სიახლეები
სიახლეები

 ავერსიული რეაქცია, ასერტულობა, ინდოქტრინაცია - რა ტერმინები უნდა იცოდნენ ბაღის აღსაზრდელებმა
14-11-2023
-
+


ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებში არაერთი ტერმინია რომლის ერთი შეხედვით გაგებაც მარტივი სულაც არ არის. დოკუმენტში ყველა საჭირო ტერმინინია განმარტებული, რისი ცოდნაც ბაღის აღმრდელ-პედაგოგებს თუ ხელმძღვანელებს შესაძლოა დასჭირდეთ. etaloni.ge - უცვლელად გტავაზობტ ყველა ტერიმნის შინაარსობრივ განმარტებას. 
 
ა) ავერსიული რეაქცია – რეაქცია, რომელიც გამოიხატება თავის არიდებით ან დისტრესით და გამოწვეულია უსიამოვნო, მუქარის გამომხატველი ან სხვა არასასურველი სტიმულით (მაგალითად, ბავშვმა გამოავლინა ავერსიული რეაქცია ვაშლის წვენის მიმართ, როცა ჭიქაზე ხელის გაკვრით წვენი მაგიდაზე დაღვარა და თქვა, რომ ის უგემურია); 

ბ) ასერტულობა – უნარი, გამოხატო საკუთარი სურვილები, გრძნობები, საჭიროებები და დაიცვა საკუთარი უფლებები ისე, რომ ანგარიში გაუწიო სხვების გრძნობებს და არ დაარღვიო მათი უფლებები; 

გ) ბავშვის ინდივიდუალური პორტფოლიო – კრებული, რომელიც მოიცავს ბავშვის ნამუშევრებს, დაკვირვების/შეფასების შედეგად მიღებულ მრავალფეროვან ინფორმაციას, ბავშვების სურათებს სხვადასხვა საქმიანობის შესრულებისას და სხვა; 

დ) ბილინგვური განათლება  (ორენოვანი განათლება) -  განათლების ფორმა, რომელიც გულისხმობს საგანმანათლებლო პროგრამის ორ ენაზე სწავლებას;

ე) დაწესებულება – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელებას;

ვ) ემპათია – ადამიანის უნარი, წარმოიდგინოს, როგორ გრძნობს, რას განიცდის სხვა კონკრეტულ სიტუაციაში და გამოიჩინოს ზრუნვა მის მიმართ (მაგალითად, ბავშვი სანუგეშებლად ამხანაგს თავის საყვარელ სათამაშოს სთავაზობს); 

ზ) ენაში ჩაფლობა (იმერსია) - ბილინგვური განათლების ფორმა, რომელიც გულისხმობს  მეორე ენის სწავლებისას ბავშვის „ჩაფლობას“ არამშობლიურ ენობრივ გარემოში. მაგ.  ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვებისთვის სახელმწიფო ენის სწავლება მიმდინარეობს ყოველდღიურ კონტექსტში ისევე ბუნებრივად და ძალდატანების გარეშე, როგორც მშობლიური ენაზე; 

თ) ერთი ენა ერთი ადამიანი - მიდგომა, რომელიც ხორციელდება ბილინგვურ ჯგუფში აღმზრდელის მიხედვით ენების გამიჯვნის გზით. მაგ. ორი აღმზრდელი ბავშვს  სხვადასხვა ენაზე ესაუბრება, რომელთაგან ერთი ბავშვის მშობლიური ენაა; 

ი) თამაში – ბავშვის ქცევის წამყვანი ფორმა, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის მრავალმხრივ განვითარებას; 

კ) თემი - ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ცხოვრობს ერთ კონკრეტულ ტერიტორიაზე ან ადამიანთა ჯგუფი, რომელიც განიხილება როგორც საერთო იდენტობის, ინტერესებისა და მიზნების ერთიანობა;

ლ) თვითრეფლექსია – საკუთარი გამოცდილების კრიტიკული გადამუშავების პროცესი, ასევე საკუთარი ქცევისა და აზროვნების ანალიზი, გაცნობიერება, შეფასება, დაგეგმვა და კონტროლი; 

მ) ინდოქტრინაცია - იდეის ან რწმენის ვინმესთვის გამეორების პროცესი, სანამ ისინი არ მიიღებენ მას კრიტიკისა და შეკითხვის გარეშე, მაგ: რელიგიური/პოლიტიკური/იდეოლოგიური ინდოქტრინაცია;

ნ) ინტერაქცია – ორი ან მეტი ადამიანის მიერ ერთმანეთისადმი, სხვა საგნების ან მესამე პირისადმი ყურადღების მიქცევა; 
ო) კეთილდღეობა – მდგომარეობა, რომელიც მოიცავს ბედნიერებისა და კმაყოფილების განცდას. ის გულისხმობს ინდივიდის ეფექტიან სოციალურ ფუნქციონირებასა და მიდრეკილებას ოპტიმიზმისადმი, ღიაობისადმი, ცნობისმოყვარეობისა და მედეგობისადმი; 

პ) კომპეტენტურობა – თავდაჯერებულობის განცდა რაიმეს წარმატებით შესრულებასთან დაკავშირებით; 

ჟ) კურიკულუმი -  საგანმანათლებლო მიდგომა, რომელიც განსაზღვრავს საგანმანათლებლო პროცესის მიზანს,  შინაარსსა და ფორმას;

რ) მედეგობა – ინდივიდის უნარი, გაუმკლავდეს და მოერგოს ყველა ტიპის ცხოვრებისეულ გამოწვევასა და ცვლილებას ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და გარემოს რესურსების გამოყენებით; 

ს) მეთოდოლოგია – პრინციპების, აქტივობებისა და მიდგომების სისტემური ერთობლიობა, რომლის გამოყენებითაც ხორციელდება ბავშვის აღზრდა და განათლება; 

ტ) მე – კონცეფცია - ზოგადი წარმოდგენა საკუთარ თავზე; 

უ) მეორადი მასალა – საგანმანათლებლო რესურსის ტიპი, რომელიც ერთხელ უკვე გამოიყენეს და საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე შესაძლებელია მეორედ გამოყენება (მაგალითად, ღილები, ქსოვილები, ძველი ჟურნალ-გაზეთები, პლასტმასის ან ქაღალდის კონტეინერები და სხვ.); 

ფ) მიკუთვნებულობა, მიკუთვნებულობის განცდა – ბავშვის, როგორც პიროვნების, გარდაუვალი ნაწილი. ბავშვს მიკუთვნებულობის განცდა აქვს თავისი ოჯახის, მის ირგვლივ არსებული კულტურული ჯგუფისა (სამეზობლო, თემი) და კიდევ უფრო ფართო საზოგადოების მიმართ მის ცხოვრებაში. ბავშვის მიკუთვნებულობის განცდა ურთიერთდამოკიდებულების საჭიროების აღიარებაა მის მიერ და მის მიმართ, აყალიბებს იდენტობას და ბავშვს აღაქმევინებს, თუ ვინ არის ის და როგორი შეიძლება იყოს/გახდეს; 

ქ) მოდელირება - მაგალითის მიცემა იმ უნარის, ქცევის თუ ვერბალური გამოთქმის, რომელიც გვინდა, რომ ბავშვმა ისწავლოს;

ღ) მონიტორინგი – პროცესი, რომელიც გულისხმობს მონაცემების სისტემურ შეგროვებას, დამუშავებასა და გაანალიზებას. მონიტორინგის მიზანია დაწესებულების პროგრესის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება. მონიტორინგი შეიძლება იყოს შიდა – რომელსაც ახორციელებს უშუალოდ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების თანამშრომელი/თანამშრომლები ან გარე – რომელსაც ახორციელებს ნებისმიერი სხვა გარეშე პირი/ორგანიზაცია; 

ყ) მოქნილობა - სიტუაციის შესაბამისად შეცვლის ან ცვლილების უნარი; 

შ) მულტიდისციპლინური გუნდი – სპეციალისტების გუნდი, რომლის მიზანია სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვის საჭიროებების შეფასება და ქმედითი ღონისძიებების დაგეგმვა და გატარება, ბავშვის საგანმანათლებლო პროცესში ჩართვის მიზნით. მულტიდისციპლინური გუნდის უცვლელი წევრები არიან ბავშვის მშობელი და აღმზრდელ-პედაგოგი/აღმზრდელი. დანარჩენი შემადგენლობა განისაზღვრება საჭიროებებიდან გამომდინარე – ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი, სპეციალური პედაგოგი, მეთოდისტი და სხვა. მულტიდისციპლინური გუნდი შესაძლოა შეიქმნას როგორც დაწესებულების ფარგლებში, ასევე მუნიციპალიტეტის დონეზე; 

ჩ) მულტილინგვური განათლება - განათლების ფორმა, რომელიც გულისხმობს საგანმანათლებლო პროცესში ორზე მეტი ენის გამოყენებას;

ც) პოზიტიური დისციპლინა – დისციპლინის მოდელი, რომელიც გამოიყენება მშობლების ან დაწესებულების თანამშრომელთა მიერ. მისი მიზანია ბავშვის განვითარება ორმხრივ პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობის ფონზე. პოზიტიური დისციპლინა მიმართულია გამოსავალზე, პოზიტიური ქცევის შეთავაზება კი − დასწავლაზე და არა არასასურველი ან უარყოფითი ქცევის დასჯაზე; 

ძ) პროაქტიული ზრუნვა – მოქმედება, რომელიც მიმართულია პრობლემის მოგვარებასა და გამოწვევების გადალახვაზე; 

წ) პროგრამა - ადრეული ან/და სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის, ასევე,  მისი მშობლისთვის/კანონიერი წარმომადგენლისთვის მიწოდებული მომსახურების საგანმანათლებლო კომპონენტს (კურიკულუმს);

ჭ) პროზელიტიზმი - განსხვავებული მრწამსის მქონე ადამიანებთან საკუთარი რელიგიური თუ პოლიტიკური მრწამსის პროპაგანდა; 

ხ) პროსოციალური ქცევა – ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართულია ინდივიდის მიერ სხვათა დახმარებაზე. პროსოციალური ქცევის განხორციელების მთავარი მოტივი სხვა ადამიანის დახმარებაა. პროსოციალურ ქცევას წარმოადგენს ალტრუიზმიც, რომელიც საკუთარი უსაფრთხოებისა და ინტერესების გაუთვალისწინებლად, მეორე ადამიანისთვის დახმარების გაწევას ნიშნავს; 

ჯ) რისკიანი თამაში – თამაში, რომელიც ბავშვს სთავაზობს გამოწვევებსა და შესაძლებლობების გამოცდას და არ შეიცავს საფრთხეს ჯანმრთელობისთვის; 

ჰ) საგანმანათლებლო პერსონალი – დაწესებულების თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები საგანმანათლებლო პროცესში (მაგ., აღმზრდელ-პედაგოგი, აღმზრდელი, კურიკულუმის   კოორდინატორი/მეთოდისტი და სხვა); 

ჰ1) საგანმანათლებლო რესურსი – ყველა ის მასალა, რომელიც გამოიყენება დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროცესის განხორციელებისას (მაგ., ქარხნული წესით დამზადებული, თუ ხელნაკეთი სათამაშოები, ბუნებრივი, სამხატვრო და საკანცელარიო, ღია და მეორადი მასალა, ბეჭდური მასალა და ა.შ.); 

ჰ2) საქმიანობა – ინდივიდის ან ჯგუფის მიერ განხორციელებული ნებისმიერი პროცესი. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის ფარგლებში, საქმიანობა შეიძლება იყოს წამოწყებული ბავშვის მიერ, უფროსის მიერ ან განპირობებული რუტინით. რუტინული საქმიანობა ყოველდღიურად მეორდება და მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროცესის წარმატებულად განხორციელებისთვის: ჯგუფში მიღება, კვება, დასვენება, ჩაცმა, ხელის დაბანა და სხვა. ბავშვის ჰოლისტური და მრავალმხრივი განვითარების ხელშესაწყობად აუცილებელია მრავალფეროვანი გამოცდილება, რომელიც უზრუნველყოფილია სხვადასხვა ტიპის საქმიანობებით: დრამატული, წესებიანი, შემოქმედებითი, კვლევითი თამაშები და სხვა; 
ჰ3) სპეციალური საჭიროებების მქონე (სსმ) ბავშვი - ბავშვი, რომელიც სწავლის სირთულეების დასაძლევად საჭიროებს დამატებით/სპეციალურ სააღმზრდელო და საგანმანათლებლო მომსახურებას;
ჰ4) ტრანზიცია - პროცესი, რომელიც გულისხმობს ბავშვის გადასვლას სახლიდან ან ბავშვთა ადრეული ინტერვენციის (განვითარების) პროგრამიდან ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სივრცეში ან გადასვლას ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სივრცეში არსებულ სხვადასხვა პროცესს შორის ან ბავშვის გადასვლას ადრეული და სკოლამდელი აღზრდიდან და განათლებიდან ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში; 

ჰ5) უნივერსალური დიზაინი - გარემოს, შენობების ინფრასტრუქტურის მოწყობა/ადაპტაცია, საჭირო ტექნოლოგიებით აღჭურვა იმისთვის, რომ გარემო მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ყველა ადამიანისთვის, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, რომელთაც აქვთ გადაადგილების სირთულე, სმენის ან მხედველობის დარღვევა და სხვა. უნივერსალური დიზაინი, ასევე გულისხმობს კურიკულუმს, რომელიც ითვალისწინებს ყველა ბავშვის ინტერესსა და შესაძლებლობას, შეფასების სისტემასა და სწავლების მეთოდებს; 

ჰ6) ღია კითხვა - კითხვა, რომელზე პასუხიც მსჯელობას საჭიროებს. პასუხი ვერ გაიცემა მხოლოდ „კი“ ან “არა” სიტყვებით, რიცხობრივი მონაცემებით, ან როდესაც მასზე პასუხი არ არის ყველასათვის ცხადი და ერთი;

ჰ7) ღია მასალა - საგანმანათლებლო რესურსის ტიპი, რომლის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვანაირად. ღია მასალა შესაძლოა იყოს როგორც ბუნებრივი წარმოშობის (მაგ., კენჭები, ჯოხები, ფოთლები, ბუმბული და ა.შ.), ასევე ქარხნული (მაგ., მინისა და ხის ბურთულები, მუყაოს ყუთები, ქსოვილის ნაჭრები და ა.შ.). ბავშვების მიერ ღია მასალის გამოყენება ხელს უწყობს წარმოსახვის, შემოქმედებითობისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას; 

ჰ8) შეცდომებისადმი ტოლერანტული გარემო – ფუნქციური დანიშნულების შესაბამისი გარემო, სადაც მინიმუმამდე არის დაყვანილი შემთხვევითი ქმედებების დროს არასასურველი შედეგები; 

ჰ9) „ხარაჩოს“ მეთოდი – ბავშვისთვის ნაბიჯ-ნაბიჯ დახმარების გაწევა, რათა მან უფრო ეფექტიანად გააკეთოს ის, რის გაკეთებაც მას ჯერ დამოუკიდებლად არ შეუძლია, დროთა განმავლობაში ნაკლები დახმარების გაწევა და დამოუკიდებლად მოქმედების საშუალების მიცემა; 

ჰ10) ჰოლისტური განვითარება – თვითაქტუალიზაციისა და სწავლის პროცესი, რომელიც მოიცავს ინდივიდის ფიზიკურ, სოციალურ, ემოციურ და სულიერ ზრდას კომპლექსურად. ბავშვის მრავალმხრივი/ჰოლისტური განვითარება გულისხმობს მათი ემოციური, ფიზიკური, ინტელექტუალური, შემოქმედებითი, სულიერი და ურთიერთობების საჭიროებების თანხვედრას. განვითარებისადმი ამგვარი მიდგომა ახალისებს მზრუნველს, დაინახოს ბავშვი, როგორც მთლიანი პიროვნება და არა ცალკეული განვითარების სფეროების ნაკრები.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
პედაგოგ ლადო აფხაზავას საქმეზე პროკურატურამ ბრალი მეზობელს წარუდგინა - საქმის დეტალები
ვის აქვს მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის მიღების უფლება - ახალი დოკუმენტი ძალაშია
 განიხილება მოსწავლეთა ზღვრული რაოდენობის გაზრდის საკითხიც
3027 აღმზრდელიდან პროფესიული განვითარების ტრენინგმოდული 1895-მა გაიარა წარმატებით
უნდა დაეხმაროს თუ არა მასწავლებელი, მოსწავლეს აღმოაჩინოს აფანტაზია საკუთარ თავში?
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
მე-10 კლასმა კი სააღდგომო ტრადიციების შედარებითი ანალიზი Power Point-ში, პრეზენტაციის სახით, მოამზადა
აქტივობები საინტერესო და სახალისო იყო თითოეული მოსწავლისთვის
კლუბის მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია და კითხვის კულტურის დამკვიდრება
„მადლიერების გამოხატვა ადამიანთა განსაკუთრებული თვისებაა და ამასთანავე აუცილებელიც“ 
საინტერესო
უნდა დაეხმაროს თუ არა მასწავლებელი, მოსწავლეს აღმოაჩინოს აფანტაზია საკუთარ თავში?
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
სიახლეები
საზოგადოება