სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ლევან აბაშიძე - სიყვარულზე შეყვარებული ბიჭის 29 წლიანი ისტორია
22-05-2018
-
+


გასული საუკუნის 90-იანები იდგა. ბათუმში გადაღებები მიმდინარეობდა, მაგრამ ერთ-ერთმა მსახიობმა გადასაღები მოედანი დატოვა და თბილისში წამოვიდა. რამდენიმე საათში მან თბილისიც დატოვა და ალბათ, შუადღე იქნებოდა გადასული, როცა სოხუმში ჩაფრინდა. იმავე დღეს, პოზიციაზე დადგა სხვა მებრძოლებთან ერთად. მეორე დღეს ბრძოლის ველზე სულხან სულხანიშვილთან, გიორგი გაჩეჩილაძესთან და გია ნადირაშვილთან ერთად გავიდა და ბედისწერამ მხოლოდ გიორგი დატოვა ცოცხალი. 

7 სექტემბერს, სოხუმთან ახლოს, სოფელ ზემო ეშერასთან, ქართველი მარლონ ბრანდო, ლევან აბაშიძე დაიღუპა. აფხაზეთთან ერთად დაკარგული 29 წლის მსახიობი მთელმა ერმა დაიტირა. 

ლევანი თბილისში სილამაზით განთქმული წყვილის, მანანა ხიდაშელისა და აგი აბაშიძის შვილი იყო. მისი ოჯახი ერეკლე მეორის პირდაპირი შთამომავალი იყო თეკლა ბატონიშვილის მხრიდან, მიუხედავად ამისა მსახიობი საოცარი თავმდაბლობითა და მეგობრულობით გამოირჩეოდა. მისი დებიუტი ფილმში „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ შედგა. ლანა ღოღობერიძის შვილი, ნუცა და ლევანი ახლო მეგობრები იყვნენ და სწორედ ნუცას დამსახურება იყო, რომ რეჟისორი დედის ფილმში სანდროს როლი სწორედ ლევანმა შეასრულა. 

გადაღების წინა ღამე პატარა მსახიობმა თეთრად გაათენა, ფანჯარასთან მიყრდნობილმა, თურმე ეშინოდა, ამინდი არ გაფუჭდესო. 

მისმა დებიუტმა გადაწყვიტა მისი მომავალიც და ლევანი თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი გახდა. მიხეილ თუმანიშვილის კურსზე მოხვდა და მთელი სტუდენტობა თეატრით იცხოვრა. მეორე კურსზე შეასრულა მთავარი როლი სპექტაკლში „ჩვენი პატარა ქალაქი“ და ამით მისი თეატრალური ცხოვრება დასრულდა. ბუნებით მოუსვენარს გული კინოსკენ მიუწევდა. 
 
მალე გიორგი შენგელაიამ „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობის“ გადაღება გადაწყვიტა. არჩევანი ლევანზე ისე შეაჩერა, არც კი დაფიქრებულა. გადაღებების დაწყებამდე მსახიობმა ფეხი მოიტეხა და მიუხედავად დანიშნული წოლითი რეჟიმისა, მტკივანი ფეხით ითამაშა ფილმში. ეს იყო ფილმი, რომელმაც დატოვა მისი სახელი ქართული კინოს ისტორიაში. 

შემდეგ იყო „ფესვები“ და დუეტი უდიდეს ქართველ მსახიობ, დოდო აბაშიძესთან ერთად. რეჟისორმა გუგული მგელაძემ ზუსტად შეძლო მსახიობებისა და კომპოზიტორის შერჩევა. სულიკო ჟღენტის სცენარის მიხედვით შექმნილი ფილმი დღესაც არავის ტოვებს გულგრილს, განსაკუთრებით კი ბოლო კადრი, ბევრი შავი ქოლგით და წვიმით. 

თავისი ცხოვრების მანძილზე ლევანმა 18 ფილმში მიიღო მონაწილეობა, აქედან 3 დაუსრულებელი დარჩა. რეჟისორები აღნიშავდნენ, რომ მისი თავისუფალი და ორიგინალური სტილის გამო, ის ყველაზე ნატურალური მსახიობი იყო. 

გოგონები მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. მსახიობს სულ რომანები ჰქონდა ან როგორ შეიძლებოდა, რომ ეს ბიჭი ვინმეს არ შეჰყვარებოდა? მაგრამ, ამდენ გაუთავებელ სასიყვარულო ისტორიებს შორისაც იყო ის ერთი განსაკუთრებული ამბავი და გოგო, რომლის სიყვარულმაც ყველაზე დიდხანს გასტანა. 

მიკაელა სტრიმბიანუ მოლდოველი სტუდენტი იყო, რომელიც თეატრალურ ინსტიტუტში სწავლობდა. ის 18 წლის იყო, როცა 25 წლის ლევანს შეხვდა და ეს შეხვედრა იქცა დიდი სიყვარულის საწყისად. წყვილმა იმწამსვე იგრძნო, რომ ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილები და მათი რომანიც დაიწყო. თავდაპირველად შეყვარებულები ჩუმად ხვდებოდნენ ერთმანეთს, მერე კი ლევანმა მიკა სახლში მიიყვანა. წყვილმა ერთად დაიწყო ცხოვრება. 

რომანტიკული ლევანი შეყვარებულს ათასგვარი სიურპრიზით და საჩუქრებით ანებივრებდა. რუსთაველის გამზირზე მოსერინეებს გოგოები შურით უყურებდნენ, შურდათ მოლდოველი გოგონასი, ეჭვიანობდნენ, ლევანის მოხიბვლას ცდილობდნენ, მაგრამ მსახიობის გული მხოლოდ მიკას ეკუთვნოდა. მხოლოდ მისთვის ემეტებოდა საკუთარი ხელით დაკრეფილი მინდვრის ყვავილები. 

მიკამ ლევანის ოჯახში თეატრალურის დამთავრებამდე იცხოვრა და მერე მოლდოვაში დაბრუნდა. ომში წასვლამდე ლევანმა გოგონას დაურეკა და დაუბარა, რომ ჩამოხვალ ყვავილებით დაგხვდებიო. თუმცა, ყვავილებით ჩამოსვლა რამდენიმე დღეში მიკას მოუწია. 

ლევანის დედამ მიკას მათთან დარჩენა შესთავაზა, მაგრამ გოგონამ სამშობლოში დაბრუნება არჩია. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელი გავიდა, მიკა დღემდე ჩამოდის საქართველოში. ყველაზე ხშირად მას ლევანის საფლავთან დაინახავთ, სადაც უსიტყვოდ ზის და სჯერა, რომ თავის პირველ შეყვარებულს ისევ შეხვდება და ეტყვის: „გამარჯობა, ლევან მე შენთან მოვედი“. 

სიყვარულზე შეყვარებული ბიჭი დღეს 55 წლის გახდებოდა. 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

Tik-Tok ლაივში გოგოს გამო დაწყებული ეჭვიანობის შედეგად, არასრულწლოვანი ბიჭი თანატოლს ფიზიკურად გაუსწორდა

ქარელის საბავშვო ბაღებში შეტანილი ხორცი უხარისხო აღმოჩნდა - დეტალები 

რეკომენდაციებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს

სტიპენდია 1000 ლარი ხდება - ვის ეხება ცვლილება

პედაგოგების ნაწილს საგნის გარდა, დამატებით გამოცდის ჩაბარება უწევს - მინისტრის ბრძანება მასწავლებლის მომზადების პროგრამაში ცვლილებებს ეხება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

​უღრმესი მადლობა, ბესო კობახიძეს მასპინძლობისთვის“

ეს იყო დღე, რომელმაც ერთდროულად გააერთიანა სიხარული, სიამაყე და განშორების ცრემლები

გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა პრაქტიკულად წარმოადგინეს პროგრამის ძირითადი შესაძლებლობები

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება