მასშტაბები არადამაკმაყოფილებელია, ხოლო სწავლება-კვლევის სისტემის ინტეგრაცია ეროვნული სასწავლო სტანდარტების მიხედვით არ არის უზრუნველყოფილი. კერძოდ, ქვეყანაში მოქმედებს სამეცნიერო კვლევის დაფინანსების განცალკევებული სისტემა, რომელიც საუნივერსიტეტო განათლებასთან სათანადოდ არ არის დაკავშირებული; აკადემიურ პერსონალს არ აქვს განსაზღვრული მკაფიო ამოცანები საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაში, სამეცნიერო კვლევის განხორციელებასა და საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოების მომზადებაში. შედეგად, უმეტეს უნივერსიტეტებს არ აქვთ მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამები და სახელმძღვანელოები ძირითად საგნებშიც კი. სამეცნიერო კვლევებისა და დისკუსიების მოცულობა ძალზე მცირეა, რაც ხელს უშლის აკადემიური სტანდარტების დაცვას და ინოვაციური პროცესების ინტეგრირებას საგანმანათლებლო პროცესში;

5. სუსტი კავშირი უმაღლესი განათლების პრიორიტეტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის. უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღებისას, კვოტების რაოდენობრივი განაწილება არ ეფუძნება შრომის ბაზრის არსებული და პოტენციური მოთხოვნების რაიმე სიღრმისეულ ანალიზს. შედეგად, პრაქტიკაში აღინიშნება თვისებრივი რაოდენობრივი შეუსაბამობა უნივერსიტეტების მიერ გამოშვებული სტუდენტების კვალიფიკაციასა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის;

6. გაუმართავი დაფინანსების სისტემა. გადასინჯვას საჭიროებს უმაღლესი განათლების დაფინანსების არსებული, საგრანტო სისტემა, რომელიც სათანადოდ არ ითვალისწინებს სხვადასხვა ფაკულტეტის განსხვავებულ ფინანსურ საჭიროებებს და არ არის ორიენტირებული უმაღლესი განათლების სფეროში სახელმწიფო ამოცანების შესრულებაზე;

7. სახელმწიფო უნივერსიტეტების გაუმართავი ინფრასტრუქტურა. სახელმწიფო უნივერსიტეტები როგორც თბილისში, ისე სხვა ქალაქებში მრავლად ფლობენ შენობა-ნაგებობებს. თუმცა, მათი დიდი ნაწილი სარეაბილიტაციოა და ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. სათანადოდ არ არის უზრუნველყოფილი ინფრასტრუქტურა სტუდენტების ინტერესების რეალიზებისათვის, მათ შორის მათი კულტურული, სპორტული და სხვა მსგავსი აქტივობების წასახალისებლად. სტუდენტები არ არიან უზრუნველყოფილი ხარისხიანი და იაფი საერთო საცხოვრებლებით.

სრული დოკუმენტი იხილეთ ბმულზე


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები

1-ელი მაისი სკოლის დირექტორთა საერთაშორისო დღეა - დაარსების იდეა ამერიკელ პედაგოგს ეკუთვნის

დირექტორების საყურადღებოდ - მოსწავლეთა შეფასებების ასახვისას ეს უნდა გაითვალისწინოთ

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნათია კორძახია

 

 

საინტერესო აქტივობაში პატარები დიდი სიყვარულითა და მონდომებით ჩაერთნენ

შეხვედრაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელსაც მუსიკა ასრულებს ქართულ კინოში
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება