| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარევანის საჯარო სკოლის კონსულტანტ-მასწავლებელ ნინელი გოგოლაძისთვის სასწავლო პროცესის საფუძველი მოსწავლისთვის უსაფრთხო და მეგობრული გარემოს შექმნაა.
პედაგოგი სწავლებისას მრავალფეროვან მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავს, ცოდნას ცხოვრებას უკავშირებს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოსწავლეებს სწავლა სიხარულად უქციოს.
ვარევანის საჯარო სკოლის კონსულტანტ-მასწავლებელ ნინელი გოგოლაძე გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას თუ როგორ უნდა დაიგეგმოს გაკვეთილი, რა უწყობს ხელს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და როდის არის სასწავლო პროცესი წარმატებული.
- სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- უსაფრთხო, მეგობრული გარემოს შექმნა, კლასის წესების ერთობლივად შემუშავება და მოსწავლეთა საჭიროებების დიაგნოსტირება. ბავშვებისთვის მათთვის უცხო, მეორე ენაზე საუბარი ხშირად სტრესთანაა დაკავშირებული. ამიტომ, წლის დასაწყისში ჩემი მთავარი მიზანია, მოსწავლეებმა იგრძნონ, რომ შეცდომა სწავლის ბუნებრივი ნაწილია. ვცდილობ, ემოციური კონტაქტის დამყარებას, მათთან ერთად „თანამშრომლობის წესების“ შექმნას და მათი საწყისი ენობრივი დონისა თუ სწავლის სტილის დადგენას, რათა სწავლების პროცესი თითოეულისთვის საინტერესო და ხელმისაწვდომი იყოს.
- გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ...
- გაკვეთილის რეალურ, საკომუნიკაციო მიზანზე და მოსწავლეთა ასაკობრივ ინტერესებზე. ვფიქრობ არა მხოლოდ იმაზე, თუ რა გრამატიკული მასალა უნდა ვისწავლოთ, არამედ იმაზე, თუ რას შეძლებენ ბავშვები გაკვეთილის ბოლოს - მაგალითად, აღწერენ თავიანთ საყვარელ პერსონაჟს, დაპატიჟებენ მეგობარს დაბადების დღეზე თუ დაგეგმავენ შაბათ-კვირას. ამის მიხედვით ვარჩევ დიფერენცირებულ აქტივობებს, რათა ყველა მოსწავლემ (როგორც ძლიერმა, ისე შედარებით სუსტმა) შეძლოს ჩართვა.
- გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც...
- ყველა მოსწავლე აქტიურადაა ჩართული, კლასში სუფევს ჯანსაღი ხმაური და ბავშვები ერთმანეთთან ქართულად თანამშრომლობენ. ჩემთვის წარმატების ინდიკატორია, როდესაც მასწავლებელი კი არ ლაპარაკობს 80%-ს, არამედ მოსწავლეები არიან პროცესის ცენტრში - მუშაობენ წყვილებში, ჯგუფებში, სვამენ კითხვებს და ახალშეძენილ ლექსიკას ბუნებრივად იყენებენ საუბრისას. და ბოლოს, ეს ყველაფერი გადააქვთ რეალურ საკომუნიკაციო სიტუაციაში.
- ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება...
- ხალისიანი „ყინულის გატეხვის“ (Icebreaker) აქტივობით, ენერგიული მოთელვით ან მოულოდნელი სტიმულით. ეს შეიძლება იყოს მოკლე ინტერაქტიული თამაში, საინტერესო ილუსტრაცია, ამოცანა „გამოიცანი, რა არის ყუთში“ ან მოკლე ანიმაცია. მთავარია, პირველივე 5 წუთში ავუმაღლო ბავშვებს განწყობა, გადავრთო ისინი ქართულენოვან აზროვნებაზე და გავუღვიძო ინტერესი დღევანდელი თემის მიმართ.
- მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ...
- გეიმიფიკაციას (თამაშზე დაფუძნებულ სწავლებას), როლურ თამაშებს, ციფრულ ინსტრუმენტებსა და თემატურ პროექტებს. ბავშვები საუკეთესოდ ითვისებენ ახალ მასალას მაშინ, როცა თამაშით სწავლობენ. ვიყენებ ინტერაქტიულ პლატფორმებს (Kahoot, Wordwall, Quizlet), ვდგამთ მცირე სცენარებს (მაგალითად, „მაღაზიაში“, „კაფეში“, „მოგზაურობა საქართველოში“), შემომაქვს კომიქსები და ვიზუალური ბარათები, რაც ენის ათვისებას ბუნებრივ და აზარტულ პროცესად აქცევს. როდესაც მოსწავლე ხედავს, რომ ეს „თამაშია“ და არა მკაცრი გამოცდა, ქრება შიში და იზრდება თავდაჯერებულობა. სურათები, ხმები და ანიმაციები ეხმარება მეხსიერებას, რომ ინფორმაცია გრძელვადიან მეხსიერებაში გადავიდეს, არ აძლევს მოსწავლეებს მოწყენის საშუალებას.
- მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც...
-ხედავს საკუთარ წარმატებას, იღებს აღიარებას და გრძნობს, რომ მისი ნაშრომი და ძალისხმევა დაფასებულია. ბავშვს უხარია, როდესაც დამოუკიდებლად ახერხებს აზრის გამოთქმას ქართულად, როცა იღებს კონკრეტულ, წამახალისებელ უკუკავშირს („დღეს ძალიან კარგად გამოიყენე ახალი სიტყვები!“) და როდესაც ხედავს, რომ შეცდომის გამო არავინ საყვედურობს, არამედ ეხმარება ზრდაში.
- სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც...
- ის ხდება აღმოჩენებით სავსე თავგადასავალი და უკავშირდება ბავშვის რეალურ სამყაროს. როდესაც ქართული ენა მოსწავლისთვის აღარ არის უბრალოდ „სასკოლო საგანი“ ან დასაზეპირებელი წესები, არამედ ინსტრუმენტი, რომლითაც შეუძლია თამაში, მეგობრებთან ურთერთობა, ქართული მულტფილმების, ფილმების, სიმღერების გაგება და ახალი კულტურის აღმოჩენა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა
გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა
„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად