| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელთა ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონია წელს ქუთაისში გაიმართა, სადაც განათლებისა და მეცნიერების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის პედაგოგებს სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო გადაეცათ. ერთ-ერთი გამარჯვებული ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დილისკის N1 საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი, იამზე მსხვილიძეა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ტერეზა ჩივჩიანი ულოცავს დილისკის N1 საჯარო სკოლას, ქალბატონ იამზეს ამ აღიარებას და etaloni.ge-სთან ახალქალაქის სკოლების პედაგოგების დამსახურებებზე საუბრობს:
„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის პედაგოგები ყოველთვის გამოირჩეოდნენ პროფესიონალიზმითა და მაღალი კომპეტენციით. ეს აღიარებაც დასტურია, რომ გვყავს არაჩვეულებრივი პედაგოგები და რა თქმა უნდა, უნიჭიერესი მოსწავლეები... მთელი რესურსცენტრის სახელით, ვულოცავთ ქალბატონ იამზეს პროფესიულ აღიარებას. მჯერა, მრავალი მნიშვნელოვანი გამარჯვება ექნება მომავალშიც... მოგეხსენებათ, რომ ჯილდო მოიპოვა ქართულის, როგორც მეორე ენის პედაგოგმა. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის ყველა სკოლისთვის, თითოეული მშობლისთვის, მოსწავლისთვის... ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო ენის ფლობა. ამისთვის ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრს მნიშვნელოვანი როლი აქვს... თითოეულმა პედაგოგმა იცის, რომ უნდა ჰქონდეს ჩვენი იმედი, ხოლო რაც შეეხება მშობლებს, მოსწავლეებს, ისინი ღიად მოგვმართავენ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით და ეს ღიაობაც იმის დასტურია, რომ ჩვენთან ჯანსაღი, განათლებაზე ორიენტირებული გარემოა“.
გარდა იმისა, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მიღება უდავოდ საამაყოა, ამ ისტორიის კიდევ ერთი განსაკუთრებულობა თაობათა ჯაჭვი და მასწავლებლის მიმართ მადლიერებაა - მილენა მკოიანი, რომელმაც იამზე მსხვილიძე ეროვნულ ჯილდოზე წარადგინა, მისი ყოფილი მოსწავლეა.
როგორც ქალბატონი მილენა გვიამბობს, იამზე მასწავლებლის დახმარებით შეისწავლა სახელმწიფო ენა და დღეს მშობლიურ სკოლაში თავადაც ქართულის პედაგოგია:
„მე რომ სკოლაში ვსწავლობდი, ენის ბარიერი უდავოდ იყო, იამზე მასწავლებლის მოსვლის შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა. ძალიან დაგვეხმარა სახელმწიფო ენის შესწავლაში, დაგვანახა მისი ცოდნის აუცილებლობა. დავყავდით ბანაკებში, ყველა შესაძლო კონკურსში ჩაგვრთო, რაც კი ტარდებოდა და ასე, სიყვარულით შეგვასწავლა ქართული. შემდეგ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე, შემდგომ კი მშობლიურ სკოლაში დავბრუნდი მასწავლებლად. თავიდან სამოქალაქო განათლებას ვასწავლიდი, შემდეგ ენის გამოცდაც ჩავაბარე და ახლა ქართულს ვასწავლი. მინდოდა, ჩემი უდიდესი მადლიერება გამომეხატა და ამიტომ გადავწყვიტე, იამზე მასწავლებელი წარმედგინა ეროვნულ ჯილდოზე. უზომოდ გახარებული ვარ მისი წარმატებით!“, - ამბობს ქალბატონი მილენა.

იამზე მსხვილიძისთვის კი ეროვნულ პრემიაზე ნომინირება სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. როგორც თავად გვიმხელს, აღელვებული იყო, როდესაც შეიტყო, რომ მისი პორტფოლიო შემაჯამებელ ღონისძიებაზე სწორედ მილენას ინიციატივით მოხვდა:
„არ ვიცოდი, რომ წარმადგინა და ასევე მოულოდნელობა იყო შემაჯამებელ ღონისძიებაზე მიწვევაც... ჩემთვის ეს აღიარება ყველაფერია!“ - გვიმხელს იამზე მასწავლებელი, რომლის ყოველდღიურობა ნამდვილად ტიტანურ შრომას უკავშირდება - უკვე 17 წელია, იგი ყოველდღიურად 150 კილომეტრიან გზას გადის, რათა ჯავახეთში მოსწავლეებს ქართული ენა შეაყვაროს:
„17 წელია, ყოველდღე 150 კილომეტრს გავდივარ, ახალციხეში ვცხოვრობ... მაგრამ ეს არაა მნიშვნელოვანი - უზომოდ მადლიერი ვარ, ამ ხალხმა საკუთარი შვილივით რომ მიმიღო. ჯილდო კი ჩემთვის დიდი აღიარება, უდიდესი ნდობა და კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობაა“.
ისე კი, იამზე მასწავლებლის პროფესიული გზაც არ ყოფილა მარტივად დასაძლევი: ენობრივი ბარიერი, რესურსების სიმწირე... ის გამოწვევებია, რომლებიც პედაგოგმა ადგილობრივ კოლეგებთან ერთად გადალახა:
„პროფესიული გზა იავარდით მოფენილი ნამდვილად არ ყოფილა. ჩემმა კოლეგებმა იციან, რა სირთულეები გამოვიარეთ, თუმცა შრომით ბევრ რამეს მივაღწიეთ. მუშაობა რომ დავიწყე, მახსოვს, სასწავლო ნაწილი შევიდა მოსწავლეებთან და უთხრა: „რამდენი ენაც იცი, იმდენი ადამიანი ხარ“. ამ სიტყვებმაც უბიძგა ბავშვებს, უკეთ ესწავლათ სახელმწიფო ენა. მე სიყვარულითა და პატივისცემით მივუდექი მათ, პატივს ვცემ მათ კულტურას, მათ ენას და ამით ვაძლევ მაგალითს - ვეუბნები, რომ ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები! ვუხსნი, როგორც მე მაქვს პასუხისმგებლობა, ისევე აქვთ მათაც და ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ ქვეყნის უკეთესი მომავალი!“
იამზე მსხვილიძის წვლილსა და სკოლის წარმატებაზე საუბრობს დირექტორი, რიმა მკოიანიც:
„იამზე განსაკუთრებული ადამიანია - მოწესრიგებული, შრომისმოყვარე, კეთილი და ყველას დამხმარე. თამამად ვიტყვი, რომ მისი დამსახურებით, მოსწავლეებს უყვართ ქართული ენა. ჩვენი სიხარულის სიტყვებით გადმოცემა გამიჭირდება, თუმცა აღვნიშნავს - ყველას გვეამაყება, ასეთი ადამიანი ჩვენი გუნდის წევრი რომ არის“.
ჩვენ კი დავძენთ, რომ იამზე მსხვილიძისა და მისი მოსწავლეების ისტორია საუკეთესო დასტურია იმისა, თუ როგორ შეუძლია ერთ თავდადებულ ადამიანს ააგოს ხალხებს შორის ხიდები სიყვარულით, ურთიერთპატივისცემითა და საერთო მომავალზე ზრუნვით.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა
გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა
გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად