სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლები, პიროვნება

„როდესაც ბავშვი ხედავს, რომ მისი გულშემატკივარი ხარ, ისიც შესაბამისად გეპყრობა“ - საულ სულაბერიძე, გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლის ხელმძღვანელი
30-07-2026
-
+


არსებობს პროფესიები, რომლებსაც ადამიანები ირჩევენ, და არსებობს მოწოდება, რომელიც მთელ ცხოვრებას ცვლის. როდესაც ნახევარი საუკუნის განმავლობაში ყოველ დილით სკოლის ეზოში შედიხარ, საკუთარი თვალით ხედავ თაობათა ცვლას და ქვეყნის ისტორიის გარდატეხებს, სკოლა მხოლოდ სამუშაო ადგილი აღარ არის - ის შენი სახლი და არსებობის მთავარი აზრი ხდება.

ბატონი საულ სულაბერიძე სწორედ ასეთი ადამიანია - 50-წლიანი სტაჟით, ღირსების ორდენითა და უამრავი თაობის სიყვარულით დაჯილდოებული ღვაწლმოსილი პედაგოგი, რომელმაც 25 წლის ასაკში იტვირთა სკოლის ხელმძღვანელობა, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის არაერთი ქარტეხილი გამოიარა და დღეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლის დირექტორია. 

რა არის ჭეშმარიტი პედაგოგის მთავარი მიზანი და რა მიაჩნია მცირეკონტინგენტიანი სკოლების გამოწვევად? - ETALONI.GE-ს კითხვებს პასუხობს საულ სულაბერიძე, რომელმაც მთელი სიცოცხლე მომავალი თაობების აღზრდას მიუძღვნა. ჩვენ კი დავძენთ, რომ როდესაც ადამიანი ნახევარ საუკუნეს უწყვეტად უძღვნის სკოლასა და მოსწავლეებს, მისი თითოეული სიტყვა თუ შეფასება ოქროს ფასს იძენს.

- ბატონო საულ, ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. როგორ ჩაიარა წელმა თქვენს სკოლაში, რამდენი აბიტურიენტი გყავდათ და რა მოლოდინი გაქვთ?

- წელს ოთხმა მოსწავლემ დაამთავრა ჩვენი სკოლა. აქედან სამი აბარებდა ეროვნულ გამოცდებს, ერთმა კი ოჯახური მდგომარეობის გამო შეიკავა თავი... წინასწარი პროგნოზით, ბავშვებს არ უნდა გაუჭირდეთ სასურველ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვა, რადგან გამოცდებიდან რომ გამოდიოდნენ, გახარებულები იყვნენ - ამბობდნენ, ადვილი იყო და კარგად დავწერეთო.

- რადგან აბიტურიენტები ვახსენეთ, იმ რეფორმაზე ვისაუბროთ, რომელიც უშუალოდ ეხება სკოლებს: მე-12 კლასის ნებაყოფლობითობასა და მე-11 კლასის ფაქტობრივად სარეპეტიტორო რეჟიმზე გადაყვანას, თქვენ, როგორც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სკოლის ხელმძღვანელი, როგორ შეაფასებთ?

- უკვე ათეულობით წელია, სკოლაში ვმუშაობ. ათასნაირი რეფორმისა თუ სიახლის მომსწრე ვარ - ზოგი მომწონდა, ზოგი ნაკლებად, მაგრამ აზრის გამოთქმა ყოველთვის შეიძლება.

მოდი, პირდაპირ ვთქვათ: მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში თითოეულ საგანს, განსაკუთრებით კი საგამოცდო საგნებს, დიდ ყურადღებას ვაქცევთ, მოსწავლეებს მაინც ჰყავთ რეპეტიტორები. ეს კი ოჯახებისთვის სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული...

თუ მკითხავთ, ეს ცვლილება ურიგო არ იქნება - საგაკვეთილო პროცესით ჩვენ ხშირად ვერ ვაძლევთ მოსწავლეს იმ დონის ცოდნას, რაც უმაღლეს სასწავლებელში უპრობლემოდ მოსახვედრადაა საჭირო. შესაბამისად, მშობლებს იძულებით უწევთ ფინანსური ტვირთის აღება.

- რა არის ამის მთავარი მიზეზი? რატომ ვერ უზრუნველყოფს სკოლა მოსწავლის სრულფასოვან მომზადებას?

- მიზეზი რამდენიმეა, ერთ-ერთია სახელმძღვანელოების პრობლემა - წლების განმავლობაში ქაოსი იყო, ყველა სკოლაში სხვადასხვა ავტორის წიგნით სწავლობდნენ...

მეორე ფაქტორი კი კლასებში მოსწავლეთა რაოდენობაა. ჩემთან, პატარა სკოლაში, დამამთავრებელ კლასში შეიძლება 7-8 ბავშვია, მაგრამ დიდ სკოლებში, სადაც კლასში 25-30 მოსწავლემდეა, შეუძლებელია ყველასთან ინდივიდუალურად მუშაობა. ასეთ დიდ ჯგუფებში, როგორც წესი, რეალურად, სწავლით დაინტერესებულია 10-მდე ბავშვი, დანარჩენები - ნაკლებად, შედეგად, მშობელს ისევ დამატებითი თანხის გაღება უწევს, რათა ბავშვმა სასურველ მიზანს მიაღწიოს. 

- ბატონო საულ, როგორც ვიცით, ნახევარსაუკუნოვანი პედაგოგიური გამოცდილება გაქვთ. რა არის ის მთავარი სათქმელი, რაც ამ წლების განმავლობაში დაგიგროვდათ და რისი გადაცემაც გსურთ მოსწავლეებისთვის?

- ...50 წელია, განათლების სისტემაში უწყვეტად ვმუშაობ სხვადასხვა თანამდებობაზე. ამ ხნის განმავლობაში დიდი გამოცდილება დამიგროვდა. ყოველთვის ვცდილობდი, ჩემი საქმიანობით გამოვდგომოდი სკოლას, ოჯახს, თითოეულ მშობელსა და მოსწავლეს... რომ ქუჩაში შეხვედრისას ღიმილით ჩამხუტებოდნენ და გაეხსენებინათ ის სიკეთე, რაც მათთვის გამიკეთებია.

ჩემს მოსწავლეებს კი უპირველესად ვეტყვი: იყავით თავდაჯერებულები და მონდომებულები. თუ შენ თვითონ არ ხარ მოწადინებული, ვერც მშობელი, ვერც სკოლა და ვერც უნივერსიტეტი ვერ მოგცემს სიღრმისეულ ცოდნას. მთავარი შინაგანი სურვილი და შრომისმოყვარეობაა.

- ღირსების ორდენის კავალერი ბრძანდებით. რას ნიშნავს ეს ჯილდო თქვენთვის და როგორია თქვენი პროფესიული გზა?

- ღირსების ორდენი მომავალი თაობის აღზრდისა და განათლების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მომენიჭა. გარდა ამისა, „წყალტუბოობის“ დღესასწაულზე, გადმომცეს საზეიმო თასი წარწერით - „მასწავლებელი წინამძღვრობს ერს“, როგორც მოწინავე სკოლის დირექტორს. ასევე ძალიან ვუფრთხილდები „ეტალონისგან“ მიღებულ განსაკუთრებულ დიპლომს სკოლის ღირსეული წარმოჩენისათვის.

რაც შეეხება ჩემს გზას, პროფესიით გეოგრაფი ვარ, თუმცა ბედმა ისე ინება, რომ ძალიან ახალგაზრდა, 25 წლის ასაკში დავინიშნე საღამოს სკოლის დირექტორად. მოგვიანებით საჯარო სამსახურში გადავედი: ვიყავი ბაღდათის კომკავშირის რაიკომის მეორე მდივანი, ვმუშაობდი რაიაღმასკომში, მოგვიანებით - განათლების განყოფილების გამგის მოადგილე გახლდით...

მართალია, ამ ადმინისტრაციულმა თანამდებობებმა ცოტა ჩამომაშორა ჩემს საყვარელ საგანს - გეოგრაფიას, რაზეც დღემდე მწყდება გული, მაგრამ მოგვიანებით ისევ სკოლას დავუბრუნდი.

- როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა იმისთვის, რომ მოსწავლეს საგანი შეაყვაროს და ზოგადად, როგორ უყურებთ სკოლებში თაობათა ცვლის პროცესს?

- მასწავლებელი მუდმივად უნდა ზრუნავდეს საკუთარ განვითარებაზე, კვალიფიკაციის ამაღლებაზე, მონაწილეობდეს ტრენინგებსა თუ კონფერენციებში. მხოლოდ ასე მოიპოვებს ავტორიტეტს მოსწავლეებსა და მშობლებში.

რაც შეეხება თაობათა ცვლას - ეს ხშირად მტკივნეული პროცესია. ასაკოვანი პედაგოგები, ჩემი ჩათვლით, ხშირად ნებაყოფლობით ვერ ვთმობთ ადგილს. მაგრამ 50-წლიანი გამოცდილება მაძლევს უფლებას ვთქვა: უნდა შეგეძლოს გზის დათმობა ახალგაზრდებისთვის.

მაგალითად, გეოგრაფიის საგნის საათები ახალგაზრდა კადრს გადავაბარე, მე კი სამოქალაქო განათლება ავიღე... არ არის საჭირო, დირექტორს ბევრი საგაკვეთილო საათი ჰქონდეს - ასპარეზი სერტიფიცირებულ ახალგაზრდებს უნდა დავუთმოთ.

- ბატონო საულ, რა არის დღეს მცირეკონტინგენტიანი რეგიონული სკოლების მთავარი გამოწვევა? მიგრაცია და ინფრასტრუქტურა რამდენად მოქმედებს მოსწავლეთა რაოდენობაზე?

- მარტივ მაგალითზე აგიხსნით: როდესაც მეზობლად გარემონტებული, თანამედროვე სკოლაა, შენ კი, წლები ცენტრალური გათბობის პრობლემა გაქვს, მშობელი შვილს შენთან არ მოიყვანს. ბავშვები მიდიან იმ სკოლაში, სადაც უკეთესი პირობებია. ამიტომ, დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად.

- როგორია თქვენი დამოკიდებულება მოსწავლეებთან - მკაცრი დირექტორი ბრძანდებით თუ მეგობრული?

- მეგობრული! სკოლაში ფეხით რომ მოვდივარ, ბავშვები თბილად მესალმებიან, მეკონტაქტებიან. სხვანაირად დირექტორობა შეუძლებელია - მოსწავლეს უნდა უყვარდე და პატივს გცემდეს.

- რთულად აღსაზრდელ, ცოტა ცელქ და „ბუნტისთავ“ ბავშვებთან როგორ პოულობთ საერთო ენას?

- განსაკუთრებული სირთულეები არ გვაქვს. არიან შედარებით აქტიური ბავშვები, მაგრამ ყველასთან ინდივიდუალური მიდგომა, ყურადღება და სითბოა საჭირო. როდესაც ბავშვი ხედავს, რომ მისი გულშემატკივარი ხარ, ისიც შესაბამისად გეპყრობა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი -  2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის

აბიტურიენტებისთვის კიდევ სამი გამოცდის ქულა გამოქვეყნდა

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

სტრუქტურული ცვლილებები განათლების სამინისტროში - ვალდებულებები და კომპეტენციები გაიწერა

მასწავლებელთა ბოლო 3 გამოცდის ტესტები გამოქვეყნდა 

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები მათ გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ, დღეს კი მათი წარმატებით ხარობენ

 

 

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

სკოლაში ახარებთ, რომ მოსწავლეთა განათლებაში ჩადებული შრომა დაუფასდათ

კურსდამთავრებულმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე უმაღლესი 60 ქულიდან - 55 მოიპოვა

კონფერენცია ჩატარდა თემაზე - „პედაგოგიური და მენეჯერული პრაქტიკა: ინოვაციები, გამოწვევები და შესაძლებლობები“
 
 
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება